IELTS-ძირითადი ინფორმაცია

ielts2

შესავალი

          პირადად მე IELTS-ის შესახებ ერთი წლის წინ გავიგე, როდესაც დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დისტანციურ  სწავლებას მიფინანსებდნენ, რისთვისაც ენის დასახელებული სერთიფიკატი მჭირდებოდა. რთული მისახვედრი არაა, რომ დავგუგლე და ქართულ ენაზე არცისე ბევრ ინფორმაციას მივაკვლიე, ამის შემდეგ გადავწყვიტე ეს სტატია დამეწერა.

პირადად მე, სკოლის დასრულებიდან ამ გამოცდამდე,  ინგლისურ ენსთან შეხება პრაქტიკულად არ მქონია და ორთვიანი მეცადინეობის შემდეგ IELTS ავიღე, რაც იმას ნიშნავს, რომ  ყოველივეს დაძლევა რთული არაა, მთავარია მონდომება და სწორი მიმართულებით მუშაობა.

თავშივე დავძენთ იმას, რომ წინამდებარე წერილი მათთვისაა ვისაც 7,5-მდე შეფასების მიღება სურს. ხოლო ვისაც უფრო მაღალი ქულის მიღება გსურთ, შეგიძლიათ საერთოდ არ დახარჯოთ დრო, მის წასაკითხად.

IELTS-ის აღებისათვის   მუშაობის  დაწყება

          უპირველესად რაც თქვენ გევალებათ, ესაა გაიგოთ თუ რა ქულის მიღება გსურთ. ამის შემდეგ მონახეთ კვალიფიციური პედაგოგი და დაიწყეთ მომზადება. კვალიფიციური პედაგოგი არ იშნავს იმას, რომ რაიმე სამეცნიერო ხარისხს უნდა ფლობდენ აუცილებლად ინგლისურ ფილოლოგიაში, პირიქით, მთავარია რომ დიდი ხნის მანძილზე და ეფექტურად ამზადებდეს IELTS-ის აღების მსურველთ.

დაიმახსოვრეთ, რომ IELTS არის ვადიანი სერთიფიკატი და განისაზღვრება 2 წლით. აქედან გამომდინარე თუ იგი უახლოესი პერიოდის მანძილზე აუცილებლად  არ გჭირდებათ და მაინც აიღეთ, ნიშნავს იმას რომ- დრო, ენერგია, ნერვები და მინიმუმ 600 ლარი ამაოდ დახარჯეთ.

მას შემდეგ რაც ზუსტად გაიგებთ, თუ რა შეფასების მიღება გჭირდებათ და ნახავთ კვალიფიციურ პედაგოგს, მისგან უნდა გაიგოთ რა დროში მოახერხებთ შესაბამისი სირთულის დაძლევას (მაგ: 2-თვეში), რაც შეიძლება სწრაფად უნდა დარეგისტრირდეთ გამოცდისთვის თქვენთვის სასურველ თარიღზე. (თარიღები შეგიძლიათ იხილოთ: https://www.britishcouncil.ge/exam/ielts/dates-fees-locations) გამომდინარე იქიდან რომ ადგილები შეზღუდულია, დაგვიანების შემთხვევაში მინიმუმ 1 თვით მოგიწევთ გამოცდაზე გასვლის გადადება.

პედაგოგთან მუშაობისას რომ ბოლომდე უნდა დაიხარჯოთ, ამაზე არაფერს ვამბობ. გარდა მაგისა მოსამზადებელი პერიოდის მანძილზე (პირობითად 2 თვე), ყველაფერი უნდა  დაიწყოს და დამთავრდეს ინგლისურით. თავისუფალ დროს უყურეთ ბრიტანულ ფილმებს, მოძრაობისას უსმინეთ ინგლისურენოვან საუბრებს, თუ მოგბეზრდებათ გემოვნებიანი მუსიკაც მშვენიერი საშუალებაა, თუ რამის ჩაწერ ან მონიშვნა გნებავთ, ისიც ინგლისურად გააკეთეთ და.ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ გამოცდამე ამ ენის ირგვლივ დაატრიალეთ ქვეყანა. ძირითად ,,მასწავლებლად’’ კი ეს საიტი გამოიყენეთ: http://www.goodluckielts.com/

IELTS-ის გამოცდის ტექნიკური ნსაკითხები

          ვინც არ იცით გეტყვით, რომ IELTS ესაა ინგლისური ენის ტესტირების საერთაშორისო სისტემა…  და  შედგება 4 გამოცდისაგან. შესაბამისად: Listening; Reading; Speaking; Writing.   მას შემდეგ რაც რეპეტიტორთან ერთად შეარჩევთ გამოცდის კონკრეტულ თარიღს, მარტივი ელექტრონული ოპერაციების გზით უნდა დარეგისტრირდეთ გამოცდაზე. დაიმახსოვრეთ, რომ რეგისტრაციისთვის საჭიროა 325 ლარი, რომელიც უკან არ დაგიბრუნდებათ. ჩემი რჩევა იქნება, (რადგან არცისე მცირე თანხას ეხება საქმე) თუკი თავად თქვენ არ გაქვთ საკმარისი გამოცდილება  შესაბამის საკითხებში, თხოვეთ დახმარება უფრო მეტად კომპეტენტურ პირს. თანხის გადახდისა და რეგისტრაციის შემდეგ მეილზე მოგივად დამადასტურებელი წერილი. ზოგადად, ბრიტანული საბჭოს საინფორმაციო სამსახური ძალიან კარგად მუშაობს, ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაურეკოთ, მიწეროთ და უმოკლეს ვადაში მიიღებთ ამომწურავ პასუხს.

გამოცდამდე 3 დღით ადრე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას თუ სად და როდის ტარდება თქვენი გამოცდა. როგორც წესი პირველი სამი გამოცდისთვის (Listening; Reading; Speaking) დილის 9 საათზე უნდა იყოთ დათქმნულ ადგილზე, ხოლო მეოთხე, ზეპირი გამოცდის ჩასაბარებლად კი ბარნოვის ქუჩაზე მოგიწევთ გადაბრძანება. როგორც ვიცი ის ახალგაზრდები, რომლებიც წარმოშობით რაიონიდან არიან, ზეპირ გამოცდას იმავე დღეს აბარებენ, თბილისლები კი მომდევნო დღეს. თქვენ უნდა გამოცხადდეთ რეგისტრაციაზე დილის 8 საათზე და მზად უნდა იყოთ 1 საათიანი ლოდინისთვის. შეგიძლიათ თან იქონიოთ ბოთლით წყალი (რომლის ეტიკეტსაც სავარაუდოდ მოგახსნევინებენ), კალამი, ფანქარი, სათლელი და საშლელი. თუ მათ გარეშე მობრძანდით ნუ შეგეშნდებათ, კალამს და ფანქარს ადგილზეც მოგცემენ.

ზოგადი მიმოხილვის შემდეგ მოდით მოკლედ შევეხოთ თითოეულ გამოცდას:

I-Listening

უპირველესად იმას მოგახსენებთ, რომ აღნიშნული გამოცდის ჩაბარებისას თქვენ არ გაქვთ ყურსასმენები, არამედ ყველაფერს ოთახში დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლისგან ისმენთ, შესაბამისად   უმჯობესი იქნება თუკი მეცადინეობების დროს  არ გამოიყენებთ ხოლმე ყურსასმენებს.  ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ დასაწყისში დავალებები შედარებით უფრო მარტივია ვიდრე დასასრულს, შეფასება კი აბსოლუტურად თანაბარი, ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით მოეკიდეთ პირველ რამდენიმე დავალებას. მეტი თვალსაჩინოებისთვის ავიღოთ IELTS გამოცდის 2016 წლის ერთ-ერთი ვარიანტი და განვიხილოთ. (იხ: https://www.youtube.com/watch?v=3GlCZTnyUUI  )

გამოცდა სხვადასხვა ნაწილისგან შედგება,  პირველი ესაა ცხრილი, რომელშიც  გარკვეული ინფორმაცია გამოტოვებულია და იგი მოსასმენი მასალიდან უნდა შეავსოთ, გირჩევთ რომ ეს ტექსტი აუცილებლად წინასწარ გადაიკითხოთ მანამ, სანამ LISTENING-ის  შესავალს მოისმენთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მოსასმენი მასალა ქრონოლოგიურად მიყვება სავარჯიშოს, რაც გარკვეულ უპირატესობას გაძლევთ. არაა გამორიცხული რომელიმე შეკითხვის პასუხი გამოგრჩეთ, ამიტომ გირჩევთ ნუ დაყოვნდებით, შეეცადეთ გაიგოთ თუ რა ადგილის თაობაზე მოგითხრობთ მოსასმენი მასალა და იქიდან გააგრძელეთ. ყველაფრის წარმატებით გაკეთების შემთხვევაში 6 წულას მიიღებთ.

მეორე სავარჯიშოში შეგხვდებათ 3 წინადადება, ინფორმაციის მოსმენის შემდეგ კი უნდა მიხვდეთ, ისინი სწორია-T, არასწორი-F თუ ინფორმაცია არასაკმარისია ამის დასადგენად-N. არაა გამორიცხული ვერცერთი მათგანი ვერ გამოიცნოთ ზუსტად, ამიტომ გირჩევთ ნუ გამოიყენებთ ,,ჭადრაკის ცხენის სვლას’’, ,,ესა-მესა- გადის ესა’’ და სხვა ,,გრუზინულ შედევრებს,’’ ადექით და სამივე ვარიანტში ჩაწერეთ  ,,T’’ ამით კი დიდი ალბათობით, მინიმუმ 1 ქულას დაიმსახურებთ.

მომდევნო დავალებიდან (11-13) იმის გაგება მოგიწევთ, ოთხი სავარაუდო პასუხიდან რომელი ემთხვევა მოსმენილ ინფორმაციას,  შემდეგ შეიძლება კვლავ T, F და N ასოების უნდა ჩასვათ. (ოღონდ უფრო გართულებული ვარიანტით), რასაც მოებმის 4 სავარაუდო პასუხიდან მართებულის არჩევა. 20-24 დავალებაში თქვენ მოცემული გაქვთ სიტყვები, რომელსაც უნდა მიუსადაგოთ შესაბამისი მოსმენილი ინფორმაცია. მაგ: PEOPLE- ARE MUCH BUSIER და.ა.შ. 25-32 დავალებაში თქვენ ისმენთ გარკვეულ ინფორმაციას, კითხულობთ შეკითხვას და სცემთ პასუხს, ამ და სხვა დავალებებშიც აუცილებლად დააკვირდით მითითებას თუ მაქსიმუმ რამდენი სიტყვის ჩასმის უფლება გაქვთ და არასოდეს გადააჭარბოთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ 3-ზე მეტი სიტყვის გამოყენების უფლება არ გაქვთ.  33-41 შეკითხვები დაახლოებით იმავე სტილისაა, როგორიც დასაწყისში იყო, ოღონდ რა თქმა უნდა გართულებული ვარიანტით. დასასრულს იმას მოგახსენებთ რომ ყველაფერი პასუხების ფურცელზე გადაგაქვთ, რომელსაც სკანერი ასწორებს, შესაბამისად SPELLING-ში ქულა გაკლდება. ამიტომ ეცადეთ მეცადინეობებისას მაქსიმალურად ბევრი წეროთ და იკითხოთ.

II-Reading

          მეორე გამოცდა უკვე წაკითხულის გააზრებაა, რომელიც 3 ნაწილად იყოფა, 40 ქულისგან შედგება და მასზე სამუშაოდ 60 წუთი გაქვთ. ზოგადად ამ დავალების წარმატებით შესრულებისთვის ბევრგვარი ხერხი არსებობს, (ყველა მათგანი დეტალურადაა განხილული YOU TUBE-ზე). ჩემი რჩევა იქნება ბრმად ნუ მიენდობით რომელიმეს, არამედ საკუთარ ნიჭს, შესაძლებლობებს, გაარზებას და ათვისების უნარს მიუსადაგეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში და ის გამოიყენეთ, მაგალითისთვის შემოგთავაზებთ ჩემ მიერ გამოყენებულ მეთოდს და კვლავ გაგიმეორებთ, რომ შესაძლოა თქვენ მასზე უკეთეს გზას მიაგნოთ წარმატებისთვის.

უპირველესად დროის ფაქტორზე მოგახსენებთ, რადგან გამოცდა 3 ნაწილისგან შედგება, შესაბამისად 3 დონეც გააჩნია, რომელიც მარტივიდან იწყება და რთულდება. I  დავალებისთვის გამოვყავი 17 წუთი, II-სთვის 20, ხოლო  III-სთვის 23. ისიც აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ პასუხების ფურცელზე გაქვთ გადასატანი თქვენი ნამუშევარი. დავიწყოთ საუბარი პირველი დავალებით, ე.ი. ტექსტით. სანამ თავად ტექსტს წავიკითხავდი ჯერ კითხვებს გადავავლე თვალი, მათი დაახლოებითი შინაარში დავიმახსოვრე და უკვე ტექსტზე გადავედი, თუ ამ უკანასკნელის თავიდან ბოლომდე წაკითხვას გადაწყვეტთ ვშიშობ რომ დრო არ გეყოფათ, ამიტომ მე პირადად მივმართავდი ე.წ. ,,სკანირები მეთოდს.’’ რაც გულისხმობს ტექსტისათვის თვალის გადავლებას და ამ დროს ფაქტობრივი მონაცემების, ე.წ. ,,key word-ების’’ და იმ ინფორმაციებისთვის ხაზის გასმას, რაც კითხვებიდან გამოიკვეთა. ამის შემდეგ კი ვსარგებლობ იმით, რომ კითხები ქრონოლოგიურადაა დალაგებული, მივყვები სათითაოდ. როგორც წინა დავალებაზე საუბრისას აღვნიშნეთ თუკი შეატყეთ, რომ რომელიმე კითხვას პასუხს ვერ სცემთ დიდი დრო არ დაახარჯოთ, გადადით მომდევნოზე. აქაც აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ,,SPELLING-ს’’, და რიგ დავალებათა ინსტრუქციაში მოცემულ რჩევებს, თუ რამდენსიტყვიანი პასუხი უნდა გასცეთ. მარტივად გასაგები რომ იყოს თუკი სწორი პასუხია- ,,The headphones of girl’’ და გთხოვენ 3 სიტყვიან პასუხს, უნდა დაწეროთ: ,,The girl’s headphones’’ და.ა.შ. სამივე ტექსტში შეგხვდებათ როგორც დახურული, ასევე ,,ღია’’ კითხვები; TRUE-FALSE-NOT GIVEN ან YES-NO-NOT GIVEN და.ა.შ. მოკლედ დანარჩენი თქვენზე და თქვენთვის ხელსაყრელ მეთოდზეა დამოკიდებული!

III- WRITING

IELTS-ის რიგით მესამე გამოცდა  წერითია. გავრცელებულია აზრი რომ იგი ყველაზე რთულია, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები. პირიქით, შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ მარტივია, მთავარია დავიმახსოვროთ ის ძირითადი სიტყვები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში გამოგვადგება; წერის მარტივი სტილი, რომელიც დასახელებულ გამოცდას შეეფერება და ამ ყოველივეს გამართული ინგლისურით გადმოცემა. დავიწყოთ თავიდან. აკადემიურ IELTS-ში ორი სახის წერითი დავალებაა, პირველი ესაა ე.წ. INFOGRAPHIC, ანუ ინფორმაციული გრაფიკი, რომელიც შეიძლება გადმოცემული იყოს სხვადასხვა სახის დიაგრამის, ცხრილის ან გრაფიკის სახით, მეორე დავალება კი ესსეს შექმნაა. დავიწყოთ პირველით. გაითვალისწინეთ რომ თქვენი ტექსტი უნდა შედგებოდეს 170-190 სიტყვისგან, ხოლო როგორც სხვაგან აქაც ყველაფერი შესავლით იწყება. არ აგერიოთ გრაფიკის შესავალი ესსეს დასაწყისისგან, რადგან თუკი ეს უკანასკნელი იმპროვიზაციის უფრო დიდ საშუალებას გაძლევთ, იგივეს გრაფიკთან დაკავშირებით ვერ ვიტყვით. ეცადეთ 1-2 წინადადებაზე მეტით არ დაიწყოთ, შემდეგ უკვე ძირითად სათქმელზე გადახვიდეთ და ეს ყოველივე კვლავ 1-2 წინადადებით შეაჯამოთ.

დაივიწყეთ სიტყვები-მე, ჩვენ, მიგვაჩნია, ვთვლით და.ა.შ.  მარტივად რომ ვთქვათ ჩვენი აზრი ამ შემთხვევაში არავის აინტერესებთ, არამედ ისაუბრეთ მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ესა თუ ის გრაფიკი გადმოგცემთ. მაგ: This diagram shows…; Chart demonstrates…; Illustrates… ამის შემდეგ გააკეთეთ ძირითადი აზრის პერიფრაზი და შეუდექით ძირითად ნაწილზე მუშაობას. იმის მიუხედავად თუ რა სახის დავალება გაქვთ შესასრულებელი, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ სიტყვები, რომლებიც ნებისმიერ ვარიანტში გამოგადგებათ. ასეთებია: Increase; rise; declined; plumpted; fluctuate; plateau; peak; overall; increase; percentage; significant; percentage და.ა.შ.

არ დაგავიწყდეთ რომ ეს დავალება არაა თქვენი ინტელექტის შესასრულებლად. მაგ: თუ იურისტი ბრძანდებით და გრაფიკის იურიდიული შინაარსისაა, არ დაიწყოთ თქვენი ცოდნის დემონსტრირება, შევთანხმდეთ რომ მოცემულობა თქვენთვის ერთნაირია, იმის მიუხედავად რამდენად კომპეტენტური ხართ ამა თუ იმ სფეროში, მთავარია ზუსტად იცოდეთ რა მოგეთხოვებათ და ეს ყველაფერი გამართული ინგლისურით გადმოსცეთ.

ბ)ესსე

რაც შეეხება მეორე დავალებას, ე.ი. ესსეს შექმნას, აქ უკვე ოდნავ განსხვავებული ვითარებაა. დავიწყოთ იმით რომ გასაღები ამ დავალების კარგად შესასრულებლად არის იმის სწორად გააზრება, რასაც საკითხი მოითხოვს. ამ ყველაფრისთვის კი 40 წუთში 250 სიტყვაზე ვრცელი თემა უნდა შექმნათ. მაგალითისთვის ავიღოთ რომ გთხოვენ დაასაბუთოთ სჯობს თუ არა სახელმწიფოს კაპიტალისტური მოწყობა სოციალისტურს, შევთანხმდეთ იმაზე, რომ არაა მნიშვნელოვანი უპირატესობას რომელს მიანიჭებთ, მთავარია ეს უპირატესობა გადმოსცეთ ისე და იმ ფორმით, როგორც ამას IELTS მოითხოვს. არ დაგავიწყდეთ რომ მთელი მსჯელობისას თქვენი აზროვნების ვექტორი ერთი მიმართულებით უნდა იყოს გადახრილი და მის დასაბუთებას ცდილობდეთ ყველანაირი გზით, მაგ: არ თქვათ რომ ორივე თანაბრად სასარგებლოა და ამ ,,თანაბრობას’’ თქვენებურად ასაბუთებთ, არამედ მარტივად, აირჩიეთ ერთ-ერთი და დაამტკიცეთ თუ რატომ. დავალების წარმატებით შესასრულებლად აუცილებელია კარგი გეგმის შექმნა, რომელიც  უნდა დაიწყოს გამართული შესავალით, რომელსაც რამდენიმე წინადადებაში ჩამოაყალიბებთ. მნიშვნელოვანია რომ წინასწარვე კარგად გქონდეთ დასწავლილი ის ლექსიკური მარაგი, რომელსაც დასახელებული დავალება გთხოვთ და ეცადეთ მის მაქსიმალურად გამოყენებას. გეგმა ააგეთ 3 ძირითადი კითვის ირგვლივ: რა? როგორ? რატომ? და ,,ხორცი შეასხით.’’ ეცადეთ იფიქროთ კრიტიკულად (მჯერა კრიტიკულს ,კრეტინულისგან’’ ვმიჯნავთ) და სწრაფად. თქვნი მსჯელობის დასასრულს არ დაგავიწყდეთ დასკვნის გაკეთება და ნააზრევის შეჯამება. მაგ: In conclusion… და შეაჯერეთ ნააზრევი, მოკლედ გადმოეცით აწ დასახელებული მოსაზრებები ამ ყველაფერს კი თუ თქვენეულ ,,მესიჯსაც’’ დაურთავთ მთლად უკეთესი!

IV-SPEAKING

მივედით დასკვნით გამოცდაზე, რომელიც ზეპირია. უკვე ვთქვით მის გამართვის დროსა და ადგილზე, ისიც ვახსენეთ რომ ზოგადად IELTS-ისთვის მთავარი მასწავლებელი ინტერნეტია, ამ შემთხვევაში YOUTUBE, რომელშიც დეტალურად ნახავთ რომელი დავალების რომელი  პასუხი რამდენი ქულით ფასდება.  ახლა სხვა მხრივ გავამახვილოთ ყურადღება. ზეპირი გამოცდა 3 დავალებისგან შედგება, უპირველესად გამომცდელს გაეცნობით, მისცემთ თქვენს დოკუმენტს და უპასუხებთ რამდენიმე მარტივ შეკითხვას. ამის შემდეგ უკვე რაიმე კონკრეტულ საკითხზე მოგიწევთ საუბარი. საბედნიეროდ სასაუბრო საკითხები ძირითადად მეორდება, ამიტომ გირჩევთ გამოცდისთვის მომზადებისას წინასწარ გადახედოთ სავარაუდო შეკითხვებს(ახლახანს ერთ-ერთმა ქართულმა ბლოგმაც გააზიარა მათი ვრცელი სია (იხ. https://gijmaj.files.wordpress.com/2016/10/42-topics-for-ielts-speaking-part-1-suggested-answers-2016.pdf ) და დაწეროთ მათზე თქვენეული პასუხები, რომლებსაც კარგად დაამუშავებთ, იმისთვისაც მზად იყავით რომ მოსაუბრემ შეიძლება თემა მოულოდნელად შეგიცვალოთ, არც იმან დაგაბნიოთ, რომ გამომცდელი მუდმივად ინიშნავს  თქვენს პასუხებს, დაიმახსოვრეთ რომ თქვენი ,,ჩაჭრა’’ არავის სურს. მეორე დავალების დაწყებისას  გეძლევათ გარკვეული კითხვები, რომელთა ირგვლივაც უნდა ,,იტრიალოთ’’, ამის მოსაფიქრებლად გაქვთ 1 წუთი, სასაუბროდ კი 2. მაგალითად შეკითხვა გულისხმობს თუ რა იყო თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომლის გასააზრებლადაც 4 კითხვა გაქვთ. შეეცადეთ ძირითადი მონახაზები გააკეთოთ 4-ივე საკითხისთვის (მონახაზები და არა სრული პასუხები, ამით უბრალოდ დროს დაკარგავთ) და საუბრისას ეს მონახაზი გადმოეცით გამართული ლექსიკით. ლექსიკა ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ მას ვერავინ გასწავლით, იგი უბრალოდ თქვენ თქვენით უნდა გააუმჯობესოთ და ამის უპირველესი ,,მასწავლებელი’’ ინგლისურად კითხვაა. რაც შეეხება მესამე დავალებას, აქ თქვენ გისმევენ გარკვეულ შეკიტხვას (მაგ: როგორია თქვენი დამოკიდებულება მედიისადმი) და მთელი საუბრისას ცდილობენ მაქსიმალურად ამომწურავად გაიგონ რა დამოკიდებულება გაქვთ  მედია საშუალებისადმი, გაითვალისწინეთ რომ წინა დავალებისგან განსხვავებით აქ მოსამზადებელი დრო არ გაქვთ და ყველაფრის ,,ექსპრომტად’’ პასუხი გიწევთ, რისთვისაც წინასწარ იყავით მზად.

და ბოლოს, რაც ახლა  წაიკითხეთ უბრალოდ ჩემი ,,სტრატეგიაა’’ რომლითაც IELTS ჩავაბარე, თქვენ შეიძლება ბევრად უკეთესი მოიფიქროთ, არ დაგეზაროთ და ჩვენც გაგვიზიარეთ! აბა ჰე, GOOD LUCK IELTS!

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under და.ა.შ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s