ნესტორი, კირილე, პოლიტიკა და უკრაინაც

council-of-ephesus

უკრაინის ავტოკეფალიის თემა ერთგვარ ნიშნულად იქცა, რომელზეც ეკლესიის ისტორიიდან სხვადასხვა საკითხებზე პარალელებს ვავლებთ ხოლმე. ამ ბლოგში ორი რამის თქმა მინდა: 1-თუ თემა ,,სამართლიანია’’, მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ინტერესები ვერ აკნინებენ მას. 2-ნებისმიერი ,,სამართლიანი თემა’’ არ გამორიცხავს მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ინტერესებს. საუბარი ზოგადი რომ არ გამოვიდეს, კარგად ნაცნობ თემას გაგახსენებთ. მოგეხსენებათ მეხუთე საუკუნეში ქრისტიანულ სამყაროში უმნიშნელოვანესი რამ მოხდა, კირილე ალექსანდრიელმა, ნესტორი კონსტანტინოპოლელის საპირწონედ ქრისტოლოგიური სწავლება შემოგვთავაზა, რომელ სწავლებასაც დღემდე ვეყრდნობით. ეს ერთი მხარეა, ,,ისტორიული სამართლიანობის’’ მხარე. მაგრამ მხოლოდ ამით იყო გამოწვეული იმ საუკუნის ნესტორიანული დავები? იქნებ მის გარდა ძალიან დიდი და სერიოზული პოლიტიკური ინტერესების თანხვდომა-დაპირისპირებაც გვქონდა, რომელმაც თავისი წილი დაღი დაასვა ამ პროცესებს. გავხსნათ კვანძები. ამ მომენტში რომის იმპერიის ეკლესიაში არსებობს პენტარქია (ხუთმთავრობა), ე.ი. იმპერიის 5 ყველაზე გავლენიანი ქალაქის მმართველი ეპისკოპოსების მთავრობა. შესაბამისად: რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი.

1-რომი. იმპერიის დედაქალაქი, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური და ეკლესიური ამბიციები აქვს და ძალიანაა განაწყენებული კონსტანტინოპოლზე (ახალ რომზე), რომელიც,,ხელოვნურად შეიქმნა’’ და მას პირველობაში ეცილება.

2-კონსტანტინოპოლი. იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელსაც ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი მის წინ მყოფი რომისა თუ მის ქვემოთ მყოფი გავლენიანი ქალაქებისთვის. მან უნდა დაამტკიცოს, რომ იგი ,,ხელოვნური წარმონაქმნი’’ კი არა, არამედ რეალური ძალაუფლების მქონე ცენტრია.

3-ალექსანდრია. იმპერიის ,,ვიცე-ქალაქი’’, რომელიც უეცრად ჩაჩოჩდა, რადგან კონსტანტინოპოლი გაჩნდა. შესაბმისად, კონსტანტინოპოლი მისთვის უბრალოდ ,,მეტიჩრული წარმონაქმნია’’, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კონსტანტინოპოლი ალექსანდრიის კონკურენტ ანტიოქიის მხარეს იჭერს.

4-ანტიოქია. ქალაქი, რომელსაც იოანე ოქროპირმა ,,აღმოსავლეთის ქალაქების თავი’’ უწოდა, მას თავისი ინტერესები აქვს ალექსანდრიასთან (ეს კიდევ ცალკე თემაა), შესაბამისად, თუ ალექსანდრიას არ მოსწონს კონსტანტინოპოლი, ანტიოქია კონსტანტინოპოლის მხარეს იჭერს, საერთო ინტერესების გათვალისწინებით.

5-იერუსალიმი. ქალაქი, რომელშიც ცხოვრობდა ქრისტე, სადაც ევნო, აღდგა, ძველი აღთქმის ცენტრი… ამ დროს კი, ასეთი ისტორიის ქალაქი შედის ანტიოქიის იურისდიქციაში, რაც მათი აზრით უსამართლობაა და შესაბამისად ანტიოქიის მოწინააღმდეგე  ბანაკის მხარეს იჭერს.

ეს სიტუაციაა, როდესაც კონსტანტინოპოლში გადაწყვეტენ, რომ პრეცენდენტი გაიმეორონ და იოანე ოქროპირის მსგავსად მთავარეპისკოპოსი ანტიოქიიდან გადმოიყვანონ. ასეთი ნესტორი აღმოჩნდება და 428 წელს მისი აღსაყდრებაც მოხდება, რომელიც საკუთარი პოზიციების ,,გასამტკიცებლად’’ ერესებთან ბრძოლის გზას ირჩევს, ასეთი კი უპირველესად აპოლინარელები აღმოჩნდნენ, რომლებიც ქრისტეში ადამიანურობას აკნინებდნენ და თვლიდნენ, რომ მასში ადამიანური სულის ნაცვლად ღვთაებრივი ლოგოსი მკვიდრობდა. ამის პასუხად ნესტორი ქრისტეში ადამიანურობის ხაზგასმაზე იწყებს საუბარს, რითაც მეორე უკიდურესობაში ვარდება და მარიამს ღვთისმშობელი აღარ უწოდებს. ეს ყოველივე გაიგეს ალექსანდრიაშიც, რასაც პატრიარქ კირილეს რეაგირება მოჰყვა. 430 წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ხდება, კონსტანტინოპოლში პელაგიანელთა ჯგუფი ჩამოდის, რომლებიც რომიდან ნეტარი ავგუსტინეს მეოხებით ,,გამოძევებულ იქნენ’’. ნესტორმა, როგორც საოცრად კეთილმა ადამიანმა ისინი გულთბილად მიიღო. იქიდან გამომდინარე, რომ იგი თეოლოგიურ საკითხებში ცუდად ერკვეოდა, ვერც გაიგო მათი ერესის არსი და საკუთარ ,,კონკურენტი ქალაქის’’ ეპისკოპოსს, რომის პაპ ცელესტინეს საყვედურის წერილიც კი მისწერა, მათი გაკიცხვის გამო. ამ დროს რომის პაპი კირილესგანაც იღებს წერილს, სადაც საუბარია ნესტორის არასწორ სწავლებაზე. რომის პაპმა მოიწვია კრება, რომელზეც ნესტორის სწავლებები დაიგმო და მიწერა წერილი კირილეს, რომლითაც უფლებას აძლევდა, რომ ნესტორთან დავისას პაპის საელით ემოქმედა. ძალთა თანაფარდობა აშკარად არ იყო აღმოსავლელთა მხარეს, რასაც კარგად ხვდებოდა ანტიოქიის პატრიარქი, ნესტორის მხარდამჭერი იოანე და დიპლომატიური გზით ცდილობდა სიტუაციის ,,ჩაფარცხვას’’, იგი კირილეს სთხოვდა, რომ რაც კი საჭირო იყო ის ეწოდებინათ ღვთისმშობლისთვის, ოღონდ დავა დასრულებულიყო. ამ შეთანხმებას კირილე რა თქმა უნდა არ დასთანხმდა, იგი ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ ამ ვითარებაში სიტუაციის როგორც საღვთისმეტყველო, ასევე პოლიტიკურ სადავეებს თავად ფლობდა და მანამ არ გაჩერდა, სანამ მისთვის სასურველ შედეგს არ მიაღწია. იმპერიაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, მის განსამუხტად იმპერატორ თეოდოსის კრების ჩატარება სჭირდებოდა, რომელიც ეფესოში, ალექსანდრიისა და კონსტანტინოპოლის საზღვარზე, 431 წელს მოიწვიეს. ანტიოქიის დელეგაციამ სიტუაციიდან გამომდინარე კრებაზე ჩასვლა გააჭიანურა, მათ გარეშე დარჩენილმა ნესტორმაც უარი თქვა იქ მისვლაზე, რადგან კირილესთან უშანსოდ იყო დარჩენილი, შესაბამისად, კრებამ ნესტორი კათედრიდან გადააყენა და ყველა დამსწრეს კირილეს 12 ანათემატიზმა წაუკითხა. ნესტორი გადაასახლეს.  კონსტანტინოპოლი დამარცხდა, თუმცა საჭირო იყო მისი მოკავშირე ანტიოქიისთვის ,,ჭკუის სწალებაც’’, რაც კვიპროსის დამოუკიდებლობაში გამოიხატა. კონკრეტულად, კვიპროსის მიტროპოლიტის გარდაცვალების შემდეგ, ანტიოქიის საპატრიარქომ მოინდომა კვიპროსის ხელში ჩაგდება (ნიკეის 6-ე კანონით მინიჭებული პრიორიტეტით), ამის გამო კვიპროსელმა ეპისკოპოსმა ევაგრემ მსოფლიო კრებას აცნობა ეს ვითარება, კრებამ კვიპროსის სამიტროპოლიტოს ანტიოქიისგან დასაცავად მერვე კანონით დამოუკიდებლობა უბოძა.

საეკლესიო მოვლენების პოლიტიკური ანალიზი ჩვენთვის ცოტა უცხოა, ხშრად იგი შეფუთული სახით მოგვეწოდება, თუმცა ნელ-ნელა ესეც შეიცვლება. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ საეკლესიო მოვლენას შეიძლებოდა საკუთარი პოლიტიკური მხარეც ჰქონოდა, რისი მიჩქმალვა და მიმალვა უბრალოდ დანაშაულია, მეორე მხრივ კი აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ კონკრეტულ საეკლესიო მოვლენებში ვიღაცის პოლიტიკური ინტერესები, იქნება ეს უკრაინაში, ალექსანდრიაში თუ ანტიოქიაში, ჩრდილს ვერ აყენებს თავად საეკლესიო მოძღვრებას, ისევე როგორც კირილე ალექსანდრიელის ქრისტოლოგიას ვერ მიაყენა ჩრდილი ზემოთ აღნიშნულმა პროცესებმა.

ათენი

12.06.2019

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s