ეკლესიაში ევქარისტიისთვის სივრცე აღარ რჩება!

images

ქრისტემ ჯვარცმის წინ მოწაფეები აზიარა და დაუბარა, ჩემს მოსახსენებლად თქვენც თქვენი მოწაფეები აზიარეთო. შესაბამისად, მოციქულთა მიერ დაარსებული ეკლესიებიც ,,ევქარისტოცენტრულები“ გახდნენ, ანუ კრებულები, რომელთა ამოსავალი წერტილიც ზიარება გახლდათ. იკრიბებოდნენ მორწმუნეები ჩუმ-ჩუმად, ლოცულობდნენ, ეზიარებოდნენ, საუბრობდნენ და სახლებში ბრუნდებოდნენ. იმპერია კი მათ დევნიდა, აწამებდა, კლავდა… გავიდა წლები, იმპერიამ ეკლესიის გამოყენება გადაწყვიტა, აღარ დევნიდა, დაარსდა აღმოსავლეთ რომის იმპერიაც, სადაც ეკლესია და სახელმწიფო შეთანხმებულად მოქმედებდა. მიუხედავად სასახლისა და ეპისკოპოსის კარის კულისებში მიმდინარე ჩახლართული პოლიტიკური, მზაკვრული, ბოროტი პროცესებისა, ეკლესიამ მაინც მოახერხა რომ კვლავ დარჩა ევქარისტოცენტრულად, ანუ კრებულად, რომელსაც კი ჰქონდა ბლომად პრივილეგიები, ფინანსები, გადაცდომები, მაგრამ საკუთრ მრევლს ზიარების ირგვლივ კრებდა, რომელიც ცალსახად განშორებული იყო ყოველგვარ პოლიტიკას მიწიერ საზრუნავს და მაზიარებლებს ლიტურგიის დროს ესქატაში (მეორედმოსვლის შემდგომ პერიოდში) ამყოფებდა.  სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეკლესია=ზიარებას და ზიარება=ეკლესიას.

 შორს რომ არ წავიდეთ, ძლევამოსილ იმპერატორ თეოდოსის დროს თესალონიკში ,,ანტისამთავრობო’’ და ძალიან მძაფრი გამოსვლები დაიწყო, ეს რომ იმპერატორმა შეიტყო გამოსვლების ,,დაშლა-დარბევის’’ ბრძანება გასცა,  შესაბამისად ასაკის, სქესის და მსოფლმხევდველობის განურჩევლად ძალიან ბევრი მონაწილე დასახიჩრდა, იყო მსხვერპლიც. ამის შემდეგ, იმპერატორი მილანში ჩავიდა და ღვთისმსახურებაზე დასწრება გადაწყვიტა. ამ დროს კი მას კარიბჭეში ამბროსი მილანელი დახვდა და ტაძარში შესვლის უფლება არ მისცა, თან დაუმატა: ,,როგორც ჩანს არ უწყი, იმპერატორო მომხდარი მკვლელობის სიდიდე, არც რისხვის დაცხრომის შემდეგ შეუცვნია შენს გონებას ჩადენილი დანაშაული. ალბათ მეუფების ძალა არ უშვებს ცოდვის შეცნობას, არამედ ძალაუფლება აბნელებს გონებას. მაგრამ გვიხმს ბუნების ცოდნა, რომ იგი მოკვდავია და წარმავალი, ასევე წინაპარი მტვრისა, რომლისგანაც ვართ წარმოქმნილი და რომლისკენაც მივედინებით. და განა მეწამულის ყვავილოვნება არ გვატყუებს, რომ დაფარული სხეულის უძლურების უმეცარი ვართ. თანაარსთ განაგებ, იმპერატორო, და, რა თქმა უნდა, თანამონებს. რამეთუ ერთი არის ყოველთა მეუფე და ხელმწიფე, ყოველთა შემოქმედი. აწ როგორი თვალებით უმზერ ჩვენი საერთო მეუფის ტაძარს? როგორი ფეხებით მიაბიჯებ ამ წმინდა იატაკზე? როგორ გაიწვდი ხელებს, რომლისგანაც ჯერ კიდევ მოწვეთავს უსამართლო მკვლელობის სისხლი? ასეთი ხელებით როგორ მიიღებ მეუფის ყოვლადწმინდა სხეულს? როგორ პირთან მიიტან ძვირფას სისხლს, რომელმაც მრისხანე სიტყვის გამო უკანონოდ დაღვარე სისხლი? წადი, და ნუ ეცდები, რომ პირველი ურჯულოება სხვებით დაამძიმო. მიიღე საკრველი, რომელი განაჩენის გამოტანას ზემოდან ეთანხმება ღმერთი, ყოვლიერების მეუფე. იგი იქნება მკურნალი და ჯანმრთელობის მომნიჭებელი”.[1]

გავიდა საუკუნეები, მიზეზთა გამო ეკლესიამ ვეღარ მოახერხა მრევლის ,,დაჭერა“, ვეღარ შეძლო, რომ ზიარების ირგვლივ გაეერთიანებინა მასები. დასავლეთში (კათოლიკურ, პროტესტანტულ, რეფორმაციულ ეკლესიებში) ეკლესიამ ერთგვარი სოციალური მსახურის ფუნქცია შეითავსა, ე.ი. იწყება ბავშვთა სახლების, საავადმყოფოების, უსახლკაროების, ობლების, ქვრივების, დაჩაგრულების, მშიერთა, მიუსაფარი ცხოველების თუ კიდევ სხვა უამრავი სოციალური აქტივობის ირგვლივ ხალხთა მასების დარაზმვა. ეს რა თქმა უნდა ევქარისტიას ვერ ცვლის, მაგრამ ოქეი.

აღმოსავლეთში სხვა სიტუაციაა, შორს რომ არ წავიდეთ ჩვენზე ვთქვათ. ჩვენ წინ პიროვნული კულტი წამოვწიეთ და ყველაფრის ლეგიტიმაცია ერთეული პიროვნებების ირგვლივ ჩამოყალიბებულ თუ შექმნილ წარმოდგენებში მოვაქციეთ. ანუ, ნებისმიერი ხელისუფლება, იქნება ეს ეროვნული, პროდასავლური, პრორუსული, პროგაურკვევლური, რეფორმატორი, მორწმუნე, ათეისტი, მკვლელი, ჯალათი თუ უქნარა და უვარგისი, საკუთარ ლეგიტიმაციას ეკლესიის კულისებში იღებს. თავად პროცესი საკმაოდ მარტივია. ხელისუფალი იჩოქება წინამძღოლის წინაშე, მოსახლეობის ჯიბიდან იღებს რამდენიმე ასეულ ჰექტარს, ერთ-ორ ტყეს, მდნარეს, ტბასაც, რამდენიმე ლიმონს ან მარტორქის ძვირადღირებულ ძვლებს და იგი ლეგიტიმირებულია! ტრანზაქცია წარმატებით შესრულდა და იწყება მზადება მომდევნოსთვის. სახელმწიფო, რომელშიც რელიგიური და სამთავრობო ინსტიტუტები ერთმანეთთან ამგვარ ბმაში არიან, ეკონომიკური გაჭირვებისთვის განწირულია. შესაბამისად ეკლესიას ორი ფუნქცია რჩება: 1-ხელისუფლებას შეუქმნას ,,იდეოლოგიური ბექგრაუნდი”, მოახდინოს მისი ლეგიტიმაცია და დაეხმაროს ძალაუფლებაში დიდხანს დარჩენისთვის. 2-ეკონომიკური გაჭირვების პირობებში საკუთარ მოსახლეობას შეუქმნას ,,ასტრალურობის ილუზია” და ეს გაჭირვება გარე ძალას დააბრალოს. ანუ, ზემო ეშელონებში მყოფ გავლენიან პირებს სახელმწიფო უქმნის კომფორტის ყველანაირ პირობას, (ფინანსური, გავლენები, უსაფრთხოების და.ა.შ), რომ შემდგომში მან დააჯეროს თავის გავლენის ქვეს მყოფი გაჭირვებული ადამიანი, რომ ეს არაფერია, ,,უფალი მისცემს იმდენს, რომ არ მოკვდეს” (აი მამაო ჩვენოშიც ხომ არსებობის პურს ვთხოვთ ღმერთს და არა გაძღომის?), რომ ეს ეკონომიკური გაჭირვება არის ,,მესამე ძალის შემოგდებული” (აი lbgt-ებს რომ პროპაგანდის საშუალებას არ ვაძლევთ, ამიტომ არ გვაქვს ფული) და.ა.შ.რეალურად, ეკლესია ხდება ჩვეულებრივი ,,კონვერტორი”, პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელსაც რაღაც ,,ტრანსაქციისთვის” უხდიან და თავად ის შემდგომში ,,პროდუქტს გამოიმუშავებს”. ასეთი ,,ტრანზაქციები” განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში აქტიურდება, უკვე მეორეხარისხოვანია სახელმწიფო ამისთვის შავ ჯიპს გადაიხდის, მილიონებს, ტაძრებს მოხატავს, ააგებს თუ წილხვედრომილობის ან წილუხვდრომილობის დღეს საპარლამენტო დონეზე დააკანონებს, მთავარია ეკლესიამ, როგორც დიდი გავლენის მქონე ინსტიტუტმა, ხელისუფლების ვადის გაგრძელებისთვის მას ხელი არ შეუშალოს, რომ შემდეგ კვლავ დააგროვოს ხელისუფალმა ქონება და უკვე მომდევნო ჯერზე ახალი ,,ტრანზაქცია” განახორციელოს.

 ეკლესიაში ევქარისტიისთვის სივრცე აღარ რჩება! არა იმიტომ რომ იგი არ აღესრულება, ნუ იყოფინ! არამედ იმიტომ რომ მის ირგვლივ ხალხი აღარ იკრიბება. ხალხისთვის ეკლესია გადავაქციეთ შამანურ კრებულად, რომელსაც მორიგეობით მართავენ ქურუმები, ქურუმთა კლანები, რომელი კლანებიც მორიგეობით დანიშნულ (ან პუტჩის მომწყობ) ბელადებს შეულოცავენ და ტომიც მას ულაპარაკოდ ემორჩილება ახალი ბელადის არჩევამდე, ან ძველის ჩამოგდებამდე. ხალხმა არ იცის თუ რატომ არსებობს ან უნდა არსებობდეს ეკლესია, რომ იცოდეს რაღაცეების შეცვლას მოგვთხოვდა ეს კი არ გვაწყობს. ვტრიალებთ, ვსრიალებთ, ვსრიალებთ…

გურამ ლურსმანაშვილი

თესალონიკი, 16.09.19

[1]  საეკლესიო ისტორია, ნეტარი თეოდორიტე, მეხუთე წიგნი, თავი მეჩვიდმეტე.

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s