ათონის წმინდა მთის სხვა ათონი

პუტინი 2

შესავალი

          მე იმ ბედნიერ სტუდენტთა რიცხვს მივეკუთვნები, რომელსაც სემინარიაში სწავლის დროსვე უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის სასწავლებელში შეეძლო სწავლის გაგრძელება, მათგან საბერძნეთი ავირჩიე, რაც მრავალმა ფაქტორმა განაპირობა, ერთ-ერთი კი ის იყო, რომ მინდოდა მეც იმ ქვეყანაში და იმ კულტურასთან სიახლოვეში ვყოფილიყავი, რომლიდანაც ქართველმა მთაწმინდელმა ბერებმა უდიდესი საგანძური გვითარგმნეს ქართულად, რაც აგერ უკვე მერამდენე საუკუნეა შეუფასებელ დახმარებას გვიწევს. ათონისადმი ჩემს განცდებზე დიდხანს შემიძლია ვისაუბრო, ასევე იმ განუზომელ სულიერ სარგებელზე, რომელსაც იქ მლოცველი ბერებისგან იღებს მთელი ქვეყანა, მაგრამ ვფიქრობ ეს ყოველივე ჩემ გარეშეც იცით. ამ თემაში მინდა ათონი ცოტა სხვა კუთხითაც დაგანახოთ, რომელი კუთხეც ბევრმა იცის, მაგრამ ხმამაღლა დაწერაა ერიდება, ალბათ იმიტომ, რომ პიროვნულ რეიტინგზე (და არა მხოლოდ) ცუდად იმოქმედებს. მე მაინც დაწერ. საქმე იმაშია, რომ ათონის მთიდან სულიერი სარგებელის გარდა, სხვა რამეც შეიძლება მოედინებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ყოველივეთი რუსული მხარეს ძალიან სერიოზულად ინტერესდება. თემაში შევეცდები კონკრეტული მონახაზები გავაკეთო, რომელსაც მომავალში თავად, ან ვინმე სხვა უფრო განავრცობს და უფრო მეტ რამეს მოვფენთ ნათელს.

ათონის კანონიკური სტატუსი და მითები          

            მტკიცედ მწამს, რომ ნებისმიერი რამის შესახებ არსებული ინფორმაციის სიმწირე ტრაგიკულ შედეგებს ქმნის. იგივეს ვიტყოდი ათონის შესახებაც, რომელსაც რატომღაც ძალიან ბევრმა განსაკუთრებული ‘’სულიერი სტატუსი’’ მიანიჭა. დავიწყოთ იმით, რომ ათონის მთა არაა ეკლესია, ესაა მთა, სადაც არსებობს არაერთი მონასტერი და რომელშიც ცხოვრობს უამრავი ბერი. იგი მეთერთმეტე საუკუნეში დაარსდა კონსტანტიოპოლის მსოფლიო პატრიარქისა და ბიზანტიის იმპერიის საერთო გადაწყვეტილებით და მაშინაც და დღესაც კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის კანონიკური იურისდიქციაა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, არცერთი მსოფლიო კრება მასზე არ საუბრობს და არ განუსაზღვრავს რაიმე გასაკუთრებულ კანონიკურ სტატუსს. ახლო წარსულში საქართველოშივე გვქონდა ‘’თეოლოგიური დავა’’, რის ‘’გადასაწყვეტადაც’’ ათონის მთას მივმართეთ. არადა ათონის მთისთვის არავის უბოძებია სხვა საეკლესიო საქმეების ‘’დავის გადაწყვეტა’’, ასეთი პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბრობს მეოთხე მსოფლიო კრების მეცხრე და მეჩვიდმეტე კანონები (და არა მხოლოდ), ხოლო თუ გადაამოწმებთ თავად ნახავთ, რომ მათში ათონი არ მოიხსენება. მეორე პრობლემა წმინდად ქართული მითია, რომ ოდესღაც ათონის მთა ქართველებს გვეკუთვნოდა (მტკნარი სიცრუე, ათონის მთა ჩვენი არასდროს ყოფილა) და რომ ივერონის მონასტერში დავანებული ღვთისმშობლის ხატი მეორედმოსვლის წინ (ათონი რომ ჩაიძირება), წამოვა საქართველოში და მას იქაური ბერებიც წამოყვებიან (ზოგმა კონკრეტული ‘’ხეობაც’’ კი გაუმზადა საქართველოში ამ ბერებს). ეკლესიაში პირველად 1997 წელს მივედი და იმის მერე ეს ნარატივი მესმის, მაგრამ საიდან წამოვიდა და რაზე დაყრდნობით ამბობენ ამ მითებს წარმოუდგენელია. ბევრი რომ არ ვისაუბროთ, ათონის მთა არაა ეკლესია, იგია მთა ბევრი მონასტრით, რომელიც უნდა ემორჩილებოდეს კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს.

როგორ ცდილობდა რუსეთი ათონის მთის მისაკუთრებას

          (XX საუკუნის დასაწყისი)

მეოცე საუკუნის დასაწყისში ათონის მთაზე საგრძნობლად გაძლიერდა რუსული გავლენა, ამის გამო, ბერძნულმა 17-მა მონასტერმა საკუთარი დელეგაციები მიავლინა ათენში, რომ დედაქალაქს და ასევე დიდ ბრიტანეთს, ათონი საბერძნეთის განუყოფელ ნაწილად ეცნო. ამავდროულად რუსებმა, 1913 წლის 12 მაისს რუსეთის დაქვემდებარებაში შესასვლელი პეტიცია შექმნეს. რუსული მხარის პოზიცია იყო, რომ ათონის მთა კანონიკურად მსოფლიო პატრიარქს დაქვემდებარებოდა, ხოლო გადაწყვეტილებები კი რუსებისა და ბერძნების ერთობლივი თანხმობით მიღებულიყო. დიდი ბრიტანეთის დიდი დამსახურება იყო, რომ ათონი რუსებს ხელში არ ჩაუვარდათ. [1]

მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსებმა სპეციალური დავალებით ბორის სერაფიმოვი მიავლინეს ათონის მთაზე, რომელიც მოგვიანებით აცხადებდა, რომ მთას რუსეთი ინახავდა და აქ მალე ბერები საერთოდ არ იარსებებდნენ, თუკი ათონი რუსეთის დაქვემდებარებაში არ შევიდოდა.[2]

            ათონის შესახებ დავაში ჩაერთო მელეტიოს მეტაქსაკისი (შემდგომში კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი), რომელიც აქტიურად მოუწოდებდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ელეფთერიოს ვენიზელოსს, რომ არ დაეშვა ათონის რუსულ ხელში მოხვედრა, მიუხედავად რამდენიმე დოკუმენტისა რუსული მხარე ამ მთას მაინც არ ცნობდა საბერძნეთის ტერიტორიად. საბოლოოდ, ეპისკოპოს მელეტიოსის, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს, საბერძნეთის ხელისუფლებისა დიდი ბრიტანეთის აქტიური ჩარევით, ლოზანის 1923 წლის ხელშეკრულებამ საბერძნეთის ხელისუფლების მფლობელობაში გამოაცხადა ათონი, ხოლო საკუთრივ საბერძნეთის მხარემ, 1926 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ათონის მთის ბერები აუცილებლად საბერძნეთის მოქალაქეები უნდა ყოფილიყვნენ. რუსეთს ისღა დარჩენოდა რეალობას შეგუებოდა.

            ბერების მგრძნობიარე ხასიათი და საინფორმაციო  ვაკუუმი

          ეკლესიის ისტორიიდან ვიცნობთ უამრავ ფაქტს, როდესაც ბოროტმა ძალებმა ბერების მგრძნობიარე ხასიათი და საინფორმაციო ვაკუუმი (რომელშიც საკუთარი ცხოვრების წესიდან გამომდინარე იმყოფებიან) სათავისოდ და ძალიან ბოროტულად გამოიყენეს. საქმე ეხება ხალხს, რომლებიც შეიძლება 20-40 წელი (ან უფრო მეტიც), მონასტრიდან საერთოდ არ გამოდიან, არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, დღის უმეტეს ნაწილს ლოცვაში, მარხვაში და მორჩილებაში ატარებენ. საერთოდ მოწყვეტილნი არიან ამქვეყნიურ მოვლენებს, სიახლეებს, პოლიტიკურ პროცესებს, ამ დროს კი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით მათ, იმ ადამიანებისგან რომლებსაც თვალდახუჭული ენდობიან, მისდით ინფორმაცია მსოფლიო პატრიარქის ‘’სარწმუნოებრივი ღალატის’’ შესახებ, გარყვნილი დასავლეთის შესახებ, ამერიკაზე, სადაც მოკალათებული მასონები თურმე ყოველდღე იმას ფიქრობენ, როგორ დააქციონ მართლმადიდებელი რუსეთი და საბერძნეთი, რომ ერში უკვე ბოლოჟამის ნიშნებია, ანტიქრისტე ვაშნგტონში უკვე დაიბადა და.ა.შ. უსასრულოდ. შედეგად ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. სწორედ ამიტომ მოუწოდებდა და მოუწოდებს მათ საკუთარი ‘’თავი’’, კონსტანტინოპოლის დედაეკლესია, რომ ნუ აყვებიან ხოლმე ამგვარ დეზინფორმაციას, რომლითაც მთელი საეკლესიო სხეული ზარალდება და გააგრძელონ ის ღვაწლი (ლოცვა, მარხვა, უპოვარება და.ა.შ.), რომელი ღვაწლითაც მათგან მთელი კათოლიკე ეკლესია იკვებება.

            თავში ვახსენე ბერების მგრძნობიარე ხასიათისა და ცხოვრების წესის ბოროტად გამოყენების შესახებ, მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ნაწყვეტს სოკრატე სქოლასტიკოსის საეკლესიო ისტორიიდან. ,,ნიტრიის მთებში მცხოვრებ მონაზვნებს შორის ზოგიერთებს ჰქონდათ ცხელი თავი, მოყოლებული თეოფილეს დროიდან, როდესაც მან ისინი დიოსკორეს მომხრეების წინააღმდეგ უსამართლოდ აამხედრა. მაშინ წადიერად აიღეს შური და კირილეს გამო ბრძოლა აირჩიეს. დაახლოებით ორმოცდაათმა კაცმა დატოვა მონასტრები, ჩავიდნენ ქალაქში და ჩაუსაფრდნენ ეტლით მომავალ პრეფექტს…’’ [3]

”აზრის გათეთრება”

            ვიცით, თუ რას ნიშნავს ‘’ფულის გათეთრება’’- უკანონო ფულის არაფორმალური ეკონომიკიდა ფორმალურში გადაყვანა, რომ ამ სახსრებით ღია და სახალხო სარგებლობა გახდეს შესაძლებელი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ახალი ტერმინიც შემოვიტანოთ- ‘’აზრის გათეთრება.’’ ბევრი რომ არ ვიფილოსოფოსოთ მაგალითი მოვიყვანოთ. საბედნიეროდ საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც რუსეთის პირდაპირი იდეოლოგიის გავრცელება ძალიან რთულია, დღევანდელი ახალგაზრდა თაობიდან გამომდინარე შეუძლებელი, შესაბამისად საჭიროა რუსული აზრი (ამ შემთხვევაში საეკლესიო), შეფუთული მოვიდეს ჩვენამდე, რომ ვერ გავიაზროთ კარგად და უნებურად მისი გავლენის ქვეშ მოვექცეთ. უფრო დავკონკრეტდეთ, ქართული სზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკრაინას ავტოკეფალია ეკუთვნის, ისიც ვიცით, რომ რუსეთი ამას ეწინააღმდეგება, შესაბამისად პატრიარქ კირილის, მიტროპოლიტ ილარიონის ან სხვათა ‘’არგუმენტირებული იდეოლოგია’’ ჩვენთვის მიუღებელია. ამ დროს უეცრად, საქართველოში ვრცელდება ათონის ‘’განბრძნობილი სტარეცების’’ ვიდეოები, მიმართვები, განცხადებები, სადაც საუბარია რომ უკრაინაში ერთდერთი კანონიკური ეკლესია შეიძლება მოქმედებდეს, სწორედ ის, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს ემორჩილება, რომ მსოფლიო პატრიარქი ‘’მასონი უცოელების’’ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, მას სქიზმა შემოაქვს ეკლესიაში და.ა.შ. უსასრულოდ. ე.ი. დუგინისეული ნარატივი, ოღონდ ამას ეროვნებით ბერძენი ‘’სტარეცი’’ გვეუბნება, მომღიმარი სახით, მორჩილებაზე მეტყველი ბაგეებით, უპოვარული მანტიით შემოსილი, ისიქაზმის შესახებ ათასგვერდიანი წიგნების ავტორი და.ა.შ. ასეთ მაგალითებს იპოვით ნებისმიერ საკითხზე, სადაც კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოების გზები ღიად გაიყო, იქნება ეს უკრაინის ავტოკეფალია, კრეტის კრება თუ სხვა.

            ათონის მთაზე მოღვაწე არაერთ ბერს ვიცნობ, მათი მსგავსი მოაზროვნე და ერუდირებული საერო ადამიანებიც კი იშვიათად შემხვედრია, მაგრამ ერთია ასეთი ბერების არსებობა მთაზე და მეორე იმ მთიდან მომავალი ხმა, რომელიც ძალიან ხშირად უპირისპირდება თავისი ‘’თავის’’, კონსტანტოპოლის ეკლესიის მოქმედებებს (თუნდაც მართლმადიდებელთაშორის და ქრიტიანთა შორის მშვიდობიან, შედეგზე ორიენტირებულ და თბილი ურთიერთობის მიღწევის მცდელობებს) და ზედმიწევნით უთანხმდება ჩრდილოურ და ჩრდილოვან იდეოლოგიას.

ათონის მთისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს თანამედროვე ურთიერთობა

ვახსენეთ, რომ 1926 წელს რუსეთმა ათონის პირდაპირი მისაკუთრების გეგმა ვერ განახორციელა. მოგეხსენებათ თავად მარქსიზმი ათეისტური იდეოლოგიაა და საბჭოთა კავშირმაც, თავისი არსებობის პირველ პერიოდში ეკლესიასთან ბრძოლის გზა აიჩია. სიტუაცია მოგვიანებით შეიცვალა, როდესაც სტალინმა (რომელიც ძალიან კარგად ხვდებოდა საეკლესიო ხმის იდეოლოგიურ მნიშვნელობას) სრული ძალაუფლება ჩაიგდო ხელში და ეკლესიის პირადი მიზნებისთვის გამოყენება დაიწყო, შესაბამისად, უკვე ახალი ძალით განაახლა რუსეთმა ‘’ათონის ოკუპაცია’’, ოღონდ ამჯერად არა იმდენად ტერიტორიულად, რამდენადაც იდეოლოგიურად, რომ ყოველნაირი ძალით ამ წმინდა მთიდან ის ნარატივი გამოთქმულიყო, რომელიც მას აწყობდა. შესაბამისად არ უნდა გვიკვირდეს, როდესაც ათონის მთის ბერები უპირისპირდებოდნენ მსოფლიო პატრიარქ მელეტიოსს, ათენაგორას, დიმიტრიოსსა და ბართლომეოსს, რომლებიც (პატრიარქები) მსოფლიოს მართლმადიდებელთა ერთობას და მათ სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის იღწვოდნენ და იღწვიან. სიტუაციის უკეთ საილუსტრაციოდ მოგიყვანთ მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის წერილს, რომლითაც მან 1988 წლის 4 მარტს უპასუხა 1987 წლის 11 დეკემბერს, ათონის მთიდან მისთვის გამოგზავნილ საპროტესტო ხასიათის წერილს, რომელსაც ხელს აწერდა წმინდა მთის ოცი მონასტრის წარმომადგენელი, სადაც მკაცრად აკრიტიკებდნენ მსოფლიო პატრიარქ დიმიტრის ვიზიტს რომში. ,,მშობლიურად მოგიწოდებთ, ყოველივე იმის გათვალისწინებით და ყურადღებით გამოკვლევით რაც ზემოთ ითქვა, სდექით “მტკიცედ” და “შეურყევლად,” არ აღელდეთ და არ გადაუხვიოთ გზას, კეთილგანწყობით არ მიუგდოთ ყური უცხო ხმებს რომლებიც მოდიან წყვიდიადის ძალებიდან, ბოროტის ყოველგვარი ეშმაკობითა და მზაკვრობით. ასევე, გვინდა იცოდეთ, რომ დედა ეკლესია გრძობს დიდ ტკვილსა და მწუხარებას ყოველთვის როცა ათონის მონასტრები ერევიან მის საქმეში და პასუხისმგებლობაში, ისევე როგორც სხვა და ეკლესიების პასუხისმგებლობაში, რომლებიც თავის მხრივ გამოხატავენ თავინათ დაბრკოლებასა თუ სამდურავს თქვენი ჩარევების გამო.’’[4]

       ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ისიც, რომ კრეტის კრების მოსამზადებელი პერიოდის დასკვნით ეტაპზე, რუსეთის პატრიარქი კირილი თავგამოდებით ცდილობდა მსოფლიო პატრიარქის დაყოლიებას, რომ დიდი და წმინდა კრება ათონის მთაზე გამართულიყო.[5] მაინტერესებს მკითხველთაგან რამდენი იქნება ისეთი გულუბრყვილო, რომელიც დაიჯერებს, რომ რუსულ მხარეს ამ შეთავაზების გაკეთებისას, ათონზე დავანებული სულიერი მადლი ამოძრავებდა და არა ის იდეოლოგიური დასაყრდენი, რომელიც რუსეთის იმპერიას ამ წმინდა მთაზე გააჩნია.

რაოდენ პარადოქსულია, რომ ათონის მთაზე მისული მომლოცველი უპირველესად მორჩილების შესახებ გაიგონებს ‘’შეგონებებს’’, ამ დროს კი მისი ‘’შემგონებელი’’ ძალიან ხშირად და ისტორიულად თავად არ ემორჩილება საკუთარ წინამძღვარს (იქნება ეს მელეტიოს მეტაქსაკისი, ათენაგორა, დიმიტრიოსი თუ ბართლომეოს I) და არათუ არ ემორჩილება, არამედ ხანდახან არც იხსენიებს, ცილს სწამებს და ათას უმსგავსობას სრულიად დაუსაბუთებლად აბრალებს.

          ალბათ არასდროს გადავწყვეტდი ათონის მთისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის ურთიერთობაზე რამის დაწერაც, მაგრამ საქმე ისააა, რომ საქართველოში ძალიან მომრავლდნენ ‘’ზილოტები’’, რომლებიც სრულიად უმიზეზოდ და დაუსაბუთებლად ცილს სწამებენ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს და ათასგვარ ტყუილს აბრალებენ. დააკვირდით თავად მათ, ან მათ სულიერ წინამძღვრებს, რა სიხშირით და როგორ დადიან ათონის მთაზე და ჩემი ბლოგის გარეშეც მიხვდებით, რომ საქმე სწორედ იმ ‘’აზრის გათეთრებასთან’’ გვაქვს რაც ზემოთ დავწერე, რომ თუკი რუსული მხარე პირდაპირ ვერ შეძლებს საქართველოში მსოფლიო პატრიარქის, შეერთებული შტატებისა და ევროპული (ქრისტიანული) ღირებულებების ანტიპიარს, ამისთვის ათონის მთის ‘’ზილოტებს’’ მშვენივრად იყენებს, თავის მხრივ ამ ‘’ზილოტების’’ ნარატივს კი ალალად და წრფელად იმეორებენ ჩვენი თანამემამულეები და ვერც ხვდებიან, რეალურად ვის აზრზს გადმოსცემენ.

            ათონი და პუტინი

პუტინი ტახტზე

            რაოდენ პარადოქსულად ჟღერს, რომ ათონის მთაზე თუნდაც მოსალოცად წასულები თითქმის ყველგან შეხვდებით ბერებს, რომლებიც აუგად მოიხსენიებენ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს, ცილს სწამებენ ათასგვარ უსამართლო და დაუსაბუთებელ ბრალდებაში, ზოგიერთ აცხადებს, რომ არ მოიხსენიებს მას, ზოგი ამბობს, რომ მის გვერდით არ დადგება არსად და.ა.შ. ამ დროს კი იგივე მთაზე, დიდი სიყვარულით, სიხარულითა და აღტაცებით მასპინძლობენ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც ჩეჩნეთში, საქართველოში, უკრაინაში, სირიაში, თავად რუსეთში (და არა მხოლოდ), არ დაინდო მშვიდობიანი მოსახლეობა, დაბომბა, ქიმიური იარაღით მოწამლა, დევნილები გაყარა, ტყვეები აწამა და.ა.შ. ასეთ ადამიანს არა მხოლოდ პატივით მასპინძლობენ, არამედ იმპერატორის კათედრაზეც პატივით დააბრძანებენ. ბევრ ქართველს შეიძლება დაჯერება გაუჭირდეს, მაგრამ საბერძნეთში მრავალ ადამიანს შეხვდებით, რომელსაც იმის იმედი აქვს, რომ რუსეთი დაიპყრობს სტამბულს, გადასცემს ქალაქს ბერძნებს და ბერძნები ხელახლა აღადგენენ ბიზანტიის იმპერიას, ამიტომ უნდა ილოცონ რუსეთზე. თუკი კითხავთ ამ ყოველივეს წყაროს, არაიშვითად სწორედ ათონის რომელიმე ‘’სტარეცს’’ დაგისახელებთ. დასკვნები თქვენთვის მომინდია.

               სულ ახლახანს გახმაურებული სკანდალი მოხდა, როდესაც საბერძნეთმა ღიად დაადანაშაულა რუსეთის მხარე შიდა საქმეებში ჩარევისთვის (მაკედონიისა და უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება). ის კი არა, სანკტ პეტერბურგის ეპისკოპოსს ვიზაც კი არ მისცა ათონზე ჩამოსასვლელად, რადგან ”გონივრული ეჭვი” ჰქონდა, რომ მოლოცვის გარდა ბერების იდეოლოგიურ იარაღად გამოყენებას შეეცდებოდა რუსული მხარე. არ დავწვრილმანდები რა და როგორ, თავადვე შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

            შეგნებულად არ დავიწყებ იმ  უამრავ სკანდალზე საუბარს, რომელიც ათონის მთას ეხებოდა, არც იმაზე დავწერ, რუსეთში სიწმინდეების ჩასვენების შემდეგ საბერძნეთში დაბრუნებისას რომელი ბერი რა ფინანსურ სკანდალში გაეხვა და ზოგიერთი ამის გამო ციხეშიც კი მოხვდა, როგორც თავშივე დავწერე ეს ამ თემას არ ეხება, უბრალოდ თავადაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ ნებისმიერ ადამიანთან, ვინც ოდნავ მაინცაა ჩახედული ათონურ ‘’შიდა სამზარეულოში’’ თუ რა რაოდენობის რუსულ ფინანსურ  ‘’შემოწირულობაზეა’’ საუბარი ამ მთაზე და მაინტერესებს რამდენი გულუბრყვილო მკითხველი იქნება, ვინც დაიჯერებს, რომ რუსეთი (თუნდაც თავის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე) ექვსნიშნა ამერიკულ ვალუტას ‘’უანგაროდ და მხოლოდ სულიერი სარგებლობისთვის’’ სწირავს წმინდა მთის მრავალ მონასტერს. მოკლედ, ჭაღების ტრიალი და სარეკელზე რეკვა კარგია და შეიძლება ამაღელვებელიც, მაგრამ ამ ყოველივეს უკან შეიძლება რაღაც უფრო სერიოზული იყოს, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ათონის მთის სტრატეგიული მდებარეობა

            ყირიმის ნახევარკუნძულიდან შეუძლებელია მოხვდე ხმელთაშუა ზღვაში, თუკი არ გაივლი დარდანელის სრუტეს, ეს სრუტე კი საჭიროების შემთხვევაში ნატოს წევრმა თურქეთმა შეიძლება ჩაკეტოს, ასეთ შემთხვევაში ათონის მთა არის გენიალური სტრატეგიული ადგილი, რომელიც მდებარეობს ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, ნატოს წევრ ორ ქვეყანას შორის, ამავდროულად ევროკავშირის წევრ ქვეყანაში და რაც ყველაზე მთავარია, აქა არც ნატოსა და არც ევროკავშირის პირდაპირი იურისდიქცია არ ვრცელდება. შესაბამისად, ამ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ადგილზე ჩრდილოელი ოკუპანტი რა რაოდენობისა და სიმძლავრის იარაღს გადამალავს, ღმერთისა და თავად გადამმალველის გარდა არავის ეცოდინება და მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როდესაც ამ ყოველივეს აამოქმედებს. იმედია არ გავიგებთ!

[1] RUSSIAN-OTTOMAN BORDER LANDS, The Eastern Question Reconsidered, Edited by Lucian J. Frary and Mara Kozelsky, 2014

[2] https://diastixo.gr/kritikes/meletesdokimia/6208-anatoliko-zitima-agion-oros

[3] სოკრატე სქოლასტიკოსი – საეკლესიო ისტორია

[4]https://www.palamacentre.com/ეკლესიის-ისტორია/დიმიტრი-კონსტანტინოპოლელის-ეპისტოლე-ათონის-მთის-მონოზვნებს/

[5] http://pravoslavie.ru/89965.html

გურამ ლურსმანაშვილი

30.09.2018

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s