ქება-ქებათას განმარტება (IV-V თავები)

 

images

შესავალი

საეკლესიო წიაღში ქება-ქებათა რომ უძველესი დროიდანვე მნიშვნელოვან ძეგლად ითვლებოდა, ამაზე მიუთითებს მასზე გაკეთებული კომენტარების ავტორების ჩამოთვლაც, როგორებიც არიან: ევსები პალესტინელი, კვიპრიანე კართაგენელი, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი, ორიგენე და სხვები. წიგნში ხატოვნად და ალეგორიულადაა აღწერილი სიძისა და სასძლოს სიყვარული. წინამდებარე ნაშრომში შევეცადეთ განგვეხილა დასახელებული შრომიის IV და V თავები. უმთავრეს განმარტებით სახელმძღვანელოდ გამვიყენეთ გრიგოლ ნოსელის ეგზეგეტიკური შრომა, ხოლო დამხმარედ კი ორიგენეს მიერ წარმოთქმული ორი ქადაგება. წინამდებარე მასალა უფრო მეტად შევავსეთ დასავლელი ცნობილი ბიბლეისტების შრომათა ცალკეული ციტატებით და კიდევ რამდენიმე ნაკლებადმნიშვნელოვანი წყაროთი. ვფიქრობთ მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება აღნიშნული თემის გაცნობა.

IV თავი

მეოთხე თავი ამგვარად იწყება:

1-აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! შენი თვალები ორი მტრედია შენს პირბადის ქვეშ. შენი თმა არვეა თხათა, გალაადის მთიდან დაშვებული.

ამ მუხლში, (ისევე როგორც წმიდა წერილის არაერთ ადგილზე) ეპითეტ ,,მშვენიერის’’ ორჯერ განმეორება სიტყვის უცდომელობას ამტკიცებს. წმ. გრიგოლ ნოსელის განმარტებითთვალი იყო სამოელი, ეზეკიელი, მიქეა, მოსე და ყველა წინამძღვარი. ,,რომელნი იგი მათსა მას ადგილსა აღმოავსებენ გუამსა შინა ეკლესიისასა, სამართლად სახელ-ედების მას თუალ, უკუეთუ განმარტებულად ხედვიდენ მზისა მის მიმართ სიმართლისა.’’[1]

ამის შემდეგ უკვე მტრედის ალეგორიას განიხილავს ნისიის მთავარეპისკოპოსი:  ,,სიმარტივე და უმანკოებაი სახედ თუალთა იხილა მის თანა, და სთნდა იგი და მიითუალა ამისთვისცა ტრედად სახელ-სდვა მათ, რამეთუ თავისი არს ტრედთაი უმანკოებაი’’[2] რაც შეეხება თმას, ეს უკვე სათნო მოქალაქეს გამოხატავს.[3] ეგზეგეტი გვთავაზობს  ალეგორიულ განმარტებას, მისი აზრით, როგორც ლიბანის ძელი ძვირფას ნივთიერებებად შეიცვალა, ასევე შეუძლია  კეთილ მწყემსს, თხების ჯოგის თვინიერ ცხვრებად გარდაქმნა.რაც შეეხება მთას, როგორც, როგორც წარმართადყოფილები, რომლებიც კეთილ მწყემსს შეუდგნენ თავადვე

სახიერები გახდნენ, ასევე სძლისთვის თმის შეცვლა, მისი აღმატებულობის უფრომეტად გაზრდის აჩვენებელია. (ზუსტი განმარტება იხილეთ:[1])

კაბადოკიელი მოღვაწის შემდეგ ვნახოთ თუ როგორ განმარტავს ამ მუხლს ალექსანდრიის ეკლესიის უდიდესი მოღვაწე-ორიგენე: ,, ვნახოთ “მშვენიერის” სხვა ქებაც, რათა ჩვენც “სძლად” გახდომის სურვილით დავიწვათ. “თუალნი შენნი ტრედ არიან”. ვინც “ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას” და “იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა” (მათე 5.28), მას არა აქვს მტრედის თვალები, ის “უბედური” შედის ძმის სახლში, რადგანაც იგავთა წიგნში ნაბრძანებს არ იცავს (იხ. იგ. 27.10), მაგრამ ვისაც მტრედის თვალები აქვს, იმას წრფელი ხედვა აქვს და შეწყნარებას იმსახურებს, რადგანაც “იხილონ წრფელთა და იხარებენ” (ფს. 106.42). და, განა ვისი ხედვაა წრფელი, თუ არა იმისი, ვინც უმანკო მზერით და წმიდა თვალებით იყურება? აქ გამოთქმულში მხოლოდ ხორციელ თვალებს ნუ იგულისხმებ, თუმცა არც ეს გაგებაა უსარგებლო, არამედ შენი სხეულის შიგნით შეიჭერი, სულით ეძებე ის სხვა თვალები, რომლებიც ღვთის მცნებებით ნათლდებიან – მართლაც, “მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა” (ფს. 18.8), ეძებე და თან თავს ძალა დაატანე, ეცადე, წმიდად გაიგო ის რაც ითქვა, ეცადე, რაკი “თვალნი შენნი ტრედ არიან”, ყური დაუგდო იმას, რაც მსგავსია “მტრედის სახით გარდამომავალი სულისა” (მათე 3.16). თუ სჯულს სულიერად გაიგებ, თუალნი შენნი ტრედ არიან”. თუ გაიგებ სახარებას, როგორც უნდა იყოს სახარება გაგებული და გამოცხადებული, დაინახავ, რომ იესო მხოლოდ იმ დროს კი არ “განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა” (მათე 4.23), როცა იგი ხორცის მიხედვით მკურნალობდა, არამედ იგი დღესაც კურნავს; დაინახავ მეთქი, რომ იგი მარტო იმ ეპოქის ადამიანებთან კი არ ჩამოვიდა, არამედ დღესაც ჩამოდის და ჩვენთან მყოფია, რადგანაც: “და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა ამინ” (მათე 28.20).’’[2]

2-შენი კბილები გაპარსული ცხვარია, საბანელით ამომავალი, თითოეული ტყუბ-ტყუბად მსხმელი და ბერწი არ არის მათ შორის.

ვნახოთ თუ როგორ განმარტავს კბილებს გრიგოლ ნოსელი: ,,სულიერი იგი საზრდელი მარგებელ და მომზავებელ ექმნეს გუამსა მას ეკლესიისასა, ეგევითარნი სრულ ჰყოფენ საქმესა კბილთასა, რამეთუ ზრქელსა და მტკიცესა პურსა სიტყვისასა მიიღებენ თვისითა პირითა  და წულილადისა ხედვისა მიერ მარგებელად საზრდელ სულთა მათ შემწყნარებელთა მისთა შესვალებენ.’’[3] ამის შემდეგ მეორე განმარტებასაც გვთავაზობს ეგზეგეტი: ,,კბილნი არიან ეკლესიისანი, რომელნი-იგი დაუცოხნელსა მას მწუანვილსა საღმრთოთა სიტყუათასა დამიწულილებდენ ჩუენ და აღმოიცოხნიდენ.’’[4]

რაც შეეხება საბელს: ,,საბელი ითარგმანოს, ვინაიცა სძლისა ბაგეთა ამათ მიერ შემკობასა წამებს ჭეშმარიტებაი.’’[5]  გავაგრძელოთ კითხვა:

3-შენი ბაგეები ძოწის ძაფია და შენი პირი – საამური. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ

მეჩვიდმეტე საუკუნის დასავლელი თეოლოგი, მეთიუ პუული, ამ მუხლის განმარტებისას ამბობს: ,,ბროწეულში გამოხატულია თეთრისა და წითლის საოცარი შერევა, რაც ალეგორიულად შეიძლება ნიშნავდეს მშვენიერებისა და მოკრძალების ურთიერთშერევას, რომელიც წარმოაჩენს ეკლესიის მდგომარეობას..’’[6] მომდევნო მუხლი ამგვარ ცნობებს გვაწვდის:

  1. შენი ყელი დავითის გოდოლია, აგებული საჭურველთათვის. ათასი ფარი ჰკიდია მასზე, ძლევამოსილთა ყოველი ფარი. –

ვნახოთ წმ. გრიგოლ ნოსელის ეგზეგეზა: ,,ამის უკუე გოდლისა ცხადსა აღშენებასა არა მცირედი აქუს წარჩინებულებაი: პირველად, რამეთუ დავითის მიერ აღშენებულ არს და მერმე-თვით ადგილისა სახელოვნნებითა და მას შინა დასხმულთა მათ საჭურველთა რჩეულებითა, რომელ არს ფარი და ისარი, რომელთა სიმრავლესა წარმოაჩინებს სიტყუაი ათასეულად აღრიცხუვითა… ხოლო პირველად ჯერ-არს, რაითა გულისხმა-ვყოთ, თუ აგებულებასა შინა გუამისასა რომელსა ადგილსა ეწოდების ქედ, და მერმე- შეერთებად ასოთა თანა ეკლესიისათა შეტყუების მიერ და თარგმანებისა.’’[7] საინტერესოა სიტუაციის შემდგომი გაგრძელებაც:

  1. ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა, მარჩბივი, მძოვარი შროშანთა შორის.

ჯერ ვნახოთ ამ მუხლის კაბადოკიური მომენტარი, შემდეგ კი ალექსანდრიული: ,,ორად ძუძუდ, მიმსგავსებულთა მარჩბივთა მათ თიკანთა ქურციკისათა , სახელ-სდვა. ესევითარითა მათთვის ასოთ ეკლესიისათა ყოვლით კერძო გამოცდილებაი წამა და ვითარმედ ორკერძოვე წარემატების წმიდათა მათ შროშანთა ძოვნად და მალიად ხედვად და განრჩევად საზრდელისაგან ეკალთა და რამეთუ გონებასა შინა მთავარსა იქცევის, რომლისა სახე არს გული, რომელი-იგი თავისა მიერ თვისისა ზრდის ძუძუთა მათ.’’[8]

ახლა რაც შეეხება ორიგენეს: ,, ნუთუ, არის ვინმე ისეთი ნეტარი, ღვთის სიტყვა რომ ჰყავს სტუმრად ძუძუებს შორის მკერდში, ისეთ უმთავრეს ნაწილში, როგორიცაა გული? ამას კი გულისხმობს ქების სიტყვები: “შორის ძუძუთა ჩემთა განისუენენ”. “თუ შენი ძუძუები არ არიან ჩამოყრილნი” (შდრ. ეზ. 23.3), მათ შორის ღვთიური სიტყვა დამკვიდრდება. საქორწინო ქებისათვის უფრო შესაფერისია ძუძუებზე ლაპარაკი, ვიდრე მკერდზე. ნათელია ის მიზეზები, რისთვისაც ამ სიტყვების ასახსნელად: “განისუენენ შენ ძუძუთა შორის” ვთქვი: “თუ შენი ძუძუები არ არიან ჩამოყრილნი, ღვთის სიტყვა განისუენებს შენ ძუძუთა შორის”; გასაგებია, აქ რისთვის მოვიხმე ეზეკიელი და ვთქვი: “თუ შენი ძუძუები არ არიან ჩამოყრილნი”. მართლაც იმ ადგილზე, სადაც უფლის ხმით იერუსალიმია გაკიცხული, მისი მისამართით ეს სიტყვებიცაა ნათქვამი: “მუნ (ეგვიპტეში) დაითხინეს ძუძუნი მათნი”. უბიწო ქალებს ძუძუები არ უდუნდებათ, ხოლო მეძავებს მოშვებული კანის გამო დავარდნილი ძუძუები აქვთ. უმწიკვლო ქალთა ძუძუები მკვრივია და სავსე ქალწულებრივი უმანკოებით. სიძის სიტყვებს ეს უკანასკნელნი იღებენ და ამბობენ: “იგი დამკვიდრდება ჩემს ძუძუთა შორის”.[9] გავაგრძელოთ განხილვა:

  1. ვიდრეღა სუნთქავს დღე და იძვრიან ჩრდილები, ავალ მურრის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე.

ფრაზის უკეთ გასაგებად მოვიშველიებთ მეჩვიდმეტე საუკუნის დასავლელ ორ ცნობილ ეგზეგეტს, შესაბამისად მეთიუ ჰენრის და მეთიუ პუულს: ,,მურრის მთა უნდა ნიშნავდეს მორიას მთას, რომელზეც ჯერ ისააკი შეიწირა მსხვერპლად, შემდეგ კი ძველი აღთქმის ტაძარი აიგო ‘’[10] ,,მურრის მთაზე განთავსებული ტაძარიც და მასში გუნდრუკის კმევა, ღვთისმსახურებას წარმოადგენენ,ხოლო კეთილსურნელება კი სულიწმინდის მოფენას. ქრისტე მიემართება სიძეს,  რომელთანაც ჭეშმარიტმა მორწმუნემ შეიძლება ჰპოვოს  სიხარული,სახელდობრ  მისი ეკლესიის წიაღში.’’[11] შემდეგი მუხლები ამგვარად იკითხება:

7-ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და უბიწო!

  1. წამო, ლიბანიდან, სძალო! წამო ლიბანიდან ჩემთან! წამოდი ამანას მწვერვალით, სენირისა და ჰერმონის მწვერვალით, ლომთა ბუნაგთაგან, ვეფხთა მთებიდან.

მოვუსმინოთ გრიგოლ ნოსელს: ,,ვინაი-იგი აღმოგიცენდეს შენ საიდუმლოისა წყარონი, ვინაიცა ლომთა იგი და ვეფხთა ხსენებაი კეთილად შემოიღო, რაითა შემაწუხებელთა სახეთაგან უტკბილეს-ყოს მახარებელთა მათ საშუებელი, რამეთუ ვინაითგან განიძარცუა ოდესმე კაცმან საღმრთოი ხატოვნებაი, მსგავსებითა პირუტყუთა ბუნებისაითა განმხეცდა და ბოროტთა საქმეთა მიერ იმნა იგი ლომ და ვეფხ.’’[12] საინტერესოა მომდევნო მუხლიც:

  1. შენ დაატყვევე ჩემი გული, ო, სძალო, დაო ჩემო! ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი მძივით! –

კაბადოკიელი მამის აზრით სარძლო დად იწოდება, რადგან უვნებელობა წარმოაჩინოს ხოლო სძლად კი – რათა სიტყვის შეერთება გვიჩვენოს. (სრული განმარტება იხილეთ: [13])

  1. რაოდენ საამოა შენი ალერსი, სძალო, დაო ჩემო! რაოდენ ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი!

,,აწ უკუე, რომელმან-იგი დად თვისა და სძლად სახელ-სდვა, მას მიზეზსა იტყვის უაღრესად და უსრულესად ძუძუთა ისთა შეცვალებისასა, რომელნი იგი არღარა ჩჩვილთა საზრდელსა სძესა აღმოაცენებენ, არამედ უხრწნელსა ღვინოსა, მახარებელსა სრულთასა, აღმოდიან, რომლისა-იგი მადლი წყლისა აღრევამან ვაჭართამან ვერ განრყუნა.’’[14]

  1. გოლი მოსწვეთს შენს ბაგეებს, სძალო! თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ; შენი სამოსელის სურნელი ლიბანის სურნელია!

ხსენებული მუხლის განმარტებისას ნისიის მთავარეპისკოპოსი იშველიებს პავლეს ცნობილ სიტყვებს, სულიერჩვილთათვის რძით გამოკვების თაობაზე[15] და შესაბამისად განმარტავს ტექსტს: ,,სრულთა მათ თაფლ, ხოლო ჩჩვილთა მათ სძე ექმნებიან, ვითარი იყო პავლე, რამეთუ რომელთამე, ვითარცა ახალშობილთა, ლბილთა სიტყუათა მიერ მზარდულ ექმნებოდა, ხოლო სრულთა მათ შორის სიბრძნესა ზრახვიდა, საიდუმლოდ დაფარულსა საუკუნეთაითგან, რომელსა ვერ დაიტევს სოფელი ესე, ვერცა მთავარნი ამა სოფლისანი.’’[16]

  1. ბაღი ხარ დახშული, სძალო, დაო ჩემო, ჭა დაგმანული, წყარო დაბეჭდილი.

წმიდა მამის აზრით სამეუფეო სარძლოდ გახდომა იმას შეუძია, რომელსაც სურს რომ უხრწნელი ზიარებით მიაღწიოს ამას. (სრული განმარტება იხილეთ: [17])  ამის შემდეგ ავტორი უკვე სიძის ბაღის აღწერილობასა და ნელსაცხებლის სურნელებაზე გადადის:

  1. შენი ნარგავები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფებით – ქოფერითა და ნარდიონით,

უპირველესად კვლავ გრიგოლ ნოსელის განმარტება მოვისმინოთ: ,,რაითა რაჟამს მოიწიოს ჟამი განსუენებისაი და ნაყოფთა მოსთულებისაი ყოველთავე ხილნართა, ნაყოფიერებად და ფუფუნებად გუექმნეს ჩუენ სამოთხე იგი მროწეულისაი და არა რკოდ და კაწახად, ანუ თუ სხუად რადმე ესევითარად, არამედ მრავალფერად მრავალსახედ ნელსაცხებელთა ბუნებად შეიცვალოს, ესე იგი არს კვიპრად და ნარდიონად და ნეშტთა მათ ნელსაცხებელთა სულნელებად.’’[18]

ვნახოთ ამ მუხლის საკმაოდ ვრცელი განმარტება, რომელსაც ორიგენე გვაწვდის: ,,როცა სიძის მეგობრები, “ვიდრე მეფე იმყოფებოდა თავის განსასვენებელში”2 (ქებ. 1.11) – ხოლო განსვენებისას მან დაიძინა “ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან” (რიცხვ. 24.9) – სძალს შეპირდნენ მის ადგომამდე ვერცხლით მოხატული ყალბი ოქროს დამზადებას, რაკი მათ, სიძისაგან განსხვავებით, ოქრო არ მოეპოვებათ, ამით თავისებურად, დაფარული სახით გამოცხადდა სიძის ვნება. ამაზე სძალი სათანადო პასუხს იძლევა. იგი გრძნობს, რომ სიტყვები: “დაგიმზადებთ ყალბ ოქროს ვერცხლის მოხატულობებით, ვიდრე მეფე თავის განსასვენებელში იმყოფება”, მიანიშნებს ვნების იკონომიაზე და პასუხობს: “ნარდიონმან ჩემმან გამოსცა სულნელებაჲ თჳსი. შეკრული შტახსი – ძმისწული ჩემი ჩემდა; შორის ძუძუთა ჩემთა განისუენენ” (ქება. 1.12-13). როგორ შევუთანხმოთ წინა ფრაზა: “ვიდრე მეფე იმყოფება თავის განსასვენებელში”, მომდევნოს: “ნარდიონმან ჩემმან გამოსცა სულნელება თჳსი”?

სახარება ლაპარაკობს ვინმე ქალის გამოჩენაზე, “რომელსა აქუნდა ალა-ბასტრნი ნელსაცხებელისა მრავალ სასყიდლისა” (მათე 26.7). აქ საქმე ეხება არა ცოდვილს, არამედ წმინდანს. ვიცი, რომ ლუკა ცოდვილზე ლაპარაკობს, ხოლო მათე, იოანე და მარკოზი ცოდვილზე არ ლაპარაკობენ. მაშ, მოვიდა არა ცოდვილი, არამედ წმინდანი – მისი სახელი, მარიამი, აღნიშნა კიდეც იოანემ (იოანე 12.2) – “რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ სასყიდლისა და დაასხა თავსა მისსა (იესოს)”… ამ ქცევამ გამოიწვია მოციქულთა შორის მხოლოდ იუდას აღშფოთება, რომელმაც თქვა: “რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა და დასაფლველად ჩემდა ყო. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა” (მათე 26.11-13). ის, ვინც აქ ამბობს: “ნარდიონმან ჩემმან გამოსცა სულნელებაჲ თჳსი”, მოასწავებს მარიამს, უფალს თავზე ნელსაცხებელი რომ გადაასხა. შენც აიღე ნარდიონი, უფლის თავს გადააფრქვიე საამოდ სურნელოვანი ისე, რომ შენც შეძლო ამ სიტყვების თამამად თქმა: “ნარდიონმან ჩემმან გამოსცა სულნელებაჲ თჳსი”, და საპასუხოდ გაგონება განაცხადისა: “სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა”, შენი ქცევაც ეუწყება რა ყველა ერს. მაგრამ, როდის აასრულებ ამას? შენი ქველმოქმედებანი ნარდიონად იქცევა, როდესაც მოციქულთა მსგავსი გახდები და შეძლებ (მასთან ერთად) თქვა: “ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის” (2 კორ. 2.15). ხოლო თუ შესცოდებ, შენი ცოდვები საშინელ სუნს აუშვებენ. მართლაც, მონანიე ამბობს: “შეჰყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა” (ფს. 37.5). სულის განზრახვა არ ყოფილა იმ ნარდიონზე ლაპარაკი – და, არც მახარებელი ლაპარაკობს იმ ნელსაცხებელზე, რომლის დანახვა თვალით შეიძლება, არამედ აქ ნაგულისხმევია ის სულიერი ნარდიონი, რომელიც საკუთარ სურნელებას გამოსცემს.’’[1]

,, თუ სიძე შემეხება, მეც ვაფრქვევ კეთილსურნელებას და მეც ცხებული ვხდები ნელსაცხებელით; მისი ნელსაცხებლები ჩემზე გადმოდის ისე, რომ მეც შემიძლია ვთქვა მოციქულებთან ერთად: “ქრისტეს სუნნელებანი ვართ” (2 კორ. 2.15). მაგრამ ჩვენ, რომელშიც ვისმენთ ამას, ჯერ კიდევ ცოდვებისა და მანკიერებათა ცუდი სუნი აგვდის, რის შესახებაც ამბობს მონანიე ცოდვილი წინასწარმეტყველის პირით: “შეჰყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა” (ფს. 37.5). ცოდვა მყრალ სუნს უშვებს, სათნოება ნელსაცხებელთა გამოსცემს, რომელთა სხვადასხა სახეობა შეგიძლია მოიძიო გამოსვლათაში. იქ წააწყდები შენ “მურს”, “შტახს”, “გუნდრუკს” და სხვებს (შდრ. გამოსვ. 30.34). ესენი უნდა დაიწვას; მაგრამ მენელსაცხებელთა ხელობისათვის იყენებენ სხვადასხვა სურნელოვან ესენციას, მათ შორის “ნარდიონს” და “მურს”. ხოლო ღმერთი, “რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა” (შდრ. დაბ. 1.1), ამგვარად მიმართავს მოსეს და ეუბნება: “მე აღვავსე ისინი სიბრძნისა და გონიერების სულით, რათა მისდიონ მენელსაცხებელთა საქმეს” (შდრ. 31.3). ღმერთი მენელსაცხებელთაც განასწავლის.’’[2]

  1. ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, ყოველგვარი გუნდრუკის ხითურთ, მურრით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით.

საჭიროდ მიგვაჩნია სათითაოდ განვიხილო თითოეული ნივთიერება:

,,ნარდი– ანუ ინდური ვალერიანა მუდრებად მზარდი მცენარეა. იგი ძალიან წააგავს მის მოსახელე სამკურნალო მცენარეს და იმავე მიზნისათვის იყენებენ. მის ძირებს სასიამოვნო სუნი აქვს. მისგან იღებენ არომატულ ზეთს, რომელიც შეიცავს ვალერიანმჟავას. ინდოეთში გამშრალი ნარდისაგან ამზადებენ სუნამოებს.’’[3]

,,ზაფრანა სანელებლების მეფედ არის აღიარებული და მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულია. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ის არის უძველესი სანელებელი. სახელწოდება ”ზაფრანა” წარმოდგება არაბული სიტყვისგან ”ზა-ფრან”, რაც ნიშნავს ”იყო ყვითელი”. საკუთრივ მცენარის ყვავილი ღია იისფერია, ხოლო ბუტკოს სამი სურნელოვანი დინგი, რომელიც, ფაქტობრივად, გამოიყენება სანელებლად – ნარინჯისფერ-მოწითალო…

100 000 ყვავილიდან საშუალოდ 1 კგ სანელებელს იღებენ. ყველაზე მაღალხარისხოვანი მუქი წითელი ფერის ან მოწითალო-მოყავისფრო ზაფრანაა. მას აქვს მძაფრი და საუცხოო სურნელი, ოდნავ მომწარო და ასევე გამორჩეული გემო…. ამ სანელებელს იყენებდნენ როგორც ძვირად ღირებულ წამალს და ნელსურნელებას. მას, როგორც საგანგებო და ძვირფას საჩუქარს, მიართმევდნენ ხოლმე იმპერატორებს, მეფეებსა და მღვდელმთავრებს. ძველი რომაელები ამ მცენარით კატარაქტას მკურნალობდნენ. მდიდარი რომაელებისთვის ზაფრანა ფუფუნების საგანი იყო. მისგან ამზადებდნენ სურნელოვან წყალს, ზეთსა და საცხს. გაბატონებული იყო შეხედულება, რომ ზაფრანას შხამის დათრგუნვის უნარი ჰქონდა. ზაფრანისფერი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით შემოსვა სიმდიდრის ნიშნად ითვლებოდა.’’[4]

ლერწამი-,,სუნნელია, უაღრეს სხვათა სუნელთა სამღდელოთა საკმეველთა აღაზავებენ. ერთი ლერწამი. გამოსლვათას სწერია: სუნელი, რომელი უაღრესობით სხვათა სუნელთასა იტყვის და საკმეველად სამღრდელოთა საკმეველთასა შეეზავებისგამოსლ. 30,29) ერთი ლერწამი სულნელად სწერია საღ´თო წერილში, რომელი უაღრესობით სხვათა სულნელთასა იტყვის და საკმეველთასა, სამღდელოთა საკმეველთასა) შეეზავების. უაღრეს არს ყოველთა საკმეველთა სულნელთა და სამღდელოთა საკმეველთაცა შეეზავების, შაქარი მგონია ’’[5]

კინამო-,,(4,14 ქება) კინამო არს ყვავილი სუნნელი, ეგვიპტეს მოვა; მძინარს კაცსა რა პირსა დაადვა, გულის პასუხს წარმოიტყვის. რა ცხელთა რაშიმე შთადვა, ანუ აბანოთა შეიტანო. გააგრილებს, ხრწნილებისა მიერ შობილსა მატლსა უჩინო ჰყოფს .

ესე არს ყვავილი სუნელი, ეგვიპტეს მოვა. მძინარეს კაცსა უკეთუ პირს დაადვა, გულის პასუხს წარმოიტყვისო. თუცა ცხელთა რაშიმე შთადვა, ანუ აბანოთა შეიტანო. გააცივებსო, ხრწნილებისაგან შობილს მატლს უჩინო ჰყოფსო. (ბალ.) კინამო არს ყვავილი სუნელი, ეგვიპტეს მოვა. მძინარეს კაცსა რა პირთა დაადვა, ყოველსავე წარმოიტყვის. უკეთუ მდუღარესა რაშიმე შთააგდო, ანუ აბანოთა შეიტანო, განგრილდების. ხრწნილებისაგან შობილსა მატლსა უჩინო ჰყოფს.’’[6]

გუნდრუკი-,,ზოგიერთი მცენარიდან მიღებული გუმფისით დამზადებული სურნელოვანი ნაერთი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ანტიკურ სამყაროში, განსაკუთრებით აღმოსავლეთში (შდრ. გამ. 30:34; ლევ. 2:1). ის სიმბოლოა ლოცვისა („წარიმართოს ჩემი ლოცვა შენს წინაშე, ვითარცა საკმეველი“ – ფსალ. 140,2), თაყვანისცემისა და პატივისგებისა (წმიდა ევქარისტიის საკმეველით კმევა). ლიტურგიაში საკმეველი უმთავრესად გამოიყენება ევქარისტიული მსახურებისას (საკურთხევლის, ჯვრის, სახარების, შეწირულობათა კმევა) და მიცვალებულთა მოსახსენიებელ მსახურებაში.’’[7]

მურრი-,,მოვარდისფრო ფერის არომატული ფისი, რომელსაც არაბეთსა და აფრიკაში გავრცელებული ცალკეული ჯიშის ხეებიდან იღებენ. ბიბლიურ სამყაროში მას სხვადასხვაგვარად მოიხმარდნენ, თუმცა უმთავრესად ცხებისათვის და ნელსაცხებლის სახით. ’’[8]

ალოე-,,ალოე განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული, სადაც კი მისი ზრდა-განვითარებისა და გამრავლებისთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობებია. ალოეს ერთ-ერთი სახეობა სახლის პირობებშიც შესანიშნავად ხარობს, ისე, რომ მისი განსაკუთრებული თვისებები არ სუსტდება. ნამდვილი ალოე – ალოე ვერაა.’’[9]  რაც შეეხება ბაღში არსებულ წყალს და იქ მქროლავ ქარებს:

  1. ბაღების წყარო, ჭა ცხოველი წყლისა და ნაკადულნი, ლიბანიდან მომდინარენი

,,და ესე ფრიად საკვირველ არს და განსაკრთომელ, რამეთუ სხუათა ყოველთა ჯურღმულთა შეკრებულთა წუეთთა და ნაკადულთაგან აქუს მცენარებაი წყლისაი, ხოლო სძალსა ოდენ აქუს მდინარისაგან სიმდიდრე წყალთაი; სიღრმე უკუე ჯურღმულისაი არს, ხოლო წყალი-მძაფრ მომავალისა მდინარისაგან.’’[10]

  1. აღდეგ ჩრდილოდან, ქარო, მოვედ სამხრით, ქარო, მოჰბერე ბაღსა ჩემსა, დაე, სურნელებით ფშვენდნენ! მოვიდეს თავის ბაღში მეტრფე ჩემი და იგემოს მისი სანატრელი ხილი!

,,და ესე იქმნა სასტიკითა მით მობერვითა სულისა წმიდისაითა მოწაფეთა ზედა ქორსა მას შინა სიონისასა, ოდეს-იგი იჰბერა მან სამოთხეთა მათ ზედა სულიერთა და აღძრნა ნერგნი იგი საღმრთონი აღმოცენებად მდინარეთა მათ ნელსაცხებელისათა; და აღმოიტყოდა სულნელებათა მათ მაცხოვარებისა და სარწმუნოებისა სწავლათა მრავალფერითა მით ენებითა დაუბრკოლებელად და სულნელებათა მათ მოძღურებისათა, ვითარცა ღუართა, აღმოდიოდა.’’[11]

V თავი

          წინამდებარე თავი ამგვარად იწყება:

1-ჩავედი ჩემს ბაღში, სძალო, დაო ჩემო: მოვისთვლე მურრი და ჩემის სურნელებანი. ვიგემე პური ჩემი და თაფლი ჩემი, ვსვი ღვინო ჩემი და რძე ჩემი. ჭამეთ, მოყვასნო, სვით და დაითვრვნით, მეტრფენო!

გრიგოლ ნოსელი ამბობს: ,,რომელი სრულსა საზრდელსა ეძიებდეს, პურად შეიცვალების არა ველისყრდელითა მწარითა საჭამადად, ვითარცა ბრძანებს შჯული (გამოს.12,8)რამეთუ მცირედჟამ არს და საწუთრო სიმწარე, არამედ თვისად სანუკვარად ჰყოფს თაფლსა, რაჟამს იგი თვისსა ჟამსა ნაყოფმან სათნოებისამან დაატკბნეს საცნობელნი სულისანი, რომლისა სახედ შემდგომად აღდგომისა უფლისა ცხადად იხილეს მოწაფეთა, ესე იგი არს პური, გოლეულითა დატკბობილი.’’[12]

რაც შეეხება რძეს: ,,სძე პირველი საზრდელი არს კაცობრივისა ბუნებისაი, წმიდაი და მარტივი და ჩვეულებრივი და უზაკუელი და ყოვლისავე ბოროტად ცხორებისაგან განწმედილი.’’[13] გავაგრძელოთ განხილვა:

2-მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი. აჰა, მესმის ხმა ჩემი მეტრფისა, რომელიც რეკავს: გამიღე კარი, დაო ჩემო, სატრფოვ ჩემო, მტრედო ჩემო, უბიწოვ ჩემო! რადგან თავი ცვარმა ამივსო და თმები – ღამის წვეთებმა.  (აღნიშნული მუხლი მცხეთურ ხელნაწერში შემდეგნაირად იკითხება: [14])

როგორც ნისიის მთავარეპისკოპოსი გადმოგვცემს: ,,ესე არს პირველი განშორებაი მტყუვართა და ცდომილთა ეჭუთაგან: ღმრთისათვის მოპოვნებულთა არს ბნელისაგან ნათლად მიცვალებაი, ხოლო შემდგომითი შემდგომად-დაფარულთა შეკადრებაი, რომელი იგი ხილულთა მათ მიერ უხილავისა მის ბუნებისა განცდად წარუძღვების სულსა…ხოლო ჭეშმარიტისა მის ჭეშმარიტებისა თანა ცუარნი არიან და ნიჟნი ცუართანი, დაღაცათუ სიმრავლითა და სიმაღლითა მოძღურებათაითა დიდროოდიან და გარდაეცემოდინ.’’[15]

3-გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა ჩავიცვა? დაბანილი მაქვს ფეხები, როგორღა დავისვარო?

            კაპადოკიელი მამა ამ მუხლს ალეგორიულად იგებს:,,განიძარცვა სამოსელი, რომელი შემდგომად ცოდვისა შეიმოსა, და განიბანა მტუერი ფერხთაგან, რომელი-იგი დაედვა, რაჟამს სამოთხისა ცხორებისაგან მიწად მიიქცა, ოდეს-იგიო ესმა, ვითარმედ: ,,მიწაი ხარ და მიწადცა მიიქცე.’’(დაბ.3.19)[16]

4-ჩემმა მეტრფემ შემოყო ხელი კარის ღრიჭოში და შემეძრა მის გამო შიგნეული.

,,ხოლო ყოველნი რაი გულისსიტყუანი და ყოველივე ძალი გონებისაი გამომეძიებელი აღძრას და მი-მო-იწულილვიდეს საძიებელსისა მის მიწდომასა, მიწდომისა მის საზღვრად განაჩინებს საქმეთა ხოლო და ძლიერებათა ღმრთისათა, რომელნი-იგი ვიდრე ჩუენდა მომართ მოიწევიან და რომელთა-იგი ვაგრძნობთ ცხორებისა ჩუენისა მიერ.’’[17] საინტერესოა მომდევნო მუხლიც:

5-ავდექი, რომ გამეღო ჩემი მეტრფისათვის; ხელებიდან მწვეთავდა მურრი, თითებიდან ეწვეთებოდა მურრი კარის სახელურს.

რადგან მურრის შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, მას აღარ განვიხილავთ: ,,ხოლო რამეთუ სახე არს სიკუდილისა მური, არავინ იცილობვის, რომელსა საღმრთო წიგნნი ეკითხნეს, ხოლო თუ ვითარ სიკუდილი სიკუდილისაგან აღადგენს, ნუუკუე ვიეთნიმე ეძიებდენცა ამის პირისათვის განცხადებულსა უწყებასა, რომელი-იგი არა უდებ-ვყოთ, არამედ მსგავსად ძალისა შემდგომითი შემდგომად მოკლედ წარმოვაჩინოთ.’’[18]

6-გავუღე კარი მეტრფეს ჩემსა, მაგრამ გაბრუნდა მეტრფე ჩემი და წავიდა. სული ჩემი ილეოდა მის ხმაზე. ვეძებდი მას და ვერ ვპოულობდი, ვუხმობდი მას, არ მესიტყვებოდა.

ვრცელ განმარტებას გვთავაზობს ამ მუხლის თაობაზე კაპადოკიელი მამა: ,,განუღებს  უკუე ორკერძოვე თავსა თვისსა სასუფევლისა კარსა ხელთა მიერცა, რომელთა მიერ შრომანი მოესწავებიან და კლიტისა, რომლისა მიერ სარწუნოებაი იქადაგების, რამეთუ ამათ ორთავე მიერ საქმისა ვიტყვი და სარწმუნოებისა კლიტე სასუფევლისაი სიტყვისა მიერ შეიმზადების ჩვენ შორის.[19] ,,და ვითარმცა იპოვა, რომლისა მაუწყებელ ცნობილთაგანი არარაი არს არცა სახე, არცა ფერი, არცა გამოსახულებაი, არცა ვითარებაი, არცა რაბამობაი, არცა ადგილი, არცა გუარი, არცა მოგონებაი, არცა ყოვლისავე მისაწდომელისა ღონისძიებისაგან მარადის გარე-იპოვების და ივლტის ყოველთავე შეპყრობისა ხელთაგან და ძიებისა ბადეთაგან, ამისთვის იტყვის, ვითარმედ: ვეძიებდ მას მპოვნელთა მათ მიერ სძალთა სულისათა და გულისსიტყუათა მიერ და მოგონებათა და ყოველთავე გარესკნელ იყო და მიახლებისაგან გონებისა განივლტოდა.’’[20]

7-შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. მცემეს და დამჭრეს, მომხადეს მოსასხამი ზღუდის მცველებმა.

ნისიის ეპისკოპოსი ამ პასაჟსაც ალეგორიულად განმარტავს: ,,გამოწულილვით გულისხმისმყოფელსა კეთილისა სიქადულისა მიზეზად აღუჩნდენ სიტყუანი ესე და რაითა საცნაურ იქმნნეს ჩუენდა თქუმულნი ესე, მცირედ უწინარეს მისა  უკუანა კერძო აღწერილი მოვისხენოთ, რაჟამს-იგი განწმედაი მისი ყოვლისავე საფარველისაგან და საბურველისაგან წამა სიტყუამან, სადა-იგი იტყვის პირისაგან სძლისა, ვითარმედ: ..განვიძარცუე სამოსელი ჩემი, ვითარ-მე შევიმოსო.’’[21]

,,უკუეთუმცა ჭირთა ჯოჯოხეთისათა ეპოვნა იგი, გინა ავაზაკთა, ბოროტმცა იყო ესევითარი პოვნაი, რამეთუ ,,მპარავი არა მოვალს, რაითა  იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს’’, ხოლო მცველნი იგი, რომელნი ჰპოებენ მას, რომელნი-იგი მოჰვლიან ქალაქსა, ესევითარნი არიან, ვიდრეღა ნეტარ არს ესევითარისა მის პოვნისათვის, რამეთუ რომელი მცველთა მიერ იპოვოს, მპარავთა მიერ და ავაზაკთა არა წარიპარვის იგი, არცა წარიტყუენვის.’’[22]

8-გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, თუ ჰპოვოთ მეტრფვ ჩემი, რას ეტყვით მას? უთხარით, დავსნეულდი სიყვარულისგან.

კაპადოკიელი ეგზეგეტი ამ მუხლს ბრწყინვალედ განმარტავს, მისი აზრით ორგვარი საქმეა, რომელიც კაცს საკუთარ თავზე აბატონებს. პირველი ესაა ჭეშმარიტი სწავლების გულით აღიარება, ხოლო მეორე კი ყოველივე არაწმინდისა და ცოდვის შემომტანის განდევნა. (სრული განმარტება შეგიძლიათ იხილოთ: [23])

ხოლო ვინ არის მეგობარი იგი, რომლისა წყლულებანი უპატიოსნეს არიან ამბორის-ყოფათა მტერისათა, ცხად არს ესე და საცნაურ ყოველთაგან, რომელნი არა უმეცარ არიან სიტყუათა ცხორებისათა.’’[24]

9-ასულთა იერუსალიმისათა და მცველთა ზღუდისათა ჰკითხეს სძალსა: რაჲ არს ძმისწული შენი ძმისწულისაგან, შუენიერო დედათა შორის? რაჲ არს ძმისწული შენი ძმისწულისაგან, რამეთუ ეგრეთ გუაფუცებ ჩუენ?  

            მეთიუ პუული ამ მუხლს შემდეგნაირად განმარტავს: ,,ეს კითხვა შეიძლება დასვან რელიგიის დღევანდელმა პროფესორებმა, რადგან იინი უარყოფენ ქრისტეს აღმატებულობას, ხოლო ჭეშმარიტმა მორწმუნებმა კი შეიძლება იკითხონ ეს, რათა იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულნი ამის შესახებ და ვისი მშვენიერება შეიძლებ რომ ასე გამოიხატებოდეს უარყოფით ადამიანებში, თუ არა ვინმე ტრანსცენდენტულის, რომლის აღმატებულება და უპირატესობა, ასე მკვეთრადაა წარმოჩენილი.’’[25]

10-თეთრ-ყირმიზია მეტრფე ჩემი, ათიათასთაგან გამორჩეული.

ამ მუხლის განმარტებისას წმ.გრიგოლ ნოსელი განკაცების დოგმატს გვახსენებს და ამბობს, რომ რადგან ცოდვის მიერ შემოვიდა სიკვდილი ადამიანში, მასთან ერთად კი მწუხარება და სულთქმა, ცხოვრების დედამ სიხარულით მიუდგა, რათა ასევე სიხარულით ეშვა ძე, რომელიც კაცობრიობას გამოიხსნიდა. (სრული განმარტება შეგიძლიათ იხილოთ: [26])

11-თავი მისი ოქროა რჩეული, ხვეულია თმები მისი, შავია ყორანივით.

ფრაზას საკმაოდ ვრცლად განმარტავს წმ.გრიგოლ ნოსელი და ეტიმოლოგიური განხილვით იწყებს საუბარს: ,,სიტყუაი ესე ებრაული არს და მოასწავებს ოქროსა წმიდასა და ბრწყინვალესა და ყოვლისაგან შერევნისა უცხოსა. ხოლო დაუტევეს თარგმანთა თვინიერ თარგმანებისა, რამეთუ არა იპოვა შესწორებული მისი სიტყუაი ელინურად. ხოლო ჩუენ გულისხმა-ვყავთ, ვითარმედ ოფაზი წმიდასა და ბრწყინვალესა და ყოვლისავე შერევნისაგან უცხოსა ოქროსა მოასწავებს, ხოლო შესიტყუებაი მისი ესევითარი არს: თავ გუამისა მის ეკლესიისა ქრისტე არს, ხოლო ქრისტედ ვიტყვით უფალსა, გარნა არა ღმრთეებასა მივაჩემებთ სახელსა ამას, არამედ კაცსა მას განღმრთობილსა,რომელი ქუეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა, რომელსა შინა დაიმკვიდრა ყოველმანვე სავსებამან ღმრთეებისამან ხორციელად პირმშოსა მას ზოგადისა მის თბისასა, რომლისა მიერ მიიღო სიტყუამან ბუნებაი ჩუენი და ყო იგი უხრწნელ და ყოველთავე ვნებათა მისთაგან განათავისუფლა და განწმიდა.’’[27]

,,ხოლო მათ ვიტყვი ყორანთა, რომელთა საქმე არს აღმოხდაი თუალთაი, სიტყვისაებრ იგავთასა, და შესაჭმელთა ორბისა მართუეთაგან, დამბრმალთა მათ მხილველთა მათგან საცნობელთა და სახედველთა, რომელნი-იგი ქმნეს ხე მაღალ და მობაძავ ცათა სიმაღლედ აღმაღლებითა სიღრმეთაგან ქუეყანისათა, რომელთა-იგი განაშუენეს შუენიერებაი სიძსაი და იქმნნეს განთხზულ თავისა მის საუფლოისა და ტევნეულ წინამოთა.’’[28]

12-თვალები მისი მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში განბანილნი, ბუდეში მსხდარნი.

ზემოთ უკვე ვრცლად  ვისაუბრეთ მტრედისა და თვალების ალეგორიის შესახებ, ვნახოთ ამ მუხლის განმარტებაც: ,,რამეთუ კეთილ არს ჭეშმარიტად ესევითართა მათ თუალთა უმანკოებისამიერი იგი ქებაი, რომელსა წარჰმართებენ, რომელნი-იგი ხორციელთა ცხორებითა არღარა შეიგინებოდინ, არამედ ცხოველ იყვნენ და ეგნენ სულითა, რამეთუ სულიერი და უნივთოი ცხორებაი სახითა ტრედისათა გამოისახვის, ვინაითგან თვით თავადიცა სული წმიდაი ესრეთ ეჩუენა იოანეს, ზეცით რაი გარდამოხდა იორდანეს ზედა, ვინაიცა, რომელი თუალთა წილ გუამსა შინა ეკლესიისასა დაწესებულ იყოს ღმრთისა მიერ, უკუეთუ ჰნებავს სიწმიდით განმსტუვრობაი და ხილვაი და ხედვაი, ყოველსავე მწიკულსა უკეთურებისასა წყლითა განბანაი თანა აც.’’[29]

,,ესე იგი არს, რამეთუ სამარადისოდ დადგრომასა საღმრთოთა შინა სწავლათა და გულისხმისყოფით განკრძალვასა მათ მიერ წარმოაჩენს ძალი ამის სიტყვისაი და რომელთა-იგი აქებს თუალთა მათ წმიდათა, მათ მიერვე გუასწავებს ჩუენ, თუ ვითარ მოვიგოთ სიწმიდე იგი და შუენიერებაი თუალთაი, რომელ არს,- რაითა მარადის ვსხდეთ სავსებასა ზედა წყალთასა.’’[30]

13-ღაწვები მისი სურნელთა კვლებია, საამოდ მფშვენნი, მისი ბაგეები შროშანებია, მდინარი მურრით მწთოლარენი.

ზემოთმოყვანილი მუხლიც საკმაოდ ვრცლად განიმარტება: ,,განფენილსა ჭურჭელსა მოასწავებს სიტყუაი სახელისა ამის მიერ ფიალისა, რომელი-იგი აგებულებითა თვისითა უპარავ არს და ცხად, რამეთუ არცა ფრიად ღრმა არს და უცინო, არცა სრულიად მარტივ და განმარტებულ. და ესე არს მიზეზი, რომლისა-იგი სახე სახედ შესხმისა წარმოაჩინა სძალმან; და ამით სახითა აქებს ესევითართა მათ ღაწუთა, რომელი არს მარტივი და განმარტებული და უზაკუელი სახე მოძღურებისაი.’’[31]

,,ესევითარი ფიალი იყო პავლე, რომელი-იგი არა სივერაგითა საკუვიდა სიტყუასა, არამედ გამოცხადებითა  ჭეშმარიტებისაითა თავსა თვისსა ეწამებოდა, რომელმან-იგი ნივთი ქუეყანისაი განაგდო…’’[32]

,,ორთა სათნოებათა ერთბამად წამებს სიტყუაი მრჩობლთა სახელთა მიერ, რომელთაგანი ერთი ჭეშმარიტებაი არს, ბრწყინვალე და განათლებული, რამეთუ ესევითარი არს სახე შროშნისაი, რომლისა ბრწყინვალებაი გამოსახავს თქუმულთა ამათ სიწმიდესა და  ჭეშმარიტებასა, ხოლო მეორე იგი უხილავსა და უნივთოსაცხორებასა ცხად-ჰყოფს მოძღურებისა მიერ თვისისა…[33]’’ ვნახოთ მომდევნო მუხლი და მისი კომენტარიც:

14-ხელები მისი თლილი ოქროა, იაგუნდებით მოოჭვილი; მუცელი მისი გათლილი სპილოსძვალია, ლაჟვარდივით მოჭედილი. (აღნიშნული მუხლი მცხეთურ ხელნაწერში შემდეგნაირად იკითხება:[34]

,,და რამეთუ უსრულ არს გუამსა შინა ეკლესიისასა მადლი თუალთაი თვინიერ ხელთა მსახურებისა, განცხადებულად გვისწავიეს დიდისა პავლესაგან, რამეთუ იტყვის ვითარმედ: ,,ვერ ხელ-ეწიფების თუალსა, რაითამცა ჰრქუა ხელსა’’, ვითარმედ ,,არა მიხმ.’’[35]

,,ეგრეთვე და ხელთაცა მისთა ოქროდ იტყვის სიტყუაი და ცხად არს გულისხმის-ყოფაი და ძალი სიტყუათა ამათ, რამეთუ ყოვლითურთ სიწმიდესა და უცოდველობასა და ყოვლისა ბოროტისაგან შეურევნელობასა გუასწავებს ჩუენ ხელთა მიერ სიტყუაი. ხოლო ხელად გულისხმა-ვჰყოფთ ზოგადსა მას ეკლესიისა მცნებათა აღსრულებისა წესსა და გლახაკთმოწყალებისა მოღუაწებასა, რომელთა ქებად მიეცემის მსგავსებაი ბუნებასა მას თავისასა სიწმიდითა და უცოდველობითა.’’[36]

,,სახე ესე, რომელსა მიემსგავსების ქებათა მიერ მუცელი ეკლესიისაი, ესევითარი არს. ხოლო მე სიტყვისა მის მიერ საღმრთოისა, რომელი უბრძანებს წინაისწარმეტყუელსა ფიცართა შინა აღწერასა ხილვისასა და კუალად შჯულისა და მცნებათასა გულისხმის-ყოფად, მოვალ, თუ ვითარ ჯერ-არს შეტყუებაი გუამსა შინა სამეუფოსა მუცლად წოდებულსა მას ფიცარსა საუფლოსა, რამეთუ სიტყუაი იგი, რომელი უბძანებს აღწერასა ხილვისასა ფიცართა შინა, სიწმიდესა გულისასა მოასწავებს სახელითა მუცლისათა, რომელსა შინა აღვსწერთ საღმრთოთა ხილვათა.’’[37] ამ მუხლის განხილვისას ნისიის მთავარეპისკოპოსი პარალელს ავლებს ეზეკიელ და იერემია წინასწარმეტყველების შემთხვევებთან. (შესაბამისად: -ეზეკ.3.3; იერემ-4.19 )

15-წვივები მისი მარმარილოს სვეტებია, ოქროს კვარცხლბეკზე დაფუძნებული; მისი პირისახე მსგავსია ლიბანისა და დიდებულია, როგორც კედარი.  (აღნიშნული მუხლი მცხეთურ ხელნაწერში შემდეგნაირად იკითხება:[38]

,,ხოლო შენ სახედ ჭეშმარიტებისა გულისხმა-ყავ ოქროი, რომელი ექმნების ხარისხ და სიმტკიცე წყვილთა მათ საუფლოთა და თავსა და ხელთა თავისა მიერ თვისისა შეამკობს.’’[39]

,,აუწყებს თქუმულთა ამათ მიერ, ვითარმედ არარაი იხილვების მდაბალი და უნდოი  შუენიერებასა მას შინა გუამისასა, უკუეთუ არა იყოს მაღალ მსგავსად ნაძუთა და სიმაღლისა მიმართ თხემისა აღმავალ, ვინაიცა კუალად წინადაგებულნი სიტყუანი განვიხილნეთ, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: ,,ხილვაი მისი, ვითარცა ლიბანე რჩეული,’’ ხოლო გამორჩევაი ყოველსავე საქმესა შინა წინაუკუმოისა წესისაგან იქმნების, ვინაითგან სეხნა არიან ჭეშმარიტად ჭეშმარიტი კეთილი და საგონებელი; რომელი-იგი არა არნ, კეთილად იჩემებნ სიცრუით და რომელი კეთილად განბჭობისაგან არა უცხო იყოს, მან უეჭუელად რჩეული იგი კეთილი აღირჩიოს ცთომილისა მის და არაჭეშმარიტისა.’’[40]დასკვნითი მუხლი და მისი კომენტარი შემდეგნაირად ჟღერს:

16-მისი სასა სიტკბოებაა, თავად კი – ყოვლად სანატრელი. ეს არის მეტრფე ჩემი, ეს არის საყვარელი ჩემი, ასულნო იერუსალიმისა!

,,ხოლო შეტყუებაი მისი ესევითარი არს: მკერდით კერძოსა მას ნაწილსა ყელისასა ხორხად ეწოდების, რომლისაგან-იგი აღმოვალს ხმაი სახიობითა გონებისაითა და აღძვრითა სულისაითა და შეთქმულებითა ნაწევართაითა გამოცემული, ვინაითგან კეთილნი სიტყუანი არიან თაფლ გოლეულ და ორღანო სიტყვისა არს ხმაი, რომელი გამოვალს ხორხისაგან. უკუეთუ ვინმე მოწაფეთა და მსახურთა სიტყვისათა, რომელთა მიერ იტყოდა ქრისტე, ამით სახელითა მოსწავებულად სახელ-სდვას.’’[41]

,,და ვჰგონებ, თუ ცხად არს თითოეული ამათგანი, თუ რაი ძალი აქუს და რომლისა პირისა მიმართ ხედავს, რამეთუ ღმრთის გამომცდელსა მას შჯულისმეცნიერსა ენება უფროის სხუათასა გამოჩინებაი თავისა თვისისაი და ამპარტავნებისა მიერ სხუათა მათ სწორებასა განიშორებოდა სიტყვისა მის ძლით, რომელი აღმოთქუა, ვითარმედ: ,,და ვინ არს მყუას ჩემდა.’’[42]

დასკვნა

წინამდებარე თემაში შევეცადეთ განგვეხილა ქება-ქებათას  IV და V თავები, რომლებშიც  სასძლოსა და სასიძოს შესაბამისა სიყვარულის გამჟღავნება და ერთმანეთისგან განშორებითგამოწვეული ტკივილია აღწერილი. დასახელებულ თავებში მძაფრადაა წარმოჩენილი 2 პიროვნების ერთმანეთთან ურთიერთლტოლვა და სიყვარულით გამოწვეული ტკივილი, ხოლო წმიდა მამათა განმარტების შუქზე, უფრო მარტივად შეიძლება იმის გაგება, თუ რა ალეგორიული სახე-სიმბოლოებია გადმოცემული მასში.

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები

წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი’’; ტექსტი გამოსაცემად მოამზადა გულნაზ კიკნაძემ; თბილისი 2013

ორიგენე – ორი ქადაგება ქება ქებათაზე; ფრანგულიდან თარგმნა თამარ ჯაყელმა; ჟურნალი “ჯვარი ვაზისა”, 1989 წ. N3-4;

http://biblehub.com

http://library.church.ge

http://www.nplg.gov.ge

http://www.orthodoxy.ge

შენიშვნები:

[1] ორიგენე – ორი ქადაგება ქება ქებათაზე

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=576%3A2014-12-07-11-26-16&catid=45%3A2010-03-11-12-04-58&Itemid=65&lang=en

[2] ორიგენე – ორი ქადაგება ქება ქებათაზე

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=576%3A2014-12-07-11-26-16&catid=45%3A2010-03-11-12-04-58&Itemid=65&lang=en

[3] http://herba.ge/medicinal-plants-n

[4] http://www.mkurnali.ge/fitotherapia2/samkurnalo-mcenareebi/314-2008-12-19-11-03-12.html

[5] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=22229

[6] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=20354

[7] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=16&t=2456

[8] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=16&t=2328

[9] http://www.mkurnali.ge/fitotherapia2/samkurnalo-mcenareebi/3931-aloe-saocari-mkurnali.html

[10] წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი’’; გვ.264

[11] წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი; გვ.271

[12] დასახ.ნაშრომი;გვ.275

[13] დასახ.ნაშრომი;გვ.276

[14] ,,მე მძინავს, და გული ჩემი მღჳძარე არს. სძალი მოვიდეს სიძისა მიმართ და ირეკდეს კარსა: ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისა ჰრეკს კარსა. სიძე უჴმობს სძალსა: განაღე, დაო ჩემო, მახლობელო ჩემო, ტრედო ჩემო, სძალო ჩემო, რამეთუ თავი ჩემი აღივსო ცუარითა, და თმანი ჩემნი – ცუართაგან ღამისათა.’’

[15]წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი’’;  გვ.289

[16] წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი; გვ.292

[17] დასახ.ნაშრომი;გვ.295

[18]დასახ.ნაშრომი; გვ.301-302

[19] წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი’’; გვ.308

[20] წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი; გვ.311-312

[21] დასახ.ნაშრომი;გვ.313

[22] დასახ.ნაშრომი;გვ.316

[23] ,, ,,ორნი საქმე არიან, რომელნი საკუთარ ღმრთისა ჰყოფენ კაცსა. ერთნი იგი-რაითა შეუცთომელ იყოს ჭეშმარიტისა მის ჭეშმარიტებისაგან ჭეშმარიტებით გულისხმის-ყოფისა და ცნობისა და რაითა არცა ცთომილთა გონებათა მიერ წარმართთა და მწვალებელთა ცთომილებაი შეიწყნაროს ღმრთისათვის და ჭეშმარიტად ესევითარი ესე მართალი ღმრთისმეტყუელებაი არს ,,ჰე’’.

ხოლო მეორე-წმიდაი გულისსიტყუაი, რომელი-იგი ყოველსავე ვნებულსა სიყუარულსა გულისაგან განსდევნიდეს და ესეცა უკუე არა უცხო არს მისივე სიტყვისაგან, ვითარმედ: ,,ჰე’’წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი’’; დასახ.ნაშრომი; გვ.325

[24] დასახ.ნაშრომი; გვ.327

[25] Matthew Poole’s Commentary; http://biblehub.com/commentaries/songs/5-9.htm

[26]  ,,რამეთუ ვინაითგან სიკუდილი ცოდვისა მიერ შემოიყვანა ბუნებამან, მწუხარებაი და სულთქმაი, და ესაჯა, ვინაიცა უცილობელ იყო და ჯეროვანრაითა დედამან მან ცხოვრებისამან, ვითარცა-იგი სიხარულისაგან იწყო მიდგომილებაი, ეგრეთვე რაითა სიხარულისა მიერ სრულ-ყოს შობაი იგი, ცნობათა უაღრესი, რამეთუ ესრეთ ჰრქუა მას მთავარანგელოზმან, ვითარმედ: ,,გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.’’(ლკ.1.28) და მეყსეულად სიტყუათა მათ მიერ განხადა მწუხარებაი იგი, რომელი პირველითგან დაშჯილ იყო ბუნებისა და შობისა მიერ.’’დასახ.ნაშრომი;გვ.336

[27] წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი’’; გვ .337

[28] წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი ;გვ.338

[29] დასახ.ნაშრომი;გვ.340-341

[30] დასახ.ნაშრომი;გვ.342

[31] წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი’’; გვ. 345-346

[32]წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი; გვ.347

[33] დასახ.ნაშრომი;გვ.348

[34] ,,ჴელნი მისნი – ოქროჲსანი, წახნაგებულ, აღვსებულ თარშითა, მუცელი მისი, ვითარცა ფიცარი პილოჲსძუალისაჲ, თუალსა ზედა საფიროვნსა;’’

[35]დასახ.ნაშრომი; გვ.349

[36] დასახ.ნაშრომი;გვ.350

[37]დასახ.ნაშრომი;  გვ.355

[38] ,, წჳვნი მისნი – სუეტნი მარმარილოსანი, დაფუძნებულნი ხარისხსა ზედა ოქროჲსასა; ხილვაჲ მისი, ვითარცა ლიბანი რჩეული და ვითარცა ნაძუნი.’’(მცხ)

[39] წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი’’; გვ.357

[40] დასახ.ნაშრომი;გვ.360

[41] დასახ.ნაშრომი;გვ.363

[42] დასახ.ნაშრომი;გვ.365

[1] ,,ხოლო რამეთუ სიორძილე იგი შესხმა თმათაი ემსგავსების გალადით გამოჩინებულსა მას თხათა არვესა, ვითარ-იგი ჯერ არს გამოწულილვით გულისხმის-ყოფაი, ამის პირისათვის ვერ უძლეთ მიწთომად, ხოლო ვგონებთ, ვითარმედ ვითარცა ძელნი იგი ლიბანისანი ოქროდ და ვერცხლად და პორფირად შეცვალნა და შექმნა გავალაკად თავისა თვისისათვის მეუფემან, ეგრეთვე ძალ-უც მწყემსსა მას კეთილსა კოლტსაცა თხათასა სამწყსოდ ცხოვართა შეცვალებად, რომელნი იგი ძოვდეს მთასა ზედა გალადისასა. ხოლო უცხოთესლთა მთისა სახელი არს ესე, რომელმან-იგი ესევითარი ესე მადლი გამოაჩინა, ვიდრეღა წარმართნი, რომელნი-იგი მწყემსსა მას სახიერსა შეუდგეს, შეცვალნა იგი თმად, განმაშუენებელად სძლისა სიკეთესა…’’დასახ.ნაშრომი;გვ 212-213

[2] ორიგენე – ორი ქადაგება ქება ქებათაზე; http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=576%3A2014-12-07-11-26-16&catid=45%3A2010-03-11-12-04-58&Itemid=65&lang=en

[3]წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი’’;  გვ.215

[4] დასახ.ნაშრომი;გვ.215

[5]დასახ.ნაშრომი; გვ.218

[6] Matthew Poole’s Commentary; http://biblehub.com/commentaries/songs/4-3.htm

[7]წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი’’;  გვ.221

[8]წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი’’;  გვ.227

[9]ორიგენე – ორი ქადაგება ქება ქებათაზე

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=576%3A2014-12-07-11-26-16&catid=45%3A2010-03-11-12-04-58&Itemid=65&lang=en

[10] Matthew Henry’s Concise Commentary; http://biblehub.com/commentaries/songs/4-6.htm

[11] Matthew Poole’s Commentary; http://biblehub.com/commentaries/songs/4-6.htm

[12] წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი’’; გვ.233

[13],,დად ჩუენდა’’ უწოდეს თვისებისათვის უვნებელობისა, ხოლო ,,სძლად’’-შეერთებისათვის სიტყვისა. ხოლო სიტყუაი ესე, ვითარმედ ,,გუასუვე ჩუენ’’- ესევითარი არს, ვითარმედ აღაორძინე სურვილი ჩუენი და წადიერ-გუყვნენ ჩუენ სიყუარულისა იმართ საღმრთოისა და ვითარმცა ეტყოდეს მას, ვითარმედ: გულოვან-გუყვნენ ჩუენ.’’ წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი’’; გვ.235-236

[14] დასახ.ნაშრომი;გვ.243

[15],,1. მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერ ხალხთან, არამედ გელაპარაკებოდით როგორც ხორციელთ, ან როგორც ჩვილებს ქრისტეში.2. რძით გზრდიდით და არა საჭმლით, ვინაიდან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის ატანა და არც ახლა შეგიძლიათ.(1.კორ.3.1-2)

[16] წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი’’; გვ.248

[17],,ვინ იქმნეს სძალ სამეუფო და დად უფლისა, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: ,,მტილი მოკრძალებულ არს დაი ჩემი სძალი’’. ესე იგი არს, ვითარმედ რომელსაცა ჰნებავს, რაითა ზიარებითა საღმრთოითა იქმნეს სძალ და ნებისა ღმრთისა აღსრულებითა იქმნეს დად მისა, ვითარცა იტყვის სახარებაი, პირველად იქმენინ მტილ აღყუავებულ და ყოველთავე ნერგთა შუენიერებაიმცა ყუავის მის შორის, რომელ არს სიტკბოებაი ლეღვისაი და ნაყოფიერებაი ზეთისხილისაი და სიმაღლე ფინიკისაი და ტევნეულებაი ვენახისაი.’’ დასახ.ნაშრომი;გვ.249

[18] წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი’’; გვ.257

[1] წმ.გრიგოლ ნოსელი; ,,თარგმანებაი ქებისა ქებათაისაი’’; გვ. 209

[2] დასახ.ნაშრომი; გვ.210

[3] დასახ.ნაშრომი;გვ.212

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under წმიდა წერილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s