პასუხი მამა ლონგინოზ სუარიშვილს, მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილების შესახებ

უკრაინის-ეკლესია-ავტოკეფალია            წინამდებარე პუბლიკაციაში გვსურს გამოვეხმაუროთ მამა ლონგინოზ სუარიშვილის მოსაზრებებს მსოფლიო საპატრიარქოს უკანასკნელი სინოდის შესახებ,[1] რომელსაც (მოსაზრებებს) ინტერნეტით გავეცანით და ინტერნეტითვე ვუპასუხებთ.  საკუთარი მიმოხილვის ბოლოს დეკანოზი სვამს რიტორიკულ შეკითხვას: ,,შემთხვევით, ხომ არ დაარღვია კონსტანტინეპოლმა ზემოთ აღნიშნული პრინციპი?”  დასაწყისშვე ვიტყვით, რომ მსოფლიო საპატრიარქოს ამ შემთხვევაში არანაირი პრინციპი არ დაურღვევია. შევეცდებით აგიხსნათ თუ რატომ.

მამა ლონგინოზი წერს: ,,კონსტანტინეპოლი, სხვა ადგილობრივი ეკლესიებისა თუ ცალკეული მაღალი იერარქებისათვის, წარმოადგენს საბოლოო და უმაღლეს სააპელაციო სასამართლო ინსტანციას, ეს ნამდვილად ასეა. მსგავსი უფლება, ჯერ კიდევ 341 წლის სარდიკიის ადგილობრივმა კრებამ მიანიჭა რომის ეკლესიის მეთაურს თავისი მე-3 კანონით.’’  უპირველესად მოგახსენებთ, რომ დასახელებული სარდიკიის კრება არა 341, არამედ 343 წელს გაიმართა. ვგონებთ, მამა ლონგინოზს მხედველობიდან გამორჩა ის ფაქტი, რომ კონსტანტინოპოლის წმინდა სინოდმა საკუთარი დადგენილება სარდიკიის კრებაზე დაყრდნობით არ გამოიტანა. შესაბამისად, მისი მთელი მოსაზრებანი ამ არასწორი მიმართულებითაა განვითარებული. მოდით, დეტალურად განვიხილოთ ისინი. კანონისტები მარტივად თანხმდებიან, რომ სარდიკიის კრების (343 წ.) კანონების ხასიათი არის დროებითი და არა მარადიული.[2] კანონისტების აზრის გაცნობა აღარც დაგვჭირდება, როდესაც თავად კრების იმ კანონს წავიკითხავთ, რომელსაც მამა ლონგინოზი ციტირებს: ,,თუ ივარაუდება, რომ რომელიმე ეპისკოპოსი რაიმე საქმის გამო უნდა დაისაჯოს და თვითონ კი ეგონოს, რომ მტყუანი არ არის, არამედ ნამდვილად მართალია, უნდა განახლდეს სასამართლო საქმე, თუ თქვენს სიყვარულს უნდა, პატივი ვცეთ პეტრე მოციქულის ხსენებას და მისწეროს მან იულიუს რომის ეპისკოპოსს. თუ ეს უკანასკნელი დაინახავს, რომ საჭიროა საქმის ხელახლა განხილვა, მეზობელი სამთავროს ეპისკოპოსებისგან გამოუყოფს საქმის განმხილველთ.’’ (სარდიკ 3.). თავადაც ხედავთ, რომ საუბარია რომის კონკრეტული ეპისკოპოსის, იულიუსის შესახებ, რომ მისი (იულიუსის) მმართველობის პერიოდში, მსგავსი პრობლემის გადაწყვეტა ამ ფორმით უნდა მოხდეს. ეს უფლება ინსტიტუციონალურად კი არ ებოძა რომის საყდარს, არამედ კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე მიენიჭა მის მმართველ ეპისკოპოსს, რაც კანონების დროებით ხასიათზე მიანიშნებს. რომის პაპი იულიუს I პეტრეს საყდარზე, როგორც გვახსოვს, 337-352 წლებში იმყოფებოდა, სარდიკიის კრება კი 343 წელს გაიმართა. შესაბამისად, რომელიმე საპატრიარქოს რომ 344-352 წლებში მოეხნა მიტროპოლიტ ფილარეტისთვის ანათემა, მამა ლონგინოზს აუცილებლად დავეთანხმებოდით, მაგრამ რადგან ამ პერიოდიდან 1 600  წელზე მეტია გასული, უბრალოდ არ შეგვიძლია სასულიერო აკადემიის დეკანის მსჯელობას მივყვეთ.

მამა ლონგინოზი აგრძელებს: ,,აღნიშნული სააპელაციო სასამართლო პროცედურა… უნდა წარემართოს კონსტანტინეპოლისა და ასევე იმ ადგილობრივი ეკლესიის იერარქების საერთო შემადგენლობით, რომელი ეკლესიის იურისდიქციასაც მიეკუთვნებოდა და რომლის მიერაც დაისაჯა მომჩივანი პირი (სარდიკ.5) და ასეთი შერეული სასამართლო შემადგენლობით გამოიტანონ საბოლოო განაჩენი. ამ შემთხვევაში, როგორც ცნობილია, კონსტანტინეპოლმა ასეთი პრინციპით არ იხელმძღვანელა.’’ დასკვნით ნაწილში დეკანი აბსოლუტურად მართალია, კონსტანტინოპოლის ბოლო სინოდს ამ პრინციპით არ უხელმძღვანელია, უფრო მეტიც, სარდიკიის კრებით საერთოდ არ უხელმძღვანელია, რადგან იგი საკუთარი კანონიკური იურისდიქციის საზღვრებში მოქმედებს, რომლის მართვაც 1686 წლის წერილის საფუძველზე იკონომიით მიანიჭა მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ხელდასხმულ იერარქს.  კიდევ ერთხელ მივდივართ იქამდე, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ადრესატს ალბათ დაავიწყდა, თუ რომელი პრინციპით ხელმძღვანელობს ხოლმე მსგავს შემთხვევებში მსოფლიო საპატრიარქო, რომ იგი იყენებს მეოთხე მსოფლიო კრების მე-9 და მე-17 კანონებს, რასაც ნებით თუ უნებლიედ, თბილისის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის პედაგოგი საერთოდ არ ახსენებს. ვნახოთ რას გადმოგვცემენ ზემოთდასახელებული კანონები: ,,თუ მიტროპოლიტის უკმაყოფილო იქნება ეპისკოპოსი ან კლერიკოსი, მაშინ დიდი სამთავროს ეგზარქოსს მიმართოს, ან კონსტანტინოპოლის სამეუფო საყდარს და მის წინაშე გასამართლდეს.’’ (IV მს. 9). და ,,ვინც თავისი მიტროპოლიტის მხრიდან დაიჩაგრება, შეუძლია მიმართოს დიდი სამთავროს ეგზარქოსის, ანდა კონსტანტინოპოლის საყდრის სამსჯავროს’’ (IV მს. 17). თავად სარდიკიის კანონებითაც ვიგებთ მათი მოქმედების დროით შემოსაზღვრულობას, მაგრამ დავუშვათ ასეც არ ყოფილიყო, ჩნდება კითხვა, რა ხდება მაშინ, როდესაც სხვადასხვა დროს გამართული ორი კრების კანონები კონკრეტულ საკითხზე ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ასეთ შემთხვევაში უპირველესად ვაკვირდებით ამ კრებათა სტატუსს, მათგან რომელიც არის მსოფლიო კრება, უპირატესობა მას ენიჭება ადგილობრივ კრებასთან მიმართებით, ხოლო თუკი ამ კრებათა სტატუსები ერთნაირია, მაშინ უპირატესობას შედარებით გვიან გამართულ კრებას ვაძლევთ. ჩვენს შემთხვევაში, სარდიკიის კრება გაიმართა 343 წელს, ხოლო მეოთხე კრება კი 451 წელს, სარდიკიის კრება არის ადგილობრივი, ხოლო ქალკედონის მეოთხე კრება კი მსოფლიო. შესაბამისად, სარდიკიის კრების კანონებშივე თუნდაც არ არსებობდეს კონკრეტული დროით შემოსაზღვრული არეალი, ქალკედონის კრება მაინც უპირატესია, როგორც საკუთარი სტატუსით, ასევე გამართვის დროის მიხედვითაც, რასაც ჩვენდა გასაკვირად, აკადემიის კანონიკური სამართლის ლექტორი საერთოდ არ ახსენებს.

მამა ლონგინოზი წერს: ,,ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მე-5 კანონის მიხედვით, ერთი ეკლესიის ან ეპისკოპოსის მიერ დასჯილ სასულიერო პირს, არ შეიძლება აღუდგინოს მღვდლობა სხვა ეკლესიამ ან სხვა ეპისკოპოსმა, არამედ ამის ხელმწიფება აქვს საეკლესიო კრებას.’’ (I მს. 5). ნიკეის კრება ნამდვილად წერს ამგვარ განჩინებას, მაგრამ კვლავ გვიწევს ზემოთთქმულის გამეორება, რომ კონსტანტინოპოლის საყდარს აპელაციის უფლება მეოთხე მსოფლიო კრებამ მიანიჭა და როგორც უკვე ვთქვით, როდესაც კონკრეტულ საკითხზე ორი სხვადასხვა დროს გამართული და სტატუსით თანაბარი კრება განსხვავებულ განჩინებებს გვთავაზობთ, საეკლესიო სამართლის პრინციპის მიხედვით უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან გამართულ კრებას. შესაბამისად, ნიკეის კრებიდან დაახლოებით 125 წლის შემდეგ გამართული ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრება, სრულ უფლებას აძლევს მსოფლიო საპატრიარქოს, რომ მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცა და ამაში მას ნიკეის კრების მეხუთე კანონი ხელს არ უშლის.

 მამა ლონგინოზი აგრძელებს: ,,ამავეს იმეორებს პატრიარქ ფოტიოსის დროს 879 წელს გამართული კონსტანტინეპოლის კრების 1-ლი კანონი. სადაც ნათქვამია, რომ აუცილებელია ერთი ეკლესიის მეთაურმა პატივი სცეს, მოძმე ეკლესიის მეთაურის გადაწყვეტილებებს.’’  ნებისმიერი ეკლესიის მეთაურმა რა თქმა უნდა პატივი უნდა სცეს მოძმე ეკლესიის გადაწყვეტილებას, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიამ პატივი უნდა სცეს მოძმე ეკლესიის (კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს) გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ თუ ფოტიოსის კრების დაკავშირება გვსურს კონსტანტინოპოლის წმინდა სინოდის უკანასკნელ განჩინებასთან, მაშინ ფოტიოსის კრების გამართვის რამდენიმე ნიუანსი უნდა გავიხსენოთ.

861 წელს წმიდა ფოტიოსმა კონსტანტინოპოლში კრება მოიწვია, სადაც პაპმა  საკუთარი ლეგატები მიავლინა. კრებაზე წმ. ფოტიოსი გამოირჩიეს პატრიარქად, ხოლო ეგნატე გადააყენეს, რადგან ეს უკანასკნელი პატრიარქად იმპერატორის ჩარევის შედეგად გამოარჩიეს, ანუ არაკანონიკურად. პაპი ნიკოლოზ I ძალზედ განარისხა ამ განჩინებამ და 863 წელს რომში კრება მოიწვია, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ იტალიის ეპისკოპოსები იღებდნენ. ამ კრებამ განკვეთა  ფოტიოსი და ასევე მის მიერ ხელდასხმული ეპისკოპოსებიც, ამავდროულად კონსტანტინოპოლის კანონიერ პატრიარქად გამოაცხადა ეგნატე. ასევე, პაპმა ნიკოლოზმა მისიონერებად ბულგარეთში ფრანკები გააგზავნა, რომლებმაც თავის მხრივ ბულგარეთიდან ფოტიოსის მიერ გაგზავნილი მისიონერები გამოაძევეს.[3] ჩვენ  მიერ უკვე ნახსენები მეოთხე მსოფლიო კრება კი წერს: ,,განვაჩინებთ, და ვამტკიცებთ კონსტანტინოპოლის, ამ ახალი რომის წმინდა ეკლესიის უპირატესობას. რადგან, ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უპირატესობა, რამეთუ ის სამეფო ქალაქი იყო, იმავე აზრით აღძრულმა ას ორმოცდაათმა ღვთისსათნომყოფელმა ეპისკოპოსმაც მისი თანაბარი უპირატესობა მიანიჭა ახალი რომის წმინდა საყდარს, განსაზღვრეს რა სამართლიანად, რომ ქალაქი, რომელსაც პატივი ერგო ყოფილიყო მეფისა და სენატის ადგილსამყოფელი და ძველ სამეფო ქალაქ რომის თანასწორი უპირატესობა მიეღო, საეკლესიო საქმეებშიც მის მსგავსად განდიდდება და მის შემდეგ მეორე იქნება. მხოლოდ ამიტომ პონტოს, აზიისა და თრაკიის სამთავროების მიტროპოლიტები, ასევე აღნიშნული სამთავროების უცხოტომელთა ეპისკოპოსები, უნდა დადგინდნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა საყდრის მიერ; შესაბამისად, ზემოდასახელებული სამთავროების თითოეულმა მიტროპოლიტმა სამთავროს ეპისკოპოსებთან ერთად უნდა დაადგინონ ეპარქიის ეპისკოპოსები, როგორც ეს საღვთო კანონებით არის დაწესებული; ხოლო თავად მიტროპოლიტები, ზემოთ დასახელებული სამთავროებისა, როგორც უკვე ითქვა, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის მიერ დგინდება, ოღონდ, ჩვეულებისამებრ, მისი გამორჩევა წინასწარ უნდა მოხდეს ერთსულოვნად და შემდეგ წარედგინოს მას ხელთდასხმისათვის.’’  (IV მს. 28).

მარტივად რომ შევაჯამოთ, რომის პაპმა გადააყენა ფოტიოსი (რისი უფლებაც თუნდაც მეოთხე მსოფლიო კრების კანონებიდან გამომდინარე არ ჰქონდა) და ბულგარეთიდან, რომელიც მეოთხე მსოფლიო კრების განჩინებით, კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში შედიოდა, კანონდარღვევით გამოაძევა კონსტანტინოპოლელი მისიონრები და საკუთარი მქადაგებლები გააგზავნა. ამის გამო, 879 წელს, წმ. ფოტიოსი იწვევს კრებას, რომლის 1-ლი (და არა მხოლოდ) კანონი, მოუწოდებს რომს და სხვა ეკლესიებს, რომ პატივი სცენ კონსტანტინოპოლის საყდრისთვის მეოთხე მსოფლიო კრებით მინიჭებულ უფლებას. ამ ისტორიულ ფაქტს კი აკადემიის კანონიკური სამართლის ლექტორი პირიქით, კონსტანტინოპოლის საწინააღმდეგოდ იყენებს და კრებას, რომლითაც კონსტანტინოპოლმა სხვა ეკლესიებს მეოთხე მსოფლიო კრების მიერ მისთვის ბოძებული უფლებების პატივისცემისაკენ მოუწოდებს, კონსტანტინოპოლის საყდრის წინააღმდეგ იყენებს, რომელმაც (კონსტანტინოპოლის ეკლესიამ), რამდენიმე დღის წინ, სწორედ მეოთხე მსოფლიო კრების პრივილეგიებით ისარგებლა. ამგვარ მსჯელობაში სახეზეა სრული აბსურდი. ნებისმიერი საეკლესიო კანონი კონკრეტული დროის პრობლემატიკიდან გამომდინარე იქმნებოდა, რადგან მეოთხე მსოფლიო კრების შემდეგ, არცერთ მსოფლიო კრებას არ გაუუქმებია მე-9, მე-17 და 28-ე კანონები, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კანონში აღწერილი უფლებები კონსტანტინოპოლის საყდარს ინსტიტუციონალურად განეკუთვნა და არა მის მმართველ რომელიმე კონკრეტულ იერარქს.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ის ისტორიული რეალობაა, რომელსაც მამა ლონგინოზი რატომღაც არც ახსენებს. საქმე ისაა, რომ კიევის სამიტროპოლიტო კონსტანტინოპოლის მიერ ჩამოყალიბდა და მუდმივად მის კანონიერ იურისდიქციაში შედიოდა; 1686 წელს კი პოლიტიკური სირთულეებიდან გამომდინარე, იკონომიით (დროებით) მისცა უფლება რუსეთის ეკლესიას, რომ კიევის მთავარეპისკოპოსი ეკურთხებინა, რომელსაც (კიევის მიტროპოლიტს) თავის მხრივ ყველა მსახურებაზე კონსტანტინოპოლის პირველიერარქი უნდა მოეხსენიებინა. იერარქის მოხსენიება და ტერიტორიული იურისდიქცია ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, აქედან გამომდინარე, კიევი მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში ყოველთვის აკრიბიით შედიოდა. მსოფლიო საპატრიარქომ, 11 ოქტომბრის განჩინებით, გააუქმა 1686 წელს დადგენილი იკონომია (რისი გაუქმებაც ნებისმიერ დროს შეეძლო) და შესაბამისად, სააპელაციო უფლებაზე დაყრდნობით, საკუთარ საეკლესიო წიაღში მიიღო მის კანონიკურ იურისდიქციაში მოღვაწე სასულიერო პირი (ამ შემთხვევაში მიტროპოლიტი ფილარეტი), რისი სრული უფლებაც ჰქონდა. უფრო მეტიც, ზემოთქმული კანონებიდან გამომდინარე, სწორედ სხვა ეკლესიებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ კონსტანტინოპოლის ეკლესიის შიდა საქმიანობაში და უკონტროლონ, თუ მის კანონიკურ იურსდიქციაში რომელ სასულიერო პირს განკვეთს, შეიწყალებს და ეპისკოპოსად დაადგენს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ვხედავთ კონსტანტინოპოლის საყდრის მოქმედებათა სრულ კანონიერებას და ამ შემთხვევაში, როდესაც საეკლესიო წიაღმა ოც მილიონზე მეტი ‘’დაკარგული შვილი’’ დაიბრუნა, უნდა ვიცოდეთ, რომ უფალს სწორედ ისევე უხარია, როგორც მაცხოვრის იგავში აღწერილ მეცხვარეს: ,,კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი მათგანი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს, და არ წავა დაკარგულის საძებნად? და თუ მოხდა ისე, რომ იპოვა… მას უფრო მეტად შეჰხარის, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებიც არ დაჰკარგვია’’ (მათ. 18. 12-13), უფალი საკუთარ წიაღში შემოკრებილთ ისევე უწყალობებს, როგორც მეთერთმეტე ჟამის მუშაკებს, ჩვენს ნებისმიერ დრდტვინვაზე კი შეგვაგონებს:  ,,შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და ყველაფერი, რაც მაქვს, შენია. ამჯერად კი გვმართებს, ვიხაროთ და ვიმხიარუღთთ, ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, და დაკარგული იყო და გამოჩნდა.’’ (ლკ. 15. 31-32). და გვიპასუხებს: ,,მიიღე შენი და წადი: მე მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.იქნებ ნება არა მაქვს, როგორც მსურს, ისე მოვექცე ჩემსას? ან იქნებ შენი თვალია უკეთური, იმიტომ, რომ მე ვარ კეთილი?’’ (მთ. 20. 14-15). შესაბამისად, თუ არ ვმხიარულობთ 20 მილიონზე მეტი ადამიანის შემოერთებით, უფლის სწავლებისამებრ, იქნებ ჩვენში თვალია უკეთური, რომელიც სხვის სიკეთეს ვერ ხედავს?

[1] მამა ლონგინოზის მოსაზრებები იხ. მამა ლონგინოზ სუარიშვილი‘’მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილება’’. ოქტომბერი 11, 2018. http://dogma.ge/?p=4072

[2] იხ. Β. Φειδά, Ο θεσμός της Πενταρχίας των Πατριαρχών, გვ. 115. ΑΘΗΝΑΙ 1969.

[3] Πειραϊκη Εκκλησία, τέυχος 221, Δεκέμβριος 2010, σ. 20-22

 

ათენი, 13.10.2018

გურამ ლურსმანაშვილი

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s