უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი

download (1)

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი,  27.02.2019, კონფერენცია – ”ავტოკეფალიის კანონიკური და პოლიტიკური ასპექტები”; გურამ ლურსმანაშვილი- ”უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი“;

  მოგეხსენებათ ქართულ საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია უკრაინისადმი გადაცემულმა ავტოკეფალიის ტომოსმა. დოკუმენტის განხილვა საკმაოდ ვრცლად და დაწვრილებით შეიძლება, თუმცა, ამჟამად შევეცდებით ძალიან მოკლედ გავამახვილოთ ყურადღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რაც ქართულ მოსახლეობას აინტერესებს, მათ შორის ტერმინებზე: შვილი და დედაეკლესია, მირონის მოხარშვა, აპელაციის უფლება, მიტროპოლიტის ტიტული და სხვა.

თავშივე ვიტყვით, რომ ნებისმიერი სახით, უკრაინის ავტოკეფალიაზე, როგორც ‘’არასრულ ან ნაკლულოვანზე მოვლენაზე’’ საუბარი სრულიად უადგილოა. ტომოსში[1] გარკვევით წერია: ‘’ჩვენ (ე.ი მსოფლიო საპატრიარქო) გადავცემთ მას (ე.ი. უკრაინის ეკლესიას) პრივილეგიებსა და ყველა სუვერენულ უფლებას, რომელიც ეკუთვის ავტოკეფალურ საეკლესიო მმართველობას.’’

თუმცა, ყველა კითხვის ნიშანი რომ გავაქროთ, უფრო დეტალურად ჩავუღრმავდეთ ტექსტს. დავიწყოთ ტერმინებით დედა და შვილი ეკლესია. ტომოსში ვკითხულობთ: ‘’ვცნობთ და ვაცხადებთ უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ ავტოკეფალურ ეკლესიას ჩვენს სულიერ შვილად და მოვუწოდებთ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებს, ცნონ იგი და-ეკლესიად.’’ მოგეხსენებათ რომ, ბერძნული ენის სტრუქტურიდან გამომდინარე, ნებისმიერი სიტყვისათვის სქესის მისანიჭებლად აუცილებელია დავაკვირდეთ მის დაბოლოებას. როგორც წესი, ‘’α’’-ზე დაბოლოებული სიტყვები მდედრობითი სქესისაა, მათ შორის ტერმინი ეკლესიაც. შესაბამისად, ეკლესიათა შორის გარკვეული ურთიერთობების გამოსახატავად, უძველესი დროიდან გამოიყენება ტერმინები დედაეკლესია და ასევე დაეკლესია, რადგან მდედრობითი სქესის სიტყვაზე ვერ ვიტყოდით მაგალითად ძმას ან მამას. რაც შეეხება თავად ამ ტერმინების ურთიერთმიმართებას, საელესიო სწავლების მიხედვით, ყველა ავტოკეფალური ეკლესია, ერთმანეთისთვის არის დაეკლესია, მაგრამ, კონკრეტული ისტორიული ვითარების გათვალისწინებით ხშირი იყო, რომ ერთი ეკლესია მეორესთვის დედადაც იწოდებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე სწორედ მან შეიტანა ან იზრუნა მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად. მაგ. ამ დრომდე, საქართველოს ეკლესიის დედაეკლესიად ითვლება ანტიოქიის ეკლესია,[2] რაც ნიშნავს რომ, საქართველოს ეკლესია ანტიოქიისთვის არის როგორც დაეკლესია, ასევე შვილიეკლესიაც. ამ მოცემულობიდან გამომდინარე არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კონსტანტინოპოლისთვის უკრაინა არის შვილი ეკლესია, ხოლო სხვათათვის დაეკლესია.

მეორე საკითხი, რომელსაც გვსურს შევეხოთ არის მსოფლიო საპატრიარქოს ‘’წინამძღოლობის’’ თემა. ტომოსის ქართულენოვან თარგმანში ვკითხულობთ: ‘’უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიააღიარებს უწმიდეს სამოციქულო და საპატრიარქო მსოფლიო საყდარს წინამძღოლად.’’ დედანში[3] ამ ადგილზე წინამძღოლის მაგივრად წერია-“κεφαλὴν” (თავი). ვნახოთ თუ რაზე მიგვითითებს ეს ადგილი.

უნდა ვაღიაროთ, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში საკმაოდ სერიოზული ეკლესიოლოგიური კრიზისი გვაქვს, რაც უმეტესად იმის გამოა, რომ რუსული იდეოლოგიური მანქანა აქტიურად ავრცელებს ე.წ. “პროტესტანტულ ეკლესიოლოგიას”,[4] რომლის მიხედვითაც, გარეგნულად, თითოეული ავტოკეფალური ეკლესია არის ყველასა და ყველაფრისგან დამოუკიდებელი ერთეული, საერთო ჯამში კი ვართ ეკლესიათა კონფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ხელმძღვანელი, თავი. ესაა რუსული დსთ-ს საეკლესიო ვარიანტი, სადაც სახეზე გვაქვს დამოუკიდებელ სახელმწოფოთა (ამ შემთხვევაში ეკლესიათა) თანამეგობრობა, მაგრამ ამ თანამეგობრობის კურსს განსაზღვრავს ის, ვისაც პოლიტიკურად ყველაზე მეტი ძალაუფლება აქვს, ე.ი. მოსკოვი. ამგვარი მიდგომით, მოსკოვის ეკლესია ახერხებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე რიგი ეკლესიებისგან ისმოდეს ის, რაც მას სურს, ეკლესიებმა ბოიკოტი გამოუცხადოს იმას, რაც მას სურს, აღიარონ ან არაღიარონ ის, რაც მას სურს და.ა.შ. ისმის კითხვა, რატომაა კონსტანტინოპოლი “თავი”. დაავიწყოთ იმით, რომ მოთავეობა, პირველობა ან უპირატესობა, ეკლესიაში ყოველთვის და ყველგან სხვადასხვაფორმით ხაზგასმული იყო. ეს მიდგომა ნაცნობი იყო პავლე მოციქულისთვის, სწორედ ამიტომ გვაქვს ე.წ. “პავლესეული ეკლესიოლოგია”, რომლის მიხედვითაც, სხეული შედგება მრავალი თავისუფალი და სრულუფლებიანი წევრისაგან (თავი, ხელი, ფეხი), მაგრამ თითოეულმა მათგანმა იცის, რომ მათ შორის უპირატესია თავი, ხოლო საკუთრივ თავი არის ამ ცალკეული დამოუკიდებელი და სრულუფლებიანი სხეულის ნაწილების ერთობის გარანტი, რადგან თუ არ იქნება თავი, სხეულის სხვა ნაწილები, მოუხედავად პირადი სიძლიერისა, დიდი ხნის განმავლობაში ვერ იარსებებენ. არც ისაა შემთხვევითი, რომ სწორედ პეტრესა და პავლეს ეწოდებათ “მოციქულთა თავნი” და არა წინამძღვარნი, სწორედ ზემოთდასახელებულიდან გამომდინარე, რომ თავია სხეულის ერთობის გარანტი. პავლეს ეკლესიოლოგია კარგად იყო ცნობილი ეგნატე ანტიოქიელისადმი, რომლის მიხედვითაც, ეპისკოპოსი არის ქრისტეს სახე და ევქარისტიული მსახურების ავთენტურობის გარანტი. უკვე შემდგომში, მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ, მკაფიოდ განისაზღვრა ეკლესიათა შორის რიგითობისა და პრივილეგიების საკითხი, შესაბამისად, მივიღეთ სუბორდინაცია ეკლესიათა შორის. როგორც არ უნდა გვაფრთხობდეს ტერმინები-მოთავეობა, სუბორდინაცია, უპირატესობა და.ა.შ. ფაქტია, რომ ეკლესიაში, თვით ადგილობრივ საეკლესიო ერთეულშიც, იგი ყოველთვის მკაფიოდ გამოიყოფობა. საკითხზე საუბრისას ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ე.წ. “პირველობათა დონეები”, ე.ი. არსებობს ადგილობრივი, რეგიონალური და მსოფლიო დონეები, რომლებსაც საკუთარი “თავები” ჰყავთ, ხოლო თითოეული მათგანი, როგორც აღვნიშნეთ, ცალკეულ დონეზე წარმოადგენენ ეკლესიის ერთობის გარანტს (მაგ. საქართველოს პატრიარქი წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის მეთაურსა და მისი ადმინისტრაციული ერთობის გარანტს, ეს. ადგილობრივი დონეა). მსოფლიო პატრიარქის შემთხვევაში ვხვდებით სამივე დონის იერარქის უნიკალურ ერთობას: ადგილობრივი (ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა), რეგიონალური- (პატრიარქი) და მსოფლიო- (მსოფლიო პატრიარქი). უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეკლესიის ისტორიის მანძილზე ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს არა მხოლოდ ტიტულატურაში ჰქონდა სამი დონის პირველობა, არამედ პრაქტიკაშიც წარმატებით იყენებდა მას. მაგ: აპელაციის უფლება, ავტოკეფალიის მინიჭების უფლება, ენდიმუსა კრება, სტავროპიგიების დაარსება, კრების მოწვევის ინიციატორობა და.ა.შ. როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ ავტომატურად ისმება ხოლმე კითხვა: კი მაგრამ, რატომ აქვს ეს უპირატესობები კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს? განა ის არაა “პირველი თანასწორთა შორის”? რა თქმა უნდა, როგორც ეპისკოპოსი ისიც და ნებისმიერი სხვაც თანასწორნი არიან, რადგან არსებობს- “Primus Inter Pares”, მაგრამ როგორც კონსტანტინოპოლის პატრიარქი, იგია- “Primus Sine Paribus“- პირველი თანასწორთა გარეშე.[5]

და ბოლოს, როდესაც მსოფლიო საპატრიარქოს უპირატესობაზე ვსაუბრობთ ვიღაც გვპასუხობს, რომ ჩვენ არ ვართ კათოლიკეები, რომელთაც ჰყავთ პაპი და რომ ვართ მართლმადიდებლები, რომლებსაც გვაქვს სინოდი (კრება). დიახ, ჩვენ არ გვყავს პაპი და გვაქვს კრება, თუმცა, მოციქულთა 34-ე, ანტიოქიის მე-9 და მე-16 კანონთა მიხედვით, სინოდი უპირატესი იერარქის გარეშე არასრულყოფილია, ხოლო მსოფლიო დონეზე კი ეს უპირატესი იერარქი მსოფლიო პატრიარქია, რომელიც ადგილობრივ დონეზე კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსია.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში მანიპულაციის საგნად იქცა გახლავთ მირონი, რომელიც, ტომოსის ტექსტის შესაბამისად, უკრაინამ მსოფლიო საპატრიარქოსგან უნდა წაიღოს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ არსებობს არაერთი ავტოკეფალური ეკლესია, რომელსაც მირონი კონსტანტინოპოლისგან მიაქვთ. უფრო მეტიც, დღეისათვის, თვით პრეზვიგენულ, იერუსალიმის უძველეს ეკლესიასაც მსოფლიო საპატრიარქოსგან მიაქვს მირონი და ვფიქრობთ, თუნდაც ეს ფაქტიც საკმარისია, რომ ამ საკითხზე ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს სიცრუის ტირაჟირება.

მსგავსი საკითხი, რომელიც ასევე ხშირად ხდება მანიპულაციის თემა, ეს ეკლესიის მეთაურის სტატუსია. ტომოსში ვკითხულობთ, რომ უკრაინის ეკლესიის მეთაურს ეწოდება: „უნეტარესი მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა“. ვერ გეტყვით რატომ გახდა ეს თემა ასეთი აჟიოტაჟის საგანი, მაშინ როდესაც მარტივად შეიძლებოდა უბრალოდ გვენახა მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქი და დავრწმუნდებოდით, რომ მხოლოდ უკრაინას კი არა, ასევე კვიპროსის, საბერძნეთის, პოლონეთის, ალბანეთის და ჩეხეთ-სლოვაკეთის ეკლესიებსაც კი არ ჰყავთ პატრიარქები და ისინი, ვინც უკრაინის ეკლესიის მეთაურისადმი მიტროპოლიტის წოდებით არ კმაყოფილდებია, ალბათ მოვალენი არიან იგივე შეფასებები გამოთქვან ზემოთთქმული ეკლესიების შესახებ.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ნათლად განვმარტოთ ტომოსში დაფიქსირებული ე.წ. ‘’აპელაციის უფლება’’, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სახის დოგმატური თუ კანონიკური საკითხებზე წამოჭრილი პრობლემების დროს, თუკი მიმართავს უკრაინა მსოფლიო საყდარს, ამ შემთხვევაში, ამ უკანასკნელმა უნდა გამოიყენოს საკუთარი პრივილეგიები და უკრაინის ეკლესიას პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. აქვე უნდა განვმარტოთ, რომ მსოფლიო კრების დადგენილებათა და ისტორიულ რეალობათა შესაბამისად, მსოფლიო საპატრიარქოს უფლება აქვს არათუ საკუთარ შვილეკლესიასთან, არამედ საერთოდ სხვა იურისდიქციასთან დაკავშირებითაც გამოიყენოს აპელაციის უფლება. მაგ. მეოთხე მსოფლიო კრება განაჩინებს მეცხრე კანონით: ,,თუ კლერიკოსს თავის, ან სხვა ეპარქიის ეპისკოპოსთან აქვს სამართლებრივი დავა, მაშინ სამთავროს კრებამ გადაწყვიტოს; ხოლო თუ მიტროპოლიტის უკმაყოფილო იქნება ეპისკოპოსი ან კლერიკოსი, მაშინ დიდი სამთავროს ეგზარქოსს მიმართოს, ან კონსტანტინოპოლის სამეუფო საყდარს და მის წინაშე გასამართლდეს” (IV. 9) ამავე კრების მეჩვიდმეტე კანონის მიხედვით კი: ,,ვინც თავისი მიტროპოლიტის მხრიდან დაიჩაგრება, შეუძლია მიმართოს დიდი სამთავროს ეგზარქოსის, ანდა კონსტანტინოპოლის საყდრის სამსჯავროს.” (IV. 17). ზემოთთქმული ცოტა ხნით საერთოდ რომ გვერდზე გადავდოთ, მოგეხსენებათ, უკრაინის ეკლესიის გაერთიანება მსოფლიო საყდრის სწორედ ამ უფლებიდან გამომდინარე მოხდა, როდესაც მიტროპოლიტები ფილარეტ დენისენკო და მაკარი მალეტიჩი საეკლესიო სისავსეს დაუბრუნდნენ და თავად განსაჯეთ, როგორი უსამართლობა და შეუსაბამობა იქნება, რომ ის უფლება არ იყოს აღნიშნული ტომოსში, რომლითაც ეკლესია გაერთიანდა.

დასკვნითი თემა, რომელზეც გვსურს რომ გესაუბროთ, არის დიასპორის საკითხი, რომელმაც ასევე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართულ სივრცეში. ტომოსში ვკითხულობთ: ‘’[კიევის სამიტროპოლიტოს] არ აქვს უფლება დაადგინოს ეპისკოპოსები ან დააფუძნოს სამრევლოები ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ამჟამად უკვე არსებული კი დაექვემდებარებიან, თანახმად განწესისა, მსოფლიო საყდარს, რომელსაც აქვს კანონიკური უფლებამოსილება დიასპორაში.’’ ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ 1990 წელს კანადის უკრაინული ეკლესია მსოფლიო საპატრიარქომ თავის იურისდიქციაში მიიღო, ხოლო 1995 წელს აშშ-ს და დანარჩენ ქვეყნებში განფენილი უკრაინული დიასპორული ეკლესიებიც ავტონომიის უფლებით შეუერთდნენ მსოფლიო საპატრიარქოს. ამ ამბებიდან ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, მსოფლიო საპატრიარქომ სწორედ ამ დიასპორულ ეპარქიებში მყოფი ეპისკოპოსები მიავლინა ეგზარქებად უკრაინაში, რომ ავტოკეფალიის თემა გადაეჭრათ და გადაჭრეს კიდეც.

ახლა საეკლესიო სამართალი ვნახოთ რას გვეუბნება. პირველი მსოფლიო კრება იმპერატიული კანონით ადგენს, რომ ,,ერთ ქალაქში კი ორი ეპისკოპოსი არ უნდა იყოს.’’ (I მსოფ. 8) ხოლო მეოთხე მსოფლიო კრების 28-ე კანონის მიხედვით, იმ ტერიტორიებს, სადაც არაა ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი ეკლესია, კანონიკურად განაგებს კონსტანტინოპოლი. ზოგადად, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ დიასპორა XX-XXI საუკუნის ერესია, რომელიც რუსეთის გამოისობით შემოვიდა მართლმადიდებლობაში, ამ კანონიკური აბსურდის მეტ-ნაკლებად დასარეგულირებლად, მსოფლიო საპატრიარქომ დიასპორაში შექმნა ე.წ. ‘’საეპისკოპოსო საბჭოები’’, რომლებშიც კონკრეტულ ტერიტორიაზე მოღვაწე მართლმადიდებელი ეპისკოპოსები გაერთიანდნენ და რომელსაც მსოფლიო საპატრიარქოს ეპისკოპოსი ხელძღვანელობს, ხოლო იგივე ეკლესია, ახალ ავტოკეფალურ ეკლესიებს კი სთხოვს რომ დაიცვას მსოფლიო კრებათა კანონები. ვიღაცას ეს შეიძლება არ მოწონდეს, მაგრამ რადგან არც I მს. კრების მე-8 და არც IV მს. კრების 28-ე კანონი არ გაუუქმებია არცერთ მსოფლიო კრებას, შესაბამისად ვერავინ ვერ შეედავება მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკური ნორმების დარღვევაში.

ეს გახლდათ მოკლე მიმოხილვა იმისა, თუ რეალურად რა და რატომ წერია ტომოსის ტექსში. ვიმეორებთ, რომ თემაზე საუბარი ვრცლად და უფრო ამომწურავადაც შეიძლება, თუმცა ვიმედოვნებთ შეძლებისდაგვარად სრულად გადმოვეცით ძირითადი სათქმელი, რომ აზრზსმოკლებულია ნებისმიერი განცხადება, რომელიც უკრაინის უწმინდესი ეკლესიის რაიმე მხრივ დაკნინებას ემსახურება.

[1] ტომოსის ქართულენოვან თარგმანზე საუბრისას გამოვიყენებთ დავით ჩიკვაიძის მიერ შესრულებულ დოკუმენტს.

[2] იხ. საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი

[3] იხ. ΠΑΤΡΙΑΡΧΙΚΟΣ ΚΑΙ ΣΥΝΟΔΙΚΟΣ ΤΟΜΟΣ ΧΟΡΗΓΗΣΕΩΣ ΑΥΤΟΚΕΦΑΛΟΥ ΕΚΚΛΗΣΙΑΣΤΙΚΟΥ ΚΑΘΕΣΤΩΤΟΣ ΕΙΣ ΤΗΝ ΕΝ ΟΥΚΡΑΝΙΑι ΟΡΘΟΔΟΞΟΝ ΕΚΚΛΗΣΙΑΝ.

[4] იხ. “მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახი” – მოსკოვური ეკლესიოლოგიის კრიზისი მღვდელ-მონოზონი ლეონიდე ებრალიძე. https://www.palamacentre.com/2018/10/15/მართლმადიდებელ-ეკლესიათა-ოჯახი-მოსკოვური-ეკლესიოლოგიის-კრიზისი/

[5] იხ. Primus sine paribus- პრუსის მიტროპოლიტი ელპიდოფოროს ლამბრიანიდისი, https://www.palamacentre.com/2018/09/15/primus-sine-paribus-პრუსის-მიტროპოლიტი-ელპიდოფოროს-ლამბრიანიდისი/

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s