წინამდებარე პუბლიკაციაში გვსურს გამოვეხმაუროთ მამა ლონგინოზ სუარიშვილის მოსაზრებებს მსოფლიო საპატრიარქოს უკანასკნელი სინოდის შესახებ,[1] რომელსაც (მოსაზრებებს) ინტერნეტით გავეცანით და ინტერნეტითვე ვუპასუხებთ. საკუთარი მიმოხილვის ბოლოს დეკანოზი სვამს რიტორიკულ შეკითხვას: ,,შემთხვევით, ხომ არ დაარღვია კონსტანტინეპოლმა ზემოთ აღნიშნული პრინციპი?” დასაწყისშვე ვიტყვით, რომ მსოფლიო საპატრიარქოს ამ შემთხვევაში არანაირი პრინციპი არ დაურღვევია. შევეცდებით აგიხსნათ თუ რატომ.
მამა ლონგინოზი წერს: ,,კონსტანტინეპოლი, სხვა ადგილობრივი ეკლესიებისა თუ ცალკეული მაღალი იერარქებისათვის, წარმოადგენს საბოლოო და უმაღლეს სააპელაციო სასამართლო ინსტანციას, ეს ნამდვილად ასეა. მსგავსი უფლება, ჯერ კიდევ 341 წლის სარდიკიის ადგილობრივმა კრებამ მიანიჭა რომის ეკლესიის მეთაურს თავისი მე-3 კანონით.’’ უპირველესად მოგახსენებთ, რომ დასახელებული სარდიკიის კრება არა 341, არამედ 343 წელს გაიმართა. ვგონებთ, მამა ლონგინოზს მხედველობიდან გამორჩა ის ფაქტი, რომ კონსტანტინოპოლის წმინდა სინოდმა საკუთარი დადგენილება სარდიკიის კრებაზე დაყრდნობით არ გამოიტანა. შესაბამისად, მისი მთელი მოსაზრებანი ამ არასწორი მიმართულებითაა განვითარებული. მოდით, დეტალურად განვიხილოთ ისინი. კანონისტები მარტივად თანხმდებიან, რომ სარდიკიის კრების (343 წ.) კანონების ხასიათი არის დროებითი და არა მარადიული.[2] კანონისტების აზრის გაცნობა აღარც დაგვჭირდება, როდესაც თავად კრების იმ კანონს წავიკითხავთ, რომელსაც მამა ლონგინოზი ციტირებს: ,,თუ ივარაუდება, რომ რომელიმე ეპისკოპოსი რაიმე საქმის გამო უნდა დაისაჯოს და თვითონ კი ეგონოს, რომ მტყუანი არ არის, არამედ ნამდვილად მართალია, უნდა განახლდეს სასამართლო საქმე, თუ თქვენს სიყვარულს უნდა, პატივი ვცეთ პეტრე მოციქულის ხსენებას და მისწეროს მან იულიუს რომის ეპისკოპოსს. თუ ეს უკანასკნელი დაინახავს, რომ საჭიროა საქმის ხელახლა განხილვა, მეზობელი სამთავროს ეპისკოპოსებისგან გამოუყოფს საქმის განმხილველთ.’’ (სარდიკ 3.). თავადაც ხედავთ, რომ საუბარია რომის კონკრეტული ეპისკოპოსის, იულიუსის შესახებ, რომ მისი (იულიუსის) მმართველობის პერიოდში, მსგავსი პრობლემის გადაწყვეტა ამ ფორმით უნდა მოხდეს. ეს უფლება ინსტიტუციონალურად კი არ ებოძა რომის საყდარს, არამედ კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე მიენიჭა მის მმართველ ეპისკოპოსს, რაც კანონების დროებით ხასიათზე მიანიშნებს. რომის პაპი იულიუს I პეტრეს საყდარზე, როგორც გვახსოვს, 337-352 წლებში იმყოფებოდა, სარდიკიის კრება კი 343 წელს გაიმართა. შესაბამისად, რომელიმე საპატრიარქოს რომ 344-352 წლებში მოეხნა მიტროპოლიტ ფილარეტისთვის ანათემა, მამა ლონგინოზს აუცილებლად დავეთანხმებოდით, მაგრამ რადგან ამ პერიოდიდან 1 600 წელზე მეტია გასული, უბრალოდ არ შეგვიძლია სასულიერო აკადემიის დეკანის მსჯელობას მივყვეთ.