გამოხმაურება რუსთაველი მიტროპოლიტ იოანეს ქადაგებაზე უკრაინის შესახებ

მიტროპოლიტი იოანე

რუსთაველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), სულ ახლახანს განაცხადა, რომ უკრაინაში, რეგიონებს შორის მიმდინარეობს ომი და არა რუსეთ-უკრაინას შორის.[1] ეს მხოლოდ დასაწყისია,  2019 წლის 3 თებერვლის ქადაგებაში[2], მან ყოვლადგაუმართლებელი, აბსურდული, ცილისმწამებლური და სიცრუით გაჯერებული მონაცემების კასკადი შემოგვთავაზა. შევეცდებით დეტალურად განვიხილოთ იგი.

მეუფე იოანე ბრძანებს:  ‘’მითქმა-მოთქმა იმ ტომოსის გამო, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მისცა ს-ხ-იზმატურ დაჯგუფებას’’. დავიწყოთ იმით, რომ ეს არ ყოფილა არანაირი დაჯგუფება, პირიქით, კიევში შემდგარმა გამაერთიანებელმა კრებამ სრულიად გააერთიანა მიტროპოლიტ ფილარეტის იურისდიქციაშ მყოფი პირები, მიტროპოლიტ მაკარი მალეტიჩის იურისდიქციაში მყოფი პირები და უკრაინაში მოსკოვის საეგზარქოსოს მცირე ნაწილი (საუბარია 20 მილიონზე მეტ მართლმადიდებელზე). ამას დამატებული ისიც, რომ ამ გამაერთიანებელ კრებაში მონაწილეობდნენ კანადის უკრაინული ეკლესიის (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქცია) და აშშ-სა და დანარჩენ ქვეყნებში განფენილი უკრაინული დიასპორული ეკლესიის წარმომადგენლები. ამასთანავე, მეუფეს გვსურს შევახსენოთ, რომ არც მიტროპოლიტ მაკარისა და არც მიტროპოლიტ ფილარეტის ეკლესიიდან განკვეთა არ უკავშირდებოდა მოძღვრებით საკითხებს და მათი სქიზმაში გადასვლა დიდწილად რუსეთის იმპერიალისტური მიდგომებისადმი პროტესტმა გამოიწვია,  შესაბამისად, უკრაინაშიც ისეთივე ‘’სქიზმატურ დაჯგუფებასთან ’’ გვაქვს საქმე, როგორიც  მაგ: საქართველოს ეკლესია იყო 1917-1943 წლებში. რატომ ვერ ბედავს მიტროპოლიტი იოანე და იგივე ლოგიკით არ (ვერ) უწოდებს დასახელებულ პერიოდის საქართველოს ეკლესიასაც სქიზმატურს. გავაგრძელოთ, ’კონსტანტინოპოლის უმაღლესი იერარქები დადიან ეკლესია-ეკლესია და რატო? როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან.’’   ხვდებით, რომ საუბარი ეხება მიტროპოლიტ ემანუელისა და ამფილოქიოსის საქართველოში ვიზიტს. ახლა ვნახოთ თუ რა განცხადა მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ: ,,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, რომ ისინი არ ჩამოსულან იმისთვის, რათა დაგვარწმუნონ ჩვენ, მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ასევე, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენს აუჩქარებლობას ამ ეტაპზე, რა პოზიციაც გვაქვს, სრული გაგებით ეკიდებიან. ეს მიტროპოლიტმა საუბრისას რამდენჯერმე გაიმეორა და ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის”.[3] შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის ორი წევრი, მეუფე შიო და მეუფე იოანე, ერთი კონკრეტული მოვლენის შესახებ გვთავაზობენ ორ და სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას და შეუძლებელია ორივე სიმართლე იყოს. ჩვენი ცნობით, სიმართლეს შეესაბამება მიტროპოლიტ შიო მუჯირის პოზიცია, შესაბამისად, ან მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი წარმოადგენს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის ჩანაწერს, სადაც დადასტურდება რომ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები აღიარებენ ‘’ჩიხში შესვლას’’ და გვთხოვენ, რომ იქიდან გამოსვლაში დავეხმაროთ, ან დადასტურდება, რომ მის მიერ მოყვანილი ფაქტები უზუსტობაა და ცილისწამება.

მეუფე აგრძელებს: ,,რა გაჩქარებდა, რომ გამოიტანე ტომოსი და რა გამოიტანეს? არც არაფერი. თუ ვინმეს გონია რომ ის ავტოკეფალია იყო, როგორ- მირონი კონსტანტინოპოლიდან წაიღე, მღვდელთმთავარს მე გიკურთხებ, დოგმატურ საკითხზე მე მკითხე, მე გეტყვი შენ, შენი უცხოური ეპარქიები ჩემი გახდება, მაშინ რაღა დარჩა? დამოუკიდებლობა სადღა არის?’’ ალბათ შეუძლებელია ადამიანმა ერთ მოკლე წინადადებაში ჩაატიო იმდენი სიცრუე, საღვთისმეტყველო აბსურდი და ცილისწამება, რაც მეუფე იოანემ ამ ფრაზაში მოახერხა. განვიხილოთ დაწვრილებით: მირონი კონსტანტინოპოლიდან წაიღე და რა? მეუფე იოანე ან განგებ ამახინჯებს ფაქტებს, ან არსობრივად ვერ იგებს ავტოკეფალიის ფენომენს, რომელსაც პირდაპირი კავშირი საერთოდ არ აქვს მირონის მოხარშვა-არმოხარშვასთან. მეუფე იოანეს ალბათ არ მოეხსენება, რომ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საყდრიდან მირონი არაერთ ეკლესიას მიაქვს, მათ შორის თვით იერუსალიმის ეკლესიასაც კი! ე.ი. მეუფე იოანე ამბობს, რომ არც ერთი ამ ეკლესიათაგანი, თვით იერუსალიმის ეკლესიაც კი არაა ავტოკეფალური, რაც ყოვლად მიუღებელია.

გავაგრძელოთ- მღვდელთმთავარს მე გიკურთხებ, ესაა წარმოუდგენელი სიცრუე და ცილისწამება, რასაც მეუფე იოანეს ბაგეები გადმოსცემენ. ასეთი რამ არსად წერია ტომოსში! პირიქით, აი რა წერია ტომოსში:  ‘’ჩვენ გადავცემთ მას პრივილეგიებსა და ყველა სუვერენულ უფლებას, რომელიც ეკუთვის ავტოკეფალურ საეკლესიო მმართველობას.’’[4]  საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია მეუფეს ეკლესიის წინამძღოლისათვის ‘’პრივილეგიისა და ყველა სუვერენული უფლების ბოძება’’ ეპისკოპოსის ხელდასხმის უფლების გარეშე? არ არსებობს, სიცრუეა და ცილისწამება! გავაგრძელოთ: დოგმატურ საკითხზე მე მკითხე, მე გეტყვი შენ,  უბრალოდ გაკვირვებას იწვევს თუ საიდან ან რომელი ეკლესიის რომელი ტომოსიდან ამოიკითხა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ (თუ რა თქმა უნდა რომელიმე ტომოსი ნახა) ამგვარი აბსურდი? ყოველ შემთხვევაში, უკრაინის ავტოკეფალიის ტომოსში პირდაპირ წერია: ,,ყოველი, რაც ეხება შიდასაეკლესიო მართვას, განიხილება, განისჯება და განისაზღვრება მხოლოდ წმინდა სინოდის მიერ, რომელიც იხელმძღვანელებს სახარებისეული და სხვა სწავლებებით, რომლებიც მომდინარეობს წმინდა გარდამოცემიდან და ჩვენი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ პატივდებული კანონიკური განჩინებებით.’’[5]  არსად არაა ნახსენები ტომოსში, რომ დოგმატური საკითხები კონსტანტინოპოლმა უნდა ასწავლოს უკრაინას, არამედ საუბარია შვილ და დედაეკლესიას შორის ურთიერთობაზე და ამ ურთიერთობის ერთიანი ფორმით გამოხატვაზე. გავაგრძელოთ: შენი უცხოური ეპარქიები ჩემი გახდება  ფაქტია, რომ მეუფეს არა მხოლოდ საეკლესიო სამართალი და კანონიკური ნორმები არ ესმის, არამედ სულ უახლოესი ისტორიული ფაქტების შესახებაც არაა ინფორმირებული. კონკრეტულად რომ ვთქვათ, 1990 წელს კანადის უკრაინული ეკლესია კონსტანტინოპოლმა თავის იურისდიქციაში მიიღო, ხოლო 1995 წელს აშშ-ს და დანარჩენ ქვეყნებში განფენილი უკრაინული დიასპორული ეკლესიებიც ავტონომიის უფლებით შეუერთდნენ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს. ამ ამბებიდან ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, მსოფლიო საპატრიარქომ სწორედ ამ დიასპორულ ეპარქიებში მყოფი ეპისკოპოსები მიავლინა ლეგატებად უკრაინაში, რომ ავტოკეფალიის თემა გადაეჭრათ და გადაჭრეს კიდეც. მეუფე იქვე ამბობს, რომ ავტოკეფალიის შემთხვევები კონსტანტინოპოლმა საეკლესიო სამართლის მიხედვით უნდა გადაწყვიტოსო. ნამდვილად, შესაბამისად ჯერ ტომოსი წავიკითხოთ და შემდეგ საეკლესიო სამართალი. ტომოსში წერია: ,,(უკრაინის ეკლესიას) არ აქვს უფლება დაადგინოს ეპისკოპოსები ან დააფუძნოს სამრევლოები ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ამჟამად უკვე არსებული კი დაექვემდებარებიან, თანახმად განწესისა, მსოფლიო საყდარს, რომელსაც აქვს კანონიკური უფლებამოსილება დიასპორაში, რამდენადაც ამ ეკლესიის იურისდიქცია შემოიფარგლება უკრაინის სახელმწიფოთი.’’[6]  ახლა, საეკლესიო სამართალი ვნახოთ რას გვეუბნება. პირველი მსოფლიო კრება იმპერატიული კანონით ადგენს, რომ ,,ერთ ქალაქში კი ორი ეპისკოპოსი არ უნდა იყოს.’’ (I მსოფ. 8) ხოლო მეოთხე მსოფლიო კრების 28-ე კანონის მიხედვით, იმ ტერიტორიებს, სადაც არაა ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი ეკლესია, კანონიკურად განაგებს კონსტანტინოპოლი. ზოგადად, დიასპორა XX-XXI საუკუნის ერესია, რომელიც რუსეთის გამოისობით შემოვიდა მართლმადიდებლობაში, ამ კანონიკური აბსურდის მეტ-ნაკლებად დასარეგულირებლად, კონსტანტინოპოლმა დიასპორაში შექმნა ე.წ. ‘’საეპისკოპოსო საბჭოები’’, რომლებშიც კონკრეტულ ტერიტორიაზე მოღვაწე მართლმადიდებელი ეპისკოპოსები გაერთიანდნენ და რომელსაც კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი ხელძღვანელობს, ხოლო ახალ ავტოკეფალურ ეკლესიებს კი სთხოვს რომ დაიცვას მსოფლიო კრებათა კანონები. გასაგებია, რომ რუსულ ორბიტაზე მყოფ ხალხს (მათ შორის მეუფე იოანესაც) ეს ყოველივე არ მოსწონს, თუმცა, რადგან არც I მს. კრების მე-9 და არც IV მს. კრების 28-ე კანონი არ გაუუქმებია არცერთ მსოფლიო კრებას, შესაბამისად ვერავინ და ვერც მიტროპოლიტი იოანე ვერ შეედავება კონსტანტინოპოლის საყდარს, კანონიკური ნორმების დარღვევაში.

გავაგრძელოთ, მეუფე იოანე ამბობს: ,,ბოლოს ყველაფერი დაბრალდა განხეთქილებაში მყოფ ფილარეტს, თუ იცოდი რომ ესეთი იყო, რაღას მიდიოდი იმასთან ერთობაზე?’’ კი მაგრამ რა დაბრალდა ფილარეტს? ან რაზე დაყრდნობით? ვინ თქვა სადმე ოფიციალურად, რომ ფილარეტს რამეს აბრალებს? შესაბამისად, ან მეუფე იოანე წარმოადგენს კონკრეტულ მტკიცებულებებს მისი ამ ფრაზის გასამართლებლად, ანდა გამოჩნდება, რომ აქაც ცილს სწამებს მსოფლიო საპატრიარქოსა და მიტროპოლიტ ფილარეტს. მეუფე იოანე პრობლემის გადაწყვეტასააც გვთავაზობს: ,,შეთანხმება ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, ერთობით, ეკლესიის სამართლის მიხედვით, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა.’’ დავიწყოთ იმით, რომ კონსტანტინოპოლმა ავტოკეფალია მიანიჭა საკუთარ შვილ ეკლესიას, გავაგრძელოთ იმით, რომ მსოფლიო კრებების შემდგომ პერიოდში, უკლებლივ ყველა ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, არ შეკრებილა არასდროს ავტოკეფალურ ეკლესიათა კრება, რომელიც მას გადაწყვეტდა, არამედ კონსტანტიოპოლის საპატრიარქო ექსკლუზიურად ანიჭებდა ავტოკეფალიას, ანიჭებს ახლა, მიანიჭებს მომავალში და ბოლოს, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ სულ სამიოდე წლის წინ ჩაატარა ავტოკეფალურ ეკლესიათა დიდი და წმინდა კრება, მეუფე იოანე კი წინააღმდეგი იყო ჩვენი ეკლესიის ამ კრებაზე დასწრებისა, არც დავესწარით. ლოგიკა სადაა? სულ ორი წლის წინ ჩატარებულ კრებას ბოიკოტს ვუცხადებთ, იმიტომ რომ რუსეთს ბოიკოტი აწყობს და ახლა ახალი კრების ჩატარებას ვითხოვთ, იმიტომ რომ რუსეთს კრება აწყობს?

ზემოთმოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, მეუფე იოანეს მოკლე ქადაგება შეიცავს უამრავ სიცრუეს, ცილისწამებას და ისტორიული თუ კანონიკური რეალობის გაყალბების მცდელობას, შესაბამისად, მას მართებს კონკრეტული განმარტებები გააკეთოს, თუ რატომ ან ვისთან შეთანხმებით იქადაგა ამგვარი ყოვლადგაუმართლებელი სულით გაჟღენთილი ქადაგება.

10.02.2019

გურამ ლურსმანაშვილი

 

[1] იხ. http://www.tabula.ge/ge/verbatim/143074-meufe-ioane-ukrainis-avtokefaliaze-xelisuflebam-politkoreqtulobis-magaliti-gvachvena

[2]https://www.facebook.com/208294643239280/videos/vb.208294643239280/284755778808831/?type=2&theater

[3] http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/akhali-ambebi/8174-meufe-shio-mnishvnelovania-rom-ukrainasthan-dakavshirebith-chvens-pozicias-msoflio-sapatriarqo-sruli-gagebith-ekideba.html

[4] უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი, ქართულად თარგმნა დავით ჩიკვაიძემ

[5] იქვე

[6] იქვე

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s