დავით მეფსალმუნის XIX კანონის განმარტება

David-Dancing-before-the-Lord

 

შესავალი

ეკლესიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია დავით წინასწარმეტყველის მიერ შექმნილ ფსალმუნების ტექსტს, რომელიც საღვთისმსახურო (და არა მხოლოდ) ტრადიციაში ფართოდ გამოიყენება. მის შესახებ წმ. ბასილი დიდი ამბობს: ,,როდესაც სულიწმინდამ ნახა, რომ ადამიანთა მოდგმა ძნელად წასაყვანი იყო სათნოებისკენ და რომ ჩვენ, სიამოვნებისაკენ მიდრეკის გამო, უგულებელვყოფდით სწორ ცხოვრებას, მელოდიის საამურობით შეგვიზავა მან დოგმატები, რათა ხმის სიამესა და სინარნარეში შეუმჩნევლად შეგვეთვისებინა სიტყვათმიერი სარგებლობაც.’’[1] რთულია ამ სიტყვებს რამე დაამატო და განავრცო, თუმცა წინამდებარე თემაში სწორედ ფსალმუნების ირგვლივ ვისაუბრებთ. კონკრეტულად კი გამოვყოფთ მე-19 კანონს.

აღნიშნული კანონი 9 ფსალმუნისგან შედგება და მათ შესახებ საუბარი დიდხანს შეიძლება. თუმცა, თემის სტილიდან გამომდინარე შევეცადეთ რომ თითოეული ფსალმუნიდან მხოლოდ ძირითად ნაწილებზე გაგვემახვილებინა ყურადღება და დანარჩენების შესახებ კი ზოგადი მსჯელობით შემოვფარგლულიყავით.

ფსალმუნთა რიგითობა მასორეტულ (ებრაულ ენაზე შესრულებულ) და სეპტუაგინტასეულ (ბერძნულენოვან) ტექსტებში განსხვავებულია. წინამდებარე ნაშრომში ფსალმუნთა დანომვრისას ფრჩხილებში ჩასმული რიცხვი მიეკუთვნება ბერძნულენოვან თარგმანს, ხოლო რიგით პირველი დასახელება კი მასორეტულს. თემაში ციტატები მოყვანილი წიგნის გიორგი მთაწმინდელისეული თარგმანიდან, ხოლო ტექსტში გამოყენებული მითითება -‘’მცხ.’’ მიუთითებს რომ კონკრეტული ადგილი მცხეთური ხელნაწერიდანაა ამოღებული.

135 (134) ფსალმუნი
ფსალმუნს ზედწერილად აქვს ,,ალილუია’’, (ალელუაჲ მცხეთ. ხელნ)
הַ֥לְלוּ יָ֨הּ ׀ (HALLELU-JAH), რომლისგანაც (ფრაზა JAH) יָ֨הּ ׀ უშუალოდ უფლის სახელ იაჰვეს მიემართება. ,,ალელუიას’’ შესახებ წმიდა გრიგოლ ნოსელი ამბობს: ,,ალელუიაი განიმარტება, როგორც ,,ქება ღვთისა’’, რადგან ,,ალელუ’’ არის ქება, ხოლო ,,ია’’- ღმერთი. ამიტომ ნაცვლად სიტყვებისა: ,,აქებდეთ უფალსა, რადგან კარგია ფსალმუნი’’(ფს.146.1) სვიმაქოსმა ეს დაწერა: ,,ალელუია, რადგან კარგია ფსალმუნი.’

ეს ფსალმუნი შექმნილია მოზაიკურ სტილში. იგივე სტილითაა დაწერილი 97-ე ფსალმუნის 1-12 და 98-ე ფსალმუნის 1-9 მუხლები. ლათინი პოეტი ლუცილიუსიც კი იყენებს მის ნაწყვეტს.[4]

დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნს იწყებს ხალხისადმი მოწოდებით, რომ ადიდონ უფალი. შემდეგ კი ასაბუთებს, თუ რატომ უნდა გააკეთონ ეს. უპირველესად იმიტომ, რომ ღმერთი ცისა და მიწის შემოქმედია, უამრავი სასწაულების აღმასრულებელი, გარდა ამისა  მრავალჯერ შეეწია იგი ისრაელს, რის გამოც ერი ვალდებულია  მადლიერების  გრძნობა გამოხატოს, თუნდაც მეფე სეონისა და ოგის დამარცხება რად ღირს: ,, 10. რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი; 11. სეონ, მეფე ამორეველთაი და ოგ, მეფე ბასანისაი და ყოველნი მეფენი ქანანისანი; 12. და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, სამკვიდრებელად ისრაელსა, ერსა თვისსა.’’ ამის შემდეგ ავტორი უკვე კერპების შესახებ იწყებს საუბარს: 15.,,კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი.’’ მცხ.:15. ,,კერპნი წარმართთანი ოქროსა და ვეცხლისანი, ქმულნი ჴელთა კაცისანი.’’- ებრაულ ტექსტში გამოყენებულია სიტყვა-(אף), რაც კერპების საყნოსელ ორგანოზე მიუთითებს. იგივე საკითის შესახებ იერემიასთან ვხვდებით הריח (იერ.10.14), სამუელთან კი (הריח (სამ.21:9). ეს უკანასკნელი, იგივენაირად გამოიყენებოდა არამეულში და ასევე ჩრდილო-პალესტინურ წერილობით წყაროებშიც.[5]

ავტორი ფსალმუნს იმავე მოტივით ამთავრებს რითაც დაიწყო და უფლის დიდების აღვლენისკენ მოუწოდებს ერს.

136 (135) ფსალმუნი

ფსალმუნი იწყება მიმართვით: 1. ,,აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;’’ მცხ.:2. ,,აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ.’’  ზოგიერთს, ამ ფრაზის მიხედვით ეგონათ, რომ ისრაელიანებს მრავალღმერთიანობისა სჯეროდათ, ამავდროულად ფიქრობდნენ, რომ მათი ღმერთი იაჰვე, იყო ყველა სხვაზე აღმატებული. მაგრამ ეს აზრი აბსურდია. წინამდებარე სიტყვები დაწერილია უბრალო, მარტივად გასაგებ ენაზე, რომელზეც რიგითი ადამიანები საუბრობენ. ,,ღმერთი ღმერთებისა’’- ამ სიტყვებით გამოხატულია ჩვენი უაღმატებულესი მადლიერება ღმერთისადმი.[6]

ამ ყოველივეს შემდეგ დავით მეფე აგრძელებს წინა ფსალმუნში ხაზგასმულ პათოსს. ერს მოუწოდებს უფლისადმი დიდების აღვლენისკენ, ახსენებს რომ ღმერთი შემოქმედია და მრავალი სასწაული აღუსრულებია ისრაელისათვის, ახსენებს  ერის ეგვიპტიდან  გამოყვანას და მომხდურ მეფეებზე გამარჯვებას, საუბრის ბოლოს კი ისევ იმეორებს რომ: ,,26. აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.’’

137 (136) ფსალმუნი

          წინამდებარე ფსალმუნში ავტორი, ისრაელი ერისათვის უმძიმეს პერიოდს იხსენებს. იგი საუბრობს გადასახლების იმ სიმწარეზე, რომელიც ებრაელებმა გამოიარეს. 1. მცხ.: ,,მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი.[7]

ბაბილონის მდინარეები ბიბლიის სხვა ნაწილებშიცაა მოხსენიებული. შეგვიძლია დავასახელოთ უპირველესად ევფრატი და ტიგროსი, ამავდროულად ქებარი და ულაი (ეზეკ. 1.3; დან. 8.2)[8]

  1. მცხ.: ,,რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყუანებელნი ჩუენნი გალობასა: გჳგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა.’’ როგორც თარგუმი გადმოგვცემს, ეს ბაბილოვნელებმა გააკეთეს და წააგავდა იმას, როგორც ფილისტიმელები ექცეოდნენ სამფსონს.[9]
  2. მცხ.: ,,ვითარმე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა?’’ ესაა უცხო მიწა, ჩვენი სახლებიდან და ტაძრიდან ძალიან შორს, როგორ შეგვიძლია ჩვენ ვიპოვოთ შინაგანი ძალა, ამგვარი სიმღერის შესასრულებლად? განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც არ ვგრძნობთ თავს ბედნიერად და მხიარულად. ჩვენ ვართ ისეთ სახელმწიფოში (იგულისხმება ტყვეობა), სადაც გულები დამწუხრებულები გვაქვს, რის გამოც არ შეგვიძლია სიმღერა.[10]
  3. მცხ.: ,,მოიჴსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალჱმისა, რომელნი იტყოდეს: დაარღჳეთ, დაარღჳეთ მისაფუძვლადმდე მისა!’’ იერუსალიმის დანგრევის დროს, იდუმიელები ბაბილონელებთან იყვნენ გაერთიანებულნი, და განსაკუთრებული აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ. სწორედ ამითაა განპირობებული ებრაელთა გაბრაზება.[11]
  4. მცხ.: ,,ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ!’’[12] ბაბილონის ასული- იგულისხმება ქალაქი და საკუთრივ ბაბილონის იმპერია, მასში მცხოვრებ ხალხთან ერთად. ,,ნეტარ არს’’- ნეტარია ის ვიღაც უცნობი პიროვნება, რადგან გახდა ღმერთის ყოვლადსამართლიანობის შესასრულებელი იარაღი. ასეთი მეფე იყო კიროსი, რომელმაც დასცა კიდეც ბაბილონის იმპერია.

,,რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ’’- საუბარია საღვთო სამართლიანობის აღსრულების შესახებ.[13]

  1. მცხ.: ,,ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩჳლნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა.’’ ანალოგიური რამ ბაბილონელებმა მოიმოქმედებს ებრაელი ბავშვების წინააღმდეგ. (ეს. 13:16) თუ ტექსტს პირდაპირ გავიგებთ, მაშინ ამგვარი ბოროტი მოდგმის შთამომავლობა, ფესვებშივე უნდა მოისპოს. ზოგი ამ ყოველივეს ალეგორიულად მიიჩნევს და ამბობს, რომ ნაგულისხმებია ცოდვა, და გულის სიღრმეში მის წინააღმდეგ ბრძოლა.’’[14]

138 (137) ფსალმუნი

          წინამდებარე ფსალმუნის ბერძნული ენიდან შესრულებულ ქართულ თარგმანებში (როგორც მთაწმინდელის მიერ, ასევე მცხეთურ ხელნაწერში) ვკითხულობთ:

,,1. აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და წინაშე ანგელოზთასა გიგალობდე შენ, რამეთუ ისმინენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი’’.1.მცხ.: ,,.აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და წინაშე ანგელოზთასა გიგალობდე შენ;’’ საკუთრივ ბერძნულენოვანი ტექსტი გადმოგვცემს: ,,ΕΞΟΜΟΛΟΓΗΣΟΜΑΙ σοι, Κύριε, ἐν ὅλῃ καρδίᾳ μου, καὶ ἐναντίον ἀγγέλων ψαλῶ σοι, ὅτι ἤκουσας πάντα τὰ ῥήματα τοῦ στόματός μου.’’[15] სეპტუაგინტას ინგლისურენოვანი თარგმანიც იგივე ნაირად იკითხება: ,,A Psalm for David, of Aggaeus and Zacharias. I will give thee thanks, O Lord, with my whole heart; and I will sing psalms to thee before the angels; for thou hast heard all the words of my mouth.’’[16](BRENTON. SEPT. TRANSLATION). განსაკუთრებულ ყურადღებას ამ მუხლს ვაქცევთ იმიტომ, რომ ებრაულ ტექსტში და მასზე დაყრდნობილ თარგმანებში ანგელოზების მაგივრად წერია ღმერთი:

Westminster Leningrad Codex
לְדָוִ֨ד ׀ אֹודְךָ֥ בְכָל־לִבִּ֑י נֶ֖גֶד אֱלֹהִ֣ים אֲזַמְּרֶֽךָּ׃

King James Bible
A Psalm of David. I will praise thee with my whole heart: before the gods will I sing praise unto thee.

 Russian: Synodal Translation (1876)
(137:1) Давида. Славлю Тебя всем сердцем моим, пред богами пою Тебе;

 Romanian: Cornilescu
(Un psalm al lui David.) Te laud din toată inima, cînt laudele Tale înaintea dumnezeilor.[17]

იგივეს თქმა შეგვიძლია საქართველოს საპატრიარქოს, 1989 წლის  ბიბლიის გამოცემაზეც: 1.,,გადიდებ შენ მთელი ჩემი გულით, ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ.’’ ზემოთმოყვანილ წყაროთა განხილვის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ რომ აქ არაა საუბარი, ანგელოზებსა და ღმერთს შორის არსებულ ჰიპოსტასურ სხვაობაზე. ზოგადად, წმიდა წერილში გვხვდება ადგილები, სადაც სახელი ანგელოზი მიემართება უფალს. იგივე ითქმის აქაც.

წინასწარმეტყველი უფალს კონკრეტული სახელის გარეშე მიმართავს, ეს მის დიდებულებაზე ხაზგასმას ნიშნავს. რაც შეეხება ფრაზას- ,,ღმერთების წინაშე’’ ებრაულ ტექსტში გვხვდება სიტყვით-אמרה, გამოითქმის როგორც ,,ელოიჰიმ’’ და გამოხატავს ღვთისადმი უაღმატებულესი პატივის მიგებას.[18]

139 (138) ფსალმუნი

წინამდებარე ფსალმუნში დავით მეფე  უფლის სხვადასხვა თვისებებზე   უსმევს ხაზს,  მიუთითებს მის ყოვლადძლიერებაზე, ყველგანმყოფობაზე და ცალკე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ სამყაროში არსებული ყველა მოვლენა, სწორედ უფლის თანამონაწილეობით ხდება, მათ შორის ახალი სიცოცხლის დაბადებაც.

  1. ,,არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა შინა ქუეყანისათა.’’ ჩემი ძვლები – აქ აღნიშნავს არა კონკრეტულად ძვლებს, არამედ ზოგადად ადამიანის სხეულს, მის ძვლებს, კუნთებს, ვენებს, არტერიებს და სხვა ნაწილებს, რაც ერთიან ორგანიზმს ქმნის.[19]

ქვესკნელთა შინა ქვეყანისათა- ეს სიტყვები წმ.წერილისთვის დამახასიათებელი სტილითაა დაწერილი და აღინიშნება ადამიანის ჩასახვა.[20]

ფსალმუნის დასასრულს კვლავ იხსენებს ავტორი საკუთარ მტრებს და ისურვებს რომ განადგურდნენ: ,,19. ,,უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან.’’ დავითმა იცის, რომ სახიფათო გზაზე დგას და უფლის შეწევნის გარეშე დასაღუპადაა განწირული. სწორედ ამ მეოხებას გამოითხოვს იგი: 24. ,,და იხილე, არს თუ გზაი უჰსჯულოებისაი ჩემ თანა, და მიძღოდე მე გზასა მას საუკუნესა.’’

140 (139) ფსალმუნი

ამ ფსალმუნშიც მეფე აგრძელებს ზემოთდაწყებულ აზრს და მტრებისგან დაცვას სთხოვს უფალს: 1.,,განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკეთურისა და კაცისა ცრუისაგან მიხსენ მე.’’ ამ შემთხვევაში ნაგულისხმებია საული ან დოეგი. არაა გამორიცხული პირადი, სხვა რომელიმე მტერი.[21]

დავითი არა მხოლოდ შეწევნას სთხოვს უფალს, არამედ იმაზეც ხაზს უსმევს თუ რატომ უნდა უნდა  დაეხმაროს მას ღმერთი: 9.,,ნუ მიმცემ მე, უფალო, გულის-თქუმისა ჩემისაგან ცოდვილსა; განიზრახეს ჩემთვის ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ.’’ საუბრის ბოლოს ჩანს, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი ავტორი, რის საფუძველსაც აძლევს უფლის ყოვლადსამართლიანობა და მოწყალება: ,,13. უწყი, რამეთუ ყოს უფალმან საშჯელი გლახაკთაი და სამართალი დავრდომილთაი. 14. ხოლო მართალთა აუარონ სახელსა შენსა, და წრფელთა დაიმკვიდრონ წინაშე პირსა შენსა.’’

141 (140) ფსალმუნი

წინამდებარე ფსალმუნი სხვებისგან გამორჩეულია თავისი სტილით. იგი ჩართულია მწუხრის მსახურებაშიც და  იწყება უფლის მოხმობით, რის შემდეგაც ავტორი გამოთქვამს სურვილს, რომ თავისი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა. დავითმა იცის რომ ცოდვაა მრავალმეტყველება და ამაოდმეტყველება, რის დასამარცხებლადაც შეწევნას გამოითხოვს:  3. ,,დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი – ბაგეთა ჩემთა.’’ მეფსალმუნემ ისიც უწყის, რომ ხშირად სასჯელი პედაგოგიური დანიშნულებისაა და სიტუაციის გამოსწორებისკენაა მიმართული: 5. ,,მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისაი ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვაი ჩემი ნებასა მათსა.’’ ფსალმუნის ბოლოს მეფე ჩვეულებისამებრ სთხოვს შეწევნას უფალს და მტრებზე ძლევას:  ,,9. მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უშჯულოებასა. 10. შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლოი ვარი მე ვიდრემდის თანა-წარვჰხდე?’’

142-141 ფსალმუნი

          ამ ფსალმუნშიც, ცხოვრებისეული სიძნელეებისგან გატანჯული დავითი უფალს მიმართავს შეწევნისთვის: 4. ,,ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არავინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლაი ჩემგან, და არავინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა. 5. ღაღად-ვჰყავ შენდამი, უფალო, და ვსთქუ: შენ ხარ სასოი ჩემი, ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა.’’ შემდეგ კი აგრძელებს: 6.,,მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად; მიხსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის. 7. გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რაითა აუვარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი ვიდრემდის მომაგო მე.’’ -სავარაუდოდ ამ  წინადადებებში დავითის ადულამის გამოქვეაბულში ყოფნის პერიოდია გადმოცემული, მასთან ერთად იყო აგრეთვე დაახლოებით 400 თანამოაზრე,  მაგრამ მისი მტერი საული, ათასეულთა მეთაური იყო. ამავდროულად დავითს მტრობდა დოეგიც. აქედან გამომდინარე ადვილი მისახვედრია მეფის დრდტვინვის მიზეზი.[22]

143-142 ფსალმუნი

142-ე ფსალმუნი, რიგითობის მიხედვით უკანასკნელია მეცხრამეტე კანონში. დავით მეფე დასაწყისშივე ამბობს, რომ უფალი ყველა სხვა არსებაზე ზეაღმატებულია და ბუნებითად, მათი ერთმანეთთან გათანასწორება შეუძლებელია. ამ ფსალმუნში, ისევე როგორც სხვაგან, ადვილად შესამჩნევია მტრებისგან გადაღლილი დავითის გულისტკივილი: 3. ,,რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.’’ წინამდებარე მუხლებში გადმოცემული აზრის მიხედვით ,,სულში’’ იგულისხმება ადამიანის სიცოცხლე, ხოლო ქვეყანაში კი ის წუთისოფელი, სადაც ამ სიცოცხლისთვის ბრძოლა უწევს ადამიანს.[23]

ფსალმუნში შეინიშნება განვლილი ცხოვრების ერთგვარი ნოსტალგია: 5.,,მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.’’ საუბრის ბოლოს კვლავ მტრების თემა იწევს წინ, რომლებზე ძლევისთვისაც შეწევნას გამოითხოვს ავტორი:12.,,და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.’’ მტერში პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება იგულისხმებოდეს აბესალომი, წინასწარმეტყველის ვაჟი, ხოლო გადატანით კი ბოროტი ძალა.[24]

დასკვნა

წინამდებარე ნაშრომში შევეცადეთ უმოკლესად გადმოგვეცა მე-19 კანონში ხაზგასმული მნიშვნელოვანი სწავლებები და მონაცემები. თემაში მოყვანილ ცნობების სიმწირის მიუხედავად, ვფიქრობთ მკითხველისთვის მარტივი გასაგებია თუ რაოდენ ღრმა სწავლებას და მნიშვნელოვან მონაცემებს ინახავს ეს ტექსტები, რამაც განაპირობა, რომ ეკლესიამ თავის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი გამოუყო მათ და საეკლესიო ღვთისმსახურების უცვლელ  შემადგენელ ნაწილად დააკანონა.

 

გამოყენებული  ლიტერატურა და წყაროები

ბიბლია; საქართველოს საპატრიარქო; თბილისი-1989

ფსალმუნნი : დავით წინასწარმეტყველისა და მეფისა გალობა (მთარგმნელი). – თბილისი, საპატრიარქოს გამომცემლობა, 1997

გული გონიერი; №1; რედაქტორი-ედიშერ ჭელიძე; თბილისი-2011 წელი

http://www.apostoliki-diakonia.gr

https://el.wikipedia.org

http://www.sainttamar.org

http://www.orthodoxy.ge

http://biblehub.com

 

[1] გული გონიერი; №1;გვ.172; 2011 წელი

[2] Barnes’ Notes on the Bible; http://biblehub.com/commentaries/psalms/135-1.htm

http://biblehub.com/commentaries/psalms/135-1.htm

[3] გული გონიერი; №1;გვ.170; 2011 წელი

[4]Keil and Delitzsch OT Commentary http://biblehub.com/commentaries/kad/psalms/135.htm

[5] Keil and Delitzsch OT Commentary იქვე

[6] Jamieson-Fausset-Brown Bible Commentary; http://biblehub.com/commentaries/psalms/136-1.htm

[7] Westminster Leningrad Codex
עַ֥ל נַהֲרֹ֨ות ׀ בָּבֶ֗ל שָׁ֣ם יָ֭שַׁבְנוּ גַּם־בָּכִ֑ינוּ בְּ֝זָכְרֵ֗נוּ אֶת־צִיֹּֽון׃

King James Bible
By the rivers of Babylon, there we sat down, yea, we wept, when we remembered Zion.;

Псалтирь 137:1 Russian: Synodal Translation (1876)
(136:1) При реках Вавилона, там сидели мы и плакали, когда вспоминали о Сионе;

http://biblehub.com/multi/psalms/137-1.htm

 

[8] Keil and Delitzsch OT Commentary http://biblehub.com/commentaries/kad/psalms/137.htm

[9] Gill’s Exposition of the Entire Bible http://biblehub.com/commentaries/psalms/137-1.htm

[10] Barnes’ Notes on the Bible იქვე

[11] Barnes’ Notes on the Bibleიქვე

[12]ვენსტმინსტერის კოდექსი: בַּת־בָּבֶ֗ל הַשְּׁד֫וּדָ֥ה אַשְׁרֵ֥י שֶׁיְשַׁלֶּם־לָ֑ךְ אֶת־גְּ֝מוּלֵ֗ךְ שֶׁגָּמַ֥לְתְּ לָֽנוּ׃;

king James Bible- O daughter of Babylon, who art to be destroyed; happy shall he be, that rewardeth thee as thou hast served us.;

 Russian: Synodal   Дочь Вавилона, опустошительница! блажен, кто воздаст тебе за то,что ты сделала нам!;

Romanian: CornilescuAh! fiica Babilonului, sortită pustiirii, ferice de cine-ţi va întoarce la fel răul pe care ni l-ai făcut!

http://biblehub.com/multi/psalms/137-8.htm

[13] Matthew Poole’s Commentary იქვე

[14] Gill’s Exposition of the Entire Bible იქვე

[15] http://www.apostoliki-diakonia.gr/bible/bible.asp?contents=old_testament/contents_Psalmoi.asp&main=psalmoi&file=24.137.htm

[16] http://biblehub.com/sepd/psalms/138.htm

[17] http://biblehub.com/multi/psalms/138-1.htm

[18] Keil and Delitzsch OT Commentary http://biblehub.com/commentaries/kad/psalms/138.htm

[19] Benson Commentary http://biblehub.com/commentaries/psalms/139-1.htm

[20] Matthew Poole’s Commentary იქვე

[21] Benson Commentary http://biblehub.com/commentaries/psalms/140-1.htm

[22] Pulpit Commentary; http://biblehub.com/commentaries/psalms/142-1.htm

[23] Matthew Poole’s Commentary  http://biblehub.com/commentaries/psalms/143-1.htm

[24] Gill’s Exposition of the Entire Bible http://biblehub.com/commentaries/psalms/143-1.htm

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under წმიდა წერილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s