Monthly Archives: Jan 2021

ბუკნარის ამბებთან დაკავშირებით

ბუკნარში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ხშირად შევხვდი მსგავსი ტიპის ფრაზებს: ,,გასაყოფი რა გვაქვს. მართლმადიდებლებსაც და მუსლიმებსაც ერთი ღმერთი გვწამს” და ა.შ. ეს ფრაზა ნამდვილად მიმზიდველად ჟღერს (მით უმეტეს დღევანდელობის მემარცხენე პოლიტკორექტულობის მულტიკულტურიზმში ჩაკარგული საზოგადოებისათვის), მაგრამ თეოლოგიურ კუთხეს საერთოდ რომ თავი დავანებოთ, ისტორია ამოწმებს, რომ რეალურად, სახელმწიფოებრივი შედეგი მსგავს მიდგომას არც არასდროს ჰქონია. ჩვენთან ეკლესიის ისტორიის დარგიც ,,მარგინალიზებულია” (წარმოდგენილია, რომ არსებობდა ერთ მხარეს ერთი ჭეშმარიტი ეკლესია, მეორე მხარეს კი შინაური და გარეული მტრები და ეს ჭეშმარიტი ეკლესია ყოველთვის იმარჯვებდა), არადა, ყველაფერთან ერთად, ეკლესიის ისტორია ბევრად უფრო ჩახლართული და ხშირად სიბნელითა თუ ბევრი სისხლით მოცული დარგიცაა. პირობითდ ვთქვათ, გგონიათ მართლა მხოლოდ იმიტომ დევნიდნენ რომის იმპერიაში ქრისტიანებს, რომ მათ ქრისტე წამდათ? ქრისტესადმი რწმენა არანაირი პობლემა არ იყო ანტიკური კულტურისადმი, პირიქით, დაგეთანხმებოდნენ კიდეც, რომ იგი ღმერთი იყო, პრობლემა ის იყო, რომ შენც მათი ღმერთები უნდა გეღიარებინა, მარტივად რომ ვთქვათ, აგერ ბატონო, აღიარე შენ ჩვენი ღმერთები, ჩვენ ვაღიარებთ თქვენსას, გასაყოფი რა გვაქვს და ვიყოთ ბედნიერად. ამგვარი მიდგომები შემდეგ უკვე თავად იმპერიის შიგნით გავრცელდა უკვე ქრისტიანთა შორისაც. საიმპერატორო კარი თითქმის ყოველთვის იმას ცდილობდა, რომ განსხვავებული ტიპის ქრისტიანული რწმენების ,,კოჰაბიტაცია” მოეხდინა (საბოლოოდ ამას რა შედეგებიც მოჰქონდა, კარგად შეგვიძლია ვნახოთ არიანულ, მონოფიზიტურ, მონოთელიტურ, ხატმებრძოლეობისა თუ დასავლეთთან არსებულ სქიზმებს შორის). პირობითად რომ ვთქვათ, ბევრი ქრისტიანი (საქართველოს არ ეხება, დასავლურ ცივილიზაციას ვგულისხმობ), თანახმაა აღიაროს, რომ ჩვენ გვწამს ქრისტე, თქვენ გწამთ მუჰამედი, გასაყოფი რა გვაქვს, ერთდ ვიყოთ, ტკბილად და ბედიერადო. კარგი, ქრისტიანულ მხარეს ეს მიდგომა მოწონს და ეთანხმება, მაგრამ გისაუბრიათ კი მუსლიმებთან ამ საკითხის შესახებ? რატომ გგონიათ რომ ისინი ეთანხმებიან ქრისტეს ღმერთობას? (ტრიადოლოგიურ დოგმაზე არაფერს ვამბობ). არ ეთანხმება ეს ხალხი, არ აღიარებს და არც აპირებს რომ ეს მოცემულობა მიიღოს და ჩვენ რატომ ,,ვაძალებთ?” ამგვარად, როცა სეკულარულ სახელმწიფოში რელიგიებს შორის ხდება ამგვარი ტიპის დაპირისპირება, არსებობს ერთადერთი გამოსავალი, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს იმისი ძალა და მექანიზმი, რომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინაე ყველა რელიგიურ დაჯგუფებას მიუჩინოს თავისი ადგილი, ისეთი, რომლითაც სახელმწიფოებრიობა არ დაზარალდება, და არ დაუშვას სახელმწიფოში ,,ახალი სახელმწიფოს” დაარსება, იმისდა მიუხედავად ამ რელიგიურ მიმდინარეობას მკაცრი მონოთეიზმისა ჯერა, ტრიადოლოგიური დოგმისა თუ საერთოდ ,,სპაგეტის ეკლესიის” მოძღვრებას ქადაგებს. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მოქალაქე, თავის მხრივ კი მოქალაქე უნდა ემორჩილებოდეს იმ კანონმდებლობას, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო ადგენს, ხოლო თუკი მოქალაქეთა ჯგუფი, რელიგიური ნიადაგზე, არ ემორჩილება კონსტიტუციურ ნორმებს და სახელმწიფოში დესტაბილიზაცია შეაქვს, სწორედ ამიტომ ვუხდით გადასახადებს ჩვენი ჯიბიდან ხელისუფლებას, რომ ეს დესტაბილიზაცია აღმოფხვრას და არ გააკეთოს ისეთი სულელური განცხადებები, როგორიც გუშინ ვიხილეთ, რომ ქართველსა და მუსლიმს ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი აქვს. ქრისტიანს და მუსლიმს გასაყოფი ბევრი რამე აქვს, აი საქართველოს მოქალაქეებს კი ,,არაფერი”, იმის მიუხედავად რისი გვწამს, რა გვაცვია და როგორი ცხოვრების წესით ვცხოვრობთ.
პ.ს. და მთავარი, მგონი რაღაცეების გამიჯვნა გვავიწყდება ხოლმე. მაგალითად, რწმენა, არის ადამიანისადმი თანდაყოლილი თვისება იქიდან მოყოლებული, რაც ეს ადამიანი შეიქმნა. რელიგია, მოგვიანო ფენომენია, ერი მე-19 საუკუნისა, ,,ეროვნული სახელმწიფო” კი კიდევ სხვა რაღაცაა. ამგვარად, რწმენის, რელიგიის, ეროვნულობისა და ეროვნული სახელმწოფოს ერთმანეთში აღრევა, ისეთივე დამაზიანებელი შედეგის მომტანია სახელმწიფოსათვის, როგორც პრეისტორიული, ანტიკური და თანამედროვე პერიოდების ერთმანეთთან ხელოვნური სიმბიოზი.

16.01.2021

Leave a comment

Filed under საპოსტელო