ეპიკურეიზმი და სტოიციზმი

sto

 

შინაარსი

შესავალი;

ეპიკურეიზმი;

ფიზიკა;

კანონიკა, შემეცნების თეორია;

მოძღვრებაზნეობაზე;

რომაული ეპიკურეიზმი;

ტიტუს კარუს ლუკრეციუსი (99-55 წწ. ძვ.წ. );

სტოიციზმი;

ფიზიკა;

სულის შესახებ;

ღმერთის პრობლემა სტოიციზმში;

მოძღვრება საზოგადოებაზე;

რომაული სტოიციზმი;

ლუციუს ანიუს სენეკა;

მარკუს ავრელიუს ანტონიუსი (ახ.წ. 121-180 წწ.);

დასკვნა;

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები;

შესავალი

ბერძნული ფილოსოფიის ისტორიაში არისტოტელეს მოღვაწეობის შემდეგ ელინისტური პერიოდი დაიწყო. ,,ელინიზმი, ელინისტური გულისხმობდა ბერძნული კულტურის, აზროვნების წესის არაბერძნულ სამყაროში გავრცელებისა და საკუთრივ ელინურის აღმოსავლეთთან ზიარების საფუძველზე ჩამოყალიბებულ კულტურულ პერიოდს.’’[1]ელინისტურ ფილოსოფიურ სკოლათაგან გამორჩეული გახლდათ ეპიკურეიზმი და სტოიციზმი. წინამდებარე თემაც სწორედ მათ განხილვას მიეძღვნება.

ეპიკურეიზმი

ეპიკურეიზმის მამამთავარი იყო ეპიკურე (342-270), რომელმაც აღადგინა და განავითარა დემოკრიტეს[2] ატომისტური მატერიალიზმი. ,,ეპიკურეს აზრით, ფილოსოფიის მიზანი არის ადამიანის ბედნიერება, რომლის მისაღწევადაც აუცილებელია ბუნების კანონების ცოდნა. ფილოსოფია იყოფა სამ ნაწილად: 1) ფიზიკა-მოძღვრება ბუნების შესახებ, 2) კანონიკა-მოძღვრება შემეცნების გზების შესახებ,  და 3) ეთიკა-მოძღვრება ბედნიერების მიღწევის შესახებ.’’ [3]

ფიზიკა

                      ,,ეპიკურეს აზრით, საგანთა გრძნობადი თვისებები ობიექტურია. საგნები არაა ატომთა მხოლოდ თავყრილობა, არა, ის მათი მთლიანობაა. ამიტომ  საგანთა თვისებები ობიექტურია, მაშინ როცა დემოკრიტესთვის ფერი, გემო და სუნი არ იყო ობიექტური ხასიათისა.’’[4],,პირველ ამოსავალ დებულებად ეპიკურეს გამოყენებული აქვს  ძველი ბერძნული ფილოსოფიის ცნობილი პარადიგმა: ,,არაფრიდან არაფერი არ წარმოიშვება.’’[5]

აღსანიშნავია რომ ,,ეპიკურესთვის არსებობს შემთხვევითობა, რაც აუცილებლობიდან გადახრას ნიშნავს, ატომები სწორ გზაზე მოძრაობენ აუცილებლობით, რადგან მათ სიმძიმის ძალა ზევიდან ქვევით ვარდნის მოძრაობისკენ მიმართავს.’’[6]

რაც შეეხება დროს, ,,ეპიკურეს აზრით, დრო საგანთა თვისებაა, მაგრამ მისი კვლევა არ შეიძლება იმავე წესით, როგორც საგანთა სხვა თვისებებისა, რადგანაც ის  არ არის რაღაცა თავისთავადი და შეგრძნებებში ფიქსირებული რამ, რაც მთავარია დრო საგნის ისეთი მდგომარეობის თვისებაა, თვით მოძრაობას, ცვალებადობას  რომ  გულისხმობს და რომლისაგანაც   დროის აბსტრაჰირება მარტო გონებით არის შესაძლებელი… ეპიკურეს აზრით საგნებს აქვთ მუდმივი თვისებები, რადგან ეპიკურეს აზრით, საგნებს აქვთ მუდმივი თვისებები და არამუდმივი, შეუგრძნობი, უხილავი,- დრო მიჩნეულია სწორედ  ამ მეორე რიგის თვისებად.’’[7]

საინტერესოა  დასახელებული ფილოსოფოსის მოსაზრება ციური სხეულების შესახებ: მისი განმარტებით ,,მზე, მთვარე და სხვა მნათობები თავისთავად არ არიან წარმოქმნილნი და შემდეგ შემოერთებულნი  სამყაროსთან. გრიგალისებურ  მოძრაობაში  ქარის მსგავსი მსუბუქი, ცეცხლისებური ფორმის ატომების ურთიერთთან შეზრდით ყალიბდება ზეციური სამყაროს ეს ნაწილი  და ის არის ერთიანი მსოფლიო პროცესის შედეგი.’’[8]

კანონიკა, შემეცნების თეორია

          ეპიკურელთა მიერ მიღებული უფრო ზუსტი განსაზღვრების მიხედვით  ,,კანონიკა არის მეცნერება შემეცნების საწყისებისა და მისი კრიტერიუმის შესახებ. ამის შესაბამისად ეპიკურეს ,,კანონიკაში’’ ჩაუწერია: ,,ჭეშმარიტების კრიტერიუმი შეგრძნებებია’’. გარდა ამისა, მას კრიტერიუმებად მიუჩნევია ,,წინასწარწვდომა’’, ,,წინასწარჭვრეტა’’, ,,განცდა’’, და ,,ცნება’’, ანუ  ,,სახეობითი ნახტომი აზროვნებაში…

ფილოსოფოსი ცოდნის ორ ძრითად ფორმას არჩევს: ,,შეგრძნებებსა და აზროვნებას, უშუალო წარმოდგენებსა და ლოგიკურ მსჯელობებს და ამათგან, როგორც სექსტ ემპირიკოსიც გვიმოწმებს, შეგრძნებებს ,,ყოველთვის ჭეშმარიტად’’ ცნობს, რადგან ეს აფექციაა, სულის უშუალო კავშირია საგანთან, მსჯელობანი, განსჯანი კი ზოგი ჭეშმარიტია, ზოგი ყალბი. ‘’[9]

,,არისტოტელეს ლოგიკის წინააღმდეგ, რომელიც აქსიომებს ემყარება, ეპიკურე ინდუქციური დასკვნის პრინციპს მისდევდა და მოითხოვდა ყოველი წინასწარდაშვებულის უარყოფას, რადგან მისი აზრით, კვლევა უნდა წარიმართოს არა ცარიელი წინამძღვრებიდან და დაშვებებიდან, არამედ ისე, როგორც ამას თვით მოვლენები მოითხოვენო.’’[10]

მოძღვრება ზნეობაზე

          ეპიკურეს  ეთიკური თვალსაზრისი ძრითადად გადმოცემულია მენეკევსისადმი წერილში. ,,ადამიანის ცხოვრების საზრისი  ბედნიერების მიღწევაშია, ამისათვის ახორციელებენ ადამიანები თავიანთ სურვილებს, რომელნიც იყოფიან  ბუნებრივ და უქმ, ფუჭ სურვილებად’’.[11]

რაც შეეხება სიამოვნებას. ეს გრძნობა ,,ეპიკურეს  სხეულებრივ და სულიერ სიამოვნებად ესმის და სწორედ ამიტომ დიოგენე ლაერტელი ამ ჰედონისტურ[12] თვალსაზრისს  მიჯნავს კირენეელთა სიამოვნების ეთიკისაგან, რომელნიც მარტო სხეულებრივზე აკეთებდნენ აქცენტს, თუ კირენეელები ამტკიცებდნენ, რომ სხეულებრივი ტკივილები უფრო ძნელია, ვიდრე სულიერიო, ეპიკურე იმ  აზრზს ავითარებდა, რომ სულიერი ტანჯვა გაცილებით აღემატება სხეულებრივს, რადგან სხეულებრივი ტანჯვა მხოლოდ წამიერი ტკივილია, სული კი იტანჯება წარსულითაც, აწმყოთიც და მომავლითაც. შესაბამისად ამისა, სულიერი ტკბობა უფრო ძიერია და აღმატებული, ვიდრე სხეულებრივი.’’[13] ხოლო ,,უსამართლობა თავისთავად არ არის ბოროტება’’, ეს არის იმ ეჭვით გამოწვეული შიში, რომ ადამიანმა შეიძება ვერ დაფაროს თავისი ის საქციელი, რომელიც დასჯას ექვემდებარება’’. საერთოდ კი სამართლიანობა ყველასთვის ერთი და იგივეა, მაგრამ როცა მას იყენებენ გარკვეულ დროსა და ადგილას, გარკვეულ გარემოებებში, ის უკვე ყველასთვის ის უკვე ყველასთვის აღარ იქნება სამართლიანობა.’’[14]

საყურადღებოა ეპიკურეს მოსაზრება ბრძენის შესახებ. მისი აზრით: ,,ბრძენი ფიქრობს: სჯობს გონება მქონდეს და უბედური ვიყო, ვიდრე გონებას მოკლებული და ბედნიერიო’’ და მაინც ეპიკურემ ბრძენის ისეთი მორალური სახე აღწერა, რომელიც არ ცხოვრობს მარტო ცივი გონებით, არამედ რომლის ცხოვრების მიზანია ბედნიერებისაკენ ლტოლვა, სიამოვნების მიღება.’’[15]

საუბრის ბოლოს მოვიხმობთ თეიმურაზ ბუაძის მოსაზრებას, ეპიკურეს რწმენის შესახებ: ,, ეპიკურეს სწამს ღმერთების არსებობა. ამას იგი ადამიანებს შორის არსებულ კონსესუსზე აფუძნებს; რწმენა საყოველთაოდაა გავრცელებული. ის ყველა ხალხში და ყველა დროში გვხვდება; აქედან გამომდინარე, ის ბუნებისგან ჩანერგილი, ანუ ჭეშმარიტი უნდა იყოს. ამ კონსესუსის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთები მარადიული და ნეტარი, ანუ შრომის, მრისხანების, თანაგრძნობის და სხვა მსგავსი გრძნობებისაგან თავისუფალი არსებები არიან.’’[16]

,,ეპიკურეს დამსახურება ფილოსოფიის ისტორიაში იმ თვალსაზრისითაც არის აღსანიშნავი, რომ მან თავისუფლებასა და შემთხვევითობას ონტოლოგიური უფლებამოსილება მიანიჭა, ადამიანის როგორც თავისუფლებისაკენ მისწრაფებული შემმეცნებელი  და ბედნიერების მაძიებელი არსების ფილოსოფიური დაფუძნება შეძლო და ამითი არსებითად შეცვალა ფიზიკის, კანონიკისა და ეთიკის ძირითადი მიმართულება და საზრისი.’’[17]

რომაული  ეპიკურეიზმი

          ,,ისტორიული  ცნობებით დადასტურებულია, რომ ფილოდემემ იტალიკაში ნეაპოლის მახლობლად შექმნა სკოლა, რომელსაც დიდი წარმატება მოუპოვებია, დამაარსებელს კი აღიარება და პატივისცემა დაუმსახურებია. მას ციცერონი მოიხსენიებს  როგორც ,,დიდად აღმატებულ’’ პიროვნებას, სწავლულსა და ,,გამოჩენილად განათლებულს.’’ ფილომედეს აღიარებას ისიც მოწმობს, რომ ცნობილი რომაელი პოეტი ვერგილიუსი მის სკოლაში ლექციებს ისმენდა. ალ. ლოსევის აზრით, ფილომედემ ზეგავლენა მოახდინა ციცერონის ორატორულ ხელოვნებაზეც და მთელ რიგ მის თეორიულ შეხედულებებზეც’’.[18]

ტიტუს კარუს ლუკრეციუსი (99-55 წწ. ძვ.წ. )

          ,,სულის უკვდავებისა და ღმერთების რწმენის შემუშავებაში ლუკრეციუსმა მნიშვნელოვანი როლი სიზმრებს დააკისრა და ყველას შთააგონებდა, სწორი ახსნა მიეცათ მისთვის. სიკვდილის წინაშე შიშის გასაფანტავად რომაელი ატომისტი ეპიკურეს ცნობილ დებულებას ავითარებს: ,,სიკვდილი მაშინ მოვა, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით’’, და ამის თაობაზე წერს: ,,სიკვდილი ჩვენთვის სრულიად არად ჩასაგდებია, რაკი ბუნება ჩვენი გონის არის მოკვდავი.’’[19]

რაც შეეხება დასახელებული ფილოსოფოსის დამოკიდებულებას ღმერთის შესახებ. ,,შემოქმედი ღმერთის უარმყოფელი ლუკრეციუსი საერთოდ გმობს ღმერთების შესახებ ტრადიციულ მითოლოგიურ-რელიგიურ წარმოდგენებს და ასეთ ღმერთებს უპირისპირებს ბუნებას, მატერიას, მას ,,დიდ დედას’’ უწოდებს, ხოლო დედამიწას თვით ღმერთების ,,დედად’’ აცხადებს. მისი აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ მიწას  ,,გეას’’ ძველმა ბერძნებმა ყოველივეს დასაბამი ,,დედა-მიწა’’ უწოდეს. თუმცა ამაში ჩადებული იყო მითოლოგიური შინაარსი, მაგრამ ახლა ,,დედა-მიწას’’ უნდა ჩამოსცილდეს  მითოლოგიურ-რელიგიური გაგება და მას თავად უნდა ეწოდოს ,,ღმერთების დედა.’’ …ღმერთის რწმენის მიზეზი შიშია, იმეორებს ეპიკურეს აზრზს ლუკრეციუსი, ხოლო შიში რომელმაც ღმერთის შესახებ ცრურწმენანი გადაარჩინა, ,,ჩვენი ცოდნის უსუსურობამ’’ წარმოშვა, რადგანაც ადამიანს არ გააჩნდა პასუხი კითხვაზე-,,ჰქონდა თუ არა ქვეყნის შობას თავისი საწყისი, ელის თუ არა მას აღსასრული.’’[20]

,,ლუკრეციუსის პოზიცია ღმერთებისა და ცრურწმენების გაგებაში ანტიმითოლოგიურ-ანტირელიგიურია, მაგრამ იგი ათეისტი არ არის ამ სიტყვის ვულგარული გაგებით, არ არის უარყოფილი ღმერთების არსებობა, თუმცა ისინი დაშვებულნი არიან ძალზე უსუსური და უფუნქციო არსებების სახით სადღაც შორეთში რომ მიეჩინათ სამყოფელი. ლუკრეციუსი შეეცადა არა მარტო შემოქმედი და პროვინციული ღმერთის უარყოფას და ამის დამტკიცებას თეორიული არგუმენტებით, არამედ იგი მეტად მკაცრი მებრძოლის როლში გამოდის კერპთაყვანისმცემლობისა და კერპთმსახურების წინააღმდეგ. მას უმეცრებით გამოწვეულ ბოროტებად მიაჩნია კერპებისათვის, ქანდაკებებისათვის, მსხვერპლშეწირვის ტრადიციის გადაცემა ადამიანთა მოდგმაში.’’[21]

სტოიციზმი

სტოიციზმის ფუძემდებელია ძენონი (336-264), საბოლოო სახის მიმცემი კი -ქრიზიპოსი (280-205). სტოელები კოსმოპოლიტები იყვნენ. ისინი ოცნებობდნენ მსოფლიო სახელმწიფოზე, მოქალაქეთა თანასწორობაზე, კერძო საკუთრების მოსპობაზე ფულის აკრძალვაზე და სხვა.

ფიზიკა

          სტოელთა მოსაზრებით ,,ოთხი ელემენტისგან და პირვანდელი ოთხი თვისებისგანაა შექმნილი მთელი სამყარო ერთიან ცოცხალ ორგანიზმად, რომლისთვისაც მატერიისა და ფორმის, სხეულისა და სულის როლს ამ ოთხი ელემენტის პასიური და აქტიური წყვილები ასრულებენ. ჰაერი (,,პნევმა’’) ცეცხლთან ერთად- კოსმოსის ,,თბილი სუნთქვა’’ მსჭვალავს ყოველივეს, ოღონდ სხვადასხვა სახითა და ხარისხით და ეს განსაზღვრავს სამყაროში სულიერთა გრადაციულ განსხვავებებს…

დასახელებული სკოლის მიმდევრებმა ,,სისტემის აგებისათვის აქტიურად გამოიყენეს ჰერაკლიტეს მოძღვრება ცეცხლზე და ლოგოსზე და მისი ტრანსფორმაციით შექმნეს ,,შემოქმედი ცეცხლის’’ ცნება. ცეცხლის ძალით წარმოშობილი სამყარო განიცდის მუდმის გარდაქმნას წრებრუნვის სახით. ცეცხლის, ანუ ლოგოსური ძალით გაფორმებული სამყარო საბოლოოდ ისევ ცეცხლს უბრუნდება, მსოფლიო ხანძარში შთაინთქმება, და ყოველივე ეს ხდება მთელი სიზუსტით, ერთნაირად მეორდება ყველაფერი, სამყაროები ერთმანეთს ცვლიან, მაგრამ ისე, რომ მასში საგნები, მოვლენები, პიროვნებანიც კი ისევ მეორდებიან.’’ [22]

სტოელები თვლიდნენ რომ: ,,ერთმანეთზე ზემოქმედება მარტო სხეულებს შეუძლიათ, მაგრამ თვით სხეულებრივის საზღვრებში არსებული ყველაფერი სხეულებრივზე არ დაიყვანება. აუცილებლობით არსებობს არასხეულებრივიც და ეს არის ის, რომლის გარეშე არც სხეულებრივი არსებობს და არც მას შეუძლია სხეულების გარეშე არსებობა. ეს არის მოძრაობა, ცვალებადობა, მდგომარეობა, სიცარიელე,  დრო და ადგილი. ე.ი. მიზეზობრივ მოვლენათა რიგში მონაწილეობენ  არასხეულებრივნიც. მოძრაობა, ისევე როგორც ყველა ზემოთჩამოთვლილი არასხეულებრივი, შეუძლებელია მიზეზთა გარეშე…

აღსანიშნავია,რომ ,,სტოელებმა ერთმანეთისგან გაარჩიეს ორი ცნება-,,სამყარო’’ და  ,,კოსმოსი’’. ძველ ბერძნებთან კოსმოსი თუმცა ტრადიციულად ნიშნავდა მოწესრიგებულ, სისტემაში მოყვანილ სამყაროს, მაგრამ ცნების დონეზე არ იყო განსხვავებული ეს ორი რამ. პირველად სტოელებთან გვხვდება სამყაროსა და კოსმოსის ცნებათა დამკვიდრება. ქრისიპოსის განმარტებით, კოსმოსი არის ცის, მიწისა და მათში არსებული არსებების სისტემა. რაც შეეხება სამყაროს, მას სტოელები განსაზღვრავენ კოსმოსისა და მის გარშემო მყოფი უსასრულო სიცარიელის ერთიანობად. კოსმოსის აღნაგობის ახსნაში სტოელები ფაქტიურად არისტოტელეს იმეორებენ, რომლის მიხედვითაც კოსმოსის ცენტრში დგას დედამიწა და ზევითაა განლაგებული წყალი, შემდეგ ჰაერი, მათ ზევით კი წრისებურად მოძრავი ეთერი, რომელზეც მიმაგრებულია ვარსკვლავები, წყლისა და მიწის ანაორთქლით რომ საზრდოობენ და სხვადასხვა ხარისხის სინათლით რომ ანათებენ. ‘’ [23]

სულის შესახებ

სტოელებმა სრულიად გარკვევით დააყენეს საკითხი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ სულის ბედის შესახებ. ეს საკითხი ,,ადრეულ სტოიციზმში განსხვავებულად დგას და წყდება, ვიდრე გვიანდელ სტოიციზმში. ადრეულ სტოიციზმში სხეულისაგან გაყრის შემდეგ სულის არსებობის საკითხი ასე წყდება:  ადამიანის სიკვდილის შემდეგ სულის არსებობის როგორობა დამოკიდებულია მისი აქტივობის ხარისხზე, ტონუსის ძალაზე, რასაც იგი აღწევს სხეულთან თანამშრომლობის დროს. თუკი სულმა მოიპოვა სიკეთის ქმედების უნარი, თუკი ის ბრძენი ადამიანის სულია, მაშინ მას შეუძენია ადამიანის სიკვდილის შემდეგ არსებობის ძალაც და არსებობას განაგრძობს დემონური სულების სახით. დემონური სულების გაგებაში ჩადებულია ხალხური რელიგიიდან აღებული აქტიურად მოქმედი სულები და გამორიცხულია რაიმე ბოროტ ძალებთან მათი გაიგივება. ‘’[24]

სტოელების აზრით ,,ახლადდაბადებული ბავშვის სული არის სუფთა დაფა, რომელზედაც იწერება აზრები. ჩანაწერის პირველი წესი არის შეგრძნება. შეგრძნებით ჩაწერილს ინახავს მეცნიერება, გროვდება ერთგვარი სახეები, იქმნება ცდა, რომლის მასაცა მუშავდება და დგინდება ცნება.’’[25]

,,ადრეული სტოელების მტკიცებით, სული როგორც ინდივიდუალური, არ არის მარადიული, იგი ერთ წრებრუნვაში ამთავრებს თავის არსებობას. მარადიული მხოლოდ მსოფლიო სულია, როგორც ლოგოსი, როგორც კანონზომიერება, იგი ის მარადიული ცეცხლი და სამყაროს სუნთქვაა (,,პნევმა’’), რომლის ძალითაც, ჰერაკლიტეს[26] გამოთქმა რომ ვიხმაროთ, სამყარო ,,კანონზომიერად ინთება და ქრება’’. ადამიანი ასე კანონზომიერად მოწყობილ სამყაროში ცხოვრობს და იგი უნდა შეერწყას მას, თავისი ცხოვრების პრინციპად უნდა გახადოს ყოფნა ,,შესაბამისად ბუნებისა.’’ [27]

სტოელების მოსაზრებით ,,ადამიანის მიზანი უნდა იყოს ვნებების არა დაწყნარება, არამედ აღმოფხვრა. აფექტებისგან თავისუფალია მხოლოდ ბრძენი, იდეალური ადამიანი, რომლის ნებას იმორჩილებს გონება.’’ [28]

 ღმერთის პრობლემა სტოიციზმში

ძალიან საინტერესოა სტოიკოსთა  ღმერთის შესახებ სწავლება. ,,ქრისიპოსის მიხედვით არსებობს მარადიული ღმერთი, ზევსი, ხოლო ოლიმპოს ყველა სხვა ღმერთი ციკლურია, ე.ი. ისინი თავის არსებობას ამთავრებენ  მსოფლიო ხანძრით. ფილოდემოსის განმარტებით, ქრისიპოსმა ზევსიც ყველა სხვა საგანთა საერთო ბუნებას, ბედსა და აუცილებლობას გაუიგივა, დიოგენე ლაერტელი ადასტურებს ამ აზრზს, რომ სტოელების გაგებით, ,,ღმერთი არის ცოცხალი არსება, უკვდავი, გონიერი, სრულყოფილი, ანდა ბედნიერებაში გონიერი, რომელიც არაფერ ცუდს არ გაიაზრებს, მისი განაზრებანია ყველაფერი, რაც ქვეყნიერებასა და ყოველივეს ზედაა და ისიც, რაც ქვეყნიერებაშია; მაგრამ იგი არ არის ადამიანის მსგავსი, ის მთლიანობის შემოქმედია და თითქოსდა მშობელია ყოველივესი- როგორც საერთოდ, ისე თავის იმ ნაწილში რაც ყოველივეს მსჭვალავს. თავისი მრავალგვაროვანი ძალების გამო ღმერთი მრავალ სახელსაც ატარებს. მას ეწოდება ,,დია’’ იმის გამო, რომ მისი საშუალებით ხდება ყველაფერი, იწოდება ზევსად, რამდენადაც ის არის მიზეზი სიცოცხლისა და მსჭვალავს მთელ სიცოცხლეს, მას ეწოდება ათინა, რამდენადაც მისი სულის წარმმართავი ნაწილი გაშლილია ეთერში, ეწოდება ჰერა, რადგან  ჰაერშია გაშლილი, იწოდება ჰეფესტოდ, რადგან განხორციელებულია ცეცხლში, პოსეიდონად, როგორც წყალში გავრცელებული, დემეტრად- როგორც  მიწაში გახსნილი. ყველა სხვა სახელი, რაც კი ღმერთებისთვის ადამიანებს უწოდებიათ, ასევე ზუსტად აღნიშნავენ მის რაიმე თვისებას.’’[29]

ერთია როგორი გაგება მიეცა ღმერთებს სტოელებთან და მეორეა ის, რომ მისი არსებობა ცნეს, უეჭველია ის აზრი, რომ ,,სტოიკური ტელეოლოგიზმის[30] პრინციპი აუცილებლობით მოითხოვდა ღმერთის არსებობის დაშვებას, მაგრამ არ იყო აუცილებელი, ის ისეთივე ტრანსცენდენტური ღვთიური ძალა ყოფილიყო, როგორიც არისტოტელემ დაუშვა. მართალია, სტოელების ღმერთი პირველი მიზეზიცაა და საბოლოოც, მაგრამ იგი სამყაროსთვის იმანენტურია, მხოლოდ მასშია და მისით ასრულებს მსოფლიო ლოგოსის ფუნქციას. გვ. 155

მითოლოგიური სახეების გარდა სტოელები აქტიურად იყენებდნენ დემონოლოგიასაც და მაგიური ძალების რწმენასაც. ღმერთი, მათი განმარტებით, ერთია, თუმცა მრავალის ახელი შეიძლება ჰქონდეს: ,,ღმერთი, გონება, ბედი და ზევსი- ერთი და იგივეა და მას აქვს კიდევ მრავალი სხვა სახელი.

ციცერონი[31] ამ თემაზე საკმაოდ ვრცელ ცნობებს იძლევა თავის ტრაქტატში- ,,ღმერთების ბუნების შესახებ’’. მისი დახასიათებით, სტოელებთან ღმერთი სხვადასხვა თვალსაზრისითაა გაგებული. ერთნი აღიარებენ ღვთაებრივ არსს, მეორენი  კი მას კოსმიური კანონზომიერების წინააღმდეგ იაზრებენ. მაგ: ,,ძენონი აღიარებს ღვთაებრივ ბუნებრივ კანონს, რომელსაც შესწევს ძალა, ბრძანოს სამართლიანობა და წინ აღუდგეს მის საწინააღმდეგოს… ეს ფილოსოფია სხვა ადგილზე ღმერთად მოიხსენიებს ეთერს, თუკი შეიძლება ღმერთი ისეთ არსებად გავიგოთ, რომელიც არაფერს არ გრძნობს, არ უპასუხებს ჩვენს ლოცვასა, თხოვნასა  და წესზე.სხვა წიგნებში ის აღიარებს რაღაც გონებას (,,რაციო’’), გავრცელებულს მთელს ბუნებაზე და ღვთაებრივი ძალით დაჯილდოებულს. იგი ღვთაებრიობას ანიჭებს ვარსკვლავებსაც, შემდეგ წლებს, თვეებს, წელიწადის დროთა ცვლას, როცა იგი ჰესიოდეს[32] თეოგონიის, ე.ი. ღმერთების წარმოშობის ახსნა-განმარტებას იძლევა, მაშინ ის მთლიანად ანადგურებს ჩვენთვის ჩვეულ ან მიღებულ წარმოდგენებს ღმერთზე. რადგანაც იგი არ მიიჩნევს ღმერთად არც იუპიტერს, არც იუნონას, არც ვესტას და არცერთ რომელიმე სხვა ღვთაებას, რომელთაც საკუთარი სახელები აქვთ. იგი გვასწავლის ამ სახელებით ალეგორიული თვალსაზრისით მოიხსენიებოდნენ უსულო, უტყვი ბუნების ობიექტები.’’ [33]

ღმერთის არსებობის დასაბუთების არგუმენტების თვალსაზრისით  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პლუტარქეს[34] ცნობები თეოდიცეას შესახებ. ,,აქ გამოკვეთილად ჩანს ეთიკურ-მორალური, ფიზიკურ-ტელეოლოგიური  და კოსმოლოგიური არგუმენტების პირველი მონახაზები, რომელნიც შუა საუკუნეებში განვითარდა და ღმერთის ფილოსოფიური აპოლოგეტიკის უმაღლეს დონეს მიაღწია ლაიბნიცისა და ვოლფის თეოდიცეაში.

ღმერთის არსებობის დასაბუთება სტოელებთან ეთიკურ-მორალური პრობლემატიკის შესაბამისად სამყაროში ბოროტის წარმომავლობის საკითხებს უკავშირდება. რატომ არსებობს ბოროტება გონივრულად მოწყობილ სამყაროში? ამის ახსნას ადრეული პერიოდის სტოელები სხვადასხვაგვარად ცდილობდნენ. კლეანთე ბოროტების არსებობის ფაქტს ბედისწერას, განგებას უკავშირებს და მას მიზანშეწონილობის საწინააღმდეგო მოვლენად მიიჩნევდა. ქრისიპოსი ბოროტების აუცილებლობას კოსმოსის მთლიანობისა და სრულყოფილების საფუძველზე ამტკიცებდა და კლეანთეს საპირისპიროდ მას ერთიანი გონიერი საწყისიდან ხსნიდა. ქრისიპოსის განმარტებით, ბუნებაში არსებული ბუნებაში ბოროტების არსებობის გამოვლენანი, ადამიანისთვის საზიანო მოვლენები, თავისთავად ბოროტება არ არის. ის, რაც ჩვენი თვალსაზრისით ბოროტებაა, სრულიადაც არ არის ასეთი მსოფლიო გონებისა და წესრიგისათვის. ჩვენ გონებისათვის არასასურველი მოვლენები  ,,აუცილებელი ბოროტებაა’’ ბუნების მიზნობრივი და მიზეზობრივი ქმედებების თვალსაზრისით…ბოროტების ფენომენის გამოყენებით სტოელები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ ღმერთის არსებობა. მათი აზრით სიკეთისთვის ბრძოლას აზრზს აძლევს სწორედ ბოროტების არსებობა , რომ სიკეთის მაძიებელი ბრძენი ღმერთისაკენ გზას იკაფავს ბოროტების დაძლევით  და ამ ბრძოლას აზრზს აძლევს ღმერთის არსებობა…

აქედან გამომდინარეობს ლოგიკური დასკვნა, რომელიც პლუტარქეს[35] მიხედვით, სტოელებმა ასე ჩამოაყალიბეს: ,,სათნოება არ წარმოიქმნება ნაკლის გარეშე…

სტოელებთან გვხვდება ღმერთის არსებობის დასაბუთების ფიზიკურ-ტელეოლოგიური[36] არგუმენტიც. ამ არგუმენტის ძალით კოსმოსში ერთმანეთს არ ემთხვევა მკაცრი მიზეზშედეგობრივი… ,აუცილებლობა და განგებისეული, გონით ქმედებანი,-ისინი ერთმანეთის შემსვსებნი არიან. რომ ყოფილიყო ამ ორი მხარიდან მარტო ერთი, სამყარო არ იქნებოდა სრულყოფილი…[37]

ღმერთის არსებობის დასაბუთების მესამე არგუმენტი სტოელებთან ასეთ სახეს ატარებს: ბუნებას აქვს თავისი ,,უსამართლოებანი’’, კოსმოსში ,,ბოროტების’’ თავისებური განხორციელება ხდება. ადამიანები, როგორც კოსმოსის ნაწილი, უკმაყოფილონი არიან ბუნების ამგვარი ,,უსამართლოებით’’, მაგრამ ყველაფერი ეს ხდება კოსმოსური გონების ქმედებით, მთელი კოსმოსის ინტერესებისათვის და არა მისი რომელიმე ნაწილისათვის. ღმერთი არსებობს როგორც კოსმოსური საწყისი, მთელი კოსმოსის საზრისის მიხედვით მოქმედი…

სტოელებმა დაამკვიდრეს ბრძენის კულტი. კოსმოსი და ბრძენი მოქმედებენ გონიერების პრინციპით, ბრძენი წინასწარმეტყველია, კოსმოსი პროვიდენციას მისდევს, ორივენი ყველა მატერიალურ ძალაზე მაღლა დგანან. ამით კოსმოსმა ღვთიური გონიერება დაიმკვიდრა, ღმერთს გაუთანაბრდა, გონიერებამ ბრძენიც ღვთაებამდე აამაღლა.’’ [38]

ზემოთმოყვანილ ქვეთავზე საუბარს შევაჯერებთ თეიმურაზ ბუაძის მოსაზრებით,რომელიც წერს: ,,სტოელების თეოლოგია, როგორც პანთეისტური მოძღვრება (პანთეიზმი ღმერთს სამყაროსთან აიგივებს), გარკვეულ სიძნელეებს აწყდება ბოროტების პრობლემის გადაჭრისას. თუ სამყარო თავად ღმერთია, ანუ ყველაფერი, რაც სამყაროში არსებობს და ხდება, ღმერთის ნაწილი და მოქმედებაა, შეუძლებელი ხდება ბოროტების არსებობის დაშვება. ამ პრობლემის გადაწყვეტა სტოელ ფილოსოფოსებს სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ. ყველა მათ მოსაზრებას აერთიანებს შეხედულება, რომლის მიხედვით ბოროტება რელატიურია. ეს ნიშნავს, რომ ის სინამდვილეში არ არსებობს და მისი არსებობის ილუზია მაშინ ჩნდება, როდესაც საგნებსა და მოვლენებს არასწორად ვუყურებთ. ამას აქვს ადგილი, როდესაც რაიმე საგანს ან მოვლენას მთლიან სამყაროსეულ კონტექსტში კი არ ვაფასებთ, არამედ კერძო პერსპექტივით’’[39]

მოძღვრება საზოგადოებაზე

სტოელების მტკიცებით ყველა სხვა არსებათაგან განსხვავებით ადამიანს იმთავითვე ორი უნიკალური თვისება აქვს მინიჭებული: გონიერება და სახელმწიფოებრიობა. ადამიანის მოვალეობა იყოს სოციალურად აქტიური ადამიანში იმთავითვე იმანენტურადაა[40] მოცემული საზოგადოებრივი ცხოვრების მოთხოვნილება, რაც ინდივიდების თანაცხოვრების დროს ვლინდება ორ ძირითად ურთიერთობაში: სამართლიანობასა და კაცთმოყვარეობაში. ამიტომ არის, რომ სტოელებმა ადამიანთა შორის მეგობრობას, სიყვარულს, ზნეობრივ საფუძველზე შექმნილ ოჯახს უმაღლესი მორალური ღირებულება მიანიჭეს.

დიოგენე ლაერტელის ცნობით სტოელები გვასწავლიან: ,,მიმტევებელი ადამიანი მარტოხელად არ ცხოვრობს თავისი ბუნებით.’’[41]

სტოელების  მიერ მოაზრებულ მომავალ მომავალ კოსმოპოლიტურ სახელმწიფოს ბევრი აქვს საერთო პლატონის იდეალურ სახელმწიფოსთან. პლატონის მსგავსად სტოელებიც ოცნებობდნენ ბრძნულად მოწყობილ სახელმწიფოზე. ,,ძენონი ოცნებობდა სამომავლოდ ბრძენთა სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე, სადაც იბატონებდა ყველა ადამიანს შორის მეგობრობა და ამიტომ მაშინ აღარ იქნებოდა საჭირო ფული და ვაჭრობა, ტაძრები და სკოლები, ოჯახი და ქორწინება, არ იქნებოდა განსხვავება ეროვნებასა და სოციალურ ჯგუფებს შორის, და არც უთანასწორობა სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის.’’ [42]

,,პლატონის მსგავსად, სტოელებიც იმ აზრისა იყვნენ, რომ საზოგადოებაში მემკვიდრეებს, ბავშვებს საერთო პატრონი უნდა ჰყავდეთ და ეს არის სახელმწიფო. ყველა ბავშვი სახელმწიფოში ყველაა მამობრივად უნდა უყვარდეს და არ გააჩნდეს ეჭვიანობა და უთანასწორობა. ამ მიზნით სტოელი ფილოსოფოსები ბრძენთა სახელმწიფოში ბრძენთა ცოლების ერთობლიობასაც კი უშვებდნენ. მათ სახელმწიფო მმართველობის ყველაზე საუკეთესო ფორმად მიაჩნდათ სახალხო ხელისუფლებისა, მონარქიისა და არისტოკრატიის ნაზავი. ამისი მიღწევას კი ისეთ სახელმწიფოში თვლიდნენ შესაძლებლად, სადაც გაბატონდებოდა მეგობრობა და სიყვარული: ,,სიყვარული არის მისწრაფება სიახლოვისაკენ.’’ სიახლოვე კი ,,მიმართულია მეგობრობისაკენ.’’ როგორც ქრისიპოსი წერდა წიგნში ,,სიყვარულის შესახებ’’: ,,სიყვარული მეგობრობის ნაწილია და არა ღმერთების ნაბოძები ნიჭი.’’

სტოელები ინდივიდისგან საზოგადოებრივ აქტივობას, სახელმწიფოსთან ენერგიულ თანამშრომლობას მოითხოვდნენ, ინდივიდის სამშობლოდ მთელი სამყარო მიაჩნდათ, მაგრამ ამგვარი კოსმოპოლიტური განწყობის მიუხედავად, ისინი არა მარტო სცნობდნენ ადამიანისათვის თავისი ერის, მშობლიური მიწისადმი ერთგულების პოზიტიურ ღირებულებას, არამედ ეს ყველას მოვალეობად მიაჩნდათ და სათნოებაში სხვა მრავალ ღირებულებათა შორის გულისხმობდნენ პატრიოტიზმს, სამშობლოს დაცვას, მამაკაცობას, ვაჟკაცობას თავისი ერის ინტერესებისათვის. მათბ თავის მოკვლა სამშობლოსთვის, ისე როგორც თავის შეწირვა მეგობრისათვის, გონივრულ საქციელად მიაჩნდათ.’’[43]

რომაული სტოიციზმი

რომში ამ მიმართულების გავრცელება დაიწყო ძვ.წ. მე-2  ს-ში  და მისი პირველი წარმომადგენლები იყვნენ ქრისიპოსის მოწაფე დიოგენე სელევკიელი და ანტიპატრე ტარსელი. ამ დროიდან მოყოლებული სტოიციზმმა რომში ფართო აღიარება მოიპოვა, იგი გავრცელდა რომაელ არისტოკრატთა წრეებში და მისი მიმდევარნი გახდნენ გამოჩენილი რომაელი სახელმწიფო მოღვაწენი: ბრუტოსი, კატონი, კრასი. ამ მოძღვრებას დიდი ინტერესით დაეწაფნენ პომპეუსი, ციცერონი და სხვ. შუა პერიოდის სტოიციზმის ყველაზე თვალსაჩინო  განმავითარებლები იყვნენ პანეთიოს როდოსელი და პოსიდონიოსი. რომაული  ფილოსოფიის განვითარების სტოიკურ ფორმაში მოხდა ბერძნული სტოიციზმის პრინციპების მჭიდროდ დაკავშირება პლატონის მოძღვრებასთან. ბ.რასელის მიხედვით პანეთიოსმა პლატონიზმი გააბატონა სტოიკურ მოძღვრებაში და მისგან მატერიალიზმი უკუაგდო.’’[44] ,,სტოიციზმი რომში თავისებურად განავითარა სენეკამ, ეპიკტეტმა, მარკუს ავრელიუსმა. უფრო მნიშვნელოვანია სენეკას შეხედულება.’’[45]

ლუციუს ანიუს სენეკა

,,სენეკას მიხედვით ფილოსოფიის უპირველესი დანიშნულება თეორიული განათლება კი არ არის, არამედ მისი ამოცანაა- ადამიანი პრაქტიკულად მიიყვანოს სათნოებამდე. ,,ფილოსოფია არ არის ბრბოს გასართობი რაღაცა ფანდი, რაღაცა მოჩვენებითი, მთავარი მისთვის არის არა სიტყვა, არამედ საქმე. მისი დანინულება ის კი არ არის, რომ ადამიანი მოცალეობის ჟამს გაართოს, მოწყენილობისას დრო მოაკვლევინოს. ფილოსოფია აყალიბებს და აფორმებს სულს, აწესრიგებს ცხოვრებას, წარმართავს მოქმედებას. აჩვენებს, რა უნდა გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს. ფილოსოფია ხომალდის საჭესთან ზის  და მას ტალღების საფრთხეს არიდებ, მის გარეშე ვერავინ იქნება მშვიდად.’’ [46]

,,სენეკა სტოიკური დუალიზმის დამცველია, აღიარებს პასიურ და აქტიურ მიზეზებს, იზიარებს მატერიის ოთხელემენტოვან თეორიას, არისტოტელური პრინციპის შესაბამისად ელემენტების დაყოფას ოთხ თვისებად. არისტოტელური პრინციპის შესაბამისად  ელემენტების დაყოფას ოთხ თვისებად (ცივი-თბილი, სველი-მშრალი). [47]

სენეკას განმარტებით ჩვენში შინაგანად მოქმედებს ,,სული წმინდა’’, ,,რომელიც თვალყურს გვადევნებს, ჩვენს ქცევებს მართავს,  გვეხმარება სიკეთისა და ბოროტების გარჩევაში. ჩვენზეა დამოკიდებული მისი ყურადღება, ის, თუ რამდენად ვაღიარებთ და მივდევთ მას. ,,ღმერთის გარეშე არ შეიძლება პატიოსან ადამიანად იქცე’’ ამიტომ, განაგრძობს სენეკა, ,,შესაძლოა სწორია იმის დაშვება, რომ ადამიანის ბუნება ღვთაებრივია, რომ ჩვენი სული უმაღლეს წმინდანთა ნაპერწკლებია, მათგან წამოსული ნათელია, ჩასახლებული მისთვის უცხო ელემენტში, ჩვენს სხეულში…იგი ამბობდა: ,,ჩემს სხეულში მე ვერ ვხედავ სხვა რაიმეს, თუ არა ჯაჭვის ბორკილებს, რომლითაც შებოჭილია ჩემი თავისუფლება… ისევე როგორც არსებობს ორი ქალაქი-სახელმწიფო-ღვთიური და მიწიერი , ასევე ადამიანიც ორადაა გაყოფილი: სხეული მიწიერისაა, სული-ზეციერისა, ,,მარტო სხეული ემორჩილება  ბატონობას, სული კი თავად არის ბატონი.’’[48]

სენეკას მოძღვრებაში ფილოსოფიის თითქმის ყველა ძირეული საკითხია წამოჭრილი, მაგრამ იგი, უწინარეს ყოვლისა, მაინც მორალური ფილოსოფიის წარმომადგენელია, რადგან მთელი მისი ანთროპოლოგია[49] ეთიკური პრობლემების გადაწყვეტას ემსახურება… ,,ჩემო ძმაო გალიონ! ყველა ადამიანს სურს ბედნიერად იცხოვროს, მაგრამ მათ მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რაში მდგომარეობს ბედნიერი ცხოვრება… ჩვენი მთავარი ამოცანა ის უნდა იყოს, რომ ნახირის მსგავსად მენახირის შეძახილს არ მივდევდეთ, არამედ იქით მივემართებოდეთ, საითკენაც ჩვენი მოვალეობა გვიბრძანებს.’’ [50]

,,სენეკა ბედნიერების რაციონალისტურ გაგებას აყალიბებს, რაც მისი შემდეგი მსჯელობიდანაც ჩანს: ადამიანი, რომელსაც ჭეშმარიტების გაგება არ აქვს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბედნიერად იწოდოს. მაშასადამე, ბედნიერია ცხოვრება, მაშინ, როდესაც, ის მუდამ ემყარება სწორ, გონიერ მსჯელობებს….

ადამიანის ღმერთისაკენ მიმართული ერთიანობა ვრცელდება ყველაზე-მონაზეც და ბატონზეც. თავისი ბუნებით სულით მონა არ არსებობს, მონას თავისუფალი სული აქვს. სხვის მიერ მონად ქცეული ადამიანი მარტო თავისი სხეულითაა მონა, ბატონს მონის სული არ ემორჩილება, მას თავის ბატონად ღმერთი ჰყავს.’’[51]

,,სენეკამ რელიგიურ-მორალური თვალსაზრისით უფრო გააფართოვა სტოელთა თვალსაზრისი ადამიანისთვის სამშობლოს ცნების საკაცობრიო მნიშვნელობის შესახებ: ,,ადამიანის სამშობლო მთელი სამყაროა’’-შემდეგში ქრისტიანული კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობის  მთელ საყრდენ პრინციპად გადაიქცა…

სენეკამ სიკვდილი გაამართლა, როგორც სამართლიანობა და ბუნებრივი აუცილებლობა. ‘’[52]

,,სენეკამ ხელი აიღო ძველი სტოიკური ბრძენის კულტზე, მისთვის ბრძენიც ჩვეულებრივი ადამიანია, აღარ არის გაუვალი ზღვარი ბრძენსა და უგუნურს შორის. მისთვის წამყვანი მორალური პრინციპი გახდა მოყვასის სიყვარული, თანაგრძნობა. გვიანდელი სტოიციზმის ამ თეორეტიკოსის ეთიკაში შენარჩუნებულია პირობები ქრისტიანული მორალის გავრცელებისათვის. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ ფილოსოფიისა და კულტურის ისტორიის მკვლევარნი ხშირად მიუთითებენ სენეკას ანალოგიაზე თავის თანამედროვე პავლე მოციქულთან, (ედ.ცელერი); იმოწმებენ წმინდა იერონიმეს მტკიცებას- სენეკა ქრისტიანი იყო  და პავლე მოციქულთან მიმოწერა ჰქონდაო. (ბ.რასელი). [53]

,,მსოფლიო ერთიანია. ჩვენ ერთიანი სხეულის წევრები ვართ. ყველა შექმნილი ვართ ერთი მატერიისაგან. ადამიანთა სამშობლო მთელი ქვეყანაა. მონებიც ადამიანები არიან, ჩვენი ამხანაგები, მეგობრები, შენ და შენი მონა ერთი მატერიიდან ხართო, ამბობდა სენეკა. მონა მხოლოდ სხეულით არის მონა, სულით კი თავისუფალია. ჩვენი ვალია ვიზრუნოთ სხვაზე  და ზარალი არ მივაყენოთ მას.’’[54]

მარკუს ავრელიუს ანტონიუსი (ახ.წ. 121-180 წწ.)

,,ავრელიუსის ფილოსოფიური შეხედულებები ჩამოყალიბებულია თხზულებაში-,,ფიქრები’’ (სიტყვასიტყვით ,,საკუთარ თავთან’’). ის იწერებოდა ლაშქრობებს შორის შუალედურ შესვენებებში, სადმე ხეთა ჩრდილში ან ღამით სანთლის შუქზე…’’[55]

,,თხზულების მეორე წიგნში ავრელიუსი თვითანალიზით იმ დასკვნამდე მიდის, რომ ყოველივე ბედისწერითაა ანსაზღვრული, ,,ყველაფერი წყაროდან იღებს დასაბამს… უთუოდ უბედური იქნება ის, ვინც თვალყურს არ ადევნებს საკუთარი სულის მოძრაობას…

მსჯელობა იმაზე, ღმერთები არსებობენ თუ არა, ავრელიუსს ისეთ უაზრობად მიაჩნია, რომელიც საზრისს უკარგავს საერთოდ სიცოცხლეს: ,,რა აზრი აქვს ქვეყნად სიცოცხლეს, ქვეყნად, სადაც არ არიან ღმერთები, ან განგება და ბედისწერა?[56]

,,ავრელიუსმა სულის უკვდავების საკითხიც დააყენა და კითხვა ასე დასვა: თუ სულები მარადიულად არიან, რაში არიან ან როგორ თავსდებიან ისინი ზეციურში? ამაზე პასუხი მატერიალურ და ფორმალურ საწყისთა გარჩევა-განსხვავებაშია საძებნი… ადამიანები ბუნებასთან შესაბამისობაში ცხოვრობენ და ბუნების შესაბამისად ემორჩილებიან სამყაროში შექმნილ ღვთიურ წესრიგს, ამიტომ ,,ღმერთები არ დაშვებდნენ სამყაროულ წესრიგში არაფერ ისეთს, რაც უსამართლობა იქნებოდ და უგუნურობა.’’

ცალკე აღნიშვნის ღირსია ავრელიუსთან ყურადღების გამახვილება ჰერაკლიტეს დიალექტიკისადმი, ,,რამდენადაც მას უფრო მეტად აწუხებდა ამქვეყნიური ყოფიერების წუთიერება, ვიდრე სიკვდილის გარდაუვალობა. ყოველივეს წარმომავლობაზე ჩაფიქრებული ფილოსოფოსი ჰერაკლიტეს დიალექტიკურ კონცეფციას იყენებდა და ყველასთვის გასაგონად ამბობდა: ყველას გახსოვდეთო ჰერაკლიტეს სიტყვები-,,მიწისთვის  სიკვდილია წყლად ქცევა, წყლისათვის ჰაერად, ჰაერისათვის ცეცხლად და პირუკუ.’’[57]

დასკვნა

წინამდებარე მოკლე თემის გაცნობის შემდეგაც ვფიქრობთ ნათლად გამოიკვეთება ის ძირითადი შტრიხები, რომლებიც სტოიციზმისა და ეპიკურეიზმისთვის იყო დამახასიათებელი. ფაქტია, რომ ელინისტური ფილოსოფია (ელინურისგან განსხვავებით) დარგებადაა დაყოფილი. ჩვენ ვნახეთ ამ სკოლის წარმომადგენელთა დამოკიდებულება ფიზიკის, ეთიკის, ღმერთის, სულის, საზოგადოების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. უფრო მკაფიოდ კი ის ჩანს, რომ ამ მიმდინარეობაში ადამიანის ეთიკის შესახებ სწავლება წინაა წამოწეული, და უკანა პლანზეა მეტაფიზიკის საკითხები.

გამოყენებული ლიტერატურადა წყაროები

დეკანოზი თეიმურაზი-ლექციები ფილოსოფიის ისტორიაში; თბილისი-2013 წელი

მარკუს ავრელიუსი; ფიქრები; თბილისი, 1973 წელი

მერი ჭელიძე; ელინიზმისფილოსოფია  – თბილისი, 1992 წელი

სავლე წერეთელი; ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში; თბილისი; 1973 წელი

 

www.genia.ge

www.nplg.gov.ge

http://www.orthodoxtheology.ge

www.wikipedia.org

[1]დეკანოზი თეიმურაზი-ლექციები ფილოსოფიის ისტორიაში; გვ.106

[2]დემოკრიტე აბდერიელი-http://genia.ge/?p=7135

[3]სავლე წერეთელი; ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში; ტომი I; გვ. 438

[4]სავლე წერეთელი; ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში; ტომი I; გვ. 438

[5]მერიჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია; (გვ.112)

[6]მერიჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.116

[7]მერიჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.117-118

[8]მერი ჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.119

[9]მერი ჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.124-125

[10]მერი ჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.130

[11]მერი ჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.131

[12]-ჰედონიზმ–ი [< ბერძ. hēdonē სიამოვნება] – ეთიკის იდეალისტური მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ცხოვრების მიზანს წარმოადგენს უდიდესი სიამოვნება, სიტკბოება.http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=45495

 

[13]მერი ჭელიძე-ელინიზმის  ფილოსოფია;გვ.133

[14]მერი ჭელიძე-ელინიზმის ფილოსოფია;გვ.135

[15]იქვე

[16] -თეიმურაზ ბუაძე; ფილოსოფოსთა ღმერთი; http://www.orthodoxtheology.ge/godofthephilosophers/

[17]მერი ჭელიძე-ელინიზმის ფილოსოფია;გვ.138

[18]მერიჭელიძე-ელინიზმის ფილოსოფია;გვ.237

[19]მერი ჭელიძე-ელინიზმის ფილოსოფია;გვ.248

[20]მერი ჭელიძე-ელინიზმის ფილოსოფია;გვ.249-250

[21]მერი ჭელიძე-ელინიზმის ფილოსოფია;გვ.251

[22]მერი ჭელიძე-ელინიზმის ფილოსოფია;გვ.147-148

[23]მერი ჭელიძე-ელინიზმის ფილოსოფია;გვ.150-151

[24]მერი ჭელიძე-ელინიზმის ფილოსოფია;გვ.152

[25]სავლე წერეთელი; ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში; ტომი I; გვ.242

[26]-ჰერაკლიტე ეფესელი https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94

[27]მერი ჭელიძე-ელინიზმის ფილოსოფია;გვ.153

[28]სავლე წერეთელი; ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში; ტომი I; გვ.243

[29]მერი ჭელიძე-ელინიზმის ფილოსოფია;გვ.154

[30] -ტელეოლოგია-teleios მიზანს მიღწეული და logos მოძღვრებაიდეალისტური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ყოველი განვითარება არის წინასწარ განსაზღვრული მიზნის განხორციელება.http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=39434

[31]ციცერონი-https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98

[32]ჰესიოდე-http://genia.ge/?p=10287

[33]მერი ჭელიძე-ელინიზმის ფილოსოფია;გვ.156

[34] -მესტრიუს პლუტარქე-http://genia.ge/?p=10663

[35]მესტრიუს პლუტარქე-http://genia.ge/?p=10663

[36]ტელეოლოგია-იდეალისტურიმოძღვრება, რომლისმიხედვითაცყოველიგანვითარებაარისწინასწარგანსაზღვრულიმიზნისგანხორციელება.http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=39434

[37]მერიჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.157-158

[38]მერიჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.159-160

[39] -თეიმურაზ ბუაძე; ფილოსოფოსთა ღმერთი; http://www.orthodoxtheology.ge/godofthephilosophers/

[40] -იმანენტური-L. immanens (immanentis)საგნის, მოვლენის შინაგანად დამახასიათებელი, მისთვის ნიშანდობლივი,მისი ბუნებიდან გამომდინარე. ფილოსოფია -ბურჟუაზიული ფილოსოფია, სუბიექტური იდეალიზმის ნაირსახეობა,რომელიც ამტკიცებს, რომ ყოფიერება არის მხოლოდ ცნობიერების იმანენტური (შინაგანი) შინაარსი და უარყოფს ობიექტური ცნობიერებისაგან დამოუკიდებელი სამყაროს არსებობას.http://www.nplg.gov.ge/gwdict/?a=term&d=3&t=15982

[41]მერი ჭელიძე-ელინიზმის ფილოსოფია;გვ.173

[42]მერი ჭელიძე-ელინიზმის ფილოსოფია;გვ.175

[43]მერი ჭელიძე-ელინიზმის ფილოსოფია;გვ.177

[44]მერიჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.254

[45]სავლე წერეთელი; ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში; ტომი I; გვ.443

[46]მერიჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.264

[47]მერიჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.265

[48]მერი ჭელიძე-ელინიზმის ფილოსოფია;გვ.266-267

[49]ანთროპოლოგია-“ადამიანი” და “მოძღვრება”მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანის ბიოლოგიურ ბუნებას, ადამიანის წარმოშობას, რასებს.

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=3624

[50]მერიჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.269

[51]მერიჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.271-272

[52]მერიჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.273

[53]მერიჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.276

[54]სავლე წერეთელი; ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში; ტომი I; გვ.444

[55]მერიჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.283-284

[56]მერიჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.285-286

[57]მერი ჭელიძე-ელინიზმისფილოსოფია;გვ.287-288

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ,,კვლევები'' ( ძირითადად - სკოლის პერიოდის )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s