უკვდავი ხორცი და მოკვდავი სული

clericals-education

ღვთის მადლით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში არაერთი ქართველი ახალგაზრაა, რამდენიმე ხნის წინ ერთ მათგანს ვესაუბრებოდი, რომელიც გერმანიაში სამედიცინო განხრით სწავლობს, მან თბილისში წარჩინებით დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი, შემდეგ გერმანიაში კიდევ რამდენიმე სემესტრი ,,დაამატა’’ და ახლა რეზიდენტურაზეა (თან პრაქტიკებს გადის), ამ ყოველივეს რომ მორჩება პრაქტიკანტი ექიმი იქნება, შემდეგ კი ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად დამოუკიდებლადაც უხელმძღვანელებს ხოლმე ოპერაციებს. + – აქამდე სადღაც 10-15 წლიანი შრომაა საჭირო (თან როგორი). რატომ მოვყევი ამხელა ისტორია, პიროვებამ რომ ,,ადამიანის ხორცი გაჭრას’’ და ,,შიგნით წაიმუშავოს’’ ასეთი ტანჯვა-წამება სჭირდება, ხოდა ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, ხალხისთვის რომელთათვისაც უკვდავი სული მოკვდავ ხორცზე განუზომლად აღმატებულია, რა არის საჭირო იმისათვის რომ ,,გავჭრათ’’ (ან სხვას გავაჭრევინოთ) სული და შიგნით ,,წავიმუშავოთ’’? ჩამოვთვალოთ: ხუცურის გამართულად კითხვა (ნუ ყოველთვის არა, აი თუ სტიქაროსანი ან უკეთეს შემთხვევაში მედავითნე ხარ ხომ საერთოდ…) პატარა ,,მორჩილება’’ (მთავარია უსიტყვოდ) და ,,საიდუმლოება აღსრულებულია!’’ (თუ  ბაკალავრის დიპლომის გვაქვს მშვენიერია და თუ ეს დიპლომი სასულიერო სემინარიისაა ხომ საერთოდ ,,ქვას ხეთქავს’’). რბილად რომ ვთქვათ უცნაური არაა? რამდენი მივცემდით უფლებას ვთქვათ ,,აგროინჟინერს’’ რომ ჩვენთვის თუნდაც ,,გლანდები ამოეჭრა’’?  რამდენი ჩვენგანი დაუწვებოდა ,,გულის განსაკურნავად’’ საოპერაციო მაგიდაზე იმ კარდიოლოგს, რომლის განათლებაც ბაკალავრის დიპლომით შემოისაზღვრება? ააა, ბაკალავრ სტუდენტს დამოუკიდებლად არავინ გააკეთებინებს გულის ოპერაციას? მაშ აბა ,,სულის ოპერაციებს’’ ვის და რატომ ვაკეთებინებთ? ააა… განათლება და სწავლა სხვადასხვა რამეა ხომ, მოკლედ რომ ვთქვათ განათლება ყველაფერია აკადემიური მუშაობისა და სწავლის გარდა არა? ორიგენე ბევრმა სწავლამ დაღუპა და  ანტონი დიდმა ,,ვაფშე” კითხვაც არ იცოდა ხომ? ბოდიში…

წინასწარ ვიცი რომ მავანი ამ წერილსაც უკუღმართად გაიგებს. მაგ: როდესაც ვამბობ რომ ცისკრის მსახურების საღამოს ჩატარება (და მასში ჩართული ზეთისცხება) რუსული ,,მანკიერებაა’’, ვიღაც საჯაროდ განაცხადებს რომ გ.ლურსმანაშვილისთვის ზეთისცხების საიდუმლო მანკიერებაა, თუკი აბსურდულს ვუწოდებ კრეტის კრების ბიოკოტის მთავარ არგუმენტს, რომ არამართლმადიდებელთა კრებულს ეკლესია არ შეიძლება ვუწოდოთ (იმის მიუხედავად რომ თავად პატრიარქი ილია II რომის პაპს მიმართავს-,,ღმერთმა დალოცოს ჩვენი ორი ეკლესია.”) მაშინ უკვე ,,ეკუმენისტურ სულს შევუპყრივად გარყვნილ ევროპაში და.ა.შ. ამ წერილის შემდეგ ალბათ იმას იტყვიან, რომ არ ვაფასებ სასულიერო პირების ღვაწლს, მათ არ ვცემ პატივს და.ა.შ. ხოდა ამგვარი სისულელეებით ძირითად საკითხს რომ არ ავცდეთ ახლავე ვიტყვი- პირიქით, არ ვაფასებ კი არა ქედს ვიხრი ყველა იმ სასულიერო პირის წინაშე, ვინც შეძლო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კომუნისტურ ქარ-ცეცხლში გამოატარა, სამოქალაქო ომს გამოარიდა, 90-იანების ავბედითი ჟამი გადაალახინა და.ა.შ. ვინც ჩვენს, ჩემს თაობას მრევლით გადაჭედილი ტაძრები და ხალხში 90%-იანი ნდობა დაგვახვედრა, ვინც მოსახლეობას სასულიერო პირებისა და ეკლესიისადმი მოკრძალება და პატივისცემა ასწავლა და ასე უსასრულოდ. ამ კლერიკალებს კი არა ჩემს თაობას, ჩემს მეგობრებს, ჩემს სემინარიელ ჯგუფელებს და ნაცნობებს ვგულისხმობ, ათასგვარი ზღაპრებიით რომ ვცდილობთ სხვების მოტყუებას, ახალგაზრდებს მორჩილებით შენიღბულ მონობას რომ ვთავაზობთ, ეკლესიაში მოსულ ნიჭიერ და მორწმუნე თინეიჯერს ტაძრიდან რომ ათეისტად ან აგნოსტიკოსად ვუშვებთ. აი ამაზე მწყდება გული. ააა, მრევლი დღითი-დღე არ იკლებს ხომ საქართველოს ეკლესიაში? არ იზრდება ხომ ერთდროს მორწმუნე და ახლა ურწმუნო ახალგაზრდების რიცხვი? ბოდიში. ააა, ასეთი რამე კი ხდება, მაგრამ იმიტომ რომ ,,ბრძოლები აქვთ და ბრკოლდებიან’’ ხომ? კვლავ ბოდიში, ჩემით გავალ.

როდესაც 2 წლის  წლის წინ რუმინეთში ნანახ სურათს აღვწერდი ბევრმა ,,გამყიდველად გამომაცხადა’’ (ვგულისხმობ შემდეგს ფრაზას : ,,რუმინეთში სასულიერო პირად გახდომითა და ზოგადად ღვთისმეტყველებით დაინტერესებულები IX-X კლასიდან სწავლას სემინარიაში აგრძელებენ, რომლის დასრულების შემდეგაც აბარებენ მისაღებ გამოცდებს უმაღლესი სასწავლებლის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე. თითქმის შეუძლებელია ამ ქვეყანაში ნახოთ სასულიერო პირი, რომელიც არ არის თეოლოგიის ბაკალავრი, მაგრამ იშვიათად რომ ვინმე ამ მცირედით დაკმაყოფილდეს და როგორც წესი უმეტესობა მათგანი სწავლას მაგისტრატურაში აგრძელებს. მასტერის ხარისხის აღების შემდეგ კი იერარქიულად დაწინაურებისათვის აუცილებელია სადოქტორო პროგრამის გავლა და შესაბამისი დისერტაციის დაცვა. მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება, პირიქით. სასულიერო პირი, რომელმაც უკვე მიიღო შესაბამისი თეორიული განათლება, აუცილებელია რომ პრაქტიკულადაც გამოიწრთოს. დიაკვნად ყოფნის პერიოდი სხვა ყველაფერთან ერთად ძირითადად განისაზღვრება კანდიდატის მუსიკალური შესაძლებლობებით, რომლებიც რაც უფრო დახვეწილია, მით უფრო მეტად უგრძელებს ამ საფეხურზე ყოფნის დროს. მღვდლად კურთხევის შემდეგ კი როგორც წესი მას განამწესებენ სოფელში, სადაც 1-2 წელი მსახურობს. ამ დროის მანძილზე მას დანიშნული აქვს შესაბამისი ხელფასი, რათა არ გაუჭირდეს ოჯახის რჩენა. თუ ხსენებულ პერიოდს წარმატებით დაძლევს და გამოთქვამს ქალაქში გადმოსვლის სურვილს, მაშინ თავად ირჩევს ტაძარს, სადაც  უნდა რომ იმსახუროს და უთანხმდება შესაბამის წინამძღვარს. დავუშვათ რომ რამდენიმე კადრმა გამოთქვა ერთ  კონკრეტულ ტაძარში მსახურების სურვილი, ამ დროს თითოეულ მათგანს ეძლევა გამოსაცდელი ვადა (დაახლოებით ერთი კვირა)  კვირის დასრულებისას კი აღავლენს ღვთისმსახურებას, რომელსაც ყველა ინტერესით ელოდება. ამგვარადვე იქცევიან სხვებიც. ბოლოს, როდესაც ყველა კანდიდატი თავის ,,წარდგენას’’ მორჩება, მრევლი თავად ირჩევს, თუ რომელი მათგანის დატოვება სურთ და რატომ. მაგრამ ამითაც არ მთავრდება ყველაფერი. შერჩეული პირი გადის უკვე სპეციალურ კურსს (დაახლოებით 1-2  თვიანს), სადაც შეისწავლის იმ კონკრეტულ  ნიუანსებს, რომელიც უმნიშვნელოვანესია საკუთარი საქმიანობისთვის. ამ ყველაფრის შემდეგ კი იწყებს მსახურებას შესაბამის ტაძარში. მეგობრებო, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ამ საკითხს, რადგან შემდგომში აღარ გაგიჩნდეთ კითხვები, თუ რატომ არიან რუმინელი სასულიერო პირების უმრავლესობა მისაბაძი, სასიამოვნო, დახვეწილი და მოწესრიგებული.’’)

 ვიცი იგივე მოხდება როდესაც დავწერ რომ  მსოფლიო საპატრიარქოს სასულიერო პირებთან შეხვედრისას შეგიძლიათ სამ ენაზე ესაუბროთ და თუ ,,გაიჭედეთ’’ მეოთხეც მოიშველიოთ, რომ აქ საბერძნეთში, ძალიან რთულია არათეოლოგიური განათლების მქონე ადამიანი სასულიერო პირი გახდეს, ხოლო უფრო მაღალ ,,თანრიგზე’’ ასასვლელად კი ღვთისმეტყველების მაგისტრის ან დოქტორის ხარისხია საჭირო (ხარისხი და არა ფარატინა ფურცელი). ვამბობ რომ დიახ, აქ ყველა მღვდელს არ აქვს აღსარების ჩაბარების უფლება! აქ ყველა ვერ ქადაგებს! და ქადაგების წარმოთქმისა თუ აღსარების ჩაბარების უფლების მიღება, შესაბამის აკადემიურ თუ პრაქტიკულ ცოდნას მოითხოვს. ააა, ასეთ მღვდელი რა მღვდელია ხომ? მართალი ხართ, შეუძლებელია ესეც კლერიკალი იყოს და ისიც, ვინც საკათედრო ტაძრის ამბიონიდან აცხადებს რომ ,,ზიარებისას ღვთისმშობლის სისხლსაც ვეზიარებით’’ ?  ანაც- ,,მსოფლიო პატრიარქი მწვალებელია, რადგან კათოლიკეებთან ერთად წირავს! ’’ არაბუნებრივია ხომ როდესაც აღსარების ჩაბარების გამო ,,ოჯახები არ ინგრევა’’  და.ა.შ. უსასრულოდ. თუმცა გამახსენდა, მერე რა რომ ,მსოფლიო საპატრიარქოში, რუმინეთში, საბერძნეთში და.ა.შ. ,,ისეა’’, ჩვენ უძველესი, კურთხეული, წილხვდრომილი, გასაბრწყინებელი ერი ვართ და ასე უნდა იყოს! და საერთოდაც, ,,მაგენი რა მართლმადიდებლები არიან, ეკუმენისტები, მოდერნისტები, მწვალებლები ეგენი… ანათემა მაგათ. იიფ! ’’ ჩვენ აგერ ,,ერთმორწმუნე’’ რუსებთან და ,,არისტოკრატ’’ ბულგარელებთან ერთად ,,სასოებით მოველით მეორედმოსვლას’’ და ცხებულ მეფეს, რომელიც კურთხეულ მიწებს გააერთიანებს და.ა.შ. ჭირი იქა-ფქვილი აქა.

და მაინც, როდესაც ხრწნად ხორცს 10-15 წლის მანძილზე აკადემიურ და პრაქტიკულ სფეროში ,,გამობრძმედილ’’ პიროვნებებს ვანდობთ, იქნებ დავფიქრდეთ, თუ ვის ,,ვაჭრევინებთ სულს’’ და შემდეგ შიგნით ,,ვის ვაფუთარავებთ?’’ გაუცნობიერებლად ხომ არ ვთვლით რომ ხორცი უკვდავია და სული მოკვდავი?

გურამ ლურსმანაშვილი

კრეტა, 2017 წელი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა, Uncategorized

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s