ეგნატე ანტიოქიელის ეპისტოლე რომაელთა მიმართ

EGN

 შინაარსი

ეპისტოლის დაწერის ადგილი, მიზეზი და დრო

რედაქციები, მისი გამოყენება ეკლესიის მამებთან და ქართული თარგმანები

ავთენტურობის საკითხი

ეგნატე ანტიოქიელი– ეპისტოლე რომაელთა მიმართ (ტექსტი)

დასკვნა

გამოყენებული ლიტერატურა

შინაარსი

ეკლესიის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია ეგნატე ანტიოქიელს,რომელიც მეორე საუკუნის დასაწყისში მოწამეობრივად აღესრულა კოლიზეუმში.  რომისაკენ მიმავალ გზაზე იგი ეპისტოლეებს უგზავნიდა მორწმუნეებს.  ამ ეპისტოლეების სამი რედაქცია შემონახული. უტყუარად მიჩნეულია 7 ეპისტოლე, რომელთა შორის ერთ-ერთია რომაელთა მიმართ მიწერილი. წინამდებარე თემაში სწორედ მის შესახებ ვისაუბრებთ.

ნაშრომს დართული აქვს ეპისტოლის ქართული ტექსტი. მისი თარგმანი და შენიშვნები ეკუთვნის პროფ. ედიშერ ჭელიძეს. (ჟურნალი ,,გული გონიერი’’; N1;2011 წელი), რომელსაც შევუდარეთ ბერძნული ((εκδόσεις ΕΠΕ,  Αποστολικοί Πατέρες τόμος 4 σελ. 113-121, οι υπογραμμίσεις δικές μας), ინგლისური–(from: _Apostolic Fathers_, Lightfoot & Harmer, 1891 translation) და რუსული (Предисловие и текст о жизни Св. Игнатия написаны
Павел Ерофеев, 2001 Опубликовано в брошюре: “Св. Игнатий Богоносец: мученичество и послания) ვარიანტები.

 

ეპისტოლის დაწერის ადგილი, მიზეზი და დრო

როგორც ტიქსერონი ამბობს (ეს მოსაზრება მრავალ სხვა მკვლევართანაც ფიქსირდება), რომისაკენ მიმავალმა ეგნატემ, სმირნაში დაწერა 4 ეპისტოლე – ეფესელთა, მაგნესიელთა, ტრალისელთა და რომაელთა მიმართ. დასახელებულთაგან პირველი სამი ძალიან ჰგავს ერთმანეთს,ხოლო უკანასკნელი კი საკმაოდ განსხვავდება, რადგან მასში საუბარია უმართებულო თანაგრძნობის ირგვლივ და არა ეკლესიის წიაღში შემოსულ  სარწმუნოებრივ გაუკუღმართების შესახებ. ეპისკოპოსი მიმართავს იმპერიის დედაქალაქის მოსახლეობას, რომ საკუთარი არასწორი მოსაზრებები ეგნატეს დახმარებასთან დაკავშრებით, დაივიწყონ.[1]

რაც შეეხება დაწერის თარიღს. ამასთან დაკავშირებით შედარებით რთულადაა საქმე და მკვლევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. მასში გასარკვევად უნდა გავიხსენოთ, რომ ტრაიანეს მეფობის წლებია 98-117, ხოლო ადრიანესი კი 117–138 წწ. ამ უკანასკნელი დროს უკვე ძალაში იყო წინა იმპერატორის  ინიციატივა, რომელიც გაჟღერდა პლინიუს უმცროსისადმი წერილში, სადაც ნათქვამია, რომ ქრისტიანები არ უნდა დაისაჯონ განუსჯელად. გარდა ამისა, ეგნატეს ეპისტოლეების გაცნობისას ადვილად ვიგებთ, რომ საუბარია გნოსტიკური მოძღვრების წინააღმდეგ, ეს უკანასკნელი კი მცირე აზიის ტერიტორიაზე გავრცელდა დაახლოებით 125–130 წლებში. [2]აქედან გამომდინარე მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ რომაელთა მიმართ ეპისტოლე ვერ დაიწერებოდა 125–130 წლებამდე.

რედაქციები, მისი გამოყენება ეკლესიის მამებთან და ქართული თარგმანები

ეგნატე ანტიოქიელის ეპისტოლეთა უპირველესი რედაქცია, რომელიც მხოლოდ (ბერძნულად არსებობს) შემონახულია ‘’Codex Mediceus Laurentianus’’- ში. იგი მეორე საუკუნის მოგვიანო პერიოდით თარიღდება, მაგრამ მასში არაა რომაელთა მიმართ ეპისტოლე. ეს უკანასკნელი აღმოჩენილია X საუკუნის სხვა ხელნაწერში. (Codex paris Greac).[3]

რომაელთა მიმართ ეპისტოლიდან ამონარიდებს ახსენებდნენ პირველი საუკუნეების საეკლესიო მამები. მაგ: მეოთხე თავში გაჟღერებული სწავლება, ხორბლის მარცვლის შესახებ, რომელიც კვლავ უნდა აღმოცენდეს ფიქსირდება ირინეოს ლიონელთან (ერესების წინააღმდეგ. 5,28.4), ევსები კესარიელთან (ეკლესიის ისტორია 3,35.12), ნეტარ იერონიმესთან (გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება 19). VII თავში ნათქვამი ,,გწერთ მე ცოცხალი, კვდომის მეტრფე. ჯვარს-ეცვა ჩემი ტრფიალება…’’ გვხვდება ორიგენესთან (განმარტება ქებათა ზებაზე).

ჩვენამდე მოღწეულ ქართულ თარგმანებში, ყველაზე ადრეულია წმ.გიორგი მთაწმინდელის მიერ შესრულებული ნაშრომი, რომელიც გამოიცა ა.ბოროდას მიერ, საქართველოს ეკლესიის 1988 წლის კალენდარში. ხოლო თანამედროვე ქართულ ენაზე კი გვაქვს ორი განსხვავებული თარგმანი, პროფ. ედიშერ ჭელიძის მიერ შესრულებული ( ,,გული გონიერი’’, I ტომი, 2011 წელი) და პროფ.ვიქტორია ჟუღელის (მოციქულებრივ მამათა სწავლანი. თბილისი 2014 წელი).

ავთენტურობის საკითხი

ეპისტოლის ავთენტურობის შესახებ ვერ ვიტყვით რომ მკვლევრებს შორის არსებობს ერთი პოზიცია. თუმცა, ისეთი დიდი მეცნიერები,როგორებიც იყვნენ– ლაითფუტი, ჰარნაკი, კვასტენი და სხვები, ულაპარაკოდ თანხმდებიან, რომ იგი ეკუთვნის ეგნატე ანტიოქიელის კალამს. საკითხი ეჭვქვეშ დგება მხოლოდ პროტესტანტების ნაწილში, რომელთა აზრითაც ნაკლებად სავარაუდოა,რომ ტრაიანეს პერიოდში არსებულიყო ისეთი მკაფიო იერარქიული დაყოფა ეპისკოპოსს, მღვდელსა და დიაკონს შორის, როგორიც ღმერთშემოსილის ეპისტოლეებშია აღწერილი. აქედან გამომდინარე ბრალს გვდებენ, რომ იერარქიულობის შესახებ მოძღვრება მოგვიანო პერიოდის ინტერპოლაციაა.[4]

ეგნატე ანტიოქიელი– ეპისტოლე რომაელთა მიმართ  (ტექსტი)

ეგნატი ღმერთშემოსილი – ეკლესიას, წყალობაქმნილს უზენაესი მამის სიდიადეში, მისი მხოლოდშობილი ძის იესუ ქრისტეს მიერ, შეყვარებულსა და განათლებულს მამისვე ნებით, ვისაც ესათნოება ყოველივე, რაც კი არსებობს იესუ ქრისტეს, ჩვენი ღვთის რწმენასა და სიყვარულში, – ეკლესიას, რომელიც მოთავეობს[5] რომაელთა ქვეყნის სამკვიდრებელში, ღვთივღირსეულს, ღირსადმშვენიერს, ნეტარღირსეულს, ღირსადსაქებელს, ღირსადსასურველს, ღირსადწმიდასა და წინამძღვარს სიყვარულისას, ქრისტეს სჯულიერს,მამის მოსახელეს, რომელსაც მოგიკითხავ სახელითა ძისა მამისა, იესუ ქრისტესითა! თქვენ, რომლებიც ხორციელად და სულიერად შეუერთდით უფლის ყველა მცნებას, რომლებიც წრფელად აღივსეთ საღვთო მადლით და განიწმიდეთ ყოველი უცხო ფერისაგან, უსპეტაკესად იხარებდეთ იესუ ქრისტეს, ჩვენი ღვთის მიერ!
1.1. რადგანაც ფრიად ვევედრე ღმერთს ლოცვათა მიერ, ვეღირსე იმას, რომ ვიხილე და შევიწყნარე ღირსსახილველნი თქვენი სახენი, და თუ ღვთის ნება ღირსმყოფს, აგრეთვე, რომ მივეწიფო აღსასრულსაც, ვსასოებ მაშინ, იესუ ქრისტეს მიერ შეკრულმა ამბორ-გიყო თქვენ. 2. კეთილად განეგო დასაბამი, თუკი მომმადლებს ღმერთი იმასაც, რომ უბრკოლველად მოვიგო ჩემი წილხვედრი. შიში მაქვს თქვენი სიყვარულისა, არ მიმტროს მან მე,რადგანაც თქვენთვის ადვილია ისა ქმნათ, რაც გსურთ, ჩემთვის კი, – თუკი არ განმეკრძალვით, – საძნელოა ღმერთს მივეახლო.

2.1. არათუ ის მწადია, რომ აამოთ ადამიანებს, არამედ მხოლოდ – ღმერთს სათნო-ეყოთ, რასაც იქმთ კიდეც. ვერ მოვიპოვებ უმჯობეს ჟამს, ღმერთს მივეახლო, და თქვენც, უკეთუ დაიდუმებთ, სხვას ვერას ჰპოვებთ საქმეს უკეთესს თქვენი თავისთვის. თუკი დუმილით განმეკრძალვით, გავხდები ღვთისა, მაგრამ თუ ჩემს ხორცს შეეტრფობით, კვლავ მივიქცევი სრბოლისაკენ.[6] არათუ სხვა რამ, ჩემთვის მარტოდენ ის იზრუნეთ, ღმერთს შევეწირო ზედაშეს მსგავსად, რადგანაც უკვე განემზადა საკურთხეველი, თქვენ კი შემოკრბით სიყვარულით, როგორც რამ ქორო, და უგალობეთ მამას იესუს მიერ, რადგანაც ღმერთმა ღირს-იჩინა ეპისკოპოსი სირიისა; აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ უწოდა მას. კარგია ამ ქვეყნიდან ღვთისაკენ ”ჩასვლა”, რომ შემდეგ მასთან ”აღმოვიდე”.[7]
3.1. არასოდეს გშურდათ ვინმესი; სხვებს ასწავლიდით. მსურს მტკიცედ ეგოს ყოველივე, რაც თქვენ ასწავლეთ და განაჩინეთ. ჩემთვის მარტოდენ ის ითხოვეთ, ძალა მომეცეს შინაგანად და გარეგანად, რომ არა მხოლოდ სიტყვით ვამბობდე, მსურდეს კიდეც; არა მხოლოდ სახელად მერქვას ქრისტიანი, ვიყო კიდე და თუ ვიქნები, მეწოდება კიდეც ამგვარად, მორწმუნე კი მაშინ გავხდები, ქვეყნად რომ აღარ გამოვჩნდები. ჩენილთაგან რა არის კარგი?მამაში მყოფი ღმერთი ჩვენი იესუ ქრისტე უმეტესად არის ჩენილი. არათუ რწმუნების საქმეა ქრისტიანობა, არამედ – სიდიადისა, როდესაც მოიძულებს მას სამყარო.
4.1. მივწერ მე ყველა ეკლესიას და ვამცნებ ყველას, რომ ნებსით ვკვდები ღვთისათვის, თუკი თქვენს მიერ არ დავბრკოლდები.ამიტომ გევედრებით, უდროო დროს ნუ გამოავლენთ კეთილგანწყობას. მაცადეთ მე, გავხდე მხეცების ლუკმა, რადგანაც მათი გზით ღმერთს მივეახლები. ხორბალი ვარ ღვთისა და დავიფქვები მხეცთა კბილებით, რომ გახდე წმიდა პური ქრისტესი. 2. უფრო ის ეცადეთ, ალერსით აწვიოთ მხეცები, საფლავად მექნენ მე და არაფერი დატოვონ ჩემი ხორციდან, რომ დაძინებული არავის ვემძიმო.[8] ჭეშმარიტად მაშინ ვიქნები მოწაფე იესუ ქრისტესი, რაჟამს ჩემს სხეულსაც ვეღარ იხილავს ქვეყნიერება. ლიტანია ჰყავთ ქრისტეს მიმართ ჩემთვის, რომ ამგვარი სახით შევიწირო ღვთისადმი. 3. პეტრესებრ და პავლესებრ როდი გამცნებთ თქვენ: ისინი – მოციქულნი, მე კი – მსჯავრდებული, ისინი – თავისუფალნი, მე კი ვიდრე დღემდე – მონა, მაგრამ თუ ვივნებ, ვით აზატქმნილი იესუ ქრისტესი, თავისუფალი აღვდგები მის მიერ, აწ კი ტყვექმნილი იმას ვსწავლობ, არაფრისადმი მქონდეს გულისთქმა.
5.1. სირიიდან რომამდე ხმელეთსა და ზღვაზე, დღითა თუ ღამით ვებრძვი მე მხეცებს, ბორკილდებული ათი ავაზას[9], ანუ, რაც იგივეა, მხედართა დასის მიერ, რომლებსაც თუმცა კეთილს უყოფენ, მეტად და მეტად ავდებიან. მათი სიავე უმეტესად მასწავლის მე, მაგრამ ”არათუ ამით რასმე განვმართლდები” (I კორ. 4,4).

  1. დაე, ღირსი ვიყო მხეცებისა, რომლებიც მზადყოფნაში არიან ჩემთვის. ვილოცავ მათთვის, რომ დამეხმარონ; ალერსით ვაწვევ, ხარბად მჭამონ, რათა არ მოხდეს ისე, რომ დამიფრთხნენ, როგორც ზოგ ვინმეს, და არ შემეხონ. თუნდაც რომ ნებით არ ისურვონ თვით ვაიძულებ. შემინდეთ, ძმანო, რადგანაც ვიცი, რაც მე მარგებს![10]
  2. აწ შევუდგები მოწაფეობას. ნუვინ იქნება, – ნურც ხილული, ნურც უხილავი, – მოშურნე ჩემთვის, რომ მივეახლო იესუ ქრისტეს. ცეცხლი და ჯვარი, მხეცთა გუნდები, დაჭრა-დაგლეჯა, ძვლების მიმოყრა, ასოთმოკვეთა, დაქუცმაცება მთელი ტანისა, ეშმაკისაგან ტანჯვა-წამება, და – დაე, შემემთხვეს ეს ყოველივე, რომ მივეახლო იესუ ქრისტეს.

6.1. არაფერი მარგებს სიამენი ამა ქვეყნისა, არც სააქაო სამეფონი. მიღირს, რომ მოვკვდე იესუსთვის, ვიდრე ვეუფლო ქვეყნის კიდეებს. მას ვეძიებ, ვინც ჩვენთვის მოკვდა. იგი მსურს, ვინც ჩვენთვის აღდგა. მომელის მე შობა!

  1. შემინდეთ ძმანო! ნუ დამაბრკოლებთ, რომ გავცხოველდე: ნუ ინებებთ, რომ მოვკვდე! ვინც მსურველია, რომ იყოს ღვთისა, ამა სოფლისათვის ნუ გასცემთ მას, და ნუ აცთუნებთ ნივთის მიერ. მაცადეთ, შევიწყნარო წმიდა ნათელი. რაჟამს იქ მივალ, შევიქმნები ადამიანი.
  2. მაცადეთ, ვბაძო ვნებას ღვთისას. ვინც თავის თავში ღმერთს შეიცავს, დაე, შეიცნოს, რასაც ვესწრაფვი, და თანამიგრძნოს, რამეთუ უწყის, რით ვარ პყრობილი.

7.1. სოფლისმთავარი განიზრახავს ჩემს წარტაცებას, ღვთისადმი ჩემი სურვილის გახრწნას და ნუ იქნება მისდა შემწედ ვინმე თქვენგანი. უმჯობესია, გახდეთ ჩემი, რაც ნიშნავს, – ღვთისა! ნუ იქმთ იმგვარად, სიტყვით ამბობდეთ იესუ ქრისტეს, გულისთქმა კი ქვეყნისკენ გქონდეთ. ნუ დაიბუდებს შური თქვენში.

  1. თუნდაც პირისპირ გევედროთ თქვენ, ნუ მერწმუნებით. უმჯობესია ის ირწმუნოთ, რასაც მოგწერთ, რადგანაც გწერთ მე ცოცხალი, კვდომის მეტრფე. ჯვარს-ეცვა ჩემი ტრფიალება[11]და აღარ არის ჩემში ნივთისმოყვარე ცეცხლი, არამედ ცხოველი წყალი, რომელიც ჩემში მეტყველებს და შინაგან მეტყვის: ”მოდი მამასთან”. აღარ შევიტკბობ ხრწნილების საზრდოს, არც ამ ცხოვრების სიამეებს. მსურს პური ღვთისა, – ხორცი იესუ ქრისტესი, რომელიც იშვა ”თესლისაგან დავითისა” (იოანე 7,42; რომ. 1,3), და მსურს სასმელი, სისხლი მისი, რაც სიყვარული არის უხრწნელი.

8.1. აღარ ვესწრაფვი კაცებრ ცხოვრებას. ასე იქნება, თქვენ თუ ინებებთ, ხოლო გნებავდეთ, რომ თქვენც გინებონ!მოკლე წერილით გევედრებით:

  1. ირწმუნეთ ჩემი. მართლად რომ ვამბობ, გააცხადებს, თქვენს წინაშე იესუ ქრისტეს, – უტყუარი პირი,რომლის მიერ ჭეშმარიტი გვაუწყა მამამ.
  2. ითხოვეთ ჩემთვის, მას მივეახლო. ხორციელად როდი მოგწერთ, – ოდენ ღვთის ნებით. უკეთუ ვივნებ, გნებებივართ, თუ ვერ ვეღირსე, გძაგებივართ.

9.1. მოიხსენეთ თქვენს ლოცვებში ეკლესია სირიისა, რომელსაც ჩემს სანაცვლოდ ღმერთი ჰყავს მწყემსად. ეპისკოპოსობს მასზე მარტოოდენ იესუ ქრისტე და თქვენმიერი სიყვარული.

  1. სირცხვილი არის, მეც მათ შორის შერაცხილვიყო, მათი ნარჩევი, მათგან განგდებული. არა ვარ ღირსი, მაგრამ ღმერთს თუ მივეახლები, შევიწყალები, რომ ვიყო ვინმე.
  2. ამბორ-გიყოფს თქვენ ჩემი სული და სიყვარული ეკლესიათა, რომლებმაც კი შემიწყნარეს ქრისტეს სახელით, მაგრამ-არათუ მსგავსად მწირისა.[12]

ეკლესიები, მშორებელნი ჩემს ხორციელ გზას, ქალაქებში წინ მიხვდებოდნენ.[13]
10.1. ამას გწერთ სმირნიდან ნეტარღირსეულ ეფესელთა მიერ. ბევრ სხვასთან ერთად ჩემთან არის აქ კროკოსიც, – საწადელი ჩემთვის სახელი.

  1. მჯერა, რომ იცით მათ შესახებაც, რომლებმაც უკვე წინ მისწრეს მე სირიიდან რომისაკენ ღვთის სადიდებლად. აუწყეთ მათ, რომ ახლოსა ვარ. ყველა მათგანი ღირსი არის ღვთისაც და თქვენიც. ამიტომაც შეგფერით თქვენ, განუსვენოთ მათ ყოვლითურთ.
  2. ხოლო მოგწერეთ ეს ცხრა დღით უწინარეს სექტემბრის კალენდებისა. ქრისტესმიერი მოთმინებით გაძლიერდით აღსასრულამდე!

 

 

დასკვნა

წინამდებარე ნაშრომზე მუშაობისას კიდევ ერთხელ გავეცანით ავტორიტეტულ მკვლევართა მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ეგნატე ღმერთშემოსილის რომაელთა მიმართ ეპისტოლის არაავთენტურობის საკითხი. მოვიძიეთ არგუმენტები იმასთან დაკავშრებით, რომ შეუძლებელია წერილი შექმნილიყო 125–130 წლამდე და სმირნის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ. ნათლად იკვეთება მისი სტილის განსხვავება სხვა ეპისტოლეებთან შედარებით, რაც იმითაა განპირობებული, რომ ავტორი იმპერიის დედაქალაქში მცხოვრებ ქრისტიანებს არ მოძღვრავს სხვადასხვა მწვალებლური სწავლებების წინააღმდეგ, არამედ მოუწოდებს რომ არ შეეწინააღმდეგონ  ანტიოქიის ეპისკოპოსის მხეცებისგან აღსასრულს. თემაზე მუშაობისას  ნათელი გახდა  აგრეთვე ისიც, რომ ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დაინტერესებულან ქართველები მისით და ამის შემდეგ აქტუალობას კვლავაც არ კარგავს.

გამოყენებული ლიტერატურა

,,გული გონიერი’’; N1; რედაქტორი ედიშერ ჭელიძე; თბილისი–2011 წელი.

მოციქულებრივ მამათა სწავლანი; ძველი ბერძნულიდან და ლათინურიდან თარგმნა ვიქტორია ჯუღელმა. თბილისი–2014 წელი.

საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1989,

A HANDBOOK OF PATROLOGY ; BY THE REV. J. TIXERONT.  D. D. LONDON 1963.

PATROLOGY; JOHANNES QUASTEN; VOLUME I.

PATROLOGY; O.BARDENHEWER; TRANSLATED BY THOMAS J. SHANAN; FREIBURG IM BREISGAU AND ST. LOUIS , MO. 1908.

http://historical-jesus.info

http://www.earlychristianwritings.com

http://www.sostis.gr

http://predanie.ru

http://www.earlychristianwritings.com

[1] – A HANDBOOK OF PATROLOGY ; BY THE REV. J. TIXERONT. PG.15

[2]http://historical-jesus.info/ignatius.html

[3] – PATROLOGY; JOHANNES QUASTEN; VOLUME I; PG.74

[4] – PATROLOGY; JOHANNES QUASTEN; VOLUME I; PG.73

[5] – ”მოთავეობს” – ბერძნ. ”პროკათეტაი” (სიტყვ. ”წინ ზის”). აღნიშნულმა ბერძნულმა სიტყვამ დიდი კამათი აღძრა. მკვლევართა ნაწილმა ხსენებული სიტყვა გაიაზრა, როგორც წმ. ეგნატის მიერ რომის ეკლესიის აღმატებულებაზე ხაზგასმა. ბერძნული ტექსტის გამომცემელი და ფრანგულად მთარგმნელი პ. კამელო აღნიშნავს: ”ძნელია, ამ ტექსტში არ დავინახოთ მინიშნება სხვა რეგიონებთან შედარებით რომის ეკლესიის გარკვეულ უპირატესობაზე”. ასევე, ლ. დიუშესნის თქმით ამ გამოთქმის ყველაზე უფრო ბუნებრივი მნიშვნელობა ისაა, რომ ეკლესია თავჯდომარეობს ეკლესიათა კრებულს” (იხ. ეგნატი ანტიოქიელი, პოლიკარპე სმირნელი, ეპისტოლეები, მარტვილობა პოლიკარპესი, ბერძნული ტექსტი, შესავალი, თარგმანი და შენიშვნები პ.თ. კამელოსი, პარიზი, 1969, გვ. 106, შენ. 1). მკველვართა მეორე ნაწილი (მათ შორის პ. პრებრაჟენსკი) მიიჩნევს, რომ წმ. ეგნატი ამ სიტყვით ცხადყოფს რომის ეკლესიის უპირატესობას მხოლოდ ქალაქ რომის გარეუბნებში არსებულ ეკლესიებთან შედარებით.

წმ. გიორგი მთაწმინდელი ზემოგანხილულ ზმნას ”პროკათეტაი” მდებარეობითი შინაარსით აღიქვამს და ასეთ თარგმანს გვაწვდის: ”წმიდისა ეკლესიასა… რომელი-იგი შენ-არს (ე.ი. აშენებულია, ე.ჭ.) ღვთივბრწყინვალედ სოფელსა შინა ჰრომაელთასა” (იხ. ”ეპისტოლენი წმიდისა ეგნატი ღმერთშემოსილისანი”, გამოსცა ა. ბოროდამ, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1989, გვ. 619). როგორც ვხედავთ, არც გიორგი მთაწმინდელი ჭვრეტს ბერძნულ ტექსტში რომის ეკლესიის უპირატესობაზე ხაზგასმას. საგულისხმოა, რომ წმ. ეგნატი ეფესოს ეკლესიას პირდაპირ უწოდებს ”გამორჩეულს” (”ეკლეგმენე”, იხ. პგ. 5, სვ. 732 ა), მაგრამ, ცხადია, არც ეს წოდება მიანიშნებს ეფესოს ეკლესიის უმეტეს ღირსებაზე კონკრეტულად სხვა ეკლესიებთან შედარებით (გიორგი მთაწმინდელი შესაბამისი სიტყვისა და მთელი კონტექსტის ასეთ თარგმანს გვაწვდის: ”წინასაუკუნითგან წინაისწარგანჩინებულსა და შეერთებულსა და გამორჩეულსა ვნებითა მით ჭეშმარიტითა”, დასახ. გამოც. გვ. 604).

ინგლ– ,,presidency’’

რუს– ,,председательствующей.’’

(შენიშვნა– ხაზგასმით აღნიშნულია ჩვენი შენიშვნები).

[6] -,,ხოლო უკუეთუ ხორცთა ჩემთა ეტრფიალნეთ, კულავად ვრბიოდი და მიმოვიქცეოდი სოფელსა ამას შინა.’’ ‘’ეპისტოლენი წმიდისა ეგნატი ღმერთშემოსილისანი- თარგმნა წმ. გიორგი მთაწმინდელმა; გვ.619; საქართველოს ეკლესიის კალენდარი; 1988 წელი.

[7] –წმ. ეგნატი მისტიკურად ჭვრეტს თავის მიწიერ გზას აღმოსავლეთიდან (ანტიოქიიდან) დასავლეთისაკენ (რომი). დასავლეთი, საზოგადოდ, სიმბოლოა სიკვდილისა, ამქვეყნიური ცხოვრებიდან მზისებრ ”დასვლისა” ანუ ჩასვლისა, რაც თავის მხრივ საღვთო წიაღში სულიერი ” აღმოსვლის” საწინდარია. საგულისხმოა, რომ წმ. იოანე ოქროპირს წმ. ეგნატის გზა დასავლეთისკენ ესახება ამქვეყნიური მზისა და სულიერი, გონისეული მზის თანამსვლელობად: ”მზისებრ ამოვიდა წმ. ეგნატი და დასავლეთისაკენ ისწრაფა მან, რომელიც უბრწყინვალესი იყო მზისა. თუკი მის ზემოთ მსრბოლი მგრძნობად სინათლეს აშუქებდა, თავად ეგნატი ქვემოდან ესხივებოდა მას და მოძღვრების გონისეულ ნათელს ანიჭებდა სულებს. ასევე, თუკი მზე დასავლეთის მხარეში ჩადის და თვალს ეფარება, რასაც მყისვე მოყვება ღამე, ხსენებული მოწამე დასავლეთში მისვლის შემდეგ უფრო ბრწყინვალე მზედ ამოვიდა”(pg.50,col.593).
[8] –,,იფქლი  ვარ მე ღმრთისაი და კბილთა მხეცთაითა დავიფქვი, რაითა ვიქმნე მე პურ წმიდა ღმრთისა.უფროისღა განაძვინენით მხეცნი, რაითა მექმნენ მე სამარე და რაითა არარაი დაუტევონ ცორცთა ჩემთაგან, რაითა არარაი დაუტევონ ხორცთა ჩემთაგან, რაითა არა შემდგომად სიკუდილისა ჩემისა მძიმე რაიმე ვიპოვო და ძნიად სატვირთავ.’’ ეპისტოლენი წმიდისა ეგნატი ღმერთშემოსილისანი- თარგმნა წმ. გიორგი მთაწმინდელმა; საქართველოს ეკლესიის კალენდარი; 1988 წელი.გვ.620

ბერძნ– Σας παρακαλώ να μη μου γίνετε εύνοια που εκδηλώνεται σε ακατάλληλο καιρό. Αφήστε με να γίνω τροφή των θηρίων, δια των οποίων θα μπορέσω να επιτύχω τον Θεό. Είμαι σιτάρι του Θεού και αλέθομαι με τα δόντια των θηρίων, για να γίνω καθαρό σιτάρι του Χριστού.

ინგლ– Let me be given to thewild beasts, for through them I can attain unto God. Iam God’s wheat, and I am ground by the teeth of wild beasts that I may be found pure bread [of Christ].4:2 Rather entice the wild beasts, that they may become my sepulchre and may leave no part of my body.behind, so that I may not, when I am fallen asleep, beburdensome to any one.

 რუს– Оставьте меня быть пищею зверей и посредством их достигнуть Бога. Я пшеница Божия: пусть измелют меня зубы зверей, чтоб я сделался чистым хлебом Христовым. Лучше приласкайте этих зверей, чтоб они сделались гробом моим и ничего не оставили от моего тела, дабы по смерти не быть мне кому–либо в тягость.

 [9] -,,შეკრული ათთა მიერ ლეკუთა ლომისათა, რომელ არიან მხედარნი, რომელნი-იგი უძვირეს  იქმნებინ ქველისმოქმედებითა.’’ ეპისტოლენი წმიდისა ეგნატი ღმერთშემოსილისანი- თარგმნა წმ. გიორგი მთაწმინდელმა; საქართველოს ეკლესიის კალენდარი; 1988 წელი.გვ.621

[10] –ბერძნ.–Θα προτιμούσα τα θηρία που είναι ετοιμασμένα για μένα, και προσεύχομαι να τα συναντήσω σύντομα, και θα τα παρακαλέσω για να με καταβροχθίσουν, και όχι όπως συνέβηκε με μερικούς, που από δειλία δεν τους άγγιξαν. Και εάν αυτά δεν θελήσουν θα τα εξαναγκάσω εγώ.

 ინგლ– May I have joy of the beasts that have been
prepared for me; and I pray that I may find them
prompt; nay I will entice them that they may devour me
promptly, not as they have done to some, refusing to
touch them through fear. Yea though of themselves they
should not be willing while I am ready, I myself will
force them to it.

 რუს– О, если бы не лишиться мне приготовленных для меня зверей! Молюсь, чтобы они с жадностию бросились на меня. Я заманю их, чтоб они тотчас же пожрали меня, а не так, как они некоторых побоялись и не тронули. Если же добровольно не захотят, — я их принужу. Простите мне; я знаю что мне полезно.

[11] – შდრ. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი: ”ჩემი იგი ტრფიალი ჯუარცუმულ არს” (გვ. 622). მოწამეობის დასაბამია ბაძვა უფლის ვნებისადმი: ”მაცადეთ, ვბაძო ვნებას ღვთისას” (6,3), ამბობს წმ. ეგნატი და შემდეგ დასძენს: ”ჯვარს-ეცვა ჩემი ტრფიალება” (”ეროს”, amor). ზოგი თანამედროვე მთარგმნელი ბერძნულ ”ეროსს” იგებს, როგორც ”ხორციელ სურვილს”. უკანასკნელ ფრანგულ თარგმანში ვკითხულობთ: mon desir terrestre a ete crucifie (დასახ. გამოც. გვ. 117), რაც ნიშნავს: ”ცემი მიწიერი სურვილი ჯვარს ეცვა”. ამგვარი გააზრებით გამოდის, რომ წმ.ეგნატი გულისხმობს საკუთარ თავში მიწიერი გულისთქმის, მატერიალური ვნებების მოკვდინებას. წარმოდგენილ თარგმანს პ. კამელო იმით ასაბუთებს, რომ სიტყვა ”ეროსი” ”ახალ აღთქმაში” სულიერი სიყვარულის მნიშვნელობით არ გვხვდება. ეს მომენტი, ცხადია, საბუთი არ არის. ცნობილია, რომ წმიდა მამებმა ანტიკური ენიდან მომდინარე აურაცხელ ლექსიკას მოუხმეს და ჭეშმარიტად ქრისტიანული სული შთაბერეს სხვა შინაარსის მქონე სიტყვებს. საგულისხმოა, რომ დოგმატური ტერმინოლოგიის უძირითადესი ცნებები (”ერთარსება”, ”ერთბუნება”, ”სამგვამოვნება” და მისთ.) არ გვხვდება ”ახალ აღთქმაში”, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნულ ცნებებს რაიმე სხვა შინაარსობრივი წყარო ჰქონდეთ. რაც შეეხება კონკრეტულად ”ეროსს”, ეს სიტყვა უძირითადესია, მაგალითად, წმ. დიონისე არეოპაგელის მჭვრეტელობითი მეცნიერებისათვის, აგრეთვე მრავალი სხვა შედარებით მოგვიანო დროის ღვთივშთაგონებული ავტორისათვის. როგორც ჩანს, ამ ტერმინის ზემოაღნიშნული შინაარსით ქრისტიანობაში შემოსვლა სწორედ წმ. ეგნატის სახელს უკავშირდება. საყურადღებოა, რომ უშუალოდ ზემომოტანილი სიტყვების წინ გვხვდება ასეთი წინადადებ: ”გწერთ მე ცოცხალი, კვდომის მოტრფე”. ეჭვი არ არის, რომ მიმღეობა ”ერონ” (”მეტრფე”), რომელსაც საფუძველი აქვს იგივე ზმნა, რაც ”ეროსს” (”ერაო” და ”ერამაი”), ამ შემთხვევაში უთუოდ სულიერ, საღვთო სიყვარულს გულისხმობს, რადგანაც ხორციელი სურვილების ასპექტით, ანუ მიწიერების თვალსაზრისით, არ შეიძლება, რომ ადამიანს სიკვდილი ანუ ხორციელი კვდომა უყვარდეს. სიტყვა ”ეროსის” შინაარსის გაგებაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანულ ტრადიციას, რადგანაც წმ. მამები გაცილებით ღრმად ჭვრეტდნენ ყოველივე იმას, რაც საღვთო სიყვარულს უკავშირდება. თვით პ. კამელო შენიშნავს, რომ მთელი ქრისტიანული ტრადიცია წმ. ეგნატის ზემომოტანილ სიტყვებში საღვთო სიყვარულს ხედავს, კონკრეტულად სიტყვა ”ეროსს” კი იესუ ქრისტეს სახელდებად მიიჩნევს. ამ მხრივ, უპირველესად აღსანიშნავია წმ. დიონისე არეოპაგელი, რომელიც თავისი შრომის ”საღმრთოთა სახელთათვის” IV თავში ვრცლად მსჯელობს იმის შესახებ, რომ ”ეროსი” უფრო ცხოველ საღვთო სიყვარულს გულისხმობს, ვიდრე ”აგაპე”.  პავლე მოციქულის მოწაფე აღნიშნავს (მოგვაქვს ეფრემ მცირის თარგმანი): ”ვინაიცა სთნდა ვიეთმე ჩუენთა სამღვდელო მეტყველთაგანთა უსაღმრთოესცა ყოფად ”ტრფიალებისა” (ბერძნ. ”ეროს”) სახელი უფროის ”სიყუარულისასა” (ბერძნ. ”აგაპე”). და სწერს საკვირველი ეგნატიცა: ”ტრფიალი ჩემი ჯუარ-ცუმულ არს”… საღმრთოდ განისაკუთრეს (დიდმა ღვთისმეტყველებმა, ე.ჭ.) ჭეშმარიტი ”ტრფიალება” (”ეროს”) უფროის ”სიყუარულისასა” (”აგაპე”). ვინაიცა დიდი პავლე, შეპყრობილ რაი იქმნა საღმრთოთა ტრფიალებითა და მიიღო ძალი იგი მისი განმაცვიბრებელი, საღმრთოითა მით პირითა იტყვის: ”არღარა მე ცხოველ ვარო, არამედ ცხოველ არსო ჩემ შორის ქრისტე” (გალატ. 2,20), და ვითარცა ჭეშმარიტი ტრფიალი, განცვიბრებულადცა ღმრთისა უწოდს თავს თვისსა, რამეთუ არღარა თავისა თვისისა ცხონდებოდა, არამედ ტრფიალისა მის მისისა ცხოველ იყო, ვითარცა ფრიად საყუარელისა” (4.12;13).

ამგვარად იაზრებს წმ. ეგნატის სიტყვებს ცნობილი საეკლესიო მწერალი თეოდორე სტუდიელი (გარდ. 826წ.), რომელიც აღნიშნავს: ”წმიდა მამებმა საჩინოყვეს ღვთისადმი მძაფრი ტრფობა, როდესაც ერთმა მათგანმა თქვა: ”ვითარცა სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ სურინ სულსა ჩემსა შენდა მიმართ, ღმერთო!” (ფს. 41,1); სხვამ თქვა:”ტრფიალება ჩემი ჯვარცმულია, – ქრისტე” (თეოდორე სტუდიელი, სამოძღვრო ქადაგებანი, pg. 99, col. 512 D). საგულისხმოა აგრეთვე, რომ წმ. ეგნატის ”ეროსში” ქრისტეს ხედავს ორიგენეც (გარდ. 254 წ.). იგი გვაუწყებს: ”მახსოვს, რომ ერთ-ერთი წმინდანი, სახელად ეგნატი, ქრისტეს შესახებ ამბობს: ”ჯვარს-ეცვა ჩემი ტრფიალება” (Prol. in Cant. 3; pg. 13, c. 70. იხ. პ. კამელოს დასახ. გამოც. გვ. 116; შდრ. ა. ბოროდას გამოც. გვ. 622, შენ. 4; იხ. აგრეთვე, მიქაელ სვინგელოზის მოწმობა ეპისტოლის თარგმანისადმი წამძღვარებულ ჩვენს ”წინათქმაში”).

[12]  – შდრ. გიორგი მთაწმინდელის გავრცობილი თარგმანი: ”… ეკლესიათა, შემწყნარებელთა ჩემთა სახელისათვის ქრისტესისა, – არა ვითარცა მწირი და მოგზაური, არამედ ვითარცა თავი და მოძღუარი მათი” (გვ. 624).

[13] პ. კამელო შენიშნავს: ”ქალაქები, რომლებიც არ მდებარეობდნენ რომისაკენ წმ. ეგნატის მიერ გასავლელ გზაზე (ეს არის ”ხორციელი გზა”, ”სულიერი გზა” ისაა, რომლიც ღვთისაკენ მიდის), მისდამი მიავლენდნენ წარმომადგენლებს,

რომლებიც უნდა დალოდებოდნენ წმინდანს მის მიერ გასავლელ ქალაქებში” (დასახ. გამოც. გვ. 118).[23] – რომაელთა მიმართ ეპისტოლე ერთადერთია წმ. ეგნატის ეპისტოლეთა შორის, რომელსაც ახლავს ნაწილობრივი თარიღი (კერძო დღის აღნიშვნა). მითითებული რიცხვი შეესაბამება 24 აგვისტოს (იხ. პ. კამელოს დასახ. გამოც. გვ. 11; 119; შდრ. ა. ბოროდას .გამოც. გვ. 624, შენ. 2)

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ,,პატროლოგია''

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s