რომაული არდადეგების დღიურები; ნაწილი VII

სკოლა და რელიგია12419272_1741466752734273_7988411328031557232_o

მარტივად რომ აგიხსნათ იტალიაში, ჩემი სამუშაო ასეთია:შევდივარ ცხრილში მითითებულ კლასში, ვუხსნი იქ მყოფ პედაგოგს და მოსწავლეებს, რომ გაკვეთილი მე უნდა ჩავატარო და ვიწყებ ინგლისურს. ანალოგიური სიტუაცია იყო რამდენიმე დღის წინაც, ზრდილობისათვის ვკითხე პედაგოგს, რომელ საგანს ასწავლით მეთქი და რელიგიასო მითხრა. გგონიათ მხოლოდ ზოგად ცნობებს? არ ბატონო. ვატიკანის მეორე კრებაზე ვართო. რა თქმა უნდა იქვე მოხდა ,,კოჰაბიტაცია” და ეკლესიის ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, ბავშვებს ,,რელიგიური ინგლისურის” გაკვეთილი ჩავუტარე, მაგრამ ამაზე სხვა დროს. საქმე იმაშია, რომ საქართველოს სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობაში, აწ უკვე წლებია აღარ ისწავლება საგანი-,,რელიგია”. ვინც ემხრობა საგნის ,,ამოღებას” არგუმენტად იშველიებს ,,დასავლურ ღირებულებს”, ამის გამგონე მეორე მხარე ფიქრობს რომ ,,ქართველობას გვართმევს მასონი ევროპა, გვრყვნიან ეგ გარყვნილები და.ა.შ. ამ ფონზე კი კიდევ ერთხელ ვნახოთ თუ რა ხდება დასავლეთში.
რამდენიმე თვის წინ რელიგიური ვიზიტით რუმინეთში გახლდით, სადაც ისწავლება რელიგია სკოლებში. იგივე სიტუაციაა საბერძნეთშიც. ახლა ვიღაცა მეტყვის ეგ ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპის რეგიონშია და მართლმადიდებლურებიაო. კარგი ბატონო, აგერ იტალიაში სწავლობენ. პირადად ვნახე ეს რომის სკოლებში და ახლა ვუყურებ მილანში. ამაზე მეტყვიან, მართალია დასავლეთია, მაგრამ მაინც ,,კათოლიკურია” და არ გამოგადგებათო. კარგით ბატონო, ჩემი უახლოესი მეგობარი, მცირე ხნის წინ საქმიანი ვიზიტით იყო ლიტვაში,სადაც ბავშვები პირველიდან ბოლო კლასამდე სწავლობენ რელიგიას. გარკვეული პერიოდი მიმართულებას მშობლები ირჩევენ, მეორე ეტაპზე კი თავად წყვეტს რას და როგორ ისწავლოს დასახელებულ საგანში. ამ სიის გაგრძელება კიდევ დიდხანს შემიძლია იმის წარმოსაჩენად, რომ ,,გარყვნილ დასავლეთში” სწავლობენ და საკმაოდ სერიოზულადაც რელიგიას. აქედან გამომდინარე ეს არგუმენტი არ გამოგადგება და სხვები განვიხილოთ.

ა) რელიგია არ უნდა ისწავლებოდეს, რადგან ამან რელიგიური ფანატიზმი შეიძლება გამოიწვიოს.
ეს თავშივე მცდარი დებულებაა, რადგან სწორედ რელიგიის უსწავლელობა, უცოდინარობა და ზოგადად გაუნათლებლობა იწვევს ფანატიზმს. თუკი მრევლის გარკვეული წევრების ქცევა არასწორია და რელიგიურადაა ანგაჟირებული, სწორედ დასახელებული პრობლემის ბრალია და თუ გვსურს, რომ ჩვენი მოსწავლეები ხვალ და ზეგ ფანატიკურად არ იქცეოდნენ, დღესვე უნდა ვასწავლოთ რელიგია, განსაკუთრებით მართლმადიდებლობა და რაც შეიძლება სრულფასოვნად. (ვიმეორებ,ვასწავლოთ ინფორმაციულად და არა ვუქადაგოთ).

ბ)არ უნდა ისწავლებოდეს, რადგან გამოუსადეგარია.
ესეც არასწორი მოსაზრებაა. მაგალითად, თუ ვინმე ამიხსნის როგორ უნდა გამოვიყენო ჩემი ცხოვრების მანძილზე ქიმიის ან ფიზიკის ცოდნა, მადლობელი ვიქნები. ზოგადად კი ამ საგნებს სკოლაში ყოველთვის დიდი სიხარულით ვსწავლობდი, მუდამ ჩინებული პედაგოგები მყავდა და.ა.შ. რადგან ზოგადი ინფორმაციის მიღება მსურდა, აუცილებელია და იმიტომ. ასეთივე მიდგომა უნდა გვქონდეს რელიგიასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ჰუმანიტარულ დარგებში იგი ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეულია. ამიტომ აუცილებელია მოსწავლეებს ზოგადი განათლება ჰქონდეთ ამ სფეროში, ისევე როგორც ფილოსოფიაში (სამწუხაროდ არც ეს საგანი ისწავლება ჩვენთან, არადა თუნდაც იტალიაში სწავლობენ.) ლიტერატურაში, ისტორიაში და.ა.შ.მით უმეტეს, რომ საზოგადოებაში, ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში, რელიგია ხშირი განხილვის საგანია.

გ) ისწავლებოდეს, მაგრამ მხოლოდ იმათთვის, ვისაც სასულიერო პორობა ან თეოლოგობა უნდა.
კიდევ ერთი აბსურდი. მაგ: სკოლაში ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი საგანი, ხელოვნება გახლდათ. კონკრეტულად კი ფერწერა, მისი ისტორია და.ა.შ. ამ დროს კი არასდროს გამივლია აზრად, რომ მხატვარი გამოვსულიყავი. ვიღაცას რომ ეთქვა ჩემთვის- ხელოვნების სწავლის ,,უფლება” არ გაქვს, რადგან მხატვრობა არ გინდაო, ავიღებდი დიდი ზომის ფუნჯს და… ხოდა სანამ ჩვენს მოსწავლეებსაც ხელში ,,ტაბურეტკები” აუღიათ და ვიღაცეებს გამოკიდებიან, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვასწავლოთ რელიგია, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა.

დ) ვასწავლოთ რელიგია, მაგრამ არა ქრისტიანობა
ეს უკვე უშველებელი აბსურდია. აღიარებულია, რომ ის ევროპული ფასეულობები, რომლისკენაც ასე დაუცხრომლად მივიწევთ, სწორედ ქრისტიანულ მოძღვრებებზეა დაფუძნებული (თუ არ გჯერათ,გადავამოწმოთ) და ბავშვს ასწავლო ევროპული ღირებულებები ქრისტიანობის გარეშე, ეს იგივეა ააგო სახლი, საძირკვლის გარეშე. გავა დრო და ეს ბავშვი იტყვის, რომ გათხოვება დაუშვებელია, რადგან ეს ქმრის მონობაა. ეს უკვე არარელიგიური ფანატიზმია, ადექით ახლა და იმსჯელეთ, არარელიგიური ფანატიზმი უფრო უარესია თუ რელიგიური, ჯამში მაინც ფანატიზმს მიიღებთ.

ე) ვასწავლოთ ქრისტიანული რელიგია, მაგრამ არა მართლმადიდებლობა.
რატომ? სწორედ რომ მართლმადიდებლობა უნდა ვასწავლოთ უპორველესად, რადგან ქვეყნის მოსახლეობის 80% ზე მეტი თავს ამ რელიგიის მიმდევრად მიიჩნევს, გვაქვს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელსიც უამრავი ასპექტით უპირველეს რელიგიად მართლმადიდებლობაა გამოცხადებული, გვაქვს ამ ყოველივეს ისტორიული (და არა მხოლოდ) საფუძველი და.ა.შ. თქვენი არ ვიცი და პირადად მე, თითქმის ყველა პრობლემის გადასაჭრელ გზად სწავლა და განათლება მიმაჩნია. გეკითხებით, ხდება საქართველოში მართლმადიდებლობის სახელით ფანატიზმის გამოვლინება?
-დიახ.
-ხოდა თუ გვსურს პრობლემა გადავჭრათ ვასწავლოთ ხალხს მართლმადიდებლობა და საიდან დავიწყოთ? მისთვის ვინც სხვა უმცირესობის წევრს, რამის გამო სასიკვდილოდ იმეტებს, მართლმადიდებლობის სწავლება ცოტა რთულად მიმაჩნია, ამიტომ ბავშვობის ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ, რათა სანამ ,,ურემი გადაბრუნდება, იქამდე დავინახოთ გზა”.

ამ სიის გაგრძელება კიდევ დიდხანს შემიძლია, იმის წარმოსაჩენად, რომ რელიგიის სკოლაში სწავლება აუცილებელია, ევროპულია და დასავლური ღირებულებების განუყრელ ნაწილად მიიჩნევა, მაგრამ ერთი და იმავეს ირგვლივ ვიტრიალებთ. დროა მეორე პრობლემას შევეხოთ:
II-ა-ვინ უნდა ასწავლოს?
ვინ ასწავლის ფილოლოგიას, ისტორიას, მათემატიკას და.ა.შ. დღევანდელ სკოლებში? ვინც დაამთავრა ამათუ იმ სასწავლებლის დასახელებული ფაკულტეტი ხომ?(რადგან სამწუხაროდ პედაგოგიური უნივერსიტეტი არ არსებობს. ხოდა რატომ გვავიწყდება ამ ფონზე, რომ საქართველოში არსებობს საღვთისმეტყველო ფაკულტეტები, მით უმეტეს, აკრედიტირებულ-ავტორიზებული სასულიერო აკადემია. ამის თქმა და მესამე პრობლემის წარმოჩენა ერთია, ხოდა ახლა მასზე ვისაუბროთ.

III-ა- სემინარიელმა არა, რადგან ბნელები არიან…
,,ოღონდაცა რა”… იმდენ ,,ბნელ” სტუდენტს ვიცნობ სხვადასხვა სასწავლებელში, ჩამოთვლა რომ დავიწყო ,,თვალებში დაგიბნელდებათ”, ამის გამო ავდგე ახლა და მაგ: ილიას უნივერსიტეტის სტუდენტს ავუკრძალო ფილოლოგობა, რადგან ამავე სასწავლებელში მის გვერდით ,,ბნელი” ან ,,ბნელები” სწავლობდნენ? არ ვიქნები სწორი ხომ? რადგან ყველას ერთ ქვამში მოხარშვა გაუმართლებელია. ხოდა თქვენც ნუ გვხარშავთ ერთ ქვაბში.

ბ-…რადგან სემინარიაში სწავლების დონე არ გვაკმაყოფილებს.
და სხვა სასწავლებლებში არსებული სწავლების დონე გაკმაყოფილებთ? მით უმეტეს, რომ სასულიერო აკადემიაში არაერთი ლექტორია, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს, ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებშივე დაიცვეს სამეცნიერო ხარისხები,გამოდიან სამეცნიერო კონფერენციებზე საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, აქვეყნებენ სტატიებს როგორც მშობლიურ, ასევე უცხოურ ენებზე და.ა.შ. ვიცი რომ მათ არ იცნობთ, ან როგორ გეცოდინებათ, როდესაც საქართველოს რელიგიური წიგნის მაღაზიები, მეორედმოსვლის შიშებით, ჩიპიანი პასპორტების, ერთმორწმუნე რუსეთის და.ა.შ. წიგნებითაა გადატენილი, ეკლესიის შესახებ არაკომპეტენტური ხალხი საუბრობს, თეოლოგიაზე-არათეოლოგები და.ა.შ. მესმის ეს, მაგრამ როდესმე ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ხომ უნდა ჩადგეს?

გ) სიტუაცია არ ,,ვარგა” აკადემიაში და მაგიტომ…
მაგ: ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში (და არა მხოლოდ) რაც ხდება, მოგწონთ? არც მე. ხოდა რა ვქნა ახლა, ამავე სასწავლებლის ყველა სტუდენტისა თუ პროფესორ-მასწავლებლის კომპეტენციაში ეჭვი შევიტანო? მით უმეტეს რომ ის უკანასკნელი უარყოფითი პროცესები რაც ამ უმნიშვნელოვანეს სასწავლებელში ხდება, არასოდეს მოხდება სასულიერო აკადემია-სემინარიაში. ჩვენ, სტუდენტები, ყოველდღე ვკითხულობთ მოძღვრებას ,,ეპექტასისის” შესახებ, რაც მარტივად რომ ვთქვათ განუწყვეტელ განვითარებას გულისხმობს,აქედან გამომდინარე ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლა გვსურს. ყველაზე კარგად ჩვენ და ჩვენმა ლექტორებმა ვიცით, თუ რა არის გამოსასწორებელი და რა არა ამ სასწავლებელში და.ა.შ. მაგრამ რა ვქნათ, დაველოდოთ შემდგომ ათასწლეულს, იმ იმედით, რომ სასულიერო სასწავლებელში არსებული ყველა პროცესი იდეალური იქნება და ამის შემდეგ მივცეთ უფლება მის სტუდენტებს, რომ სკოლაში ასწავლონ?

დ) არა რადგან, სასულიერო აკადემიის სტუდენტების ქცევა…
თუ ამ ყოველივეს ზნეობრივი ან ეთიკური კუთხით შევხედავთ, არგუმენტი თავშივე გაუმართლებელია, რადგან ამ მხრივ დასახელებული სასწავლებლის სტუდენტებს დასაძრახი არაფერი აქვთ. უმეტეს შემთხვევაში ვიღაცისთვის პრობლემა, დასავლური ღირებულებებისადმი და ქვეყნის ევრიოატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი დამოკიდებულებაა.ამაზეც ვისმჯელოთ.
კითხვა- სწავლობენ თუ არა დასახელებულ სასწავლებელში ისეთი სტუდენტები, რომლებიც ჩემს მიერ ჩამოთვლილ ღირებულებებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ?
კი ბატონო. როგორც სხვა სასწავლებელში, ჩვენთანაც არიან, რადგან მათ აქვთ არჩევანის თავისუფლება. მაგრამ მე ის უფრო მაკვირვებს მათ ფონზე, მეორე მხარეს რატომ ვერ ამჩნევთ?
ჩვენც დავდივართ ევროპაში სამეცნიერო თუ ახალგაზრდულ კონფერენციებზე, ვაგრძელებთ სწავლას ევროპულ მაგისტრანტურასა და დოქტურანტურებში ( ან თავად ვასწავლით დასავლურ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში), შესაძლობის ფარგლებში ვცდილობთ ქვეყნის რუსეთისგან დეოკუპაციას, ვცდილობბთ ევროპული, ქრისტიანობაზე დაფუძნებული ღირებულებების პოპულარიზებას და.ა.შ. მაინც არ აღვძრავთ თქვენში სიმპათიებს ხომ? გეტყვით რატომაც, თავად თქვენ არაფერი გაგეგებათ ევროპული ფასეულობებისა და იმიტომ. შეუძლებელიცაა, რომ ევროპული ღირებულება პიროვნებისათვის იწყებოდეს ჰომოსექსუალთა ქორწინების დაკანონებით და მთავრდებოდეს მოწოდებით, რომ ნუ გათხოვდებით,რადგან ეს ქმრის მონობაა და ამგვარ პიროვნებას ჩვენ მოვწონდეთ. ამგვარ აქციებზე ვერასდროს დაგვინახავთ, ისევე როგორც არასდროს ავიღებთ ,,ტაბურეტკას” უმცირესობის ჩასაქოლად, რადგან ორივე ქმედება ერთი მედლის მხარეებია, ამ მედალს კი ფანატიზმი ჰქვია, თუ არ გჯერათ ,,შეგვეჯიბრეთ” თუნდაც იგივე ,,ევროპულობაში” და ვნახოთ შედეგი.
მოკლედ, კიდევ დიდხანს რომ არ მოგაბეზროთ თავი, ამ წერილსაც ტრადიციულად დავასრულებ და კიდევ ერთხელ დავტკბვები მილანის კათედრალის ხილვით, ვინ იცის როდის მომეცემა ხელახალი შანსი…

 

ეს გული, სარკედ ქცეული,ბუნების ნათავხედია:

მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,რასაც შიგ ჩაუხედია.

ენაც მას ამბობს, რაც სმენას,სხვისაგან გაუგონია;

ან თვალს უნახავს და ჭკუას,გაუზომ-აუწონია!

/აკაკი წერეთელი/

გურამ ლურსმანაშვილი

მილანი

24.03.2016

 

Advertisements

2 Comments

Filed under არდადეგები

2 responses to “რომაული არდადეგების დღიურები; ნაწილი VII

  1. ვერ დაგეთანხმებით ტექსტის პათოსში. რელიგიის სწავლება, ყოველ შემთხვევაში როგორც ეს ჩემს დროს იყო (2008-ში დავამთავრე) სრული მარაზმია. შევდიოდით რელიგიის გაკვეთილზე ამისთვის გამოყოფილ სპეციალურ საკლასო ოთახში, რომელიც ეკლესიასავით იყო მოხატული (რომელშიც უუუზარმაზარი თანხა დაიხარჯა სავარაუდოდ სკოლის უმწირესი ბიუჯეტიდან) და ხატებით მორთული, ვიფარებდით გოგოები თავსაფრებს და ვიწყებდით ლოცვას და ფსალმუნების კითხვას. რელიგიის მასწავლებელი კი გვეუბნებოდა, რომ ტელევიზორი და კომპიუტერი ეშმაკის მანქანებია და სახლიდან უნდა გადავაგდოთ 🙂

    ეს არაა ნორმალური ჩემი აზრით. როცა სრულიად შესაძლებელია, რომ კლასში სხვა რელიგიის წარმომადგენელი ბავშვიც იყოს.

    რელიგიის გაკვეთილი არ უნდა ნიშნავდეს “აპრიორი” მართლმადიდებლურ სწავლებას. ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ისწავლებოდეს სხვადასხვა რელიგიები, ფასეულობები, მათი ისტორია და ა.შ. მხოლოდ იმაში შემიძლია დაგეთანხმოთ, რომ რელიგია ძალიან დიდი გავლენას ახდენს ადამიანსა თუ ქვეყანაზე და ის მნიშვნელოვანია, მაგრამ აბსურდად მიმაჩნია მართლმადიდებლობის დავალდებულება, მით უმეტეს, სკოლის ასაკში.

    მეეჭვება თქვენს მიერ მაგალითად მოყვანილ ქვეყნებში რელიგიის სწავლება ასეთი სტილით მიმდინარეობდეს: ლოცვით იწყებდნენ და გალობით ასრულებდნენ 🙂 თავადვე აღნიშნეთ, რომ მსოფლიო კრებას განიხილავდნენ. ასეთი სტილი მიმაჩნია სწორად. მსოფლიო კრებების განხილვა და მსჯელობა რა მოუტანა მერე მსოფლიოს ან კონკრეტულ ქვეყანას ამ კრებამ :)))

    ბოდიში გრძელი კომენტარისთვის.

    • უპირველესად გმადლობთ კომენტარისთვის. თქვენი ნებაა რა თქმა უნდა დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ მოდით ჯერ პასუხი გავცეთ.
      1-მეც დაახლოებით იგივე პერიოდში ვსწავლობდი სკოლაში, აქედან გამომდინარე სიტუაცია ნათელია. რაც თქვენ დაასახელეთ რა თქმა უნდა მარაზმია (თავშლები,კომპიუტერები და.ა.შ.), მაგრამ მე შემიძლია დავასახელო ანალოგიურად ,,მარაზმატიკული” გაკვეთილები, რომლებიც ტარდებოდა ან ტარდება ქართულ ლიტერატურაში,ისტორიაში,მათემატიკაში, ფიზიკაში, სამოქალაქო აღზრდაში და.ა.შ. მაგრამ ვფიქრობ არ ვიქნები მართალი, თუ ამ კონკრეტულ მანკიერ გამოვლინებებს, განვაზოგდებ და მაგალითად სკოლაში მათემატიკის სწავლების წინააღმდეგი ვიქნები.
      2- მგონია,რომ მართლმადიდებლობის სწავლებასა და მართლმადიდებლობის ქადაგებას ერთმანეთთან აიგივებთ, რაც უმართებულოა.სკოლაშ მართლმადიდებლობის ქადაგების წინააღმდეგი რომ ვარ, ეს ერთმნიშნელოვნად მაქვს აღნიშნული თემაშიც. მაგალითად მე მყავს ათეისტი მეგობრები, (ისევე როგორც სხვა რელიგიის წარმომადგენლები), მათ ბევრ მართლმადიდებელზე კარგად იციან ეს რელიგია, დაინტერესებულები არიან უფრო მეტის გაგებით და ხშირად ვსაუბრობთ. ცოტა რომ განვაზოგადოთ მე ძალიან არ მომწონს და რიგ საკითხებში უარყოფითი დამოკიდებულება გამაჩნია სიურეალიზმთან ფერწერაში, რადგან რენესანსის თაყვანისმცემელი ვარ, რენესანსის ,,კუთვნილება” ვარ.ამის გამო ჩემთვის სკოლაში სიურეალიზმი რომ არ ესწავლებინათ, ძალიან მეწყინებოდა. ანალოგიურად მე დღესაც სიამოვნებით ვსწავლობ ისლამს, ბუდიზმს და სხვა რელიგიებს, იმის მიუხედავად რომ არასოდეს გავხდები მათი ,,მრევლის წევრი.”
      3- აქ უკვე სტილი ახსენეთ. კი ბატონო, მაგაზე სამსჯელოა და საფიქრალი. ისევე როგორც სხვა გაკვეთილების ჩატარების სტილზე. მაგ: ვიცი ქიმიის მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებს მთელ სასწავლო წელს ქიმიის ლაბორატორიაში ატარებინებენ, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე. ეს რა თქმა უნდა მარაზმია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ქიმიის სწავლება-არსწავლების საკითხი დადგეს სკოლაში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s