რომაული არდადეგების დღიურები; ნაწილი III

სიხარული თუ ,,სიცანცარე” ?

8765

ჩემმა მეგობარმა, რომელიც ევროპაში საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლობს მითხრა, რომ რამდენიმე ხნის წინ ასკეტიკის ისტორიის ლექციაზე, ამავე საგნის ცნობილმა პროფესორმა თქვა, რომ როდესაც პიროვნება საზოგადოებაში ყოფნისას, სევდიანი და მოწყენილი სახით იმზირება, ამ ყოველივეს კი რელიგიური მოტივით ამართლებს, ან ხიბლშია, ანაც სერიოზული ,,სულიერი ბრძოლები” აქვსო. ამ კომპეტენტურ  პროფესორს აბსოლუტურად ვეთანხმები, აი იმას კი ვერ ვხვდები ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი ,,ხიბლში” მყოფია თუ ,,სულიერი ბრძოლების” მქონე.

ადამიანები ვართ, უამრავი ცხოვრებისეული პრობლემა გვაქვს და მუდამ მხიარული ვერ ვიქნებით (ღმერთმა დაგვიფაროს), მაგრამ რა გვჭირს ასეთი უსაშველო, რომ ღიმილის, პოზიტივის და სიხარულის დეფიციტი გვჭირს. ასეთი რა ,,სულიერება გვეტაკა”, რომ საკუთარი უმთავრესი სახელმძღვანელო, ახალი აღთქმაც დაგვავიწყდა. შემთხვევით ხომ არაა, რომ ქრისტე მაცხოვრის ცხოვრების, მოძღვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ წიგნებს ”სახარებები” ეწოდება, ავტორებს -”მახარებლები”, მოციქულები კი ეპისტოლეებს ,,გიხაროდენით” იწყებდნენ.

პავლე მოციქული წერდა კორინთელებს: ,,ვშიშობ, როგორც გველმა თავისი ზაკვით აცთუნა ევა, ვაითუ თქვენი გონებაც ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტესმიერ სიწმიდეს.რადგანაც თუ მოვიდა ვინმე, რათა გიქადაგოთ სხვა ქრისტე, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ან მიგაღებინოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან კიდევ – სხვა სახარება, რომელიც არ გხარებიათ, – დიახაც შეიწყნარებთ მას.”(2კორ.11. 3-4) კორინთელთა მისამართით კი დაიწერა, მაგრამ ჩვენ ისე ,,ავასრულეთ” როგორც დაგიბარებიათ. არათუ შევიწყნარეთ ,,სხვა ქრისტეზე” ქადაგება, არამედ სახარება შევცვალეთ და ”მწუხარება” ვუწოდეთ. მავანის მოწოდებით მივიღეთ გაყინული, სიხარულისაგან დაწრეტილი სახეები, ჩასისხლიანებული თვალები, გაბურძგნული თმა-წვერი, შევქმენით მითები ,,გარყვნილ დასავლეთზე” და მზად ვართ ნებისმიერს გავუსწორდეთ, ვინც არ გვეთანხმება.

გავიხსენოთ ახალი აღთქმა და ის თვისებები, რაც ქრისტიანებს უნდა გაგვაჩნდეს:,,ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.” (გა.5.22-23) ჩვენ კი სიხარული-მწუხარებად შევცვალეთ, სიყვარული-სიძულვილად, მშვიდობა-შფოთად და.ა.შ. საბოლოოდ გამოვიდა რომ ვემსგავსებით ,,ამკრძალავ” ბიუროს, რომელიც იძახის რომ-არ უნდა ჭამო ხორცი,  რძის ნაწარმი, არ უნდა შემოუშვა ტაძარში შარვლიანი და.ა.შ. მაგრამ რაც მთავარია-არ უნდა… ერთმა მოძღვარმა თქვა, რომ ,,ამკრძალავი ბიუროდან” ,,დამკრძალავ ბიურომდე” ერთი ნაბიჯიაო და მართალიცაა.

რომში ერთ-ერთ ჩვეულებრივ ოჯახში ვცხოვრობ. ვაკვირდები ყოველდღიურად ოჯახის წევრთა მოქმედებას და ვფიქრობ, როგორც აქაური ,,ოჯახის უფროსი” სახლში ყოფნისას იქცევა, ანალოგიურად რომ მისი ქართველი ,,კოლეგა” იქცეოდეს და ეს  ვინმემ დაინახოს, მას ,,ცანცარას” იარლიყს მიაკერებს, რაც ავომატურად ,,მიმკერებლის” სერიოზულობაზე მიუთითებს.

შევდივარ მაღაზიაში და გამყიდველი იღიმის (ოღონდ არა ნაძალადევად), მძღოლს სათნო გამომეტყველება აქვს,  მოსწავლეებს სიცილს არავინ უშლის, არც პედაგოგებს უკრძალავს ვინმე ხუმრობას, ქუჩაში მომღიმარ და ნათელ ფერებში ჩაცმულ ხალხს ვუყურებ და.ა.შ. ახლა ვიღაცა იტყვის, ე-მაგათ ,,იდეალური ცხოვრება” აქვთ და მაგიტომო. ჯერ ეს ერთი უამრავი პრობლემაა თუნდაც იგივე იტალიაში და მეორე, რომა-ლაციოს მატჩზე დასწრებაც აბსოლუტურად საკმარისია იმის გასარკვევად, ნერვიულობენ თუ არა რომაელები.

მწუხარება ცხოვრების განუყრელი მოვლენაა, მაგრამ თავისი ადგილი აქვს. მე ის უფრო მაფიქრებს ასეთი ,,სერიოზულები” და ,,სულიერები” რა ვართ, სხვის ცხოვრებისეულ სიხარულს, რომ ,,სიცანცარედ” მივიჩნევთ. არადა ქრისტე გვეუბნება -გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, მარხვის დროს ზეთი იცხეთ, თავს მოუარეთ, მხიარულები იყავით, ხალხს ,,მარხულად” ნუ ეჩვენებით და.ა.შ.

კიდევ ბევრი რამეა სათქმელი, მაგრამ სჯობს ახლა დანამული ,,San Paolo-ს” ფონზე, ჩემი საყვარელი პიროვნების ამონარიდი წავიკითხო:

,,ჩემზედ ამბობენ: ის სიავეს ქართლისას ამბობს..
ჩვენს ცუდს არ მალავს , ეს ხომ ცხადი სიძულვილია?
ბრიყვნი ამბობენ… კარგი გული კი მაშინვე გრძნობს
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია.”

/ილია ჭავჭავაძე/

 

რომი. 03.03.2016

გურამ ლურსმანაშვილი

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under არდადეგები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s