რუმინული არდადეგები

11999080_1684208361793446_5519952626853561581_nშინაარსი:

შესავალი;

ქალაქი კლუჟ-ნაპოკა და კლუჟელები;

კლუჟი და ევროპა;

რუმინეთის ეკლესია და მისი ღვთისმსახურება;

რუმინელი სასულიერო პირები;

‘’სალინა ტურდა’’;

დასკვნა;

შესავალი

          ამ თემას კი დავარქვი  უილიამ უაილერის  ფილმის მსგავსი სახელი, მაგრამ ნამდვილი  ‘’რომაული არდადეგების’’ დაწერამდე ვიტყვი, რომ  რუმინეთში დასასვენებლად არ ვყოფილვარ, პირიქით. რამდენიმე მიზეზის გამო საჭიროდ ჩავთვალე დასახელებული პერიოდის აღწერა. იმედი მაქვს თემის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. შევეცდები საუბარი გარკვეული კანონზომიერებით წარვმართო.

პოეტი რომ ვყოფილიყავი ალბათ დავწერდი- ზადხულის ერთი მცხუნვარე დღე იყო, თაკარა მზე, სინათლის მომფენ სხივებს ჩუქნიდა მიწიერ სამყაროს და.ა.შ. რეალურად კი აგვისტოს თვეში ვიჯექი ჩემს ოთახში და ვკითხულობდი სერ  ფერგიუსონის ავტობიოგრაფიას. ამ დროს დამირეკეს და შემომთავაზეს რუმინეთში წასვლა. თუ რატომ მაინცდამაინც მე და ვინ შემეხმიანა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, უბრალოდ გეტყვით, რომ დასახელებულ ქვეყანაში ტარდებოდა ახალგაზრდა მართლმადიდებელთა საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც შედგებოდა კონფერენციების, ,,ვორქშოპების’’, კონცერტების და სხვა ელემენტებისაგან. თავი რომ აღარ შეგაწყინოთ პირდაპირ გეტყვით, რომ საბუთების საკითხი მარტივად მოგვარდა და 2 სექტემბერს ბუქარესტში გავემგზავრეთ. წასვლამდე მითხრეს, რომ ეს საშიში ქვეყანაა, გავრცელებულია ე.წ. ,,კარმანშჩიკობა’’, ხალხი არცისე ლამაზია და სხვა უამრავი ისეთი საშინელება, რომელსაც რა თქმა უნდა არ ჩამოვთვლი, შემოვიფარგლები მხოლოდ იმით, რომ იქ ჩასულს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა.

ქალაქი კლუჟ-ნაპოკა და კლუჟელები

რუმინეთში სულ ორ ქალაქში მომიწია ყოფნა, დედაქალაქ ბუქარესტში და კლუჟში. თამამად ვიტყვი, რომ ისინი თითქმის ყველაფრით  განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ეს ხდება ხოლმე ამ ტიპის ქვეყნებში ,,პირველ’’ და ,,მეორე’’ დედაქალაქებს შორის. კლუჟი ისტორიული ტრანსილვანიის ქალაქია და ბუქარესტიდან დაახლოებით 560 კმ-ზეა გაშენებული. მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა , რომ ისტორიულად უფრო ნაკლებად შეეხო დამპყრობელთა მახვილი, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებს, რის გამოც აქ შესანიშნავადაა შემონახული რუმინეთის ისტორია, ტრადიცია, ხასიათი და სხვა საინტერესო ელემენტები. თავად ქალაქი არცთუისე დიდია, მოსახლეობა დაახლოებით ნახევარი მილიონია, მათ შორის კი ძალიან ბევრი სტუდენტია, ამითაცაა განპირობებული რომ ფეხის თითქმის ყოველ ნაბიჯზე  ვხვდებით სხვადასხვა სასწავლებლებს. ხალხი ძალიან სტუმართმოყვარეა, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი რომ ქართველებზე მეტადაც. (ვიცი ბევრი არ დაიჯერებს ამას, საკუთარი თვალითაც რომ ნახოს, რადგან ჰგონია, რომ ამ ყოველივეს მხოლოდ ,,წილხვდრომილობა’’ განაპირობებს, მაგრამ მაინც…) ქალაქი მშვიდია, თან იმდენად, რომ როგორც ევროპის ბევრ ადგილზე, მანქანის სიგნალს თითქმის ვერ გაიგონებთ. შეიძლება ნახევარი საათი ან უფრო მეტი იდგნენ საცობში, მაგრამ არავის მოუვა აზრად რომ წინ მყოფს დაუსიგნალოს. თავის მხრივ არც  უკანმყოფი ჩაატარებს ისეთ ,,ფოკუსებს’’ , როგორც ეს ჩვენთან ხდება ხოლმე. ყოველივე ამის შემხედვარეს მახსენდება ,,თანამედროვე ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუში’’-,,წამის მეათასედი ეს არის პერიოდი, შუქნიშანზე წითლის შემდეგ ყვითელის ანთებიდან, უკან მყოფი მანქანის პირველ სიგნალამდე.’’ ქალაქში არაერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელთა შესახებაც ცალკე მოგახსენებთ.

მონაწილეები ქვეყნების მიხედვით დაყოფილ ჯგუფებში გადავნაწილდით. თითოეულ ჯგუფს დანიშნული ჰყავდა 2 მოხალისე- სასულიერო პირი და   17-25 წლის  ახალგაზრდა, რომლებიც მთელი ფესტივალის განმავლობაში ამ ჯგუფის წევრებზე ზრუნავდნენ. ეს ხალხი მთელი ამ პერიოდის მანძილზე სრულიად უსასყიდლოდ და მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, რომ საკუთარი ქვეყანა, ქალაქი, ეკლესია, ღირსეულად წარმოჩენილიყო სტუმართა თვალში.

            მეორე მხრივ არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო ქალაქის მოსახლეობა. ამ მოქალაქეებმა შეძლეს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე 10 დღის მანძილზე უმაღლეს დონეზე ემასპინძლათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 5000 ახალგაზრდა სტუმრისათვის, დადებითი განწყობა შეექმნათ მათთვის და ისეთი განწყობა შეექმნათ მათთვის, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ერთი უსიამოვნო შელაპარაკებაც კი არ მომხდარიყო ქალაქში.

კლუჟი და ევროპა

          ამ ქალაქში ყოფნისას ძალიან მარტივად ხვდებით, რომ იგი ევროპული ცივილიზაციის  ნაწილია. პირველი, რითაც აღნიშნული აზრის სისწორეში დარწმუნედებით, ისაა რომ, დილის 6 საათზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე სრული დატვირთვით იწყებს მუშაობას, რადგან სამუშაო დღე 8-ზე იწყება და სამსახურში დაგვიანება არ შეიძლება. მერე ეს კანონმორჩილებაა. მაგ: შუაღამით, მოგვიწია ქალაქის ერთ-ერთ განაპირა ქუჩაზე მონიშნული ე.წ. ,,ზებრის’’ გადაკვეთა. გადასასვლელზე ჩვენს მსგავსად ათამდე ადამიანი იდგა, შუქნიშნის სიგნალის მიხედვით ფეხითმოსიარულეებს ქუჩის გადაკვეთა არ შეგვეძლო,  გზაზე მანქანის ნასახიც კი არ ჩანდა, თუმცა არავის მოსვლია აზრად, რომ შესაბამისი ფერის მაჩვენებლის ანთებამდე, საშინელი წვიმის მიუხედავად ქუჩა გადაეკვეთა. თუ გსურთ კლუჟის ევროპელობის მესამე მიზეზი დაინახოთ, მაშინ უკვე დღის მანძილზე უნდა გახვიდეთ ქალაქში და მოსახლეობას დააკვირდეთ. სახე ღიმილიანი აქვთ, არ ჩამოსტირით, არ დაობენ ,,ზოგადსაკაცობრიო’’ საკითხებზე, როგორებიც მაგალითადაა: ,,გარყვნილი ამერიკისგან თავდაცვა, ჩიპიანი პასპორტებისგან სულიერად წალეკვის საფრთხე, მასონებისგან დედამიწის დამონება და.ა.შ.’’ ქალაქში ხანდახან შეიძლება საყურეებიანი ბიჭიც დაინახოთ, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას და არავინ აკვირდება, (რა თქმა უნდა არც ,,ტაბურეტკას’’ უტყამს).

მეოთხე მიზეზი უკვე ტრანსპორტია. სტუდენტები და მოსწავლეები  საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან უფრო ხშირად ველოსიპედებით მოძრაობენ,რომლითაც წავლენ დილით სასწავლებელში, დატოვებენ ეზოში, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ კი ისევ სახლში ბრუნდებიან მათთვის სპეციალურად გამოყოფილი წითელი ბილიკებით. (რომლის მსგავსიც რამდენიმე ადგილზე გვაქვს საქართველოშიც).  ახლა რაც შეეხება ავტომანქანებს, ეს საერთოდ სხვა საკითხია. პირადად მე წარმოშობით ქალაქ ხაშურიდან ვარ, შეგნებულად არ დავასახელებ იმ სხვაობას, რაც რიგითი ხაშურელის და რიგითი კლუჟელის შემოსავალს შორისაა, მაგრამ იმას კი მოგახსენებთ, რომ ეს რამდენიმე ასეული ან უფრო მეტი ალბათობით, რამდენიმე ათასი ევროა. თავად რუმინული ქალაქი კი, ქართულებზე იაფია. ამ დროს კი ხაშურში რამდენიმე ათეულიათასით ძვირი ავტომობილები, მობილური ტელეფონები, პლანშეტები და.ა.შ. გვაქვს, ვიდრე მათ. კლუჟელების ძირითადი ნაწილი (მათ შორის ტაქსისტები და პოლიციელებიც), ადგილობრივი წარმოების მანქანებით მოძრაობენ, რომელთა ძრავიც 1,6 სიმძლავრისაა.  რა თქმა უნდა ვიკითხე, თუ რატომაა ასეთი შესამჩნევი სხვაობა ჩვენსა და მათ შორის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენზე სარგძნობლად დიდი ხელფასები აქვთ. რუმინელებმა მიპასუხეს, რომ მათი მანქანები ადგილობრივი წარმოებისაა, პრაქტიკული და ეკონომიური. ამას დაუმატეს, რომ სამარიაჟო არავისთან არაფერი აქვთ. დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

კიდევ ერთი ,,ლაკმუსის ქაღალდი’’ რითაც კლუჟელთა (ზოგადად რუმინელთაც) ევროპულობაში დაგარწმუნებთ, არის ზიზღი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის პოლიტიკის, ექსპანსიების, განუვითარებლობის, ჩამორჩენილობის, ლოთობის, პროსტიტუტკობის, მამათმავლობის, გარყვნილების,  მოუწესრიგებლობის, სიზარმაცის და სხვა მანკიერებებისადმი. ძალიან რთულია (თითქმის შეუძლებელიც კი), რომ კლუჟში (და ზოგადად რუმინეთში), ნახო რუმინელი, რომელიც რუსულად დაგელაპარაკება. ამის მიზეზი კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მოძალადე და გარყვნილი ხასიათია. საქმე იმაშია, რომ II მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა კავშირის ჯარებმა რუმინეთში ,,ქალი არ დატოვეს’’ , რომ არ გაეუპატიურებინათ. ამას ჩვენი ,,ბატუშკას’’ ისტორიკოსები და მათი ქართული ,,რუპორები’’ რა თქმა უნდა არ წერენ, მაგრამ რუმინეთში ჯერ კიდევ ცხოვრობენ ის ქალები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს საბჭოთა ჯარების ძალადობის შედეგები.

რუმინეთის ეკლესია და მისი ღვთისმსახურება

თამამად და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ უკანასკნელი პერიოდის  განმავლობაში სახეზე გვაქვს რუმინეთის ეკლესიის თვალსაჩინო პროგრესი. გამოვყოფ რამდენიმე ფაქტორს, რაშიც ეს ნათლად გამოიხატება.

უპირველესად იმას მოგახსენებთ, რომ მათ ევქარისტიულის გარდა, თითქმის ყოველგვარი კავშირი აქვთ გაწყვეტილი რუსეთის ეკლესიასთან, რის საპირისპიროდაც მთლიანად არიან გადასულნი ბიზანტიურ-რუმინულ სტილზე. ეს მომენტი თვალში გხვდებათ მათ ტაძრებში პირველად შესვლისთანავე, სადაც ეპისკოპოსის კათედრა (ტახტრევანი) ტაძრის შუაში კი არაა, არამედ ხელმარჯვნივ, იქ სადაც ისტორიულად მდებარეობდა მართლმადიდებლურ ქვეყნებში (მათ შორის საქართველოშიც), ვიდრე ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ტვინში არ მოუვიდა აზრად ეკლესიის ისტორიული რეალობის შეცვლა, ისევე როგორც ტაძრის ცენტრში, ანალოგიაზე დასვენებული ხატის დადგმა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ რუმინელებთან ,,დიდი შესვლა’’, მართლაც დიდი შესვლაა.22 გამოასვენებენ ბარძიმ-ფეშხუმს სამკვეთლოდან, შემოუვლიან ნახევარ ტაძარს და სამეუფეო კარებით შეაბრძანებენ საკურთხეველში. სასულიერო პირებს კი არ აქვთ იმის დარდი, რომ შემთხვევით ტახტრევანს დაეჯახებიან და კისერს წაიმტვრევენ, ანაც ტაძრის შუაში დასვენებულ  ანალოგიას წამოდებით დაილეწავენ თავ-პირს.

ახლა ჩვენს საერთო ტკივილს, მესანთლესა და მესანთლესეულ იდეოლოგიას შევეხოთ, რომლის გაჩენაც ისევ და ისევ ავადსახსენებელ სლავურ ოკუპაციას უკავშირდება. მოკლედ გეტყვით, რომ რუმინეთში ამ ინსტიტუტს კი არა, ,,პროფტექნიკუმსაც’’ ვერ შეხვდებით. უფრო მეტიც, ტაძრებში საერთოდ არ ანთებს ეს ხალხი სანთლებს. ამ სიტყვების მოსმენაზე ვიცი ვიღაცეებს გააჟრჟოლებს და ,,კვეთება აიტანთ’’, არც ის გამიკვირდება ჩემს შეჩვენებას თუ გადაწყვიტავენ, მაგრამ არა უშავს. რუმინეთში (და  ზოგადად ყველგან, სადაც რუსული ჩექმის გავლენა არაა), სანთლებს ტაძრის გარეთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ანთებენ. მაგალითისთვის შეგიძლიათ იხილოთ ბუქარესტში, წმ.ანთიმოზ ივერიელის მონასტრის პრეცენდენტი:

12009664_1685501104997505_7110125757580150768_n

დაახლოებითი წარმოდგენა ისედაც მქონდა, მაგრამ მაინც ვიკითხე, თუ რატომაა ამგვარად ეს ყოველივე და მარტივად მიპასუხეს- ჩვენს ისტორიულ ხატებს და ფრესკებს ვუფრთხილდებითო. იმედია მკრეხელობაში არ ჩამომართმევთ და პირდაპირ გეტყვით, რომ ქართულ ხატწერასთან შედარებით რუმინული ნამუშევრები (ხელოვნების თვალსაზრისით) კარიკატურაა, მათი ისტორიული ხატები კი  XVI-XVII ს-ის პერიოდით განისაზღვრება. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ამ ყოველივეს ეს ხალხი იმდენად უფრთხილდება, რომ ტაძრებში ხატებსაც კი არ ანთებენ, რათა ნამწვმა არ დააზიანოს იგი, ხოლო თუ ყოველივე ამის მიუხედავად მაინც დაზიანდნენ, ტაძრიდან გააქვთ და სპეციალურ საეკლესიო მუზეუმში ასვენებენ. ამ ფონზე კი ჩვენთან ,,შეფიცულთა რაზმებია’’ ჩამოყალიბებული რომ მუზეუმში განთავსებული ხატები ეკლესიებში გადაასვენონ, რათა ,,ქართულ-ტრადიციულ-წარმართულად’’ ჩარჩოზე მივაღვენთოთ ჩვენი სხეულის სიგრძისა და მაჯის სიმსხო სანთლები, წინ ცხვარი შემოვატაროთ, ზემოდან მარილი დავაყაროთ, ,,მრჩობლი საკმეველი ვუკმიოთ’’, უზარმაზარი უსუპით ვასხათ წყალი, მანქანაში კი ,,ოციანი’’ გვეგულებოდეს.  მივდივართ იქამდე, რომ როდესაც ჩვენი მოძმე ერები უდიდესი მოკრძალებითა და რუდუნებით უფრთხილდებიან XVII-XVII საუკუნის ხატებს, ჩვენ სვანური სკოლის უძველეს შედევრებს, ჭედურობის უნიკალურ ნიმუშებს, მინანქრის განსაცვიფრებელ ნამუშევრებს არათუ ვუვლით, არამედ ბარბაროსულად ვეპყრობით. არ ვიცი რა პასუხი უნდა გავცეთ ამ ყოველივეს შემდეგ ოპიზრებს, მეფის მხატვარ თეოდორეს და სხვებს.

ტელეფონში სხვა ფაილებთან ერთად ქართული ტრადიციული ხატწერისა და ჭედურობის ნიმუშებიც მქონდა. შესაბამისი დრო ვიხელთე თუ არა, კლუჟელ სასულიერო პირებს ვკითხე მათი აზრი ამ ყოველივეზე. პირდაპირ გეტყვით რომ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და გაოცებულები მეკითხებოდნენ, თუ რატომ არ ვახდენთ ამ საგანძურის პოპულარიზებას, რატომ არ ვაცნობთ მათ მსოფლიოს. ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდა, ეგებ თქვენ მაინც დამეხმაროთ, როგორ შემიძლია ავუხსნა ,,შე ხარ ვენახით’’ მოხიბლულ სასულიერო პირებს, რომ ამ ხატს ქართველთა ნაწილი ,,არაკანონიკურად’’, ,,არასულიერად’’ და.ა.შ. თვლის ?!

ხუროთმოძღვრების შემდეგ ლიტურგიკას შევეხოთ. აქედანვე გეტყვით, რომ რუმინელებს ძალიან ლამაზი ღვთისმსახურება აქვთ, რასაც დიდად მშობლიური ენა განაპირობებს, რომელიც ლათინური ფუძისაა და მელოდიურად ჟღერს. მსახურება რა თქმა უნდა ბიზანტიურ სტილზეა, რომელზეც ლამაზადაა შეწყობილი ტრადიციული რუმინული ელემენტები. რა თქმა უნდა ვერასდ შეხვდებით მასში უაზროდ ჩამატებულ რუსულ მომენტებს, რომელიც ლაზათს დაუკარგავს ამ ყოველივეს. მაგ: აქ არ ყიდულობენ ,,ციცქნა სებისკვერებს’’ ცოცხლებისა და მიცვალებულთათვის, თითქმის ყველგანაა ჩალაგებული სტასიდები,1 (ნუ გაგიკვირდებათ თუ აქ სკამებსაც იხილავთ, არც იმის დარდი უნდა გქონდეთ, რომ ვიღაცა გეტყვით ამ ყოველივეზე მწვალებლურია, კათოლიკურია, პაპისტურია და.ა.შ.) საღვთო ლიტურგიას წინ არ უძღვის I, II და VI ჟამნები (ან რატომ უნდა უძღოდეს ?) კვეთავენ   ცისკრის ჟამნზე, რომელიც ძირითადად დილით აღესრულება (ან რატომ უნდა აღესრულებოდეს ცისკარი საღამოს 6 საათზე?), წირვაზე არ ამბობენ მიცვალებულთა კვერექსს (ან რატომ უნდა თქვან), ვერ ვიხსენებ წარმოეთქვათ კათაკმეველთა კვერექსიც , ქადაგება არის მოკლე, ლაკონიური და დაკავშრებული წაკითხულ სახარებასთან ან დღის წმინდანის ცხოვრებასთან, რომელიც 10-20 წუთზე მეტი როგორც წესი არ გრძელდება. ქადაგებისას ვერ მოისმენთ სწავლებებს მფრინავ თეფშებსა და ვედრებზე, დაჩიპულ ამბებზე, ერთიან სლავურ იმპერიაზე, რომელსაც ცხებული მეფე ჩაუდგება სათავეში, გარყვნილი დასავლეთის ,,ძლევაზე’’ და.ა.შ. ამ მცირე და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით წირვა სრულდება ძალიან სწრაფად. მაგალითად,  კლუჟში, პიაცაზე, საკათედრო ტაძრის წინ განთავსებულ ღია ტრაპეზზე უნეტარეს დანიელის მიერ აღვლენილი წირვა დაიწყო 9-ზე და დამთავრდა 12-ის ნახევარზე.  მსახურებისას ვერ დაინახავთ არათუ სამნიშნა რაოდენობის, არამედ ზოგადად სტიქაროსნების ინსტიტუტს, რომლებიც ახლახანს დანაყრებულან სებისკვერებით, სიტკბოებაც დაუმატებიათ და ახლა სუფთა ჰაერს სუნთქავენ. უფრო სწორად რომ გითხრათ საერთოდ ვერ დაინახავთ ამ სლავურ მანკიერებას. ან თუ დაინახავთ მიხვდებით, რომ ,,მნათეები’’ არიან, რომლებიც სანთლით, რიპიდით, ბაირაღით ან სხვა საჭირო ნივთით ხელში დგანან მათთვის განკუთვნილ ადგილზე, არ დაბოდიალობენ აღმა-დაღმა და რაოდენობასაც თითებზე დაითვლით. უფრო მეტიც, პატრიარქის წირვაზე სტიქაროსნები კი არა, რამდენიმე მღვდლის გარდა არავინ იმოსება. დავაკონკრეტებთ, უნეტარეს დანიელის მიერ აღვლენილ ლიტურგიაზე მსახურობდნენ ეპისკოპოსები (დაახლოებით 10), რამდენიმე მღვდელი (მაქსიმუმ 7)  და  5 დიაკონი. დანარჩენი სასულიერო პირები საკურთხევლის გარეთ იყვნენ და  ხმაშეწყობილად გალობდნენ ან ჩუმად ლოცულობდნენ.

ისევე როგორც ხმაშეწყობილად გალობს მთელი მრევლი, მთელი ტაძარი. ამ ქვეყანაში რამდენიმე სახის საგალობლებს ასრულებენ- ტრადიციულ რუმინულს და ,,გამშვენებულ ბიზანტიურს’’, პროფესიონალ მგალობელთა გუნდები წარმოთქვამენ, ხოლო სადა კილოზე შესასრულებლებს კი თავად მრევლი, რომელსაც წინ უდგას რეგენტი და შესაბამის მითითებებს აძლევს.

ჩემდა გასაოცრად რუმინეთის მოსახლეობის უმეტესობას რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიის ნაწილი ვგონივართ, აქედან გამომდინარე თვლიდნენ, რომ გალობაც სლავური სტილზე გვაქვს. როდესაც ამგვარ მოსაზრებას ვისმენდი დაუყოვნებლივ ვამბობდი, რომ ჩვენ ისევე ვართ რუსეთის ნაწილი, როგორც რუმინელები არიან უნგრელების, ხოლო გალობის შესახებ კი ჩემს სიტყვებს ანჩისხატის, ქვაშვეთის და მამა დავითის ტაძრის გუნდების მიერ შესრულებული შედევრები გადმოსცემდნენ. შეუძლებელია სიტყვებით გადმოიცეს ის გაოცება და აღფრთოვანება, რომელიც უცხოელებმა გამოხატეს გელათის, შემოქმედის, სვანური, კარბელაანთ და სხვა კილოებზე გაწყობილი საგალობლების მოსმენისას, რის შემდეგაც ზუსტად იგივე კითხვა დამისვეს, რაც ხატწერის შესახებ მოისმინეთ-,,რატომ არ ახდენთ ამ განძის პოპულარიზებას ?’’ პასუხი რა თქმა უნდა ვერ გავეცი, ან როგორ უნდა ამეხსნა, რომ საქართველოში მორწმუნეთა დიდი რაოდენობაა, რომელიც ,,არაკანონიკურად’’ მიიჩნევს ჩვენს პოლიფონიას და მხოლოდ ქეიფის დროს შესასრულებლად განიკუთვნებს. მოკლედ რომ მეთქვა, ღვთისმსახურებისას მისი შესრულების ,,არამოსურნენი’’ არიან.

ვახსენე და კიდევ ვიმეორებ, რომ რუმინეთში, ისევე როგორც მართლმადიდებლურ სხვა ქვეყნებში არ არსებობს მესანთლეების და  სტიქაროსნების  ინსტიტუტები, ხოლო მედავითნეები კი ძირითადად კლასიკურად არიან გამოწყობილნი, რა თქმა უნდა მამაკაცები არიან და გავლილი აქვთ სპეციალური სკოლა ამ პროფესიის დასაუფლებლად. მათი მოსმენა ერთ რამედ ღირს.

მსახურების ბოლოს ტაძრებში მნათეები ჩამოატარებენ ხოლმე სფვირიდებს (მცირე ზომის გოდრებს), მომღიმარი სახის, ბედნიერი გამომეტყველების და გახარებული  მრევლის წევრები გაიღებენ შესაწირს, რომლითაც მსახურების დასრულების შემდეგ მოწყალებას გასცემს ეკლესია.

რუმინელი სასულიერო პირები

          თემაში ვახსენეთ თუ როგორი ხალხია რუმინელები, რომელ საათზე იწყებენ სამუშაო დღეს, როგორ იცავენ წესრიგს და.ა.შ. მაგრამ ჩამოთვლილი ფაქტები უფრო მეტად თვალშისაცემია დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. ჩნდება კითხვა, თუ რაში მდგომარეობს ამ ქვეყნის უპირატესობა? ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეს  მათ სასულიერო პირებში ვლინდება. შემოგთავაზებთ რამდენიმე ფაქტს და თავად განსაჯეთ. მოგახსენეთ, რომ ქალაქი კლუჟ-ნაპოკა ბუქარესტიდან დაახლოებით 560 კმ-ზე მდებარეობს. დედაქალაქში ჩვენი რეისი ღამის პირველ საათზე ჩაფრინდა, სადაც დაგვხვდა კლასიკურად გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი, გაგვეცნო და კლუჟში წაგვიყვანა. ამ მანძლის დაფარვას დაახლოებით 6 საათი დასჭირდა. ეს პიროვნება მთელი ამ დროის მსვლელობისას   ძალიან შინაურულად და მეგობრულად იქცეოდა ჩვენთან, იმდენადაც რომ უბრალო, ალალი მძღოლი გვეგონა, რომელიც ჩვენს დასახვედრად გამოგზავნეს გამოაგზავნეს ფესტივალის ორგანიზატორებმა. სხვანაირად ვერც წარმოვიდგენდით, რადგან მას 48 საათის მანძლზე მხოლოდდამხოლოდ იმიტომ არ სძინებია, რომ ჩვენ ჩავეყვანეთ დათქმულ ადგილზე. ეს ადამიანი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გამოემართა დედაქალაქში, დაგვხვდა და წაგვიყვანა 560 კ-ით უკან, დილის 7 საათზე  მიგვიყვანა საცხოვრებელში და 1 საათში საკუთარი სამუშაოც დაიწყო. ბევრი რომ არ გავაგრძელო  ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც კლუჟში ჩამოსულ უნეტარეს პატრიარქთან სწორედ იგი, მამა კლაუდიო გრამა მთავარდიაკვნობდა, აღმოჩნდა რომ მამაო, ამ ყველაფრით გამორჩეული ეპარქიის პროტოდიაკვანი ყოფილა და ამავდროულად ჩვენი ფართომასშტაბიანი ფესტივალის მთავარი ორგანზიატორიც გახლდათ და პირადად ხელმძღვანელობდა თითოეულ დეტალს, განსაკუთრებით კი ზრუნავდა საქართველოს დელეგაციაზე და გვანიჭებდა სხვებზე მეტ პრივილეგიებს. მხოლოდ დადებითის თქმა შეგვიძლია სხვა დიაკვნებზეც. აქვე დავძენთ, რომ რუმინეთში ეს იერარქიული დასი საკმაოდ პრივილეგირებულია. ღვთისმსახურებისას ატარებენ გაბრწყინვებულ ჯვარს, აქვთ დახვეწილი მუსიკალური უნარები, დახელოვნებულად ატარებენ მსახურებას და საქმეთა უმეტეს ნაწილს აღასრულებენ საპატრიარქოებში თუ საეპისკოპოსო რეზიდენციებში.

აუცილებლად უნდა აღვწერო რუმინეთის პატრიარქის, უნეტარეს დანიელის გაცნობის ეპიზოდიც. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე 5000 მონაწილის სახელით რომელიმე დელეგაციის წევრს უნდა მიემართა რუმინულ ენაზე ქვეყნის წმიდა სინოდის, მოსახლეობის და მთავრობისადმი. საბედნიეროდ, საქართველოს ეკლესიისადმი განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულების გამო, ეს პატივი მე მერგო წილად, რაც რა თქმა უნდა სასიამოვნო და საპასუხისმგებლოც იყო. მოსამზადებლად სულ რამდენიმე საათი მქონდა, რუმინული ანბანი ლათინური ,,ოჯახისაა’’, რაც ამარტივებდა წაკითხვას, აქედან გამომდინარე მოკლე მოსამზადებელი პერიოდი მთლიანად აქცენტის დამუშავებას დავუთმე. სიტყვის წარმოთქმის შემდეგ უნეტარესმა დანიელმა თავისთან მიხმო, გადამეხვია, გამესაუბრა, გამოხატა პატივისცემა საქართველოს ეკლესიისადმი და დროებით გამომემშვიდობა. ფესტივალის მსვლელობისას კიდევ რამდენჯერმე შევხვდი უნეტარესს და ყოველ ჯერზე მისადმი მოკრძალება და დაფასება უფრო მეტად მიძლიერდებოდა.

მთელი ამ გრანდიოზული ღონისძიების ჩატარება მთლიანად კლუჟის მიტროპოლიტ ანდრეის დამსახურება გახლდათ. ვიღაცამ სასწაულად შეიძლება ჩათვალოს, რომ 66 წლის კაცმა მოახერხა საკუთარ ეპარქიაში ჩამოეყვანა, დაებინავებინა, ესიამოვნებისა და მინიმალური უსიამოვნების გარეშე გაეშვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 5000 ახალგაზრდა. გარდა იმისა რომ ამ კაცს ღონისძებათა მოწყობისა და ორგანიზების შესანიშნავი უნარი აღმოაჩნდა, დავრწმუნდით რომ უშუალო და შესანიშნავი პიროვნებაც ყოფილა. ქალაქში ჩასვლის მეორე დღესვე მან მიგვიღო საკუთარ რეზიდენციაში, გაგვიმასპინძლდა, გვესაუბრა წმ. ანთიმოზ ივერიელის, საქართველოს ეკლესიის და მისი საჭეთმპყრობლის შესახებ, საქები სიტყვები არ დაიშურა და ყველას მოგვეფერა. 2იგივეს თქმა შეგვიძლია ჩრდილოეთევროპის მიტროპოლიტ მაკარიოსზე და სხვებზეც.

ქვეთავის ბოლოს აუცილებლად უნდა შევეხოთ ზოგადად მღვდლებს და დიაკვნებს, რომელთა ქცევამ და ჩვენდამი დამოკიდებულებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არ ვიცი ამგვარი მღვდლები მხოლოდ დასახელებულ ეპარქიაში მსახურობენ თუ ზოგადად  ქვეყანაში, იმის თქმა კი ნამდვილად შეგვიძლია, რომ კლუჟის ეპარქიაში სანიმუშო მღვდელთმსახურები არიან. საუბარს დავიწყებ მათი გარეგნობით. თითქმის შეუძლებელია ბოდიში და ,,ღიპიანი’’ სასულიერო პირის მოძებნა, სამოსი მუდმივად გემოვნებითაა შერჩეული, (არაფერს ვიტყვი რომ სუფთა და უზადოდ გაუთოვებულია). აბსოლუტურ უმრავლესობას სამღვდელო ჩოხის შიგნით  მოხდენილად უჩანს თეთრი პერანგის საყელო და მანჟეტები. თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებს მოკლე წვერი აქვთ,(ზოგი საერთოდაც არ ატარებს წვერს და არავინ სდებს ბრალდ ,მწვალებლურ-პაპისტობაში) აღკვეცილებს კი მოზრდილი. (რა თქმა უნდა ყველა მათგანი მოვლილია). ძალიან უყვართ სტუმრები და ყველანაირად ცდილობენ რამდენადაც შესაძლებელია აამონ მათ. პიროვნული ურთიერთობისას ვერც კი შეატყობთ, რომ რაიმეთი აღმატებულია შენზე, არ გთხოვს ,,მაკურთხეველ მარჯვენაზე’’ მთხვევას, ანაც გულზე დაკიდებულ ორივე ჯვარზე ამბორს. (პრინციპში როგორ მოგთხოვს, იქ მღვდელი ორი ჯვრით, უბრალოდ არარსებობს და ერთი ჯვრის ტარებასაც ერიდებიან ღვთისმსახურების გარეთ). თუ საჭიროა შენთან ერთად გაიცინებს, იმღერებს, იცეკვებს… არ ვიცი კიდევ რა დავასახელო, მთავარი ისაა, რომ მათთან ურთიერთობის შემდეგ არ დაბრკოლდები, არ განიკითხავ, არ განაწყენდები . კლუჟელ მღვდლებზე (ეპისკოპოს ანდრეის ხელმძღვანელობით), დაუსრულებლად და დიდი სიამოვნებით შემიძლია საუბარი, უბრალოდ გარკვეული მიზეზების გამო თავს შევიკავებ და უბრალოდ ვიტყვი, რომ ქედს ვიხრი მათ წინაშე და ვთხოვ ლოცვებში მოგვიხსენიონ.

გაგიკვირდებათ და სამღვდელოების აბსოლუტური უმრავლესობა დაჯილდოებულია მელოდიური ხმითა და ჩინებული სმენით. ერთ რამედ ღირს მათ მიერ ჩატარებულ მსახურებაზე დასწრება. ვინც მიცნობს იცის რომ ,,სასწაულების’’ არ მჯერა, აქედან გამომდინარე ვერც იმას დავიჯერებ, რომ კალთის დაბერტყვით მოფენილმა ,,ზემიწიერმა მადლმა’’  რუმინელი ყველა მღვდელი ,,ერთიანად აამღერ-ააქადაგა’’. გავიკითხე და მითხრეს, რომ ბუქარესტის სასულიერო სასწავლებელში უდიდესი ყურადღება ექცევა გალობის საკითხს და ოთხი წლის მანძილზე ისწავლება.

ქვეთავის დასასრულს არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო მღვლადკურთხევისას გასავლელი  საფეხურები. თავიდანვე ვიტყვი რომ რუმინეთში სასკოლო პერიოდის მანძილზე მოსწავლე რამდენიმე სკოლას ამთავრებს და ყოველი მათგანის დააწყებისას ან დასრულებისას, შესაბამის გამოცდას აბარებს. ბოლო საფეხურზე უკვე პროფესიულ მიმართულებას ირჩევს, და იქ აგრძელებს სწავლას, სადაც პრიორიტეტი საკუთარ პროფესიის დაუფლებას ენიჭება, ხოლო სხვა საგნები მეორეხარისხოვანია. სასულიერო პირად გახდომითა და ზოგადად ღვთისმეტყველებით დაინტერესებულები IX-X კლასიდან სწავლას სემინარიაში აგრძელებენ, რომლის დასრულების შემდეგაც აბარებენ მისაღებ გამოცდებს უმაღლესი სასწავლებლის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე. თითქმის შეუძლებელია ამ ქვეყანაში ნახოთ სასულიერო პირი, რომელიც არ არის თეოლოგიის ბაკალავრი, მაგრამ იშვიათად რომ ვინმე ამ მცირედით დაკმაყოფილდეს და როგორც წესი უმეტესობა მათგანი სწავლას მაგისტრატურაში აგრძელებს. მასტერის ხარისხის აღების შემდეგ კი იერარქიულად დაწინაურებისათვის აუცილებელია სადოქტორო პროგრამის გავლა და შესაბამისი დისერტაციის დაცვა. მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება, პირიქით. სასულიერო პირი, რომელმაც უკვე მიიღო შესაბამისი თეორიული განათლება, აუცილებელია რომ პრაქტიკულადაც გამოიწრთოს. დიაკვნად ყოფნის პერიოდი სხვა ყველაფერთან ერთად ძირითადად განისაზღვრება კანდიდატის მუსიკალური შესაძლებლობებით, რომლებიც რაც უფრო დახვეწილია, მით უმფრო მეტად უგრძელებს ამ საფეხურზე ყოფნის დროს. მღვდლად კურთხევის შემდეგ კი როგორც წესი მას განამწესებენ სოფელში, სადაც 1-2 წელი მსახურობს. ამ დროის მანძილზე მას დანიშნული აქვს შესაბამისი ხელფასი, რათა არ გაუჭირდეს ოჯახის რჩენა. თუ ხსენებულ პერიოდს წარმატებით დაძლევს და გამოთქვამს ქალაქში გადმოსვლის სურვილს, მაშინ თავად ირჩევს ტაძარს, სადაც  უნდა რომ იმსახუროს და უთანხმდება შესაბამის წინამძღვარს. დავუშვათ რომ რამდენიმე კადრმა გამოთქვა ერთ  კონკრეტულ ტაძარში მსახურების სურვილი, ამ დროს თითოეულ მათგანს ეძლევა გამოსაცდელი ვადა (დაახლოებით ერთი კვირა)  კვირის დასრულებისას კი აღავლენს ღვთისმსახურებას, რომელსაც ყველა ინტერესით ელოდება. ამგვარადვე იქცევიან სხვებიც. ბოლოს, როდესაც ყველა კანდიდატი თავის ,,წარდგენას’’ მორჩება, მრევლი თავად ირჩევს, თუ რომელი მათგანის დატოვება სურთ და რატომ. მაგრამ ამითაც არ მთავრდება ყველაფერი. შერჩეული პირი გადის უკვე სპეციალურ კურსს (დაახლოებით 1-2  თვიანს), სადაც შეისწავლის კონკრეტულ იმ ნიუანსებს, რომელიც უმნიშვნელოვანესია საკუთარი საქმიანობისთვის. ამ ყველაფრის შემდეგ კი იწყებს მსახურებას შესაბამის ტაძარში. მეგობრებო, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ამ საკითხს, რადგან შემდგომში აღარ გაგიჩნდეთ კითხვები, თუ რატომ არიან რუმინელი სასულიერო პირების უმრავლესობა მისაბაძი, სასიამოვნო, დახვეწილი და მოწესრიგებული.

შეგნებულად მოკლედ შევეხები რუმინელ მონაზვნებს. უბრალოდ გეტყვით, რომ იქაური მონასტრები ძირითადად რამდენიმე ათეული წევრისგან შედგება და  თითოეული მათგანი არათუ მონასტრიდან, კელიიდანაც კი იშვიათად გამოდის. უმთავრეს ყურადღებას უთმობს ლოცვას და მორჩილებას, რომელიც როგორც წესი შიგატერიტორიაზე სრულდება.

‘’სალინა ტურდა’’

თუ ოდესმე კლუჟში მოხვდებით არ გამოტოვოთ შანსი, რომ მოინახულოთ ‘’სალინა ტურდა’’. ესაა მცირე ზომის დასახლებული პუნქტი ქალაქთან ახლოს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ბავშვობისას პირადად ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი იყო ჟიულ ვერნის-‘’საიდუმლო კუნძული.’’ ნაწარმოებში ბევრი რამე იქცევდა ჩემს ყურადღებას, განსაკუთრებით კი გამოქვაბულის იდუმალება. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ მსგავს ადგილზე მეც მოვხვედრილიყავი და ეს ოცნება რუმინეთში ავიხდინე. ‘’სალინა ტურდა’’, ე.ი. ‘’ ტურდას მარილი’’, ესაა მარილის ქალაქი მიწის ზედაპირიდან 120 მეტრის სიღრმეზე. იგია ადგილი, სადაც ყველაფერი ბუნებრივი მარილისაა. ფსკერამდე ჩასვლა-ამოსვლა ლიფტითაც შეგიძლიათ, მაგრამ გირჩევთ, რომ არ დაიზაროთ და კიბეებით ჩახვიდეთ. მთელი ამ ხნის მანძლზე თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს გარემო, ისტორიული ნივთები, ფოტომატიანე და.ა.შ. მაგრამ ფსკერზე ჩასული ნახავთ იმას, რაც ძალიან გაგაკვირვებთ. აქ დაგხვდებათ ბუნებრივი ტბა, სადაც შეგიძლიათ ნავით გაისეირნოთ. თუ სპორტული ჟინის მოკვლა გსურთ, აქვეა კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები. არც ე.წ. ‘’პინგ-პონგის’’ მოყვარულები დარჩებით უსაქმოდ, თუკი ჯანმრთელობა ყოველივე ამის საშუალებას არ გაძლევთ, მაშინ შეგიძლიათ ე.წ. ,,ეშმაკის ბორბალზე’’ მოკალათდეთ, ანაც კინოთეატრში შებრძანდეთ. ხოლო თუკი ჩამოთვლილთაგან არცერთი გხიბლავთ და უბრალოდ სუფთა  ჰაერის ყნოსვა გსურთ, შეგიძლიათ მოხერხებულად მოკალათდეთ, ჩართოთ ,,WI-FI’’ და მშვიდად გაატაროთ დრო.

3

დასკვნა

ძალიან ბევრი და დიდხანს შემიძლია ვისაუბრო რუმინეთის შესახებ, მაგრამ ვშიშობ მოსაწყენი არ გავხადო თემა, მგონია რომ უკვე დაწერილიდანაც ნათლად გამოჩნდება იმ პათოსის, სიხარულის, გულისტკივილისა და იმედის გამოხატვა, რაც წინამდებარე წერილიდან გადავწყვიტე. დავძენ, რომ რაც უფრო მალე მოვიცილებთ ,,მესიანისტურ’’ და ,,ღვთისგანრჩეულ’’ მენტალიტეტს, მით უკეთესი იქნება. ნუ გვგონია რომ სხვებზე (განსაკუთრებით ევროპელებზე) ,,მეტად ქრისტიანები, მართლმადიდებლები’’ ვართ, და იმაზე ფიქრს, რომ ქართველები ისტორიულად ,,მაგრები ვიყავით’’ და ახლაც გამორჩეულად  მორწმუნე ერი ვართ, ნამდვილად სჯობს მივბაძოთ ევროპელებს (ამ შემთხვევაში რუმინელებს), გადავდოთ გვერდით ჩვენთვის დამახასიათებელი ფანატიზმი, ფეტიშიზმი, კერპთაყვანისმცემლობა, შური, სიძულვილი, ამპარტავნება, ,,ისტორიულ-ეროვნული მართლმადიდებლობა’’ და გავხდეთ ქრისტიანები. ამ შორი პერსპექტივის განხორციელებამდე, მე კიდევ ერთხელ დავხედავ კლუჟში ნაჩუქარ რუმინეთის ფერებში გაწყობილ სამაჯურს, რისი მიღებაც ჩემი მხრიდან ამ ქვეყანაში კვლავ ჩასვლის პირობის დადება გახლდათ და უსაყვარლესი წმიდანის ლექსის კითხვით, მშვიდად დაველოდები წყევლა-კრულვას, რომელზეც უკვე იმუნიტეტი გამომიმუშავდა.

,,ჩემზედ ამბობენ: ის სიავეს ქართლისას ამბობს..
ჩვენს ცუდს არ მალავს , ეს ხომ ცხადი სიძულვილია?
ბრიყვნი ამბობენ… კარგი გული კი მაშინვე გრძნობს
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია.”

/ილია ჭავჭავაძე/

გურამ ლურსმანაშვილი

 

 

 

Advertisements

4 Comments

Filed under არდადეგები

4 responses to “რუმინული არდადეგები

  1. ალექსანდრე

    ძალიან კარგი იყო. ყოჩაღ გურამ

  2. shushana.guruli@facebook.com

    ჩემს ჯგუფში გამოქვეყნების უფლებას გთხოვ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s