თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ სწავლება კაპადოკიელ მამათა ნაშრომებში

Untitled

შინაარსი :

 შესავალი

ქრისტეს მიერ მონიჭებული თავისუფლების შესახებ

ქრისტიანის,როგორც ამ სახელის მატარებლის პასუხისმგებლობა

პიროვნების,როგორც ადამიანური ბუნების მატარებლის პასუხისმგებლობა

ცოდვა და თავისუფლება

თავისუფლება და პასუხისმგებლობა ოჯახში

თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ცნება ასკეტური კუთხით

ინტელექტუალური და მატერიალური თავისუფლების შესახებ

დასკვნა

დამუშავებული წყაროები

გამოყენებული ლიტერატურა

შესავალი

საეკლესიო ისტორიის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე  არა ერთი საღვთისმეტყველო სკოლა არსებობდა: ალექსანდრიული, ანტიოქიური, რომაული, კართაგენული, იერუსალიმური და, რა თქმა უნდა, კაპადოკიური. ამ უკანასკნელის წარმომადგენლები არიან ისეთი ბუმბერაზი მოღვაწეები, როგორებიც გახლავთ: ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი და გრიგოლ ღვთისმეტყველი. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა, სწორედ მათ შესახებ მსჯელობას დაეთმობა .

წინამდებარე თემის სათაური გახლავთ-,,თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ სწავლება  კაპადოკიელ მამათა ნაშრომებში’’. აქვე დავსძენთ, რომ დასახელებულ მოღვაწეთა განათლების დიაპაზონი ისეთი ვრცელია,ხოლო მათი   წერილობითი მემკვიდრეობა იმდენად მოცულობითი  და ღრმა, რომ თავისუფლად შეიძლება დასახელებული თემის შესახებ სამეცნიერო ხარისხის დაცვა, ვრცელი მონოგრაფიის გამოცემა ან სხვა სახის სერიოზული სამუშაოს ჩატარება. თუმცა ამჯერად,შევეცადეთ უმოკლესად გადმოგვეცა ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის ქართულ ენაზე თარგმნილ შრომებში აღწერილი სწავლება, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ.

ქრისტეს მიერ მონიჭებული თავისუფლების შესახებ

საკითხზე საუბარს დავიწყებთ წმ.გრიგოლ ნოსელის[1]  შრომის-,,სულთმოფენობისათვის’’ განხილვით : ,,იხილა ბუნების მეუფემ თავისი კაცთმოყვარე თვალით ადამიანური ბუნების გახრწნა, ამიტომ, თანმიმდევრული წესით, ცთომილებიდან ჭეშმარიტების შეცნობისაკენ წარმართა მან კაცთა ცხოვრება .‘’[2]

წმ. გრიგოლი ნათლად გვიჩვენებს, რომ თავად უფალმა მოაწყო ვითარება ისე, რომ ერთი მხრივ არ შეეხო პიროვნების ინდივიდუალურ არჩევანს, ხოლო ამავდროულად ჭეშმარიტების გზიდან გადახვევისგანაც დაიცვა იგი .   აქვე ისმის კითხვა-რა საჭირო იყო იმ ვრცელი გზის გავლა,რაც ცდომილებიდან ჭეშმარიტების შემეცნებამდეა? ხომ შეეძლო უფალს,რომ ამ ხანგრძლივი და საკმაოდ რთული პროცესის გარეშეც მიეყვანა ადამიანი ჭეშმარიტების შეცნობამდე. რა თქმა უნდა შეეძლო,მაგრამ ეს ყველაფერი მოხდებოდა სინერგიის, ე.ი. ღმერთისა და ადამიანის სურვილების თანხვედრის გარეშე,რაც უფრო მეტად ძალადობას დაემსგავსებოდა,ვიდრე თავისუფალ არჩევანს,ეს კი  დაუშვებელია.

მიუხედავად იმისა,რომ ქმნილებისათვის ჭეშმარიტების შეცნობა დაუსრულებელი პროცესია,საჭირო იყო ამ ,,მარათონისთვის’’ სწორი ორიენტირის შერჩევა,რაც ქრისტემ გვიბოძა. სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა პავლე მოციქულს დაეწერა რომ :,,რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე.  ‘’(1.კორ13.12)[3]

ვაგრძელებთ საუბარს და ამჯერად შემოგთავაზებთ ნაწყვეტს, საეკლესიო მწერლობის ისტორიაში , ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ უძველესი   ჰომილიიდან , რომელშიც წმიდა მამა ამბობს : ,, ვინ  არის ეს მეუფე დიდებისა ? რის გამო წარმოაჩენს მათდამი მძლედ და ძლიერად ომში ? (ფს.23,8) , რომელიც განიზრახავს , შეერკინოს დამატყვევებელს ადამიანური ბუნებისა და შემუსროს სიკვდილის ძალმოსილების მფლობელი ( რომ .7,23) , (ებრ.2,14) , რომ უკანასკნელი მტრის განქარვების ( I კორ.15,26 )  შემდეგ თავისუფლებისა და მშვიდობისადმი იქნეს უკუმოხმობილი ადამიანობა . ‘’ [4]

ხსენებულ ეპიზოდში მოყვანილი სიტყვებით წმ. გრიგოლ ნოსელი გადმოგვცემს უფლის ქვეყნად მოსვლის ერთ-ერთ ძირითად მიზანს  , რომელიცაა კაცობრიობის მტრის დამარცხება, ხოლო ადამიანებისათვის მშვიდობისა და თავისუფლების მინიჭება.

ეკლესიის მამათა სწავლებით , წინამდებარე მუხლში ნახსენებ-,,უკანასკნელ მტრის განქარვებაში’’ იგულისხმება ის დრო,როდესაც მკვდრეთით აღდგომილები , სიკვდილს აღარ იხილავენ[5]. რა თქმა უნდა  უფლის მეორედ მოსვლამდე (ისევე როგორც განკაცებამდეც) თავისუფალია ადამიანი, მაგრამ მასზე მაინც მძლავრობს პირველქმნილი ცოდვის შედეგი, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი ექვემდებარება ხრწნადობასა და სიკვდილს, ხოლო მეორედ მოსვლის შემდეგ კი უკვე ამ მარწუხებიდანაც დაიხსნება ადამიანი, რაც მისცემს  იმის საშუალებას რომ კვლავ დაუბრუნდეს პირველქმნილი ადამიანის ცოდვამდელ მდგომარეობას და არათუ უბრალოდ დაუბრუნდეს, არამედ უფრო მეტად წარემატოს მას. იცხოვროს მშვიდ მდგომარეობაში და მარადიულად წინ მიიწევდეს საღვთო თავისუფლებაში .

ახლა შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ბასილი დიდის[6] იმ ეპისტოლიდან , რომელიც მან გაუგზავნა ტარსის ეპისკოპოს დიოდორეს. ქვემოთმოყვანილ ნაწყვეტში საუბარია საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ- რისი მიღება შეიძლება და რისი არა ახალი აღთქმის ქრისტიანისათვის , ძველი აღთქმის სჯულიდან. წმიდა მამა თავის პასუხში  წმ. პავლე მოციქულის სიტყვებში გამოთქმულ აზრზს იყენებს-,, ხოლო ესე უწყით, რამეთუ რაოდენსა შჯული იტყჳს, მათ ეტყჳს, რომელნი-იგი შჯულსა ქუეშე არიან, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, და საშჯელსა თანა-მდებ იყოს ყოველი სოფელი ღმრთისაჲ,-‘’(რომ.3.19) და  მისთვის ჩვეული სიტყვაკაზმულობით ამბობს : ,,13. მოსეს სჯულის მონობის უღელს თავს ვუდრეკთ, თუ ჩვენს სიამოვნებას უწყობს ხელს იგი, მაგრამ როდესაც მძიმე მოგვეჩვენება მისი მითითება, მაშინ ქრისტესმიერი თავისუფლებისკენ მივისწრაფით “.[7]

ხსენებულ ნაწყვეტში ძველი და ახალი აღთქმის ერთმანეთთან დამოკიდებულების შესახებაა საუბარი. ყველაზე ნათელი მითითება,რაც დასახელებულ საკითხს მემართება, თავად მაცხოვრის მიერაა მოცემული : ,,ნუ ჰგონებთმ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად ’’ [8](მთ.5.17). ძველის გაუქმებას რა თქმა უნდა არც თავად კაპადოკიელი მამა  ითხოვს . უბრალოდ,იგი განყოფს მათ ერთმანეთისგან და  ზღვრად იყენებს იმ უმთავრეს სწავლებებს,რომლებიც მათ გასდევს. ძველი აღთქმის შემთხვევაში ესაა-,, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ფეხი ფეხის წილ’’(გამ.21.24) ხოლო ახალი აღთქმის შემთხვევაში კი-,,აღმასრულებელი სჯულისა სიყვარული არს” (რომ.13,10)’’ წმიდა წერილში გატარებულმა სწორედ ამ აზრმა უკარნახა ნიკოლაი ბერდიაევს,ეთქვა რომ : ,, ქრისტეს თავისუფლება მხოლოდ სიყვარულითაა შემოსაზღვრული. ‘’სწორედ ამიტომაა აღმატებული იგი, მოსეს რჯულზე, რადგან კანონის მაგივრად, ქვეყნიერების უმაღლეს გრძნობაზე-სიყვარულზეა დამოკიდებული .

ქვეთავს დავასრულებთ წმგრიგოლ ნოსელის მიერ გამოთქმული მოსაზრების განხილვით , რომელიც ფიქსირდება მის ნაშრომში – ,, მაცხოვრის შობისა და ბეთლემში მოწყვეტილ ჩვილთა შესახებ . ‘’ როგორც დიდი მამა გადმოგვცემს უფლის შობის შემწეობით ადამიანი – ,, ცხოვრებისაგან გამოვარდნილი ცხოვრებისაკენ უკუმიიქცევა , ტყვეობისადმი დამონებული სასუფევლის ღირსებას უბრუნდება, სიკვდილის ბორკილებით შეკრული ცოცხალთა ქვეყნისკენ უკუზეარბის გათავისუფლებული  ‘’. [9]

ხსენებულ ეპიზოდში , კაპადოკიელი მოღვაწე გვასწავლის , ეკლესიაში მრავალგზის გამოთქმულ აზრს, რომ ადამიანები ვერ მოვიპოვებდით თავისუფლებას, უფლის ჯვარცმისა და აღდგომის გარეშე, რაც შეუძლებელი იქნებოდა მომხდარიყო, მაცხოვრის განკაცების გვერდის ავლით. მაშასადამე   მაცხოვრის განკაცება შეგვიძლია მივიჩნიოთ იმ ჭეშმარიტი თავისუფლების სათავედ, რომელთან ზიარების საშუალებაც გააჩნია ახალი აღთქმის ეკლესიის შვილს.

წინამდებარე ქვეთავში მოყვანილი სწავლებების შეკვეცის შემთხვევაში მივალთ იმ დასკვნამდე,რომ პიროვნების თავისუფლება ესაა ის უდიდესი საჩუქარი, რომელიც ადამიანმა მიიღო შემოქმედისგან. სწორედ ამ თავისუფლებიდან გამომდინარეობს ის, რომ უფალმა,არათუ ძალდატანებით ან სხვა რაიმე საშუალების გამოყენებით ინება, ამ ფასაეულობის მატარებელი ყოფილიყო ადამიანი,არამედ საშუალება მისცა მას, რომ უაღმატებულესი გრძნობით-სიყვარულით და პირადი ღვაწლით მოეპოვებინა იგი. ხოლო ამ ყოველივესაკენ, რომ მცდარი გზით არ წასულიყო პიროვნება, საკუთარი შობით მისცა თავისუფლებისაკენ სავალი გზის ორიენტირი ქრისტემ,საკუთარი ცხოვრებით უფრო მეტად საჩინოჰყო იგი, ჯვარცმით განამტკიცა და აღდგომით სრულყო,როდესაც საკუთარი სიკვდილით ცოდვის მეუფება მოსპო ადამიანზე. მან მისცა ქმნილ პიროვნებას საშუალება იმისა,რომ საკუთარი თავისუფალი არჩევანისამებს დამკვიდრებულიყო სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში. ხოლო სრულად განთავისუფლება ადამის ცოდვის შედეგებიდან კი მოხდება მას შემდეგ,რაც უკანასკნელი მტერი განქარდება.

ქრისტიანის,როგორც ამ სახელის მატარებლის პასუხისმგებლობა

თემაზე საუბარს წმ.გრიგოლ ნოსელის ნაშრომის – ,, რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა  ‘’  განხილვით დავიწყებთ . აი რას გადმოგვცემს იქ კაპადოკიელი მოღვაწე: ,, თუ განვაჩინებთ, რომ ქრისტიანობა ბაძვაა ღვთისა, [12]ისინი, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ ამ საიდუმლოს (ქრისტიანობის) მოძღვრება, როგორსაც ჰპოვებენ ჩვენს ცხოვრებას, იმგვარს წარმოიდგენენ ჩვენს ღმერთსაც, რადგან სჯერათ, რომ ჩვენი ცხოვრება ღვთის მბაძველობის გზით წარემართება.
ამრიგად,  თუ ყოველგვარი სიკეთის ნიმუშს ჰპოვებენ ჩვენში, ჩვენგან თაყვანცემულ ღმერთსაც ირწმუნებენ როგორც კეთილს, მაგრამ თუ აღმოჩნდება ჩვენს შორის ვინმე ვნებებით სავსე და მხეცის მსგავსი, ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მხეცური ვნების მიხედვით გარდასახავს თავის ჩვევით გამოვლინებებს (რადგან ჭეშმარიტად “მხეცად” წარმოჩნდება ყველაფერი ის, რაც კი ჩვენი ბუნების სიმახინჯეებში შთაისახება), და თუკი შემდეგ ასეთი ვინმე ქრისტიანადაც უწოდებს თავს, საკუთარი ცხოვრებით ურწმუნოთა შორის გასაკიცხს გახდის იგი ჩვენგან რწმენილ ღმერთს, რადგან ყველასათვის ნათელია, რომ ქრისტიანის სახელი ღვთისადმი ბაძვის აღთქმაა და დაპირება. ამიტომ, ამგვართა მიმართ თავზარდამცემ რამ მუქარასაც აღმოთქვამს წერილი, როდესაც ამბობს: “ვაი მათ, რომელთა გამოც შეიგინება ჩემი სახელი წარმართთა შორის” (ესაია 52,5).’’[10]

წინამდებარე ამონარიდიდან მარტივი მისახვედრია, რომ ქრისტიანად გახდომა არ ნიშნავს მხოლოდ საკუთარ ან საახლობლო წრის სულის გადარჩენაზე ფიქრს. ეკლესია ერთობაა, რაც იმას ნინშავს, რომ პირად სარგებელზე ბევრად უფროა მნიშველოვანია ის პასუხისმგებლობა,რომელიც თავად განხორციელებულმა ღმერთმა დაგვაკისრა:,, ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.’’(მთ.5.16)[11]

დიდი პასუხისმგებლობის წარმატებულად ტვირთვის შემთხვევაში,რა თქმა უნდა საზღაურიც დიდი იქნება-,, გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა’’(მთ.5,12) მაგრამ თუკი ჩვენ ვერ გავაცნობიერებთ იესოს მიერ მოცემულ იმ მოწოდებას, რომელსაც ზემოთმოყვანილ ტექსტში წმ.გრიგოლ ნოსელიც იხსენებს, მაშინ განწირულნი ვიქნებით ესაია წინასწარმეტყველის წიგნში გაჟღერებული სასჯელისა.

ქრისტიანის სახელისა და პასუხისმგებლობის უღირსად ტარებას, საერთოდ არ იყო ქრისტიანი ის რომ ჯობია, მხოლოდ გრიგოლ ნოსელი არ ამბობს .მოვუსმინოთ გრიგოლ ღვთისმეტყველსაც[12]:,, უმჯობეს იყო შენდა წინადაცუეთაი და ეშმაკეულობაი,რაითა ვთქუა რაიმე საცინელი,ვიდრეღა წინადაუცუეთილებასა შინა და სიმართლესა ყოფაი უღმრთოებით და უკეთურებით.’’ [13]

საკითხზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით,წმ.ბასილი დიდის ამფილოქესადმი მიწერილ წერილს,რომელშიც იგი ამბობს : ,,45 . თუ ვინმემ ქრისტიანის სახელი დაირქვას და უწესო ქცევით ქრისტეს პატივი შებღალოს , არაფერი ერგოს მისი სახელისგან  . ‘’ [14] ამ ფრაზის  უკეთ განმარტებისთვის მოვიშველიებთ  ნიკოდიმ მილაშს, რომელიც ამბობს :,, ვინც ქრისტიანის სახელს ატარებს , მაგრამ არ ასრულებს იმას , რასაც ქრისტიანობა მოითხოვს , და ამით , შესაბამისად , ქრისტეს შეურაცხყოფს , -ასეთი პირი ვერ ისარგებლებს მადლმოსილი ძღვენით , რომელსაც ეკლესია თავის ერთგულებს ანიჭებს და ამდენად , ის ეკლესიის გარემყოფად ( გარეწარი , უცხო) უნდა ითვლებოდეს . წინამდებარე კანონი  არის ბასილი დიდის მე-7 ზნეობრივი წესის მოკლე ფორმა , რომელიც სრულად ასე გამოითქმის:,, ვინც ცდილობს თავი უფლის აღმსარებლად და მისი მოძღვრების მიმდევრად წარმოაჩინოს, მაგრამ მისი მცნებისამებრ  არ იქცევა, ის განსჯილია, თუნდაც მას, განსაკუთრებული საღმრთო განგებულებით, მრავალი სულიერი ნიჭი ჰქონდეს მიმადლებული.‘’ ამასთანავე, იქვე მოყვანილია შესაბამისი ადგილები წმინდა წერილიდან  ( მათე 7,21-23; ლუკა 6,46 ; ტიტე 1,16 ) . იგივეს ამბობს ბასილი დიდი ესაია წინასწარმეტყველის წიგნის განმარტებაში : არავინ აცდუნოს საკუთარი თავი სიტყვებით : თუმც მე ცოდვილი ვარ, მაგრამ-ქრისტიანი, ამიტომ არ მოვხვდები გეჰენიაში, სადაც კერპთაყვანისმცემლების ადგილია, რამეთუ მე თავად ქრისტიანის სახელი შემეწევა , თუნდაც რომ ქრისტეს მცნებები არ შემესრულებინა ‘’ [15]

მოხმობილი გამოთქმებიდან ნათელია თუ რაოდენ დიდია ქრისტიანის, როგორც ამ სახელის მატარებლის პასუხისმგებლობა, მარამ აქ საკითხავია, თუ რას მოიცავს,ან რითია შეზღუდული იგი.საკითხში უკეთ გასარკვევად მივმართოთ ბასილი დიდს, რომელიც ამბობს:,, რომელსა უყუარს  ღმერთი სიყუარულითა ჭეშმარიტითა, ვერ შემძლებელ არს იგი უცბად შეურაცხ-ყოფად მცნებათა მისთა არცა დიდთა და არცა მცირეთა. და თითოეულმან ჩუენგანმან უკუეთუმცა გულისხმა-ყო ჭეშმარიტად, ვითარმედ ღმერთი ჰხედავს ყოველთა გულისზრახვათა და საქმეთა მისთა, არამცა დაყოვნა ცოდვასა შინა და არამცაუდებ-ყვნა მცნებანი მისნი და არამცა დაეყენა მისთვის თავს-დებად ღუაწლთა და განსაცდელთა მოწევნულთა მის ზედა . ‘’ [16]

დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა ხსენებული ამონარიდის მსგავსებას ნეტარ ავგუსტინეს ცნობილ სიტყვებთან : ,, გიყვარდეს ღმერთი და რაც გინდა ის აკეთე.‘’ ერთი მხრივ პარადოქსულიცაა ეს სწავლება ,რომ არ გვახსენდებოდეს თავად მაცხოვრის სიტყვები – ,, “შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა…’’(მკ.12.30) ქრისტიანთა ღმერთი სიყვარულია.აქედან გამომდინარე ვისაც სიყვარული ,,უყვარს’’ და ერთგულებს მთელი არსებით, იგი მის მცნებებს  იცავს  და ღვთივსათნო საქციელებს აღასრულებს, ხოლო ის პიროვნება რომელიც ამგვარად მოქმედებს თავისუფალია ცოდვისაგან  და მადლისმიერად მოქმედებს, რაც განაპირობებს მის ,,შეუზღუდავობას.’’აქედან გამომდინარე დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ქრისტიანობა ის პასუხისმგებლოაა, რომელიც ერთადერთი სიმძიმის-სიყვარულის ტვრთვას გვთავაზობს. ეს ტვირთი მსუბუქია ,თუნდაც იმის გამო,რომ  იგი ჭეშმარიტებაა,რომელზეც უფალი ამბობს:,, უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს.’’(მთ.11.30) აქედან გამომდინარე,ვინც ღირსეულად იტვირთავს  სიყვარულის ტვირთს და პასუხისმგებლობით მოეკიდება მას, თავისუფლება ებოძება ჯილდოდ.

პიროვნების,როგორც ადამიანური ბუნების მატარებლის პასუხისმგებლობა

წინა ქვეთავში ვსაუბრობდით თუ რაოდენ დიდია იმ პიროვნების პასუხისმგებლობა,რომელიც ქრისტიანია,თუმცა აქ აღსანიშნავია  ,რომ ყველა ადამიანი შობიდან გარკვეული დროის შემდეგ ინათლება, საინტერესოა ჰქონდა თუ არა მას რაიმე პასუხისმგებლობა იქამდე,სანამ ქრისტიანი გახდებოდა. ვნახოთ თუ რას ამბობენ ამის შესახებ კაპადოკიელი მამები . აი რას წერს წმ.გრიგოლ ნოსელი:,, პატარა როდია მიზანი, რომელიც ჩვენ განსახილველად დავისახეთ, სამყაროს საკვირველებათაგან არცერთს არ ჩამორჩება იგი, პირიქით, ყველაზე მეტია იმათგან, რაც შევიცანით, რადგან არსებულთაგან ღმერთს, გარდა ამ ქმნილების – ადამიანისა, სხვა არავინ ემსგავსება.’’[17]

როგორც კაპადოკიელი მოაზროვნე გადმოგვცემს, პიროვნებას დაბადებიდანვე აქვს დაკისრებული გარკვეული პასუხისმგებლობა, რაც განპირობებულია იმით, რომ იგი შექმნილია ღმერთის ხატად და მსგავსად .თუმცა,არაა გამორიცხული, რომ მან ეს ყველაფერი, არც  იცოდეს. საინტერესოა შეიძლება თუ არა, რომ სხვისგან დამოუკიდებლად მიხვდეს ამას. როგორც წმ.ბასილი ამბობს შეიძლება:,, თუკი ოდესმე ნათელ ღამეში ვარსკვლავთა მიუთხრობელი მშვენება გიხილავს, უთუოდ გულისხმაგიყვია ყოველთა შემოქმედი, ვინც ზეცა იმგვარი ყვავილებით მოხატა, რომ ხილულთა შორის მათ მშვენებას სარგებლობა აღემატება და კიდევ: თუკი დღის მანძილზე მღვიძარე გონებით საკვირველებანი დღისა შეგისწავლია და ხილულთა მეშვეობით უხილავი განგიჭვრეტია , მაშინ მოსულხარ განმზადებული მხსნელი და ღირსი იმისა , რომ ეს პატიოსანი და ნეტარი სანახაობა შენითაც შეავსო . ‘’ [18]

გარდა ამ ნიშნისა,როგორც წმ.გრიგოლ ნოსელი გადმოგვცემს, სხვა ფაქტორშიც გამოიხატება პიროვნების განსაკუთრებულობა ,ყველა დანარჩენ ქმნილებასთან შედარებით : ,,ტანი კაცისა აღმართულია, ზეცისაკენ აზიდული და ზეამხედველი, რითაც მისი უფროსობა და მეფური ღირსებაა გამოცხადებული. ის, რომ არსთა შორის ამგვარი მხოლოდ ადამიანია, ხოლო სხვას ყველას ქვედადრეკილი სხეულები აქვთ, ღირსებათა სხვაობას მბრძანებლობის წინაშე ქედდადრეკილთა და ძალაუფლებით მათზე ამაღლებულთა შორის ნათლად წარმოაჩენს.’’[19]

წმ.გრიგოლი, პიროვნების განსაკუთრებული მდგომარეობის აღსანიშნავად, ჯერ თანმიმდევრულად გადმოსცემს იმ თვისებათა ალეგორიულ სახეს,რაც შესაქმეში მის შემოყვანამდე მიმდინარეობდა, შემდეგ კი იმ ცალკეულ დავალებებს უსმევს ხაზს, რომელიც შემოქმედისგან დაეკისრა მას, როგორც პასუხისმგებლობა :,,,ამიტომაც იქნა შემოყვანილი კაცი ქმნილებათაგან ყველაზე ბოლოს, არა როგორც ვინმე შეურაცხი და ბოლოში მიგდებული, არამედ ვითარცა მეფე ქვეშევრდომთა, რომელსაც მათ ზედა მეუფება დაბადებისთანავე შეეფერებოდა.

მსგავსად კეთილი მასპინძლისა, რომელიც სტუმრებს, ვიდრე გამზადებამდე კერძებისა, შინ არ მიიწევს, არამედ ჯერ განამზადებს რა ყოველივეს, როგორც საჭიროა: სახლსაც დაასუფთავებს და სანადიმო დარბაზსაც და ტაბლასაც შესაფერისად განამშვენებს, კერძებისათვის სანოვაგესაც მოიმზადებს და თანამეინახეს შემდგომად ამისა მიიღებს, ასევე მდიდარმა და გულუხვმა მასპინძელმა ჩვენისა ბუნებისა, ჯერ ეს სახლი ყოველგვარი სილამაზით შეამკო, დიდი და მრავალფეროვანი ნადიმი განამზადა, ხოლო კაცი შემდეგ შემოიყვანა და საქმედ განუწესა არა მოპოვება იმისა, რაც არ ჰქონდა, არამედ ტკბობა იმით, რაც ებოძა. მის აგებულებას საფუძველიც ცხოვრებისა ორმაგი დაუდო, შეაზავა რა ერთმანეთს მიწიერი და ღმრთეებრივი, რათა ტკბობა, რომელიც თითოეულს ენათესავება და ახასიათებს, ორივეს მიერ ჰქონოდა; ღმრთეებრივი ბუნებით ღმერთითაც დამტკბარიყო და მათთან ერთგვაროვანი მგრძნობელობით – მიწიერი სიკეთეებითაც.’’[20]

განსაკუთრებით საყურადღებოა ციტატის ბოლო ნაწილი: მის აგებულებას საფუძველიც ცხოვრებისა ორმაგი დაუდო, შეაზავა რა ერთმანეთს მიწიერი და ღმრთეებრივი, რათა ტკბობა, რომელიც თითოეულს ენათესავება და ახასიათებს, ორივეს მიერ ჰქონოდა; ღმრთეებრივი ბუნებით ღმერთითაც დამტკბარიყო და მათთან ერთგვაროვანი მგრძნობელობით – მიწიერი სიკეთეებითაც.’’[21]

პირველქმნილ ადამიანში იყო როგოც ღმრთაებრივი,ისე კაცობრივი საწყისებიც რაც განაპირობებდა მის უნიკალურობას. გარდა ამისა, მას შექმნისთანავე მიეცა განსაკუთრებული დავალება უფლისგან- ადამისგან უნდა გამრავლებულიყო კაცობრიობა და  მთელი შესაქმე უნდა მიეტანა უფლისათვის. დაკისრებული პასუხისმგებლობა სამწუხაროდ მან ვერ შეასრულა, რამაც გამოიწვია არათუ მთელი შესაქმის უფლისადმი მიძღვნა, არამედ მისი დაცემა და პირველქმნილი ცოდვით დასნეულება. თუმცა, ქვეყნად ქრისტეს მოსვლით,კვლავ გაუჩნდა ადამიანს, სამოთხისეულ წიაღში დამკვიდრების საშუალება და მიეცა დავალება, რომ განღმრთობილიყო. ეს დავალება, სერიოზულ პასუხისმგებლობასაც აკისრებს პიროვნებას, რის შესახებაც ხაზგასმით საუბრობენ ეკლესიის მოძღვრები,მათ შორის კი კაპადოკიელი მამები.

ცოდვა და თავისუფლება

თავისუფლება რომ უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა ,ისედაც ცნობილია , მაგრამ საკითხავია თუ რა მოიაზრება თავად ამ ღირებულებაში . ნიშნავს თუ არა თავისუფლება , ყველაფრის უფლებას ან ამართლებს თუ არა იგი ცოდვის ჩადენას. ვნახოთ თუ რას გადმოგვცემენ ყოველივე ამის შესახებ კაპადოკიელი მამები. საუბარს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველით დავიწყებთ:,, და მისცა მას შჯული,რომელი იყო ნივთი თვითმფლობელობისაი მის და შჯული იგი იყო მცნებაი-რომელთაგანმე ნერგთა მიღებაი და რომლისამე არა შეხებაი.’’[22]

წმიდანი კიდევ ერთხელ გვახსენებს სამოთხისეულ ყოფას და ყურადღებას ამახვილებს ,რომ თვით სამოთხისეულ წიაღშიც კი პიროვნებას თავისუფლების საგანძური ებოძა,რომელიც გამოიხატებოდა ხის ნაყოფის მიღებასა და არმიღებას შორის. როგორც ვიცით, ადამმა  გადაწყვიტა ბოროტის მოწევნა საკუთარ თავზე ,რაც აუსრულდა კიდეც.

როგორც ადამის, ისევე სხვა შემთხვევაშიც , რომ საკუთარ თავზე მოწევნული ნებისმიერი ბოროტება , ჩვენივე ნებით ხდება , გვასწავლის გრიგოლ ნოსელიც:,, საცნაურ არს ვითარმედ არარაი ბოროტთაგანი თვინიერ ჩუენისა ნებისა იქნების[23]

შევთანხმდით, რომ ნებისმიერი ბოროტება თუ ცოდვა, რომელიც ჩვენს თავზე მოიწევა, საკუთარი არჩევანით ხდება და არა იძულებით,მაგრამ აქ საკითხავია სხვა ფაქტორი, მისაღებია თუ არა უკვე საქმით აღსრულებული ცოდვის დაკანონება და ნორმად მიჩნევა. ვნახოთ თუ რას წერს წმ.ბასილი დიდი ამფილოქე იკონელს:,, 6. კანონის  მორჩილთა , ღვთისთვის შეწირულთა სიძვა ქორწინებად ნუ ჩაითვლება, არამედ ყოველი ღონით უნდა გაითიშოს მათი შეერთება . ამით ეკლესიის უცთომელობა იქნება წარმატებული და მწვალებლებიც ჩვენზე ძვირის სათქმელად არ გახსნიან პირს, რომ ჩვენ ცოდვას მივიზიდავთ მისთვის თავისუფლების მიცემით.‘’[24] ისევე როგორც შეუვალია საეკლესიო სწავლება, კესარიის მთავარეპისკოპოსიც შეუვალია  ცოდვის დაკანონებასთან მიმართებით. იგი გვასწავლის, რომ თავისუფლება არ ნიშნავს ცოდვის ჩადენის უფლებას და მით უმეტეს, აწ უკვე საქმით აღსრულებულის გამართლებას.დანაშაულს სინანული, საქმით გამოსწორება, უღირსების განცდა  სჭირდება და არა მისი თავისუფლების ნიღბის ქვეშ დამალვა .

საინტერესოა თავად ცოდვა თუ გვზღუდავს სიკეთის ხილვასა და აღსრულებაში . ვნახოთ თუ რას წერს წმ.გრიგოლ ნოსელი:,, პირველ გარდასულთა მათ სახეთაგან კეთილთაისა შეიმკვების ფრიად ცხოვრებაი კაცისაი , უკუეთუ ენებოს რაითა ხედვიდეს სახესა კეთილსა.‘’ [25] როგორც ნისიიის ეპისკოპოსი ამბობს, ერთადერთი რაც სიკეთის ხედვასა და შემკობაში გვჭირდება არის, საკუთარი თავისუფალი ნება. ვერანაირი ცოდვა თუ გარეშე ძალა ვერ შეძლებს ჩვენი შეხედულებების შეცვლას თუ თავად არ გადავწყვიტეთ ამგვარად .

ვთქვათ ადამიანმა მართლაც აირჩია ხსენებული სათნოება, შეისისხლხორცა იგი და ჩამოყალიბდა ბრძენ პიროვნებად. საკითხავია ამის შემდეგ რა ცვლილებები შეინიშნება მის მიერ აღსრულებულ საქმეებში. ვნახოთ თუ რას წერს წმ.ბასილი :,, ბრძენი , რომლისა განგებას , აუგი ერთოს , იგი არა ბრძენი არს , რამეთუ ბრძენმან სრულმან რომელი საქმე ქმნის და რომელი განიზრახის და სხუათა აუწყოს , შეცთომილებაი არა არნ მის თანა და არცა იბრალოს ვისგანმე საქმე და განგებაი ბრძენისა ჭეშმარიტისაი.‘’[26] ამონარიდიდან ცალსახად ჩანს, რომ ჭეშმარიტად ბრძენი პიროვნება საკუთარ საქმეებში თავისუფალია ცოდვის ბატონობისაგან . მან რა თქმა უნდა იცის სათნოებისა და ბოროტების ავკარგიანობა და აქედანგამომინარე არასოდეს აირჩევს იმ მავნე შედეგებს,რომელიც ცოდვილ ცხოვრებას მოაქვს.

ქვეთავის შეჯამებისას უნდა აღვნიშნოთ, რომ  როგორც კაპადოკიელ მამათა შემოქმედებიდან იკვეთება, თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. გარდა ამისა  ნათელია რომ,ცოდვას ადამიანზე არცერთ შემთხვევაში არ აქვს მძლავრება თუ თავად პიროვნებამ არ აირჩია მასზე დამორჩილება . ხოლო  თუკი ვინმე ამ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება,არ ნიშნავს იმას,რომ რაიმე სახით შეიძლება გამართლდეს იგი, მით უმეტეს თავისუფლების ნიღბით .

თავისუფლება და პასუხისმგებლობა ოჯახში

ქრისტიანული  სწავლებით ოჯახი მცირე ეკლესიაა. აქედან გამომდინარე მის თითოეულ წევრს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა აკისრია, რაც ბრწყინვალედ მოეხსენებოდათ კაპადოკიელ მამებს და სწავლებებში ხშირად აფიქსირებდნენ ოჯახის შესახებ სხვადასხვა სახის  რჩევებს,რომელთა მცირე ნაწილსაც შემოგთავაზებთ .

ვნახოთ თუ რას  წერს ბასილი დიდი ამფილოქე იკონიელს:,,22. ვინც მოტაცებით მიიყვანს ცოლს, რომელიც ადრე სხვაზე იყო დანიშნული, მისი შეწყნარება არ შეიძლება მანამ, სანამ არ გაუშვებს მას. პირველ დანიშნულს უფლება აქვს თუ სურს, მიიყვანოს ის, ან გაუშვას. ხოლო თუ ვინმე თავისუფალს მოიტაცებს, ისიც უნდა გაუშვას და დაუბრუნოს თავის ნათესავებს.’’[27]  ეკლესიისთვის ყველა სახის ძალადობის გამოვლინება მიუღებელია, მით უმეტეს ისეთ საპასუხისმგებლო საქმეში, როგორიც ოჯახის შექმნაა. აქედან გამოდინარე არ უნდა გავიკვირდეს, რომ კაპადოკიელი მამა გმობს ცოლის მოტაცებით მოყვანას და ეწინააღმდეგება მას.

მოტაცების გარდა არსებობს სხვა სახის პრობლემა,როდესაც შვილი თხოვდება მშობელთა თანხმობის გარეშე .რომლის შესახებაც იმავე ამფილოქეს წერს ბასილი:,,38. ქალები , რომლებიც მათი მამების თანხმობის გარეშე მიეცემიან ვინმეს , შერაცხილნი არიან სიძვის მოქმედად. ხოლო მშობლებთან შერიგების შემდეგ ამ საქმის გამოსწორება შესაძლებლად არის მიჩნეული.‘’[28] ერთი მხრივ უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს აღნიშნული კანონი და მივიჩნიოთ პატარძლისთვის თავისუფალი ნების წართმევად, რადგან შესაძლებელია საერთოდ არ ყოფილიყო მამა , ქორწინების მომხრე. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ფაქტორებია გასათვალისწინებელი გასათვალისწინებელი: პირველი ესაა საპატარძლოს ასაკი. სხვადასხვა თარგმანებში , დასახელებულ კანონზე საუბრისას მოხსენიებულია არა ქალი და დედაკაცი, არამედ ყმაწვილქალი ( იხ.ნიკოდიმ მილაში , დასახ.შრომა , გვ.371 ).   წმ.მამა გარკვევით მიუთითებს , რომ აკრძალვა ვრცელდება ყმაწვილქალებზე, ე.ი. მცირე ასაკის პიროვნებებზე. რაც შეეხება მეორე ფაქტორს , ამის შესახებ მოგვითხრობს ხსენებული კანონისტი:,, ძველ რომაულ სამართალში არსებობდა კანონი, რომლის თანახმადაც ქორწინების კანონიერებისთვის უფროსების თანხმობაც იყო საწირო : მშობლების, მეურვეების , ბატონების; ქორწინება, რომელიც ამ პირობების დაუცველად შედგებოდა. რომის სამართლის ეს განწესება ეფუძნებოდა იმ ურთიერთობებს, რომლებსაც ბუნება და საღმრთო რჯული  განუსაზღვრავდა მშობლებსა და შვილებს შორის , უფროსებსა და უმცროსებს შორის . ‘’ [29]

ტრადიციულად, ეკლესია არასდროს ყოფილა მოწყვეტილი იმ რეალობას, რომელშიც იგი არსებობდა. გამონაკლისი არ გახლდათ არც რომის იმპერიის პერიოდი, რა დროსაც სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობა გარკვეულ გავლენას ახდენდა საეკლესიოზეც. სწორედ ამის შესახებ საუბრობს განმმარტებელი ზემოთმოყვანილ ეპიზოდში .

დაოჯახების შემდეგ წყვილს ახალი საცდურები უჩნდებათ, რომლის წარმატებით გადალახვისთვისაც აუცილებელია გამორჩეულ პიროვნებათა სულიერი რჩევები. შემოგთავაზებთ ერთ-ერთ მათგანს, რომელიც გრიგოლ ღვთისმეტყველმა მისცა  ოლიმპიადას, წმ.მამა შემდეგნაირად განსწავლის ხსენებულ ქალბატონს:,, იმგვარ თავისუფლების ნებას ნუ მისცემ შენს თავს, რაგვარსაც გაწვევს ქმრის სიყვარული, არამედ – წესისამებრ იქცეოდე; რამეთუ ნაყროვანება ყველაფერშია შესაძლო.

დედაკაცად შობილი, მამაკაცისთვის ჩვეულ მედიდურობას ნუ მიინიჭებ და ნურცა გვარ-ტომობითა აღიმაღლებ თავს, ნურც შესამოსელით გაყოყოჩდები და ნურცა ჭკუა-გონებით იამპარტავნებ. გონება შენი მეუღლეობის კანონსა მორჩილებს; რამეთუ საკვრელი ქორწინებისა ქმრისას და ცოლისას ყოველსავე ერთჰყოფს.’’ [30]

ეპისკოპოსი დასახელებულ სწავლებაში შეახსენებს ქალბატონს, რომ ამქვეყნად მამაკაცს და დედაკაცს ინდივიდუალური პასუხისმგებლობები აკისრიათ,რომელთა ერთმანეთში არევა არაფერმა უნდა გამოიწვიოს,მათ შორის რა თქმა უნდა არც თავისუფლების მანკიერმა გაგებამ. მთელი ეს შეგონება,გამომდინარეობს პავლე მოციქულის  დოქტრინალური სწავლებისაგან,რომელიც ამბობს:,,21. დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა.22. ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა. 23. რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ.24. არამედ ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი – თჳსთა ქმართა ყოვლითა.‘’(ეფ.5.21-24)

მომდევნო ეპიზოდში უკვე ცოდვის კონკრეტულ სახეებს გამოჰყოფს წმიდანი და მათი ალაგვმისაკენ მოუწოდებს ქალბატონს:,, თუ ენას აღვირს არ ასხამ, მოგიძულებს ქმარი. ენამწარობით ხშირად უდანაშაულოც ბოროტვნებულა. საქმეც რომ ითხოვდეს, მაშინაც დუმილი ჯობია, არამც თუ უადგილოდ სიტყვის წამოსროლა.’’[31]

დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა საერთო ნიშნებს, კაბადოკიელი მამის სწავლებასა და პავლე მოციქულის სიტყვებს შორის, რომელიც ბრძანებს : ,, ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს. ’’[32]

სამწუხაროდ, ვიღაცამ შეიძლება, რომ წმიდა გრიგოლის სიტყვები ქალბატონების ჩაგვრისა და მათი უფლებების შეზღუდვად აღიქვას. რის გასაბათილებლადაც, უკომენტაროდ  გთავაზობთ ამავე მამის შრომას-‘’ (პასუხად იმისა, რომ თავის ცოლს ალიპიანეს, გრიგოლის დის, გორგონიას ასულს, პატარა ტანის გამო დასცინოდა)‘’ :,, დასცინი ჩვენს ალიპიანეს, რომ პატარაა და არა ღირს არს შენი სიდიადისა, დიადო და უზომოდ გოლიათო ტანითაც და ძლიერებითაც! ახლა გავიგე მხოლოდ, რომ წონით იზომება სული და მითვე ფასდება სათნოება, რომ უბრალო ქვები მარგალიტზე ძვირფასია და ყვავნი უმჯობეს ბულბულთა არიან. მიიმატე კიდევ რამდენიმე წყრთა სიდიდეში და არაფრით ჩამორჩე ალოადებს[2]. შენ რომ ცხენზე ამხედრებულხარ, შენ რომ ისარს ტყორცნი და გაქვს ისეთი საზრუნავი, როგორიცაა მხეცებზე ნადირობა, მას ასეთი საქმე არა აქვს. ხოლო მაქოს ჭერას, სართავი ჯარის მოვლას და ქსლის საბეჭველთან ჯდომას დიდი ძალა არ უნდა. ”ქალთა მოვალეობაც ეს არის”[3]. და თუ იმასაც დავძენთ, თუ როგორაა იგი დადრეკილი ლოცვისას და გონების მაღალი მოძრაობით მუდამ ღმერთს ესაუბრება, რაღა იქნება ამასთან შენი სიმაღლე და სიდიდე სხეულისა? იხილე მისი დროული დუმილი, უსმინე, როცა საუბრობს, თავად განსაჯე, თუ რაოდენ ნაკლებად ემონება მორთულობას, რა ქალურად ვაჟკაცურია, როგორ ზრუნავს ოჯახზე, როგორ უყვარს ქმარი, და მაშინ გაიმეორებ ლაკედემონელის სიტყვებს: ”ჭეშმარიტად, სული არ იზომება. გარეგანი კაცი უნდა გულისხმობდეს შინაგანსაც”.[4] თუ ამას ჩასწვდები, აღარ აიგდებ მას საცინრად, აღარ იხუმრებ მის ტანმორჩილებაზე და თავს ბედნიერად ჩათვლი, რომ წილად გხვდა მისი მეუღლეობა.’’[33]

 ქორწინებას საუკეთესო შემთხვევაში შვილთასხმა მოჰყვება, რომელიც დამატებით პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს ანიჭებს, როგორც მშობლებს,ასევე შვილებს. არც ეს სიტუაცია გამოპარვიათ მამებს მხედველობიდან და შესაბამისი სწავლებებიც გამოთქვეს. მაგალითისთვის მოვიყვანთ არაერთგზის ნახსენებ კესარიის მთავარეპისკოპოსს, რომელიც წერს:,, უკეთუ ძუ ლომს უყვარს ნაშობნი მისნი და მგელიც თავისი ლეკვებისათვის იბრძვის, რაღა ეთქმის ადამიანს , რომელიც მცნებასაც არღვევს და ბუნებასაც შეურაცხყოფს, კერძოდ, რაჟამს შვილი პატივს არ სცემს მამის სიბერეს , ხოლო მამა მეორე ქორწინების გამო თავის პირველ შვილებს ივიწყებს?’’[34] მამისა და შვილის დამოკიდებულების შესახებ არაერთ ადგილზეა გადმოცემული წმ. წერილში. მაგალითისთვის მოვიყვანთ წმ.პავლე მოციქულის სწავლებას მამა-შვილური ურთიერთობების შესახებ: ,,1შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქუენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალი. 2. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა. 3. რაჲთა კეთილი გეყოს შენ, და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა. 4. და მამანი ნუ განრისხდებით შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა.’’(ეფ.6.1-4)

ძალიან კარგია, როდესაც ოჯახში მრავალშვილიანობა, ერთგულება და სიყვარული სუფევს, თუმცა ხშირად ხდება, როდესაც ეს იდილია სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით ირღვევა ხოლმე. არც ეს შემთხვევა გამორჩენია წმ.ბასილი დიდის მხედველობიდან:,, გვრიტზე ამბობენ, რომ როცა მეუღლეს განშორდება, სხვასთან შეერთებას ვერ ეგუება , უქორწინებლად რჩება და პირველი ქმრის ხსოვნის გამო ახალ კავშირზე უარს ამბობს . მოისმინოს ქალებმა , რომ ქვრივობის პატიოსნება უტყვთა შორისაც უფრო პატივდებულია , ვიდრე სააუგო მრავალგზის ქორწინება . ‘’ [35] კაპადოკიელი მოღვაწე ყურადღებას ამახვილებს იმ პასუხისმგებლობის შესახებ , რომელიც ეკისრება დაოჯახებულ პიროვნებას ( ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქალბატონს) თავისი მეუღლისა და უფლის წინაშე . სწავლება კიდევ ერთხელ გვახსენებს,  ღირსეული მეოჯახის მდგომარეობა ბევრად უფრო პატივდებულობას , ქორწინების შემრყვნელთან მიმართებით .

წინამდებარე ქვეთავში მოკლედ შევეხეთ კაპადოკიელი მამების მიერ გამოთქმულ სწავლებებს ოჯახის შესახებ. ვნახეთ თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი თავისუფალი ნებით შექმნილ ცოლქმრულ კავშირს , ოჯახის წევრთა  ერთმანეთისადმი სიყვარულს, დაფასებას და პასუხისმგებლობას , თუნდაც მას შემდეგ,რაც რომელიმე  წევრი დატოვებს  ამქვეყნიურ სამყოფელს .

 თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ცნება ასკეტური კუთხით

ასკეტიკა იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია ქრისტიანობისათვის,რომ შეუძლებელია იგი კაპადოკიელთა შემოქმედების მიღმა დარჩენილიყო . ხსენებულ ქვეთავში შევეცდებით რომ ამ ცნების ირგვლივ გამოთქმული არაერთი სწავლება , თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას დავუკავშიროთ . უპირველესად ვნახოთ თუ რას გვარიგებს წმ.ბასილი დიდი , მარხვასთან დაკავშირებით: ,, მარხვა ხომ სიღრმეში დამკვიდრებული ცოდვებისგან ათავისუფლებს სულს . ‘’ [36]

საუბარს კვლავ კესარიის ეპისკოპოსის სწავლებებით გავაგრძელებთ .კიდევ ერთხელ ვნახოთ თუ რას წერს იგი ამფილოქე იკონელს:

.,, 18.ჩვენთვის ჯერ იმის აღიარებაა საჭირო , რომ ქალწული ეწოდება იმას , ვინც მოვიდა თავისი ნებით და თავი შესწირა უფალს, უარი თქვა ქორწინებაზე და უფრო მეტად პატივი სცა განწმენდილ ცხოვრებას. ხოლო აღსარებასა და აღთქმას მაშინ მივიღებთ მისგან, როდესაც ასაკი სიტყვის შესრულების შესაძლებლობას მისცემს, ვინაიდან თექვსმეტ-ჩვიდმეტ წელზე მეტი ხნისა, ბატონ-პატრონი  იქნება თავისი განზრახვისა და განსჯით აირჩევს უფლის მიმართ დაწინდებულ ყოფნას.‘’ [37] ზემოთმოტანილი განჩინებიდან აშკარად  ჩანს, რომ კაბადოკიელი მამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პიროვნებათა თავისუფალ ნებას, მეტიც, განსაზღვრულ ასაკსაც ადგენს იგი და იმეორებს, რომ მხოლოდ იმ ასაკის ქალწულთა აღთქმაა მისაღები, როდესაც ისინი უკვე დამოუკიდებლად ცხოვრობენ და არა იმ წლოვანების პირებისა, რომლებიც მნიშვნელოვნად განიცდიან მეურვეთა გავლენას .

ასკეტური სწავლებების კუთხით წმ.ბასილს, არც თავისი ხორციელი ძმა-გრიგოლი ჩარმორჩა და უმნიშვნელოვანესი დარიგებები დაგვიტოვა. განსაკუთრებით გამოსაყოფია მისი შრომა-“ქალწულებისათვის და საღმრთოისა მოქალაქეობისა”, რომელშიც ფუნდამენტურად განიხილავს არაერთ საკითხს, ამ უმნიშვნელოვანესი სათნოების შესახებ, რომელთაგანაც რამდენიმეს შემოგთავაზებთ:

,,ქალწულებაი და მონაზონებაი ჭეშმარიტი ამათ ყოველთა ბოროტთაგან თავისუფალ არიან, არა აქუს გლოვაი  სიობლისაი, არცა გოდებაი სიქურივისათვის,არამედ მარადის შეერთებულ არს უხრწნელსა მას თანა სიძესა…’’[38]

წინა ქვეთავებში ვისაუბრეთ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს წყვილს ოჯახი, მაგრამ ქალწულების ღვაწლი, მასზე აღმატებულია. ეს სწავლება უძველესი დროიდანვე არსებობს ეკლესიაში. გავიხსენოთ თუნდაც, რას წერს პავლე კორინთელებს:,,  რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი; არამედ კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს ღმრთისაგან, რომელსამე ესრეთ და რომელსამე ეგრეთ..’’ (1კორ.7.7.) [39] ამავე აზრზს გადმოგვცემს წმ.გრიგოლ ნოსელი , ზემოთმოყვანილ ფრაზაში და ავრცობს კიდეც . იგი ამბობს,რომ ჭეშმარიტი მონაზონი თავისუფალია ყოველგვარი ამსოფლიური და მიწიერი საზრუნავისაგან, იგი ზეციურ სიძეზეა დაქორწინებული და  მიღმიერ სამყაროში მკვიდრობს .

ქალწულების ღვაწლის სხვაზე აღმატებულობის და მონაზვნის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შესახებ,ნისიის მთავარეპისკოპოსი სხვა სწავლებასაც გვაწვდის:

,,რამეთუ სხუათა მათ საქმეთა შინა, უკუეთუ იქმნას ცთომილებაი,ნუუკუე იქმნას დაჭირვებაი საფასეთაი და დაცემაი პატივისაგან ხორციელისა,ხოლო დიდსა ამას და მაღალსა საქმესა ზედა ( იგულისხმება მონაზვნობა . გ.ლ.) არათუ საფასეთაი იქმნების დაჭირვებაი,არცა დიდებისა სოფლიოისაი და წარმავალისაი, არცა სხვისა რაისაგანმე,გარეგან მოსრულისა ჩუენდა ,არამედ დაჭირვებაი იგი ცთომილებისაი თავადსა სულსა შეეხების და მისი იქმნების წარწყმედაი.[40]’’( XXIII.35-41;გვ.188) (ნოსელი-ქალწულებისათვის)

როგორც ვნახეთ  კაპადოკიელი მამები გვასწავლიან რომ, უდიდესია ქალწულობის ღვაწლის ტვირთვა, გვახსენებენ თუ რაოდენ დიდია მონაზვნის პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს,რომ ამ გზაზე შედგომის გადაწყვეტილებას აუცილებლად საკუთარი თავისუფალი ნებით უნდა იღებდეს მსურველი.

  ინტელექტუალური და მატერიალური თავისუფლების შესახებ

თავისუფლება ფართო და მრავლისმომცველი ცნებაა, რაც განაპირობებს, რომ მას მრავალი წახნაგი აქვს, რომელთა შორისაც გამორჩეულია ინტელექტუალური და მატერიალური. ვნახოთ თუ გადმოგვცემენ მათ შესახებ სწავლებებს კაპადოკიელები .ბასილი დიდი ამგვარად არიგებს ახალგაზრდებს :  ,, საჭირო არაა საჭე თქვენი აზროვნებისა , ვითარცა ხომალდისა , ერთხელ და სამუდამოდ გადასცეთ ( მასწავლებლებს გ.ლ.) და საითკენაც წაგიყვანოთ გაჰყვეთ ; არამედ  მიიღებთ რა მათგან იმას  , რაც სასარგებლოა , ისიც უნდა იცოდეთ , რა უგულებელყოთ .’’[41] წმ. ბასილი გარკვევით ასწავლის ახალგაზრდებს , რომ არ შეიძლება  ბრმა მორჩილება , საკუთარი თავისუფალი ნების დათრგუნვა და ვიღაცაზე თვალდახუჭული მინდობა, როგორი პატივსაცემი პიროვნებაც არ უნდა იყოს იგი . მაგრამ, მეორე მხრივ, ამ დამოკიდებულებამ არ უნდა გამოიწვიოს ახალგაზრდების დაუმორჩილებლობა ზემდგომისადმი, თუკი სურთ მათ რომ წარმატებას მიაღწიონ:,, რამდენადაც გვირგვინები და მოჭიდავენი ვახსენე , ვიტყვი: უკუეთუ ისინი მრავალ შემთხვევაში დიდ გასაჭირს ითმენენ და საკუთარი ძალის გაზრდას ყოველი გზით ცდილობენ, სხეულის ვარჯიშისას ოფლს უხვად ღვრიან, საწვრთნელ მოედანზე ცემა-ტყეპასაც ხშირად იტანენ, არა ყველაზე სასიამოვნო, არამედ მწვრთნელთა მიერ შერჩეული ცხოვრების წესით ცხოვრობენ, და, სიტყვა რომ აღარ გავაგრძელო, სხვა მხრივაც შეჯიბრებამდე დროს შეჯიბრებაში ატარებენ, ხოლო შემდგომად ყოველივე ამისა, ასპარეზზე გასულთაც ყოველგვარი ჯაფისა და საფრთხის დათმენია უხდებათ , რათა ჯილდოდ ველური ზეთისხილის, დაფნის ან სხვა რაღაც მსგავსისგან დაწნული გვირგვინები და მაცნეთაგან გამარჯვებულთა სახელების ხმამაღლა გამოცხადება მიიღონ . ‘’ [42]

ბასილი დიდის ზემოთმოყვანილი ამონარიდებიდან ნათელია,რომ წმიდა მამა არ ზღუდავს პიროვნებების (ამ შემთხვევაში ახალგაზრდების) ინტელექტუალურ თავისუფლებას . არ უკრძალავს წარმართული თუ სხვა სახის ლიტერატურის წაკითხვას, მათ გაცნობასა და ამასთანავე შეთვისებას. მისთვის ამოსავალი წერტილია ის,რომ პიროვნება ფუტკრისავით უნდა იყოს, რომელიც  სხვადასხვა სახეობის ყვავილებზე ჯდება, მაგრამ თაფლს მხოლოდ საუკეთესოსგან ამზადებს. თუმცა, კესარიის მთავარეპისკოპოსი გარკვეულ ზღვარსაც უდებს ადამიანს,რათა თავისუფლება აღვირახსნილობაში არ გადაეზარდოს. და შეაგონებს რომ აუცილებელია მასწავლებლის რჩევათა გათვალისწინება, მათი ნდობა და საქმეში აღსრულება, მთავარია ეს ყოველივე ბრადმინდობილებმა არ აღვასრულოთ .

საუბარს მატერიალური თავისუფლებისა და მონობის შესახებ განვაგრძობთ. ბასილი დიდი გვარიგებს: ,, ნათქვამია : სესხის მიმცემი და მოვალე ერთმანეთს ხვდებიან , უფალი ორივეს უყურებს (იგავ. 29,13) ერთი, როგორც ძაღლი , ნადავლისაკენ გარბის, ხოლო მეორეს ვითარცა გამზადებულ მსხვერპლს , ეშინია შემთხვევით შეხვედრისა. სიტყვის თავისუფლებას მას სიღარიბე ართმევს . ‘’  [43]             კესარიის ეპისკოპოსის ყველა სწავლება საინტერესოა, მაგრამ განსაკუთრებულია ზემოთმოხმობილი .თუნდაც იმის გამო,რომ მასში წმიდა მამა ხაზს უსმევს ისეთ მარადიულ ღირებულებას, როგორიც სიტყვის თავისუფლებაა. სწავლების გაცნობისას ვრწმუნდებით, რომ ხსენებული ფასეულობა კაპადოკიელთა ეპოქაშიც არ კარგავდა თავის ადგილს და მის დაცვასა თუ ხელშეუხებლობაზე განსაკუთრებულად ზრუნავდნენ ეკლესიის იერარქები .

შრომაში ვკითხულობთ:,, ახლა შენ ღარიბი, მაგრამ თავისუფალი ხარ, ხოლო როცა ვალს აიღებ, ვერც გამდიდრდები და თავისუფლებასაც დაკარგავ . ვინც ვალი აიღო, მონა გახდა სესხის მიცემისა, დაქირავებული მონა, რომელიც იძულებულია ბატონს ემსახუროს .’’ [44]

წმ.ბასილი,როდესაც სესხის აღებისა და მიცემის შესახებ საუბრობს, არ მოჰყავს ბიბლიური თუ მამებისეული სწავლებები მისი ავკარგიანობის შესახებ. იგი მას ერთადერთი კუთხით განიხილავს და ესაა სხვისი ან საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა, ეს კი იმხელა საზომია, რომ აღარაა საჭირო დამატებითი ეტალონის მოძიება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქრისტიანობისათვს ყოვლადმიუღებელია თავისუფლების, როგორც ღმერთისაგან ადამიანისთვის ნაბოძები მარადიული ფასეულობის წართმევა ან რაიმე ფორმით შეღუდვა .

დასკვნა

წინამდებარე თემის გაცნობის შემდეგ ვიგებთ,რომ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ გამოთქმულ სწავლებებში კაპადოკიელი მამები სრულ თანხვედრაში არიან საეკლესიო მოძღვრებასთან.მათი გაცნობის შემდეგ ვრწმუნდებით,რომ თავისუფლება, ესაა ის უდიდესი საჩუქარი,რომელიც შემოქმედისგან მიიღო  ადამიანმა. მისი სრული რეალიზებისთვის კი სიყვარულია საჭირო,რადგან მხოლოდ ასე თუ მოხდება ცოდვაზე გამარჯვება. (ისევე როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა ქრისტემ). უფლის ამქვეყნად მოსვლა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ადამმა ვერ შემოქმედისგან მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობისა და ნდობის გამართლება.

გარდა ამისა, თემის გაცნობისას ვრწმუნდებით, რომ კაპადოკიელებისთვის თავისუფლება ნიშნავს არა აღვირახსნილობას და ცოდვაზე დამონებას, არამედ უპირველესად მასზე ბატონობას.

კაპადოკიელებმა ოჯახური თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებაც მოგვაწოდეს მნიშვნელოვანი დარიგებები. რა თქმა უნდა, ისინი ხაზს უსვამენ მონაზვნური ღვაწლის აღმატებულობას, თუმცა არც ცოლქმრობას აკნინებენ, პირიქით, ხაზს უსვამენ მის უდიდეს მნიშვნელობას, აძლევენ დარიგებებს ოჯახის თითოეულ წევრს თუ როგორ უნდა იცხოვრონ და მოუწოდებენ ქრისტესთან თანაზიარების აუცილებლობის შესახებ.

 დამუშავებული შრომები

წმ. ბასილი დიდი

ახალგაზრდებს იმის თაობაზე როგორ მიიღონს სარგებელი წარმართული მსჯელობიდან ;

ეპისტოლე ამფილოქესადმი მიწერილი პირველი  ;

ეპისტოლე ამფილოქესადმი მიწერილი მეორე  ;

ეპისტოლე გრიგოლ ხუცის მიმართ ;

ეპისტოლე ქორეპისკოპოსისადმი ;

ეპისტოლე დიოდორე ტარსელისადმი ;

ექვსი დღისათვის ჰომილიები ;

მარხვისთვის ;

რომ არ ჩაატარონ ხელდასხმა ფულით ;

ფსალმუნთა განმარტება  ;

წმ. გრიგოლ ნოსელი

ამაღლებისათვის ;

მაცხოვრის შობისა და ბეთლემში მოწყვეტილ ჩვილთა შესახებ ;

რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა   ;

სულთმოფენობისათვის

შესხმა წმიდისა და დიდისა ბასილისი ;

შესაქმისისათვის კაცისა ;

ცხოვრება მოსესი, ანუ სათნოებისეული სრულქმნილების ;

ეპისტოლე ლიტოსისადმი ;

გრიგოლი ღვთისმეტყველი

კითხვები საკუთარ თავს ;

(პასუხად იმისა, რომ თავის ცოლს ალიპიანეს, გრიგოლის დის, გორგონიას ასულს, პატარა ტანის გამო დასცინოდა)

შეგონებანი ოლიმპიადას

32-ე სიტყვა ;

 გამოყენებული ლიტერატურა

 ”ბიზანტიური მწერლობის ქრესტომათია”, -ძველი ბერძნულიდან თარგმნა ქეთევან ბუზარაშვილმა ; ტ. I, 1994 წ.

დიდი სჯულისკანონი ; რედაქტორი – ექვთიმე კოჭლამაზაშვილი ;

ჟურნალი – ‘’გული გონიერი’’ მთ.რედაქტორი ედიშერ ჭელიძე ; ; №1 ; 2011 წ.

ჟურნალი ‘’ გზა სამეუფეო’’ ; №1 ; 1995 წელი ;

საქართველოს ეკლესიის 2010 კალენდარი  ; საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა ; თბილისი – 2009 წელი.

საქართველოს  ეკლესიის  2011  წლის კალენდარი . საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა ; თბილისი – 2010 წელი

სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. IV. თბილისი, 1992 წ. ;

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებით ; ტომი II ; 2011  წელი ;

წმ.მამათა სწავლანი ; მოსკოვის წმიდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია ; 2002 წელი ;

წმ. ბასილი დიდი – ჰომილიები ექვსი დღისათვის ; ძველი ბერძნულიდან თარგმნა გვანცა კოპლატაძემ ; თბილისი 2006 წ წმ.ბასილი დიდი- ფსალმუნთა განმარტება ; ძველბერძნულიდან თარგმნა გვანცა კოპლატაძემ ; თბილისი – 2010 წელი ;

წმ. გრიგოლ ნოსელი – ცხოვრება მოსესი, ანუ სათნოებისეული სრულქმნილების შესახებ

( ნაშრომი ქართულ ენაზე ჯერ არ გამოცემულა ) ;

 ინტერნეტ რესურსები :

http://edisher.do

http://library.church.ge

http://www.orthodoxy.ge

www.wikipedia.org

[1] -გრიგოლ ნოსელმა , ისევე როგორც მისმა ძმამ- ბასილი დიდმა , ძველი ბერძნული მწერლობის , რიტორიკის , ფილოსოფიის და სხვა წამყვანი მეცნიერებების შესახებ სიღრმისეული ცოდნა მიიღო , რამაც გამოიწვია სწორედ მისი წარმატებულ და სახელგანთქმულ რიტორად ჩამოყალიბება .

რაც შეეხება მის სასულიერო მოღვაწეობას . 372 წელს ხელი დაასხეს ნისიის (ძველქართულად  ნოსის)  ეპისკოპოსად, თუმცა მშვიდ ვითარებაში არ მოუწია მღვდელთმთავრობის პერიოდის გატარება.  არიოზელი ვალენსის ზეობისას იგი თავგამოდებით იცავდა ეკლესიის ჭეშმარიტ სწავლებას, რის გამოც მრავალი განსაცდელი დაითმინა .  376 წელს საეკლესიო ქონების გაფლანგვა დააბრალეს, გადააყენეს საეპისკოპოსო კათედრიდან და ანკირიაში გადაასახლეს . რამდენიმე ხნის შემდეგ იგი დაუბრუნდა საკუთარ კათედრას და 381 წელს გამართულ კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრებაზე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არიოზულ მწვალებლობისაგან აღმოცენებულ ერესთა დაგმობაში. 394 წელს , მრავალი განსაცდელის გადატანის შემდეგ , მშვიდობით მიაბარა სული უფალს წმიდა გრიგოლ ნოსელმა .

[2]-წმიდა გრიგოლ ნოსელი – სიტყვა სულიწმინდის შესახებ ანუ სულთმოფენობისათვის ; http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=97%3A2010-01-24-12-57-10&catid=39%3A2009-12-29-11-32-35&Itemid=54&lang=en

[3] -,,რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები.’’(1კორ.13.12)[4] -წმიდა გრიგოლ ნოსელი-ქრისტეს ამაღლებისათვის

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=86%3A—-1&catid=39%3A2009-12-29-11-32-35&Itemid=54&lang=ka%20;

[5] -სამოციქულოს განმარტება გამოკრებული იოვანე ოქროპირისა და სხვა წმიდა მამათა თხზულებებიდან; ტომი-II ; გვ.320 ;

[6] -ბასილი დიდი ( მოკლე ბიოგრაფიული ცნობები)

ბასილი დიდი დაიბადა კაპადოკიაში , ქრისტიანულ ოჯახში . მის მშობლებს ჰყავდათ ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი , რომელთაგანაც განსაკუთრებით ცნობილია ნისის ეპისკოპოსი გრიგოლი , სებასტიის მღვდელთმთავარი პეტრე , მაკრინე და კესარიის მიტროპოლიტი ბასილი , რომელმაც ფუნდამეტური განათლება მიიღო ათენში , სადაც ხუთი წლის მანძილზე გულმოდგინედ შეისწავლა მრავალი მეცნიერება . რამაც განაპირობა რომ მასზე გრიგოლ ნოსელი ამბობს : ,, ამას ვიტყჳ ჭურსა მას რჩეულსა, მაღალსა საქმითაცა და სიტყჳთა, ბასილის, მკჳრცხლსა მას ღმრთისა მიმართ შობითგან, მჴცოვანსა გონებითა სიყრმითგან, რომელი განსწავლულ იქმნა მსგავსად მოსესსა ყოვლითა მით სიბრძნითა გარეშითა (საქმე მოც. 7.22), ხოლო საღმრთოთა მათ წერილთა სიჩჩოჲთგანვე აღსასრულადმდე არა განეშორა, ამისთჳსცა მოძღურად ყოველთა კაცთა ყო იგი ღმერთმან, ყოვლითავე სიბრძნითა – საღმრთოჲთაცა და კაცობრივითა, და ორკერძოვე მძლე ყო ყოველთა წინააღმდგომთა. და რამეთუ მწვალებელთა სიღრმესა მას შინა წერილისასა დანთქმიდა, ხოლო წარმართთა მათითავე სიტყჳთა შეიპყრობდა, ხოლო ძლევაჲ იგი არა დაცემაჲ იყო ძლეულთაჲ მათ, არამედ უფროჲსად აღდგომაჲ.’’

იგი 30 წლის ასაკში  მოინათლა და მონაზვნური ცხოვრების უკეთ გასაცნობად ეგვიპტესა,პალესტინასა და მესოპოტამიაში იმოგზაურა , მოიხიბლა მათი (  მონაზვნების) ცხოვრების წესით და მდინარე ირისის პირას დამკვიდრდდა . მის ცხოვრების წესზე გრიგოლ ნოსელი წერს:,, სათნო-ეყო პირველითგან უპოვარება და კლდე შეურყეველ იქმნა გულისსიტყუაჲ იგი; სურვილ იქმნა სიწმიდით ცხორებისა, და მთა მაღალ და მიუდრეკელ იყო სურვილი იგი და არა ლერწამ, განსაცდელთა მიერ შერყეულ.

სამოსლად აქუნდა ქალწულებაჲ და მონაგებად – სიბრძნე, და ტაძრად – სიმართლე და ჭეშმარიტებაჲ და სიწმიდე, რომელთა ზედა იხარებდა უფროჲს, ვიდრეღა, რომელნი-იგი ოქრომოლესულთა მათ ტაძართა შინა იშუებენ. რომელმანცა უკუე ესევითარისა მამულისა და ნათესავობისაგან შეასხას მას, მან ჭეშმარიტი თქუას, და რაჲ-იგი არს საყუარელ მისდა.’’

თუმცა , არიოზული მარწუხებისგან ეკლესიის შესუსტებული მდგომარეობა არ აძლევდა მას საშუალებას , რომ  ამსოფლიური ცხოვრებისგან განშორებულს ეცხოვრა. 364 წელს კესარიის ეპისკოპოსმა ევსებიმ ბასილი მღვდლად აკურთხა , ხოლო 370 წელს კი უკვე თავად ბასილი გახდა კესარიის ეპისკოპოსი .

წმიდა ბასილი დიდის არაერთი ნაშრომია თარგმნილი , როგორც ძველ , ისე ახალქართულ ენაზე , რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მკითხველს , რომ გაეცნოს და შეისწავლოს ისინი .

[7] -დიდი სჯულისკანონი ; გვ.382 ;

[8] -ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად.(მთ.5.17)

[9] წმ.გრიგოლ ნოსელი- ,, მაცხოვრის შობისა და ბეთლემში მოწყვეტილ ჩვილთა შესახებ ;ჟურნალი ‘’გული გონიერი’’, №1 ; 2011 წ., გვ.183-184;

[10] -ჟურნალი – ‘’გული გონიერი’’ გვ.11-12 ; №1 ; 2011 წ.

[11] -,,დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს ‘’(მთ.5.16)

[12] -წმიდა გრიგოლი ღვთისმეტყველი ( მოკლე ბიოგრაფიული ცნობები

წმიდა  გრიგოლ ღვთისმეტყველის  სამშობლო გახლდათ სამხრეთ კაბადოკია , ქალაქი ნაზიანზი . იგი ჯერ პალესტინაში ჩავიდა ,შემდეგ კი კესარიაში .  გარკვეული პერიოდის მანძილზე კი  თავადაც ასწავლიდა ათენში რიტორიკას . იგი 30 წლისა მოინათლა  და პონტის მონასტერს მიაშურა სამოღვაწეოდ . თუმცა , ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე დატოვა ხსენებული ადგილი და ნაზიანზში დაბრუნდა . რამდენიმე ხნის შემდეგ იგი ქალაქ სასიმის ეპისკოპოსი გახდა და უკვე მღვდელთმთავრის ხარისხში გააგრძელა მოღვაწეობა  . ხსენებულ პერიოდში ბიზანტიის იმპერიაში მძვინვარებდა არიანული წიაღიდან წარმოშობილი , მაკედონიოსის მწვალებლობა , რომელთან დაპირისპირებაც მოუწია წმიდა გრიგოლს . იგი კონსტანტინოპოლში ჩავიდა , სადაც წმიდა ანასტასის სახელობის ეკლესიის გარდა , ყველატაძარი მწვალებელთა ხელში იყო . გრიგოლის დაუღალავი შრომის დამსახურებით კი ეკლესიის მრევლის რიცხვი ყოველდღიუად მატულობდა  .

საღვთისმეტყველო სწავლებაში განსაკუთრებული წვდომის საფუძველზე , ეკლესიის წიაღში საკუთრივ ღვთისმეტყველად იწოდნენ – იოანე მოციქული და მახარებელი , X-XI საუკუნის გამორჩეული მოღვაწე სვიმეონი და წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი , რაც მკაფიოდ წარმოაჩენს ამ უკანასკნელის სიდიადეს და გამორჩეულობას .

სიცოცხლის ბოლომდე იგი დაუღალავად იბრძოდა ეკლესიის სასიკეთოდ . აღესრულა  389 წელს არიანზში , სადაც იგი განმარტოებულად ცხოვრობდა .

[13] – თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლი ღმრთისმეტყუელისაი შობისათვის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეისისა წმიდისაგან ქალწულისა მარიამისა. გვ.95 ;ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკური ძეგლები. I, ეკლესიის მამათა სწავლებანი ღვთის განკაცების შესახებ. კრებული შეადგინა, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვა და ლექსიკონი დაურთო ნინო მელიქიშვილმა, თბ., 2010. რედაქტორი ედიშერ ჭელიძე.

[14] -დიდი სჯულისკანონი ; გვ.370 ;

[15] -მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებით ; გვ.376

[16] – წმ.მამათა სწავლანი ; გვ.196 ;

 [17] –  წმიდა გრიგოლ ნოსელი – შესაქმისათვის კაცისა ; გვ.122 ; ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო გვანცა კოპლატაძემ; საქართველოს  ეკლესიის  2010  წლის კალენდარი .

[18] -გვ.77 ; ჰომილია მეექვსე ; ექვსი დღისათვის ჰომილიები

[19] -წმიდა გრიგოლ ნოსელი – შესაქმისათვის კაცისა ; გვ.134 ; საქართველოს  ეკლესიის  2010  წლის კალენდარი .

[20] -წმიდა გრიგოლ ნოსელი – შესაქმისათვის კაცისა ; გვ.127 ; საქართველოს  ეკლესიის  2010  წლის კალენდარი .

[21] -წმიდა გრიგოლ ნოსელი – შესაქმისათვის კაცისა ; გვ.127 ; საქართველოს  ეკლესიის  2010  წლის კალენდარი .

[22] -(გვ.92- თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლი ღმრთისმეტყუელისაი შობისათვის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეისისა წმიდისაგან ქალწულისა მარიამისა.ჰომილეტიკური…)

[23] – წმ. გრიგოლ ნოსელი – ცხოვრება მოსესი, ანუ სათნოებისეული სრულქმნილების შესახებ გვ.128

[24] -დიდი სჯულისკანონი ; გვ.35 ;

[25] -დასახ.შრომა ; გვ.163

[26] — წმ.მამათა სწავლანი ; გვ. 197 ;

[27] -დიდი სჯულისკანონი ; გვ.365 ;

[28] -დიდი სჯულისკანონი ; გვ.369 ;

[29]-მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებით ; გვ. გვ.371

[30]-წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი- შეგონებანი ოლიმპიადას http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=216%3A2010-06-23-09-26-55&catid=38%3A2009-12-29-11-32-24&Itemid=66&lang=en

[31]-იქვე-

[32]-(1.კორ.10.23) – ,, ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს.’’

[33] -ძველი ბერძნულიდან თარგმნა ქეთევან ბუზარაშვილმა ; ”ბიზანტიური მწერლობის ქრესტომათია”, ტ. I, 1994 წ.

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=203%3A2010-04-10-12-58-20&catid=38%3A2009-12-29-11-32-24&Itemid=66&lang=en

[34] -გვ.125 ; ჰომილია მეცხრე ; ექვსი დღისათვის ჰომილიები ;

[35] – გვ.114 ; ჰომილია მერვე ; ექვსი დღისათვის ჰომილიები ;

[36]-ბასილი დიდი-მარხვისთვის http://edisher.do.am/publ/basili_didi/ts_39_mida_basili_didi_markhvisatvis/69-1-0-122

[37]-დიდი სჯულისკანონი ; გვ.362-363 ;

[38] -წმიდა გრიგოლ ნოსელი – “ქალწულებისათვს და საღმრთოისა მოქალაქობისა”; III;5-8 ; გვ.125;  დეკანოზი გიორგი ზვიადაძე;თბ., 2004.

[39] -,,რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს – ასე, ზოგს – ისე.’’ (1კორ.7.7.)

[40]-წმიდა გრიგოლ ნოსელი – “ქალწულებისათვს და საღმრთოისა მოქალაქობისა”; XXIII.35-41;გვ.188 ;  დეკანოზი გიორგი ზვიადაძე;თბ., 2004.

[41] -ბასილი დიდიახალგაზრდებს იმის თაობაზე როგორ მიიღონ სარგებელი წარმართული მსჯელობიდან ; გვ.122 ;  ძველი ბერძნულიდან თარგმნა – გვანცა კოპლატაძემ . საქართველოს ეკლესიის 2011 კალენდარი  ;

[42] -დასახ.შრომა – გვ.132-133

[43] -ფსალმუნთა-გვ.29-30

[44] -წმ.ბასილი დიდი- ფსალმუნთა განმარტება ; თბილისი – 2010 წელი ; გვ.30

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under პატროლოგია''

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s