კანტის შეხედულება ღმერთზე

immanuel-kant

 

შინაარსი

შესავალი;

ღმერთის არსებობის დასაბუთების სამი ტიპი;

ღმერთისა და მორალის შესახებ;

დასკვნა;

გამოყენებული  ლიტერატურა;

შესავალი

          კლასიკური ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენელია იმანუელ კანტი, რომლის სწავლებები მრავალმხრივაა საინტერესო. წინამდებარე თემაში ვისაუბრებთ მის მიერ ღმერთის შესახებ გამოთქმული მოსაზრებების ირგვლივ. ამ საკითხზე საუბრის გაგრძელება მისი მნიშვნელობისა და მოცულობიდან გამომდინარე დიდხანს შეიძლება, თუმცა, ჩვენ შევეცდებით გამოვყოთ რამდენიმე კონკრეტული მიმართულება და სწორედ ისინი განვიხილოთ.

ღმერთის არსებობის შესახებ კანტის მსჯელობა ძირითადად მის ორ ნაშრომშია გადმოცემული. ესენია: „წმინდა გონების კრიტიკა“ და „პრაქტიკული გონების კრიტიკა“. დასახელებულ წიგნთა სახელწოდებებიც ნათლად მიანიშნებს იმას, რომ კანტის აზრით, წმინდა გონებას არ ძალუძს ღმერთის არსებობის დამტკიცება, რასაც ვერ ვიტყვით პრაქტიკული გონების შესახებ.

ღმერთის არსებობის დასაბუთების სამი ტიპი

კანტი, ღმერთის არსებობის მისთვის ცნობილ დასაბუთებებს ერთად შეკრებს და სამ ნაწილად დაჰყოფს. ვნახოთ თუ რას წერს მათ შესახებ გურამ თევზაძე: ,,პირველი, როდესაც გონება განსაზღვრული, ჩვენი გრძნობადი ცდიდან მიზეზობრიობის კანონის მიხედვით ცდილობს სამყაროს გარეთ არსებული უმაღლესი მიზეზის არსებობაზე დაასკვნას, მეორე, როცა გონება გამოდის არა ჩვენი ცდიდან, ან რაიმე გარკვეული სამყაროდან, არამედ საერთოდ ცდიდან როგორც ასეთიდან, სულ ერთია ჩემი ცდაა თუ სხვისი, ნაცნობი თუ უცნობი, და აქედან ცდილობს ღმერთის არსებობა გაამართლოს. მესამე გზა განსხვავებულია პირველი ორისაგან. იგი გამოდის არა რაიმე ცდიდან, არამედ უმაღლესი არსების შესახებ ჩვენი ცდებიდან და აპრიორულად ასკვნის ამგვარი ინსტანციის არსებობაზე. ღმერთის არსებობის დასაბუთების ამ გზათაგან პირველს  კანტი უწოდებს ფიზიკოთეოლოგიურს, მეორეს-კოსმოლოგიურს,  ხოლო მესამეს -ონტოლოგიურს.’’[1]

საკითხს უფრო მეტად განავრცობს თეიმურაზ ბუაძე, რომელიც სამივე ნაწილს ცალ-ცალკე განიხილავს. ვნახოთ თუ რას წერს დასახელებული  მკვლევარი ონტოლოგიური არგუმენტის შესახებ: ,,კანტი აცხადებს, რომ ნებისმიერი რეალობის კონცეპტი ამ რეალობის პრედიკატების ერთობაა, არსებობა კი პრედიკატი არ არის. აქედან გამომდინარე, ღმერთის კონცეპტი არ შეიძლება მისი არსებობის არგუმენტად ჩაითვალოს. ეს აზრი უფრო მარტივად შეიძლება ასე გამოითქვას: როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი არის ყოვლისმცოდნე, ყოვლადძლიერი, მარადიული, უცვალებელი და ა. შ. არსი, მაშინ ღმერთს (სუბიექტს) მივაწერთ ატრიბუტებს ანუ პრედიკატებს[2]: „მარადიული“, „უცვალებელი“ და ა. შ. რაც მის კონცეპტს ქმნის. რაც შეეხება ფრაზას: „ღმერთი არსებობს“, ის ღმერთის ცნებას ახალ პრედიკატს არ ამატებს. აქედან გამომდინარე, ღმერთის კონცეპტიდან არ შეიძლება მისი არსებობის გამოყვანა.’’[3]

ონტოლოგიური დასაბუთების შესახებ კანტის მიერ მოტანილი მსჯელობის ირგვლივ, გურამ თევზაძე წერდა: ,,ღმერთის ონტოლოგიური დასაბუთების შეუძლებლობის დადგენა შოპენჰაუერს კანტის ერთ-ერთ უდიდეს დამსახურებად მიაჩნდა. ამით კანტმა ერთი მხრივ დაასაბუთა, რომ ფილოსოფია არ გამოდგება თეოლოგიის მსახურად, თუნდაც ეს მეცნიერს ძალიან სურდეს, მეორე მხრივ, ამ მოძღვრებით კანტმა შექმნა ისეთი პოზიცია, რომელიც არასგზით არ შეიძლება თანხმობაში მოვიდესო გერმანული კლასიკური იდეალიზმის განვითარებასთან, განსაკუთრებით ჰეგელის ფილოსოფიასთან, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ღმერთის ონტოლოგიური  დასაბუთების გაბუნდოვანება და გართულება. შოპენჰაუერს ამით სურდა თავი კანტის ერთადერთ მემკვიდრედ გამოეცხადებინა. [4]

კოსმოლოგიური დასაბუთების შესახებ კანტი, ‘’წმინდა გონების კრიტიკაში’’ წერს: ,,ამრიგად, ტყუილად დაიხარჯა და დაიკარგა ამდენი შრომა და გარჯა ცნებებით უზენაესი არსების არსებობის განთქმულ ონტოლოგიურ დასაბუთებაზე, და ადამიანი მხოლოდ იდეების საშუალებით ისევე ვერ გაიმდიდრებს ცოდნასა და გაგებას, როგორც ვერ გამდიდრდება ვაჭარი, რომელიც თავისი ქონებისა და მდგომარეობის გაუმჯობესებას მოიდომებდა მხოლოდ იმით, რომ თავის სალაროს თანხას რამდენიმე ნულს მიუწერდა.’’ [5]

თეიმურაზ ბუაძე რიგით მეორე, კოსმოლოგიური არგუმენტის შესახებ ამბობს:,, კოსმოლოგიური არგუმენტი სამყაროს ემპირიულ რეალობებზე (ის, რაც გამოცდილებაში მოიცემა) დაკვირვებას ეყრდნობა… კანტის მიხედვით, ასეთი ლოგიკური გადასვლა გაუმართლებელია. მისი ფილოსოფიის თანახმად, მიზეზ–შედეგობრივ კატეგორიას მხოლოდ ის რეალობა ემორჩილება, რომელიც ჩვენს გამოცდილებაში მოიცემა. რაკი სამყარო მის მთლიანობაში არასოდეს მოიცემა გამოცდილებაში, იგი არც მიზეზ–შედეგობრივ კატეგორიას ექვემდებარება, ამიტომ უფლება არ გვაქვს, საერთოდ წარმოვთქვათ ასეთი ფრაზა: „სამყაროს არსებობის მიზეზი არის…“. კანტის მთავარ ინტუიციაზე მისანიშნებლად და არა მის საილუსტრაციოდ, შეიძლება რიცხვებთან დაკავშირებული მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ: როგორი რიცხვიც არ უნდა ავიღოთ, ყოველთვის მოიძებნება სხვა რიცხვი, რომელიც მასზე დიდი იქნება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველი რიცხვი „სასრულია“. მიუხედავად იმისა, რომ ცალ–ცალკე აღებული ყველა რიცხვი „სასრულია“, ჩვენ არ შეგვიძლია იგივე ვთქვათ ყველა რიცხვის სიმრავლეზე, ანუ ყველა რიცხვზე ერთდროულად, რადგან არ არსებობს რიცხვი, რომელიც ერთდროულად ყველა დანარჩენ რიცხვებს აღემატება. ეს მაგალითი მიგვანიშნებს კანტისეულ ინტუიციაზე; ჩვენ არ შეგვიძლია თვისებები, რომლებიც სამყაროს შემადგენელ ელემენტებს, თითოეულ მათგანს, ახასიათებს ავტომატურად გადავიტანოთ მთელ სამყაროზე.’’[6]

გურამ თევზაძე ამავე საკითხის შესახებ წერს: ,,უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კოსმოლოგიური დასაბუთება გამოდის არა რაიმე ცდიდან კონკრეტული სახით, არა რაიმე ფაქტიდან, ან რაიმე სამყაროდან, არამედ საერთო ცდიდან, საერთოდ სამყაროდან. იგი ხელმძღვანელობს გონების აპრიორული პრინციპით, რომელიც გვეუბნება, რომ ყოველი ცდა შემთხვევითია. კოსმოლოგიური დასაბუთება შემდეგ ამ პრინციპსაც მიატოვებს და აბსოლუტური არსების წმინდა ცნებს დაემყარება. ცნებიდან კი, როგორც ვიცით, არსებობა არ გამომდინარეობს.’’[7]

ახლა რაც შეეხება ფიზიკო-თეოლოგიურს. მის შესახებ ფილოსოფოსის მოსაზრება შემდეგნაირად გადმოიცემა: ,,კანტი ტერმინით – ფიზიკოთეოლოგიური ადრე ნახსენებ ტელეოლოგიურ არგუმენტს აღნიშნავს, რომელიც სამყაროში არსებულ წესრიგს იშველიებს ღმერთის არსებობის მტკიცებისას. კანტი ყველაზე მეტად ამ არგუმენტს აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ის სამყაროს მომწესრიგებელი ძალის აუცილებელ არსებობაზე უფრო მიუთითებს, ვიდრე სამყაროს შემოქმედ ღმერთზე.’’[8]

ამავე საკითხის შესახებ  გურამ თევზაძე აღნიშნავს: „ცდის ასპექტით, რაგინდ შორს წავიდეთ, რაგინდ ღრმად ჩავწვდეთ სამყაროს მიზანშეწონილობის სიდიადეს, ღმერთის როგორც შემოქმედის ცნებასთან მაინც ვერ მივალთ. ამიტომ ფიზიკოთეოლოგიური დასაბუთება კოსმოლოგიურზე აკეთებს ნახტომს…ამრიგად, წერს კანტი, ფიზიკოთეოლოგიურ დასაბუთებას არა აქვს უფლება ზემოდან უყუროს ტრანსცენდენტალურ დასაბუთებას. ‘’[9]

ღმერთისა და მორალის შესახებ

კანტის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უკავია მორალის შესახებ სწავლებას. მას  სურდა რომ ეს უკანასკნელი რელიგიის გარეშე დაემკვიდრებინა. ამ საკითხის შესახებ თეიმურაზ ბუაძე წერს: ,,კანტი დარწმუნებულია, რომ მისი კატეგორიული იმპერატივი ყველა ადამიანურ ცოდვას ეწინააღმდეგება. იგი თვლის, რომ ადამიანური მორალის ავტონომიურობა (როცა ეთიკა რაციონალურ პრინციპებს ეფუძნება და არა რელიგიურ რწმენას ) ჩვენი ღირსების ფუნდამენტია; ის, რაც ღირსების სფეროს განეკუთვნება, შეუფასებელია ანუ ტოლფასი არ გააჩნია და არ შეიძლება რაიმეში გაიცვალოს; მაგალითად, როგორი მიზანშეწონილიც არ უნდა გვეჩვენებოდეს გარკვეულ სიტუაციაში ტყუილის თქმა, არასოდეს არ უნდა დავაკნინოთ ჩვენი ადამიანური ღირსება სიცრუით, რადგან არაფერს ძალუძს დაკარგული ღირსების კომპენსაცია.’’[10]

უფრო მეტიც, კანტის აზრით რელიგიის არსებობაც მორალზეა დამოკიდებული: ,,ჭეშმარიტ რელიგია კანტისათვის იგი მხოლოდ იქ შეიძლება არსებობდეს, სადაც თავისუფალი არჩევანია. მაგრამ კანტი აქედან ათეისტურ დასკვნებს როდი აკეთებს. პირიქით, მას მიაჩნია, რომ ზნეობრივი მოქმედებით ადამიანი უკვე ამტკიცებს, რომ მას ღმერთი სწამს, თუნდაც თეორიულად უარყოფდეს კიდეც მის არსებობას. კანტმა კატეგორიული იმპერატივის[11] (იმის მიმართ უპირობო მოთხოვნის, ვისაც სურს, რომ მორალურად ჩაითვალოს) რამდენიმე ფორმულირება მოგვცა. მათგან ყველაზე გავრცელებულია შემდეგი „მოიქეცი ისე, რომ შენი ნების მაქსიმა, ამავე დროს, მუდამ საყოველთაო პრინციპად გამოდგებოდეს“ (20,110). ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მე, მაგალითად, ტყუილის თქმა გადავწყვიტე, ჩემი გადაწყვეტილების ზნეობრივი თვალსაზრისით შესამოწმებლად, კითხვა ასე უნდა დავსვა: მსურს თუ არა მე, რომ ყოველი ადამიანი ასე იქცეოდეს? უფრო შინაარსეული სახით კანტი კატეგორიულ იმპერატივს ასე გამოხატავს: მოიქეცი ისე, რომ შენს მოქმედებაში, როგორც შენი საკუთარი თავის, ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, ადამიანი ყოველთვის იყოს აგრეთვე მიზანი და არასდროს მხოლოდ საშუალება (20,112).’’[12]

ფილოსოფოსი ამასაც არ ჯერდება და თვით ღმერთის არსებობის აღიარებასაც, მორალს უკავშირებს:„წმინდა გონების კრიტიკაში“ კანტი ღმერთის არსებობის აღიარებამდე „პრაქტიკული ლოგიკის“ საშუალებით მიდის; მისი აზრით, ჩვენში არსებული მორალური გრძნობა გვიბიძგებს, გვჯეროდეს, რომ კეთილ საქმეებს ბედნიერებამდე მივყავართ და რომ მხოლოდ კეთილი ადამიანები იმსახურებენ ამ უკანასკნელს (ბედნიერებას); ჩვენი მიწიერი გამოცდილება ხშირად არ ამართლებს ამ მოლოდინს; ვხედავთ, რომ ბოროტი კაცი გალაღებული და წარმატებულია, კეთილი კი გაჭირვებასა და მწუხარებას მოუცავს. აქედან გამომდინარე, იგივე მორალური გრძნობა გვაიძულებს, ვირწმუნოთ, რომ საიქიო ცხოვრება არსებობს და რომ კეთილი ადამიანები იქ მიიღებენ სრულად დამსახურებულ ბედნიერებას. ეს იმედი ღმერთის არსებობასაც გულისხმობს, რადგან მხოლოდ უფალს შეუძლია სამართლიანად განსაჯოს, ვინ იმსახურებს ბედნიერებას და ვინ არა.[13]

საყურადღებოა კიდევ ერთი მოსაზრება: ,,შიშმა წარმოშვა ღმერთები, (ხოლო ღმერთებმა დააწესეს აკრძალვები),  შემდეგ კი, ამბობს კანტი, საქმეში ჩაერია სინდისი, სწორედ ის არის რელიგიურ საქმეთა განვითარების მთავარი რეგულატორი, სინდისი ნიშნავს ერთობლივ საზიარო ცოდნას…’’ [14]

ღმერთი თითქოსდა ობიექტურად არსებული მორალური კანონია, მაგრამ მარტო ეს არ არის, კანტი სტოიკოსი როდია, ,,სტოიკოსისთვის უმაღლესი სიკეთეა ასკეტიზმი და ცხოვრებისგან ნებაყოფლობითი განდგომაც კი, თვითმკვლელობა, კანტის აზრით, მოვალეობის დარღვევაა.’’ [15]

ახლა რაც შეეხება ღმერთთან ურთიერთობის საკითხს: ,,ყველაფერი, პატიოსანი ცხოვრების გარდა, რის გაკეთებასაც ვაპირებთ ღმერთის გულის მოსაგებად, მხოლოდ ალუზია და ყალბი ღვთისმსახურებაა’’.  [16]

ქვეთავის გაცნობისას არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ კანტის ოთხი ანტინომია, რომელთაგანაც  თითოეული ორი ნაწილისაგან, თეზისისა და ანტითეზისისაგან შედგება. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მეოთხე მათგანი:

,,IV ანტინომია

თეზისი: სამყაროსთან აუცილებელ კავშირშია აბსოლუტური არსება _ ღმერთი.

ანტითეზისი: არც სამყაროში, არც სამყაროს გარედან, ღმერთს არ შეიძლება სამყაროსთან რაიმე კავშირი ჰქონდეს.’’[17]

ზემოთმოყვანილ მოსაზრებათა გაცნობის შემდეგ, ვფიქრობთ აუცილებელია მოკლედ შევეხოთ არსის შესახებ კანტის სწავლებას, რომელიც  ‘’წმინდა გონების კრიტიკაშია’’ გადმოცემული: ,,არსი, ცხადია, არ არის რეალური პრედიკატი, ე.ი. ცნება ისეთ რამეზე, რაც შეიძლება მიემატოს ნივთის ცნებას. ის არის ნივთის ან გარკვეული თავისთავადი განსაზღვრებების მხოლოდ პოზიცია. ლოგიკურ გამოყენებაში ის მხოლოდ კოპულაა[18] მსჯელობისა. დებულება: ღმერთი არის ყოვლადძლიერი, შეიცავს ორ ცნებას, რომელთაც თავისი ობიექტები აქვთ: ღმერთი და ყოვლადძლიერება; სიტყვა ,,არის’’ როდია კიდევ დამატებითი პრედიკატი, არამედ მხოლოდ ის, რასაც პრედიკატი სუბიექტის მიმართ დაადგენს. ‘’ [19]

მას შემდეგ რაც ზოგადი შტრიხები უკვე მოვხაზეთ, ვნახოთ ზოგადად თუ რა ფორმით გამოითქმის მორალი: ,,სულერთია, რა მიზნისაკენ ისწრაფვი, ყოველთვის ასე და ასე მოიქეცი. კატეგორიული იმპერატივის მაგალითებია უფლის მცნებები: არა იპარო; არ იმრუშო; არა ცილი სწამო; გიყვარდეს მოყვასი შენი და ა.შ.
კანტი თვლის, რომ ადამიანის მთელი მორალური ცხოვრება შეიძლება ერთ კატეგორიულ იმპერატივს ეფუძნებოდეს.’’[20]

თემის ბოლოს მოკლედ შევეხოთ კანტის მორალის მოთხოვნებს: ,,ადამიანის ცხოვრება აბსტრაქტული მორალური ფორმულების ერთგულებას უნდა შევწიროთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი „არაორდინალური“, „სინგულარული“[21] სიტუაციები ყოველი მორალური მაქსიმასათვის მოიძებნება. ამ „სინგულარობათაგან“ თავისუფალია მხოლოდ ისეთი ეთიკური მოძღვრება, რომელიც პიროვნული კეთილი ღმერთის მცნებაზეა დამყარებული, რადგან ამ შემთხვევაში მართებული კონკრეტული მოქმედებების აღსასრულებლად ვეყრდნობით არა აბსტრაქტულ მაქსიმებს, არამედ ღვთაებრივ ნებას, რომლის წინაშე ყველა ნორმატიული, ფორმალური წესდება აბსოლუტურ ხასიათს კარგავს.
ღმერთისაგან ავტონომიური ეთიკის დასაფუძნებლად იმისაგან განსხვავებული გზაც არსებობს, რომელიც კანტმა აირჩია. ასეთი უტილიტარისტული[22] ეთიკაა.[23]

დასკვნა

          წინამდებარე თემის დასასრულს შევეცდებით შევაჯამოთ ჩვენი მსჯელობა და მოკლედ გადმოვცეთ იმანუელ კანტის სწავლება ღმერთის შესახებ.

იმ უმაღლესი ზნეობრივი იდეალის მიღწევა, რომლისკენ სწრაფვაც ჩადებულია ადამიანის ბუნებაში, შესძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი არსებობს ღმერთი, რომელსაც სურს და შეუძლია სიკეთისა და სამართლიანობის დაცვა, და სულის უკვდავება, რომელშიც მისი (სულის) შეუზღუდავი სრულყოფილების შესაძლებლობას გამოავლენს.

კანტის აზრით რელიგიური ცნობიერების შინაარსია ღმერთის ცნება, როგორც ზნეობივი კანონმდებლის მაგალითი. ხოლო რელიგიის არსი კი, ადამიანის მიერ ყველა თავისი ზნეობრივი ვალდებულების,  ღმერთის მცნებების აღიარებას გულისხმობს.

კანტის მიხედვით რელიგიის არსება მდგომარეობს არა ღმერთთან ურთიერთობაში, არამედ ზნეობრივი მოვალეობის შესრულებაში. ღმერთის ადგილს იკავებს მორალი.

გამოყენებული  ლიტერატურა

არსენი გულიგა; კანტი; თბილისი 1986

კანტი; წმინდა გონების კრიტიკა; თბილისი 1979

გურამ თევზაძე- იმანუელ კანტი; თბილისი 1974

https://burusi.wordpress.com

http://www.nplg.gov.ge

http://www.orthodoxtheology.ge

http://tornikesshemecnebiti.blogspot.com

 

[1] გურამ თევზაძე- იმანუელ კანტი ; გვ.409

[2] პრედიკატიL. praedicatum;ლოგ. ის, რაც მსჯელობაში არის ნათქვამი მსჯელობის საგანზე; ლოგიკური შემასმენელი; http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=32440

[3] თეიმურაზ ბუაძე; ფილოსოფოსთა ღმერთი; http://www.orthodoxtheology.ge/godofthephilosophers/

[4]გურამ თევზაძე- იმანუელ კანტი ; გვ.415

[5] კანტი; წმინდა გონების კრიტიკა; გვ.269

[6]  თეიმურაზ ბუაძე; ფილოსოფოსთა ღმერთი; http://www.orthodoxtheology.ge/godofthephilosophers/

[7] გურამ თევზაძე- იმანუელ კანტი ; გვ. 417

[8]თეიმურაზ ბუაძე; ფილოსოფოსთა ღმერთი; http://www.orthodoxtheology.ge/godofthephilosophers/

[9] გურამ თევზაძე- იმანუელ კანტი ; გვ.418-419

[10] -თეიმურაზ ბუაძე; ეთიკის ფილოსოფიურ-რელიგიური ასპექტები; http://tornikesshemecnebiti.blogspot.com/2014/03/blog-post_3753.html

[11]-იმპერატივი- კატეგორიული ი.-ფილოს. კანტის იდეალისტურ და მეტაფიზიკურ ეთიკაში : უცილობელი, ზნეობრივი ბრძანება, რომელიც თითქოს მუდამ ახლავს გონებას და რომელიც საფუძელია მორალისა.

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=16029

[12] გურამ თევზაძე – იმანუელ კანტის კრიტიციზმი და ევროპული ფილოსოფიაhttps://burusi.wordpress.com/2013/08/19/kant-5/

[13] თეიმურაზ ბუაძე; ფილოსოფოსთა ღმერთი; http://www.orthodoxtheology.ge/godofthephilosophers/

[14] არსენი გულიგა; კანტი გვ.232

[15] არსენი გულიგა; კანტი გვ.233

[16] არსენი გულიგა; კანტი გვ.232

[17] გურამ თევზაძე – იმანუელ კანტის კრიტიციზმი და ევროპული ფილოსოფია; https://burusi.wordpress.com/2013/08/19/kant-5/

[19] კანტი; წმინდა გონების კრიტიკა; გვ.368

[20] თეიმურაზ ბუაძე; ეთიკის ფილოსოფიურ-რელიგიური ასპექტები; http://tornikesshemecnebiti.blogspot.com/2014/03/blog-post_3753.html

[21] სინგულარული-L. Singularis;ერთმაგი, ცალფა; ცალკეული, განსაკუთრებული.
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=36939

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ,,კვლევები'' ( ძირითადად - სკოლის პერიოდის )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s