კოზლოვის თარგმანზედა- ანუ სად გაქრნენ ,,მარკოზ ეფესელები’’     

images

ილიასადმი რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ვინც მიცნობს იცის, ალბათ ისიც ეცოდინებათ რომ იგი ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე ჩამომიყალიბდა (ალბათ ბებოს დამსახურებით), სკოლაში ქართული ლიტერატურის ბრწყინვალე მასწავლებლები მყავდნენ, იგივეს ვიტყოდი სემინარიაზე და.ა.შ. მოკლედ ყოველ დღე ილიას შესახებ დაწერილ რაიმე ტექსტს ვკითხულობ, ახლაც აკაკი ბაქრაძის-,,ილია ჭავჭავაძეს’’ ვათვალიერებდი, ეპიზოდს როდესაც ილიამ გაკრიტიკა ,,შეშლილის’’ თარგმანი, რასაც მაშინდელი ინტელიგენციის აღშფოთება მოჰყვა. რას ამბობდა ილია?

,,თუ წინსვლა და გამარჯვება გვინდა, ნაკლსა და ხარვეზის ხილებას არ უნდა მოვერიდოთ, პირუთვნელად უნდა ვამხილოთ ყოველივე დასაგმობი და უვარგისი. როგორ უნდა გავსწორდეთ თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინება? ნეტავ ორიოდე კაცი იყოს საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტება ერთიანად ასწეროს და დაგვანახოს!… აბა, ის იქნება ნამდვილი საქებარი მამულის მოყვარე და არა ის, ვინც მეტისმეტად დამჟავებულ სიყვარულის გამო, ანგელოზივით ასახელებს საქართველოსა. ბოროტების ღვიარება ნახევარი გასწორებაა.’’[1]

            ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ ახალგაზრდა თეოლოგები სტატიას სტატიაზე ვთარგმნდით, ვაქვეყნებდით ნააზრევს, ვაკრიტიკებდით ,,წვერიანს თუ უწვეროს’’ და.ა.შ. რატომ? რატომ და დიდი და წმინდა კრება უნდა ჩატარებულიყო, მოვლენა, რომელსაც ათეულ საუკუნეზე მეტია ველოდებით მართლმადიდებლები და რომლის მომზადებაშიც 70 წელზე მეტი მონაწილეობდა საქართველოს ეკლესია. ვიძახდით, რომ დაუშვებელია მხარი დავუჭიროთ პრორუსულ და კარგათ შეფუთულ აზრზს და კრებას ბოიკოტი გამოვუცხადოთ, ვიძახდით რომ ამის არგუმენტები არ არსებობს, ვიძახდით რომ ჩვენგან ასეთ მოპყრობას არ იმსახურებდა მსოფლიოს საპატრიარქო, მართლმადიდებელი ეკლესია და.ა.შ. რას ვიღებდით პასუხად? იმას რასაც აკაკი ბაქრაძე წერს:

,,ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ახალგაზრდა კაცს უფროსი თაობის უპატივცემულობას აბრალებენ და დამრიგებლის კილოთი ეტყვიან- ჯერ შენი საქმე გვაჩვენე და ჩვენი ნამუშეკავი მერე დაგმეო.’’[2]

კიდევ რას გვეუბნებოდნენ? ვისი კურთხევით თარგმნით სტატიებს, ვის მორჩილებაში ხართ, ფბ-ზე რომ წერთ კრების მომხრეები ვართ მოძღვარს თუ უთხარითო, თქვენი მოძღვარი დღეში რამდენ აღსარებას იბარებს ის დაწერეთო (ეს ვერც თქვენ გაიგეთ ხომ?), მძიმე არასწორად გისვიათ ტექსტში, ძახილის ნიშანი სხვაგან უნდა იყოს, ბრჭყალები აბზაცის ბოლოს უნდა დახურთ და.ა.შ. მაგრამ არავინ გვპასუხობდა მთავარზე, იმაზე, რაც გვამოძრავებდა და გვამოძრავებს. ისევ ბაქრაძეს მოვიშველიებ:

,,არც კრიტიკის მიერ ხშირად გამოყენებულ ფანდს მორიდებიან, მოუძებნეს ილიას ცალკეული შეცდომები, ზოგი მართალი და ზოგიც ცრუ, და ნიშნის მოგებით უთხრეს- ამის დამწერი, ჩვენ როგორღა გვასწავლი ჭკუასო.’’ ,,იყო ასე ატეხილი დავის ორიანტელი, მაგრამ არავინ შეხებია იმ ძირითად ამოცანას, რის გამოც ილიას სტატია დაიწერა და დაიბეჭდა. ეს არც იყო მოსალოდნელი, რამეთუ იმ ადამიანების წვდომისა და გაგების უნარს, ვინც ილიას ეკამათებოდა, ნათლად გვიჩვენებს ერთი მაგალითი. ილიას სტრიქონებს-,,მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?-,,ცისკრის’’ ზოგიერთი თანამშრომლის გულიანი ხითხითი გამოუწვევია: ,,ნეტავი დაანახვა ეხლა საქართუელო როგორ მწვანე ხავერდივით ბიბინებს!!!’’[3]

            მაშინ როდესაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი წმ. სინოდის  ორი კვირით ადრე მიღებული გადაწყეტილება შეიცვალა, კრეტაზე გასაგზავნი კომისია გაუქმდა და ბოიკოტი გამოცხადდა, ჩვენ, ახალგაზრდა თეოლოგები ლამის ეშაფოტზე აგვიყვანეს. როგორ ვბედავდით და წილხევრ-გასაბრწყინებელ ერის შვილებს, ,,მწვალებლურ-ეკუმენისტურ’’ კრებაზე წასვლისკენ მოვუწოდებდით, როგორ ვასწავლიდით ჭკუას ,,მარკოზ ეფესელებს’’ რომლებმაც ეკლესია იხსნეს განსაცდელისგან და.ა.შ. ხოდა ვუყურებ ახლა ჩვენთან მიმდინარე მოვლენებს, უპირველესად ღმერთს იმას ვუმადლი რომ შარშან რამდენიმე ხნით რომის ერთ-ერთ სკოლაში მუშაობის საშუალება მომცა, სადაც სიცილიელი და კალაბრიელი მოსწავლეები მყავდნენ, მართლა მადლობა ამ ბავშვებს რომ მაფიის ავან-ჩავანი მასწავლეს, თორემ რაც ახლა საქართველოში ხდება, მასში შეუძლებელია ღვთისმეტყველების დახმარებით გაერკვე, აი მაფიისა კი იცოცხლე. ციანიდი, (ცოტა დაძველებულია მაგრამ ,,წავა’’), კლანები, პოლიტიკური ინტრიგები, ოქროს თევზები, ვერცხლის მარტორქები და.ა.შ. –  ხოდა სად წაიღეთ ღვთისმეტყველება? ვუყურებ  ამ ყოველივეს, მეცნობა ორივე მხარეს მყოფი სახეები სწორედ ისინი ვინც შარშან ,,მარკოზ ეფესელობდნენ’’ და ვკითხულობ- სად გაქრა ,,მარკოზ ეფესელი’’? რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვის ,,მიციანიდებას’ აპირებდა, რომელი კლანის პოლიტიკური ინტრიგების ნაწილი იყო, ვის ,,გაუჩალიჩეს’’, ვინაა ,,ოქროს თევზი თუ ვერცხლის მარტორქა” და.ა.შ. ყველანი ხომ შარშან ,,მარკოზ ეფესელობდით’’, ,,კოზლოვის-შეშლილის’’ კრიტიკის გამო მოგვიძულეთ და მტრებად გამოგვაცხადეთ, ეკლესიაში შფოთი შემოგაქვთო, ხოდა ახლა უკვე მე გეკითხებით, ჩვენ შემოგვაქვს შფოთი განათლებაზე, აზროვნებაზე, თავისუფლებაზე, ღვთისმეტყველებაზე, დიალოგზე რომ ვსაუბრობთ თუ თქვენ, ციანიდით გატაცებულებმა, თქვენს 85% მოსახლეობას მირქმის დღესასწაული რომ დაავიწყეთ.

,,თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა, რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.” (ილია, ჩემო კალამო)

[1] -აკაკი ბაქრაძე-ილია ჭავჭავაძე; ბიოგრაფიები-2007

[2] იქვე

[3] იქვე

კრეტა-27.02.2017

გურამ ლურსმანაშვილი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under და.ა.შ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s