ქალების საკითხი , მართლმადიდებელ ეკლესიაში

men

შინაარსი

შესავალი

ქალები ძველ აღთქმაში

ქალები ახალ აღთქმაში

ღვთიმსშობელ მარიამის შესახებ

რამდენიმე საკითხი ეკლესიის ისტორიიდან და სჯულისკანონიდან

საკითხი ჩვენთან

დასკვნა

შესავალი

ქრისტიანულ სამყაროში , ქალების შესახებ საუბარი აქტუალურობას არასოდეს კარგავდა . თუმცა , განსხვავებული იყო კონკრეტული მიმართულებები , რომლის გარშემოც მიმდინარეობდა სჯა-ბაასი . თანამედროვე ეპოქამ , თავის  ფსევდო-ლიბერალ , ფემინისტთა და ე.წ. ,,უფლებადამცველთა’’ მიერ, უფრო მეტად გააქტიურა მსჯელობა , ეკლესიისა და მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა შორის დამოკიდებულებების შესახებ , რამაც ისედაც ,,მოდადქცეულ’’  ლანძღვას , ეკლესიის მიმართულებით , უფრო მეტად ფართო ასპარეზი მისცა . ამას დაემატა , დღევანდელი ქართული ყოფის მომეტებული ძალადობა  ქმრებისა , ცოლების მიმართულებით  და ლანძღვის ისედაც ძველ ობიექტს – ეკლესიას , ახალი , თუმცა ესეც ,,კარგად დავიწყებული ‘’ ინსტიტუტი – ,,ხელისუფლება’’ დაემატა . ერთი სიტყვით რომ ვთქვათ , თუ ზემოთხსენებულ ფსევდოდაჯგუფებებს ვერწმუნებით , ვისაც სურს მსჯელობა , საქართველოში მამაკაცთა მხრიდან ქალებზე განხორციელებული ძალადობის შესახებ , უნდა გააკრიტიკოს ეკლესია ან მთავრობა . (უკეთეს შემთხვევაში ორივე ერთად) . პოლიტიკისგან ყოველთვის ვცდილობდი რომ შორს დამეჭირა თავი . ახლაც ამგვარად ვმოქმედებ და მხოლოდ რელიგიური კუთხით შევეხები საკითხს . ოპონენტებს რომ ბრალდების საბაბი მოვუსპოთ , (სამართლიან ბრალდებებს ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა. ) ყველამ ერთად , კიდევ ერთხელ განვიხილოთ ეკლესიის დამოკიდებულება ქალებისადმი.

ქალები ძველ აღთქმაში

ის ქვეთავები , რომლებზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ , ზოგადი კუთხით იმდენად მოცულობითნი არიან (განსაკუთრებით ძველი აღთქმის ქალთა ცხოვრება) , რომ ცალკე ნაშრომები შეიძლება შეიქმნას მათზე . ამ შემთხვევაში შევეცდებით მხოლოდ იმ საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება , რომლებიც უშუალოდ ეხებიან ჩვენი საუბრის თემას .

ევა

დავიწყოთ დედაკაცის შექმნით . არაერთის აზრით , რადგან ქალი შეიქმნა მამაკაცის ნეკნიდან ე.ი. შედარებით დაკნინებული ღირსების მქონეა . უპირველესად ვნახოთ , თუ რას გადმოგვცემს  წმ.წერილის ქართული თარგმანი : ,, 21. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო . ‘’ (დაბ.2.) სანამ განმარტებებს მოგახსენებდეთ , გეტყვით , რომ ძველებრაულ ხელნაწერში მოცემულ ადგილზე ნეკნის შესატყვისად წერია სიტყვა – ,,ცელა’’ , რომელიც ,, ნიშნავს არა მხოლოდ ნეკნს , არამედ-ადამიანის რაღაცა ნაწილს , რომელმაც გამოხატულება სწორედ დედაკაცში ჰპოვა . ‘’[1] ე.ი. ღმერთს დედაკაცი , მამაკაცის ,,უტვინო ძვლისგან’’ კი არ შეუქმნია , არამედ ერთი ნაწილი , ერთი გვერდი გამოუღია მისგან , ხოლო მათი გაერთიანება , ე.ი. ერთ მთლიან არსებად შეკვრა მოხდება მაშინ , როდესაც ისინი დაქორწინდებიან . თუნდაც რომ ამგვარად  არ ყოფილიყო , მომდევნო მუხლებში ვკითხულობთ : ,, 23. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.24. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.’’(დაბ.2) ამ სიტყვების შემდეგ როგორ შეიძლება ,რომ რაიმე სახის უღირსებაზე , ჩაგვრაზე და შევიწროებაზე ვიფიქროთ , ჩვენი აზრით წარმოუდგენელია .

მომდევნო ,,არგუმენტი’’ , რასაც გარკვეული დაჯგუფებები წარმოადგენენ ხოლმე , არის ევას სასჯელი შეცოდების შემდეგ . უპირველესად რაც უნდა ვთქვათ   არის ის , რომ მათ ავიწყდებათ მნიშვნელოვანი ფაქტი . დაისაჯა ადამიც და გველიც . ე.ი. ყველა ის არსება , რომელიც მონაწილეობდა ცოდვით დაცემაში და არა მხოლოდ დედაკაცი . ახლა კი  უშუალოდ ქალის სასჯელის შესახებ ვიმსჯელოთ : ,, რატომ არის მამაკაცისადმი დედაკაცის ლტოლვა სასჯელი ? საქმე ის არის , რომ სამოთხეში დედაკაცი მამაკაცის შემწედ იყო დადგენილი და მისი ეს მდგომარეობა დედაკაცისა და მამაკაცის სიყვარულსა და თავისუფალ მორჩილებაში გამოიხატებოდა , ხოლო ცოდვის შემდეგ დედაკაცს ერთგვარ სასჯელად აქვს მიჩენილიმამაკაცისადმი მორჩილება . გარდა ამისა , ნათქვამია , რომ მამაკაცი  უნდა ,,ეუფლოს’’ მას . თუმცა  ეს ,,უფლობა’’ მამაკაცისა დედაკაცზე , წმ. პავლე მოციქულის სწავლების თანახმად განპირობებულია ოდენ ცოლის სიყვარულით . აღნიშნული სასჯელი , წმ. იოანე ოქროპირის მითითებით , დედაკაცზე იმის გამოა დადებული , რომ მას მარადის ახსოვდეს , რამდენად დიდია დანაშაული , რომელიც მან უფლის წინაშე ჩაიდინა . გარდა ამისა , წმ.მამათა ლიტერატურაში დედაკაცზე დადებული სასჯელის სამართლიანობა იმითაც არის ხაზგასმული , რომ დედაკაცს , რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად  იყო შექმნილი და ვერ შეძლო ემთავრა ქმნილებაზე , სამართლიანად განეგო დამორჩილებოდა თავის ქმარს . ‘’ [2]

სარა

მომდევნო პიროვნება , ვის შესახებაც უნდა ვისაუბოთ , გახლავთ სარა . საოცარი ადამიანი , ამ სიტყვის როგორც პირდაპირი , ისე ირიბი გაგებით . აბრაამისა და სარას ურთიერთობა , ცოლქმრობის  ეტალონია და ალბათ ჟრუანტელის მომგვრელიც , ნებისმიერი საღად მოაზროვნისათვის .თუმცა , შექმნილი ვითარების გამო , ამ შემთხვევაში , მხოლოდ ერთი საკითხის შესახებ გავამახვილებ თქვენს ყურადღებას .

ყველას მოგეხსენებათ, თუ როგორ იწყება ახალი აღთქმა : ,, 1. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. 2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები.’’ (მთ.1) არ ვიცით , გაგჩენიათ თუ არა კითხვა ამის შესახებ , მაგრამ შეგახსენებთ რომ აბრაამს , ისააკის გარდა სხვა შვილებიც ჰყავდა . მეტიც ,მისი პირმშო (ე.ი. პირველი შვილი) გახლდათ ისმაელი . ეს ფაქტი (პირმშოობა) კი რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ებრაელთა ცხოვრებაში , კარგად მოგეხსენებათ . გარდა ამისა , აბრაამს ჰყავდა სხვა შვილებიც (დაბ.25.1-2) აქედან გამოდინარე, ორმაგად საინტერესოა, თუ რატომ წერს მათე მახარებელი მესიანური გენეალოგიის ხაზში , აბრაამის შვილთაგან , მხოლოდ ისმაელს .  რატომ და იმიტომ , რომ მხოლოდ ისააკის დედა იყო სარა , მართლაც რომ საოცარი და დიდი ქალბატონი .

სხვა ქალები

ძველი აღთქმა ახალთან შედარებით , მრავალი კუთხითაა განსხვავებული . ერთ-ერთი მათგანი ის , რომ ახალი აღთქმის ადამიანი ბევრად უფრო თავისუფალია , ძველისა კი , მასთან შედარებით შებორკილი . აქედანაც გამომდინარეობდა ის ფაქტი , რომ მაშინდელ კანონთა მიხედვით ბევრი რამის გაკეთება ეკრძალებოდა ქალს . თუმცა , იმ დროშივე იყვნენ ქალბატონები , რომლების შეიძლება ითქვას , რომ ,,რჯულზე მაღლა იდგნენ’’ და ასრულებდნენ ისეთ საქმეებს , რომლებიც საჭირო იყო ჭეშმარიტი ღმერთის რწმენისა და სამშობლოს დასაცავად . შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს :

პირველი ვისაც შეგახსენებთ , არის დებორა , წინასწარმეტყველი ქალი და მთელი ისრაელის მსაჯული . მის შესახებ მოგვითხრობს მსაჯულთა წიგნის მეოთხე თავი . ამავე თავშია გადმოცემული თხრობა , ხებერის ხოლის – იაილის შესახებ , მან მოკლა სისარა (მსაჯ.4.21) – პიროვნება , რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ისრაელის სახელმწიფოს უშიშროებასა და სუვერენიტეტს .

ანალოგიური ეპიზოდი შეიძლება გავიხსენოთ , ივდითის შემთხვევაში . ეს ის ქალია , რომელმაც საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისა და სიმამაცის ხარჯზე მოკლა მხედართმთავარი ოლოფერნი და ამ გზით დაიხსნა საკუთარი ქვეყანა , გადაუვალი მარცხისაგან . (ივდითი 13.7-8)  და.ა.შ.

როგორც ვახსენეთ , აღნიშნული თემა იმდენად ფართო და მრავლისმომცველია , რომ ცალკე ნაშრომები შექმნილა და შეიქმნება . ფაქტი კი ისაა , რომ ძველი აღთქმის ეპოქაშიც კი გვხვდებიან ქალები , რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ , მსაჯულობდნენ , სამშობლოსათვის იბრძოდნენ და სხვა სახის საგმირო საქმეებს აკეთებდნენ , ხოლო მათი ეს ქმედებები , არათუ დაიგმო ან გაიკიცხა  ვინმეს მიერ , არამედ დაფასდა და თაობებს შორის დარჩა , როგორც ღირსეული მაგალითები . ხოლო თუკი ვინმეს  სურს ევას , სარას , რებეკას ან სხვა დიდი ქალბატონების შესახებ უფრო მეტის გაგება , ნება უნდა იბოძოს და ბევრი იკითხოს მათ შესახებ , რათა არ დაიწყოს ცილისწამება და არ  წარმოთქვას ისეთი დაუსაბუთებელი ბრალდებები , რომლებიც სამარცხვინო მდგომარეობაში ჩააგდებენ მას .

ქალები ახალ აღთქმაში

          როდესაც ,  ძველი აღთქმის პერიოდში ქალების მდგომარეობის შესახებ ვსაუბრობდით , ვახსენეთ ისიც , რომ მიუხედავად ყველაფრისა , ხსენებული დამოკიდებულება დროებითი იყო და ქრისტეს მოსვლის შემდეგ შეიცვლებოდა  . ეს მართლაც ასე მოხდა . უპირველესი , რაც ქრისტემ მოიმოქმედა , ეს იყო ის , რომ ებრაელებში გავრცელებული მავნე ტრადიცია დაგმო , რომლის მიხედვითაც ძალიან სწრაფად იცვლიდნენ ცოლებს , მამაკაცები . ამ ყოველივეს კი ერში დამკვიდრებული პოლიგამია ამართლებდა  . ქრისტემ უთხრა მათ : ,, 31. ესეცა თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი.32. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს, მრუშობს. ‘’ (მთ.5)

რამდენიმე ხნის შემდეგ კი უფრო სიღრმისეულად საუბრობს მაცხოვარი , წინამდებარე საკითხის შესახებ : ,, 5. და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს, და იქნებაან ორივენი ერთ ხორც.6. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.7. კვლავ უთხრეს მას: მაშინ რატომღა გვამცნო მოსემ გაყრის წერილის მიცემა და ცოლთან გაყრა?8. მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე.9. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც განაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს.10. უთხრეს მას მოწაფეებმა: თუ კაცს ამდენი რამ მართებს ცოლის მიმართ, უმჯობესია სულაც არ შეირთოს.11. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ყველას როდი შეუძლია ამ სიტყვის წვდომა, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც მიეცა.’’(მთ.19)

გარდა ცოლებთან გაყრის დაგმობისა , უფრო მეტი პასუხისმგებლობაც დააკისრა მაცხოვარმა მამაკაცებს . მან მიუთითა  , რომ  არა მხოლოდ უკანონო სქესობრივი კავშირია მრუშობა , არამედ ქალისადმი ცოდვილი განზრახვით ცქერა და მასზე ფიქრიც : ,, 27. თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო.28. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.’’(მთ.5)

პოლიგამიის დაგმობის შემდეგ , ქრისტე გარკვევით საუბრობს ღმერთის წინაშე ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობაზე და ამბობს , რომ განურჩევლად სქესისა , ღმერთის წინაშე ყველა ერთნაირად წარსდგება , საკუთარი საქმეების მიხედვით : ,, 8. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ვინ არის დედაჩემი? ან ვინ არიან ჩემი ძმები?49. გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისაკენ და თქვა: აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები.50. რადგან ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, იგია ძმაც, დაც და დედაც ჩემი.’’(მთ.12)

მთელი მიწირი მოღვაწეობის მანძილზე , არ გაურბოდა ქრისტე ქალებთან საუბარს , დარიგებას , მათ განკურნებას . არასოდეს უგრძნობინებია მათთვის , რომ ისინი , ღმერთის წინაშე უღირსები არიან რაიმე მხრივ , ან სხვა სახის მანკიერების მქონენი . გავიხსეოთ თუნდაცსისხლმდინარე ქალის განკურნება : ,, 20. და, აჰა, ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსის კალთას.21. რადგან გულში ამბობდა: თუ შევეხები მის სამოსს, მეშველებაო.22. ხოლო იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი, შვილო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. და განიკურნა ქალი იმავე წამს.’’(მთ.9) მოგეხსენებათ , რომ იუდეველთა ტრადიციის მიხედვით , სისხლდენით დაავადებულ ქალს ეკრძალებოდა საზოგადოებასთან კონტაქტი , იესომ კი განკურნა თუ არა იგი , გაასაჯაროვა კიდევაც სასწაული , რათა აღარ შექმნოდა დედაკაცს , რაიმე სახის დაბრკოლება და შეზღუდვა , ებრაელთა საზოგადოების მხრიდან .

ემოციური ეპიზოდია გადმოცემული , იოანეს სახარების მერვე თავში , როდესაც იესოს მიუყვანებენ მრუშობაზე წასწრებულ ქალს და მოსთხოვენ , მისი ჩაქოლვის ,,ლეგალიზებას’’ . რჯულის მიხედვით ჩაქოლვით ისჯებოდა მრუში წყვილი . ხსენებულ ეპიზოდში კი მხოლოდ ქალი სჩანს . არსად ფიგურირებს მისი პარტნიორი  . უფალი აქაც ამხელს იუდეველთა საქციელს და მიუთითებს მათ , საკუთარ ცოდვებზე , რითაც იხსნის ცოდვილი ქალის სხეულს სიკვდილისაგან , ხოლო ამასთანავე დასძენს , რომ მომავალში აღარ იმრუშოს  . თუ პირველი შეგონება ხორცის დაცვის შესახებ იყო მიმართული , მეორე მათგანი უკვე სულის გადარჩენას  ემსახურება . ქრისტემ ამ ქმედებით წერტილი დაუსვა ყოველგვარ ძალადობას ქალის მიმართულებით , თუნდაც საშინელი ცოდვით ყოფილიყო იგი დაცემული და კანონის მიხედვით , სიკვდილს იმსახურებდა . ამასთანავე კი კიდევ ერთხელ შეგვაგონა , რომ მრუშობა უმძიმესი ცოდვაა , რაც იწვევს სერიოზულ ზიანს , როგორც ხორციელ , ისე სულიერი ჯანმრთელობისას .

გავიხსენოთ სახარების დასკვნითი ნაწილი და ვნახოთ,  თუ ვის ეჩვენა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი, პირველი : ,, 9. ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი.’’(მკ.16) უფალი არ გამოცხადებია სასულიერო პირებს , თავის მოციქულებს , ზოგადად რომ ვთქვათ – მამაკაცებს . არამედ ეჩვენა , მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს და თუნდაც ამ მცირე მაგალითიდანაც ნათელია , თუ რაოდენ დიდ სიმაღლეზე დააყენა ისინი ქრისტემ .

სახარებაზე საუბრიდან , ახალი აღთქმის სხვა წიგნებზეც გადავიდეთ . ვნახოთ თუ რას გადმოგვცემს საქმე მოციქულთა : ,, 8. მეორე დღეს კი გამოვედით და კესარიას მივაღწიეთ, სადაც ფილიპე მახარებლის, ერთ-ერთი შვიდთაგანის სახლში შევედით და იქ დავდექით.9. ხოლო მას ოთხი ასული ჰყავდა და ოთხივე წინასწარმეტყველი იყო.’’(საქმე.21) ნათელია ,რომ  მდედრობითი სქესის წარმომადგენლები წინასწარმეტყველებად იწოდებიან .

ქვეთავის დასკვნით ნაწილში  გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ორ ეპიზოდზე , პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან . პირველი მათგანია ეფესელთა მიმართ გაგზავნილი წერილის მეხუთე თავი , რომელშიც ვკითხულობთ : ,, 2. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.23. რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.24. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს – ყველაფერში.25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,27. და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო.28. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს.29. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი – ეკლესიას.30. რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.31. ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.32. ასევე ყოველ თქვენგანსაც თავისი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა.’’(ეფ.5) დავაკვირდეთ , თუ რას სთხოვს მოციქული წყვილს .  იგი ცოლს მოუწოდებს ქმრისადმი მორჩილებას .  ბევრს ეს ეპიზოდი ორჭოფობის მიზეზს აძლევს , დასტურად კი მოჰყავს სიტყვა – ,,მორჩილება’’ . ეს ქმედება კი სხვა არაფერია თუ არა მოწოდება განუკითხაობისა და საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობისა , იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ ქვეყანაზე ყველაფერი გარკვეულ კანონებში და ნორმებში ჯდება , რაც ბუნებრივი მოვლენაა . მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ადამიანის სხეული , რომელშიც თანდაყოლილად , ერთი ხელი დომინანტია , მეორე კი არა . ასეთივე ვითარებაა ფეხთან დამოკიდებულებაში და.ა.შ . ახლა ვნახოთ, თუ რა თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოებული ის პიროვნება , ვისი მორჩილებისკენაც ეკლესია მოუწოდებს ქალს და ვნახოთ, თუ რამდენად მიზანშეწონილია ეს .

პავლე ქმრებისგან მოითხოვს ისეთ სიყვარულს ცოლისადმი , როგორითაც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია . ე.ი. უკიდეგანო , დაუსრულებელ , მიუკერძოებელ , უღალატო ერთგულ და თავგანწირულ გრძნობას . განსჯა თქვენთვის მოგვინდია , უნდა დამორჩილდეს თუ არა პიროვნება ( ამ შემთხვევაში ცოლი) იმ ადამიანს , რომელიც უყვარს უსაზღვროდ , უღალატოს , ერთგულად , მთელი არსებით და იმდენად ერთგულად , რომ მზადაა ნებისმიერ წამს ჯვარს ეცვას მისთვის , ამ სიტყვის როგორც პირდაპირი ,ისე ირიბი გაგებით . ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ალბათ იტყვის იმას , რომ უნდა დამორჩილდეს .

მოციქული სხვა ფაქტითაც უსვამს ხაზს ცოლქმრობის  საიდუმლოს სიდიადეს . იგი კიდევ ერთხელ ამბობს , რომ ცოლისათვის , კაცი ტოვებს საკუთარი ოჯახის წევრებს – დედას , მამას და ერთიანდება მასში . აღარ არიან ისინი ცალ-ცალკე ადამიანები , არამედ ერთიანობაში მოქცეულნი ცდილობენ , საერთო მიზნის მიღწევას .

კიდევ ერთი ფრაზა , რომელიც   ,,შფოთს იწვევს” არის დასკვნითი მომენტი ზემოთმოყვანილი ციტატისა , როდესაც პავლე ამბობს , რომ ცოლს უნდა ეშინოდეს ქმრის . საკითხში უკეთ გასარკვევად მოდით , კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს ქმარს . ესენია : უსაზღვრო სიყვარული ,  უანგარობა , უღალატობა , ერთგულება , თავგანწირვა და.ა.შ. ერთი სიტყვით , ქმარი უნდა იყოს გარანტი ცოლის უსაფრთხოებისა , სიმშვიდისა და ბედნიერებისა, თუნდაც ამისთვის საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება , ან გაწირვა მოუხდეს . გარდა ამისა ქორწინების შემდეგ , ქმარი აღარაა განცალკევებული არსება , არამედ თავის ცოლთან ერთად ქმნის ერთ მთლიან ორგანიზმს . აქედან გამომდინარე , დაკარგვა ცოლისა ნიშნავს საკუთარი სხეულის ნაწილის დაკარგვას , ისევე როგორც ქმრის გარეშე დარჩენაც ნიშნავს ,,დაინვალიდებას’’ ახლა თქვენ გეკთხებით  , უნდა ეშინოდეს თუ არა ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს , საკუთარი ორგანოს გარეშე დარჩენისა , ანაც იმ პიროვნებასთან სამუდამო განშორებისა , რომელიც მზადაა რომ  ნებისმიერ დროს საკუთარი სიცოცხლე გასწიროს მისთვის . დღევანდელ ფემინისტებს ან  ფსევდოლიბერალებს თუ დავუჯერებთ , არ უნდა ეშინოდეს . მოკლედ რომ ვთქვათ , ისინი მოუწოდებენ ქალებს , რომ საკუთარი ნებით აიჩიონ დაინვალიდება ან დაუცველობა .

და ბოლოს . გადავშალოთ გალატელთა მიმართს ეპისტოლე და კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ : ,, 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.29. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, – მემკვიდრენიც.’’(გალ.3) ნათელია რომ , საუკუნეებით ადრე იქამდე , სანამ სხვადასხვა დაჯგუფებები დაიწყებდნენ სოციალურ თუ გენდერულ თანასწორობაზე ყბედობას , ახალი აღთქმა ქადაგებდა ამ ყოველივეზე, ამას კი  აკეთებდა მკაფიოდ , უანგაროდ და სიყვარულით .

წინამდებარე ქვეთავში ვნახეთ , რომ ახალი აღთქმა მკაფიოდ და გასაგებად მოუწოდებს მამაკაცს , რომ უყვარდეს საკუთარი ცოლი , ერთგულებდეს მას , არა უღალატოს არათუ საქმით , არამედ თვალითაც კი . თავად ქრისტე კი საკუთარი აღდგომის შემდეგ , პირველად ეცხადება მხოლოდ ქალბატონებს  , ხოლო ახალი აღთქმა კი საქმით ამტკიცებს ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ ,, გენდერულ თანასწორობას . ‘’ აქედან გამომდინარე , ყოველგვარი ბრალდება ქრისტიანთა მიმართულებით , რომ ისინი ,  წმიდა წერილიდან გამომდინარე , რაიმე კუთხით წარმოაჩენენ  ქალს , კნინ დამცირებულ და დაჩაგრულ არსებად , არის უსაფუძვლო ცილისწამება .

ღვთიმსშობელ მარიამის შესახებ

სხვადასხვა ფსევდოორგანიზაციები ხშირად გვსაყვრედურობენ  , რომ რადგან ცოლმა აცდუნა ადამი , ე.ი. დაკნინებულ მდგომარეობაში მყოფად წარმოვაჩენთ მას და ამის გამო , ზოგადად ქალების მიმართ გვაქვს არაჯანსაღი დამოკიდებულება . მათ უპირველესად შევახსენებთ , რომ მაცხოვრის მოსვლა ამქვეყნად , სწორედ მდედრობითი სქესის წარმომადგენლის მეშვეობით მოხდა . ამ საკითხზე კი გვაქვს შემდეგნაირი დოგმატური განჩინება : ,, სამართლიანად და ჭეშმარიტად ვუწოდებთ  წმინდა მარიამს ღვთისმშობელს , რადგან ეს სახელი მთელი განგებულების საიდუმლოს წარმოაჩენს . მართლაც , თუ მშობელი ღვთისმშობელია , უთუოდ ღმერთია მისგან შობილი და, ამასთან – უთუოდ კაციც , რადგან როგორღა იშვებოდა ქალისგან ღმერთი , საუკუნეთა უწინარეს მყოფობის მქონე , თუ იგი ადამიანი არ გახდებოდა , რამეთუ ადამიანის ძე ხომ , ცხადია , ადამიანია ? ამიტომ , თუ ქალისგან ნაშობი ღმერთია , ამიტომ , თუ ქალისგან ნაშობი ღმერთია , აშკარაა , რომ ერთია ის , ვინც შობილია მამაღმერთისგან …’’[3]

ამის გარდა  შეგახსენებთ , რომ საეკლესიო უწყებით , ანგელოზთა დასებიდან ღმერთთან ყველაზე ახლოს არიან სერაფიმები , ხოლო მათ შემდეგ კი ქერუბიმები . ხოლო ეკლესიამ , მათზე კიდევ უფრო წინ დააყენა ღვთისმშობელი მარიამი . როგორც ამას განუწყვეტლივ ვგალობთ :  ,, ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.’’

თუნდაც ამ მცირე მაგალითიდან დასტურდება , რომ ეკლესიამ , არათუ დაკნინებულ და ნაკლები ღირსებისმქონედ წარმოაჩინა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი , არამედ  მამაკაცებზე წინ და უფრო მეტიც , თვით უსხეულო არსებათა უმაღლეს მწკრივზე მაღლა დააყენა , ამ ფაქტს კი განუწყვეტლივ იმეორებს და ახსენებს ყველას .

 

რამდენიმე საკითხი ეკლესიის ისტორიიდან და სჯულისკანონიდან

          თემის ხსენებულ ნაწილში , გვინდა უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ , სხვადასხვა ავტორიტეტულ პიროვნებათა მოსაზრებებს , ხსენებული საკითხის შესახებ  , ვიდრე ჩვენსას , რათა უფრო ნათელი იყოს ის ფაქტი , რომ ეკლესიას არასოდეს დაუჩაგრავს ქალები და დაუკნინებია მათი ღირსება .

უპირველესად ვიტყვით იმას , რომ ახლი აღთქმის ეკლესიამ დაარსებიდან რამდენიმე წელში ,  უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და ქალი , ღვთისმსახურთა რიგებში შეიყვანა .  სხვა არაფერი იყო დიაკონისების ინსტიტუტის დაარსება .  ამ დასში მყოფ პირებზე , აღსრულებული იყო როგორც ქიროტონიის (ხელდასხმა) , ასევე ქიროტესიის (ხელდადება) წესი . ისინი ეხმარებოდნენ მღვდლებს , შედიოდნენ საკურთხეველში , ეწეოდნენ მისიონერულ მოღვაწეობას და.ა.შ. ხოლო თუკი დღეს ეს ინსტიტუტი აღარ არსებობს , ამის მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ ის , რომ პრაქტიკული საჭიროება აღარ გვაქვს .

რაც შეეხება ქალის მღვდელმოქმედებას  . აღნიშნული საქმიანობა ვერასდროს შესრულდება მის ხსენებული სქესის წარმომადგენელთა მიერ  , იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ ყველა მღვდელმსახური სიმბოლურად განაახიერებს იესო ქრისტეს , რომელიც გარდა იმისა , რომ იყო სრული ღმერთი , აგრეთვე გახლდათ სრული მამაკაცი . მხოლოდ ეს ფაქტი განაპირობებს იმას , რომ ქალი არ (ვერ) არის მღვდელმსახური და არა ის , რომ ეკლესია ჩაგრავს ან ავიწროებს მას ,

აქვე დავძენთ , რომ თუკი ვინმე არ გვერწმუნება დიაკონისბის შესახებ გამოთქმულ აზრში , შეუძლია გადაამოწმოს იგი სხვადასხვა სახელმძღვანელოებში . ამ შემთხვევაში გავუადვილებთ საქმეს და  ნაშრომის ბოლოს შემოგთავაზებთ დანართს , ეპისკოპოს ნიკოდიმის მილაშის წიგნიდან – ,,მართლმადიდებელი ეკლესიის კანონთა განმარტება . ‘’

საკითხზე საუბრისას ვერ ავუვლით გვერდს , ერთ-ერთ არასასიამოვნო თემას და ესაა , დედათა წესის დროს , ქალის მხრიდან , სიწმინდეებთან მიახლებისა და ტაძარში შესვლის საკითხი . ხსენებულ თემაზე სხვადასხვა დროს , არაერთი რამ დაწერილა  . აქედან გამომდინარე დაინტერესებულ პირს შეუძლია ამომწურავი ინფორმაცია მოიძიოს . ჩვენ ვიტყვით მხოლოდ იმას , რომ გავრცელებული აზრი ,  რომელიც უკრძალავს ზემოთნახსენებ მდგომარეობაშ მყოფ ქალს , ტაძარში შესვლას , სახარების კითხვას , ხატებთან მისვლას და ა.შ. არასწორია . მივყვეთ საკითხის ისტორიას .  ზემოთმოყვანილი მცდარი აზრი , მომდინარეობას სჯულისკანონის  დაფიქსირებული რამდენიმე ეპიზოდის , უმართებულო გაგებიდან .  პირველი ესაა , წმ.ტიმოთე ალექსანდრიელის პასუხი , მისთვის დასმულ კითხვაზე : ,, 7. კითხვა: თუ დედაკაცს აქვს დედათა წესი, შეუძლია თუ არა მას საიდუმლოთა ზიარება?პასუხი: საიდუმლოთა ზიარების გადადება საჭიროა, სანამ არ განიწმინდება.’’[4]

ტიმოთე ალექსანდრიელის ნათქვამიდან ნათელია , რომ აკრძალვა ეხება მხოლოდ ზიარებას. რაც შეეხება სხვა ეპიზოდს  , ესაა წმ.დიონისე ალექსანდრიელის  მეორე კანონი : ,, კანონი 2
ხოლო დედობრივი წესით სისხლმდინარე დედებს აქვთ თუ არა ღმრთის სახლში შესვლის ნება, როდესაც ამ მდგომარეობაში არიან, ამის კითხვაც კი ზედმეტი მგონია. რადგანაც ვერ დავიჯერებ, თუმცა თუ ღმრთისმოსავნი და მორწმუნენი არიან, როგორ უნდა გაბედონ ბუნებრივ ვნებაში ყოფნის დროს წმინდა ტრაპეზთან მისვლა, ან ქრისტეს ხორცისა და სისხლის შეხება. რადგან თორმეტი წლის განმავლობაში სისხლმდინარე დედაკაცმა თავის განსაკურნებლად მიიზიდა არა მაცხოვარი, არამედ მხოლოდ მისი სამოსლის კალთა. ხოლო ვინც არ უნდა იყოს, და რა ვნებითაც არ უნდა იყოს შეპყობილი, მისთვის ლოცვა, მეუფის ხსენება და მისგან დახმარების თხოვნა არასოდეს არ არის აკრძალული. სიწმინდეთა შეხებისა და წმინდათა წმინდაში შესვლის უფლება კი არა აქვს არავის, თუ სულით და ხორცით მთლიანად წმინდა არ იქნება.’’[5]

უპირველესად აღვნიშნოთ , რომ წმ.დიონისე მოღვაწეობდა მესამე საუკუნეში , ამ დროს კი ფიქრიც არ შეიძლებოდა , სხვადასხვა სახის ჰიგენური საშუალებების არსებობის შესახებ . აქედან გამომდინარე სრულიად გასაგები უნდა იყოს თუ რატომ უკრძალავდა ეკლესია ქალს ,  წმიდა პრაქტიკული , ჰიგიენური თუ ესთეტიკური მიზეზების გამო , ტაძარში შესვლას . ამავე წანამძღვრიდან (კანონის დაწერის დრო , ე.ი. III საუკუნე .) გამომდინარეობს მარტივი დასკვნა , რომ ხსნებული წერილობითი წყაროს შექმნის დროს , ტაძარში საერთოდ არ იყო ხატები , სეფისკვერები და.ა.შ. აქედან გამომდინარე ეს აკრძალვა ვერანაირად ვერ იქნება გამიზნული , მათ მიმართულებით , იგი მხოლოდ და მხოლოდ გულისხმობს , ზიარებისგან თავშეკავებას . სხვათა შორის , გარკვეულ დროს , სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესების გამო შესაძლებელია , მამაკაცსაც არ მიეცეს ზიარება . აქედან გამომდინარე რაიმე სახის გენდერულ ჩაგვრაზე საუბარი უადგილოდ მიგვაჩნია . დამატებით კი ვიტყვით :

ა-  თუკი ქალს აქვს ავადმყოფობა და ამავდროულად დედათა წესიც , სასულიერო პირები აზიარებენ მას ,

ბ- ხსენებული კანონიდან იკვეთება , რომ პირველ საუკუნეებში , ქალები შედიოდნენ საკურთხეველში .

დაპირებისამებრ განვაგრძობთ მოცემულ საკითხზე სხვადასხვა ცნობების მოტანას . ამჯერად შემოგთავაზებთ ამონარიდს , ელიზაბეტ ბერ-სიჟელის კვლევიდან , რომელიც საკმაოდ საინტერესოა : ,, ამ მსჯელობის მიღმა (,,ქალები  მართლმადიდებელ ეკლესიაში ’’ გ.ლ.) შეიძლება ამოვიცნოთ რეალურ ქალთა სახეები, რომლებიც კაპადოკიელების შთაგონების წყაროს წარმოადგენდნენ. ასეთები იყვნენ: მოწამე ივლიტა, რომელსაც ბასილი დიდმა (მის სახოტბოდ წარმოთქმულ სიტყვაში) დაბადების 2: 21-22 მუხლების იმგვარი ინტერპრეტაცია მიაწერა, დღეს ფემინისტურად რომ იქნებოდა მიჩნეული; ამასთან, მქადაგებელმა მოუწოდა როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს, მიებაძათ ივლიტას მაგალითისთვის. მაკრინე უფროსი – აღმსარებელი, ბებია ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელისა; ნონა – დედა ბასილი დიდისა, რომლის წყალობითაც ეზიარა მისი მეუღლე მართლმადიდებელ სარწმუნოებას; გორგონია – მისი და – რომლის შესახებ ნათქვამია, რომ მან კარგად იცოდა წმიდა წერილი, სახელი ჰქონდა მოხვეჭილი ქველმოქმედებითა და გულმოდგინე ლოცვით, “პირად საუბრებში დარიგებებს აძლევდა თავისი წრის ქალებსაც და მამაკაცებსაც“. როდესაც ვლაპარაკობთ ქრისტიანი ქალების მდგომარეობაზე კაპადოკიაში, ყველაზე საგულისხმო მაგალითად მაკრინე უმცროსი [6] – ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის უფროსი და – უნდა მივიჩნოთ. ძმები მას თავიანთ მოძღვრად თვლიდნენ. დიალოგში “სულისა და აღდგომის შესახებ“ გრიგოლმა გადმოგვცა საუბარი, რომელიც გაიმართა მასსა და მის მომაკვდავ დას შორის. ამ დიალოგს პლატონის “ფედონს“ ადარებენ. წმიდა მამებისთვის ქალი იყო არა მხოლოდ სიყვარულის ობიექტი, არამედ თანამოსაუბრე და თანამგზავრი, ხოლო ზოგჯერ – დამრიგებელიც სულიერ ბრძოლაში. მათი ეგალიტარიზმი ეფუძნება ჟამთა აღსასრულის ესქატოლოგიურ პერსპექტივას, როდესაც განსხვავება სქესთა შორის მნიშვნელობას დაკარგავს და დაიძლევა. მონაზვნობა ცდილობს უკვე ახლა, ჟამიერ სამყაროში განახორციელოს ეს იდეალი. სწორედ მონაზვნობაში ხორცშესხმულ ახალ ქრისტიან ერში არის რეალიზებული მამაკაცისა და დედაკაცის დასაბამიერი თანასწორობა, რომელიც მათ ანთროპოლოგიაშია მოცემული.

უახლესი ისტორიის მოვლენების შემდეგ, რომლებიც ხშირად დრამატიზმით იყო აღბეჭდილი, ქალებმა შესამჩნევი როლი მოიპოვეს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ცნობილია, რომ სწორედ ქალების, ამასთან, მეტწილად მოხუცების, სახელგანთქმული “ბაბუშკების“, წყალობით გადაურჩა სრულ განადგურებას სამრევლოების სტრუქტურა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, მიუხედავად ათეისტური სახელმწიფოს მიზანმიმართული მცდელობისა. ეს “ბაბუშკები“ მალულად ნათლავდნენ თავიანთ მცირეწლოვან შვილიშვილებს, ისინი ქმნიდნენ ე. წ. “ოცეულებს“ – ოცი მორწმუნისგან შემდგარ ჯგუფებს, რომლებსაც, თუკი თხოვნით მიმართავდნენ სახელმწიფოს, რელიგიური რიტუალის შესასრულებელი ადგილი ეკუთვნოდათ (სხვა საქმეა, რომ თვით ასეთი თხოვნა იყო უაღრესად მაკომპრომეტირებელი ქმედება ტირანულ სახელმწიფოში). ხშირად, ამ ქალებს სამრევლოს მამასახლისის, ე. ი. მასზე პასუხისმგებელი საერო პირის მოვალეობაც ეკისრებოდათ, რის შედეგადაც, ისინი ხდებოდნენ ერთგვარი შუამავლები ხელისუფლებასა და მღვდელს შორის და ცდილობდნენ ყოველმხრივ დაეცვათ ეს უკანასკნელი. სამრევლოების ცხოვრება მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული `ბაბუშკების~ გაბედულებაზე, სიჯიუტესა და მოხერხებულობაზე.

იმავე წლებში სხვა რუსი ქრისტიანი ქალები დისიდენტური ცხოვრების შუაგულში იმყოფებოდნენ: ეხმარებოდნენ არალეგალურ გამოცემებს, აწყობდნენ იატაკქვეშა რელიგიურ სემინარებს. ამის შედეგად მრავალი მათგანი გადაასახლეს ან ციხეში მოხვდა. რა ბედი ეწიათ მათ შემდგომში? ახლა მათ შესახებ თითქმის არაფერს ლაპარაკობენ.

საბჭოთა კავშირის მართლმადიდებელ რუს დისიდენტ ქალებთან ერთად უნდა გავიხსენოთ ერთიმართლმადიდებელი მონაზონი, რომელიც, მისი ბიოგრაფის სიტყვით, “სადიაკვნო“ სამსახურს ეწეოდა საფრანგეთში რუსული ემიგრაციის გარემოში, ჯერ – ორ მსოფლიო ომს შორის წლებში, ხოლო შემდეგ – ფაშისტური ოკუპაციის პირობებში. ეს იყო დედა მარიამ სკობცოვა – ყოფილი რევოლუციონერი, რომელიც შემდეგ ეკლესიაში მივიდა და მეგობრობა აკავშირებდა დიდ რუს რელიგიურ მოაზროვნეებთან (მაგ., ნიკოლაი ბერდიაევთან და მამა სერგეი ბულგაკოვთან). დედა მარიამი ნაციონალ-სოციალისტური ბარბაროსობისადმი წინააღმდეგობის ისეთსავე სიმბოლოდ არის ქცეული, როგორც პასტორი ბონჰოფერი. ფაშისტებმა ის დააპატიმრეს და რავენსბრუკის სიკვდილის ბანაკში გაგზავნეს, რადგან მრავალი ებრაელი იხსნა სიკვდილისგან. 1945 წლის აღდგომის წინა დღეს დედა მარიამი გაზის კამერაში მოკლეს. ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესია მისი კანონიზაციისთვის ემზადება [9].

კომუნიზმის დამარცხების შემდეგ “ბაბუშკების“ ესტაფეტა ახალგაზრდა ქალებმა მიიღეს. ისინი ხშირად ნეოფიტთა წრიდან არიან. საუნივერსიტეტო დიპლომის მქონე, კარგად განათლებული ეს ახალი ქრისტიანები ეხმარებიან უამრავი საზრუნავით გადატვირთულ მღვდლებს. ისინი აგროვებენ შემწეობას გაჭირვებულთათვის, ეწევიან სამრევლოებში საბუხჰალტრო და სამეურნეო საქმიანობას, ხელმძღვანელობენ რესტავრაციას და ა. შ. მათ ახალი სიცოცხლე შეაქვთ აღორძინების გზაზე დამდგარი სამრევლოების ცხოვრებაში. ამ ქალების მხრებზე გადადის რადიკალური სახელმწიფოებრივი რეფორმებისგან დაზარალებულ სოციალურ ფენებზე (მოხუცები, ინვალიდები, უსახლკაროები, მრავალშვილიანი ოჯახები) ეკლესიის ზრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი.’’[6]

საკითხი ჩვენთან

                                                                       ხსენებულ საკითხზე ინფორმაციის შეგროვებისას ვნახეთ , პროტოპრესვიტერ მარკოზ ტყემალაძის მიერ გამოთქმული მიმართვა მრევლისადმი . მისი , მხოლოდ წაკითხვაა საკმარისი იმისათვის , რომ დავინახოთ , თუ რას მოუწოდებდნენ ქართველი სასულიერო პირები მრევლს , მაშინაც კი , როდესაც ურთულესი პერიოდი იდგა , საქართველოს ისტორიაში : ,, ზოგიერთნი ამტკიცებენ, რომ არ შეიძლება ქალს ისეთივე უფლებები მიენიჭოს, როგორიც კაცს აქვს, რადგან ფიზიკურად უფრო სუსტია და ვერ შეძლებს ერთნაირ მოვალეობის ასრულებას. მაგრამ განა ცოტა არიან ისეთი მამაკაცნი, რომლებიც ქალებზე უფრო სუსტნი არიან აგებულებით, ფიზიკური ძალღონით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ უფლებებს არ ართმევენ. თუმცა ქალი კაცზე უფრო სუსტია აგებულებით, ფიზიკური ძალღონით, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მუყაითია, მომთმენი, ჯაფის ამტანი, ფხიზელი და მოხერხებული მუშაობაში. თუ კაცი მუშაობს დღეში რვა-ცხრა საათს, ქალი-მეოჯახე მთელი დღე ფეხზე ტრიალებს, ფუსფუსებს; თუმცა თითქო არა სჩანს მისი მუშაობა, მაგრამ იმდენი წვრილმანი საქმეებია გასაკეთებელი ოჯახში ყოველდღე, რომ ერთი საათის მოსვენებას, სულის მობრუნებას არ აძლევს დიაცს; ხშირად პურის საჭმელადაც ვერ პოულობს იგი თავისუფალ დროს. ხშირად ცალ ხელში ბავშვი ჰყავს აყვანილი და ცალი ხელით საქმიანობს.  რომელი ჯაფა შეედრება შვილოსნობას და ბავშვის მოვლას? რა მოთმინებით არიან ხოლმე აღჭურვილნი დანი მოწყალებისა, როდესაც ისინი უვლიან დაჭრილებს, ავადმყოფებს? რამდენ წვალებას გამოივლიან ხოლმე და როგორ საშიშ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავს, როდესაც უვლიან ათასნაირ გადამდებ სენით ავადმყოფებს? რამდენჯერ სჭირდებათ მათ დღე და ღამის გასწორება? გარდა ამისა, რამდენი კუთხეა დედამიწის ზურგზე, როდესაც მამაკაცები სტოვებენ და ფულის საშოვრად მიდიან ქალაქებში? მაგ: ჩვენში რაჭიდან განა ცოტანი მიდიან სხვა და სხვა ქალაქებში სამუშაოდ? მათ მაგივრობას ვინ ეწევა სოფლად? ვინ ხნავს, ვინ სთესავს, მკის და ლეწავს მოსავალს, თუ არა მათი დედები, ცოლები და დანი? მართალია, საზოგადოდ მამაკაცს მეტი ღონე აქვს, მაგრამ ვის რად უნდა, თუკი ერთსა და იგივე საქმეს კაცზე ნაკლებ ქალი არ გააკეთებს? მგონი, ჩვენ უნდა ვხელმძღვანელობდეთ თუ ვის როგორ და რამდენი საქმის გაკეთება შეუძლია და არა იმით, თუ ვინ მუშაობს, აკეთებს ამ საქმეს.’’[7]

რამდენიმე ხნის წინ ალბათ გახსოვთ თუ რაოდენ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია , მისი უწმინდესობის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ , ქმრებისათვის , ფეხების დაბანვის თაობაზე . თქვენის ნებართვის კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ საკუთარ აზრს , ხსენებულ საკითხზე .

გავიხსენოთ თუ რას სთხოვს მამამთავარი აბრაამი , მასთან მოსულ სტუმრებს : ,, და თქვა : ,, ბატონო , თუ ვპოვე მადლი შენს თვალში , გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს . და მოიტანენ ცოტა წყალს და დაგბანენ ფეხს , და დაისვენებთ ხის ქვეშ.’’(დაბ.18.3-4) ნათელია , რომ აბრაამი , ემუდარება სტუმრებს მასთან მივიდნენ და თავად კი ივალდებულებს , მათთვის ფეხების დაბანვას . ეს აქტი მიიჩნეოდა , როგორც პატივისცემის უპირველესი გამოხატულება პიროვნებისადმი . რასაც ადასტურებს , მართალი ლოტის ეპიზოდიც : ,, და თქვა ; ,, ჩემო ბატონებო ! შემოუხვიეთ თქვენი მსახურის სახლში და გაათიეთ ღამე . და დილაადრიან დაიბანთ ფეხს დ წახვალთ თქვენი გზით !’’ ( დაბ.19.2)
სხვადასხვა გაერთიანებებმა ,ცილი რომ არ დაგვწამონ , არგუმენტად ძველი აღთქმა მოგაქვთ , რომელიც მეორეხარისხოვანია თქვენთვისო (რა სისულელეა) ახალ აღთქმას გადავფურცლავთ. ვნახოთ თუ რას აკეთებს ქრისტე , პასექის წინ : ,, და წამოდგა სერობიდან , გადაიძრო ზედა სამოსელი , აიღო ტილო და წელზე შემოირტყა , მერე ჩაასხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფერხთბანა და იმ ტილოთი შემშრალება , წელზე რომ ერტყა. ‘’ (ინ.12.4-5) აღსანიშნავია ისიც , რომ მაცხოვარი , ერთგვარ ,,ულტიმატუმსაც’’’უყენებს მას , ვისი ფეხებიც თავად მის (ქრისტეს) , მიერ არ განიბანება : ,, მიუგო იესომ : ,, თუ არ დაგბან , ჩემთან არ გექნება წილი . ‘’ (ინ.12.7) დავფიქრდეთ თუ რა ხდება ხოლმე საქართველოს ტაძრებში (და არა მხოლოდ) , დიდი ხუთშაბათის დღეს . ამ დროს , საკათედრო ტაძარში , თავად მისი უწმინდესობა ბანს ფეხებს სასულიერო პირებს , ხოლო ეპისკოპოსთა უმრავლესობა , საკუთარ ეპარქიებში ასრულებს იგივე წესს . რა ვქნათ ბატონო , თქვენ გამო ვერ მოიყვანენ ცოლს , მართლმადიდებელი პატრიარქები თუ ეპისკოპოსები , რომ დაგანახონ თუ როგორ ბანენ მათ (ცოლებს) ფეხებს , ხოლო თავად ეს ქმედება რომ არც ღირსების შემლახველია და არც უფლებების , იქიდანაც სჩანს , რომ ყოველწლიურად , თავადაც აღასრულებენ მას .
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ , თქვენ გვეუბნებით რომ , იმავე ქმედების აღსრულება , რაც ქრისტემ გააკეთა , ცოლის მხრიდან საკუთარი ქმრის მიმართ , არის ქალის უფლებების დარღვევა , ღირსების შელახვა , დამცირება და ათასი უბედურება . დიდი ბოდიში , მაგრამ თქვენი სიტყვები (მით უმეტეს დაუსაბუთებელი ცილისწამებები) , ვერასდროს ვერ იქნება ჩემთვის , ქრისტეს ქმედებებზე ავტორიტეტული და ვერ შეცვლის იმ სახარებისეულ რეალობას , რომლითან ვმოქმედებთ საუკუნეების მანძილზე .
სხვისი არ ვიცი და პირადად მე ხშირად მომისმენია  განცხადებები იმის შესახებ , რომ ქართველი ქმრების უმეტესობა (ბოდიში მომითხოვია , მაგრამ უნდა ვთქვა) , უარზე არიან , რომ  სექსუალური ურთიერთობის ე.წ. ,,ექსპერიმენტული სახეები’’ ჰქონდეს ცოლს მათთან და ეს ყოფილა , ქალების უფლებების დარღვევა , დამცირება , შეურაცხყოფა , დისკრიმინაცია , საზოგადოების ჩამორჩენილობა , საბჭოური მენტალიტეტი , ანტიდასავლური ქმედება და.ა.შ. დალოცვილებო , ცოლმა რომ ქმარს ფეხები დაბანოს , საშინელებაა და ქმრებმა რომ ცოლები ,,სექსუალურ თოჯინებად’’ გამოიყენონ , ღირსეული ქმედება , დასავლური მენტალიტეტის გამოვლინება ,ანტიდისკრიმინაციულობა , პროგრესულობა , და.ა.შ. სადაა აქ ლოგიკა , სამართლიანობა , ან საღი აზრი ?
ვისაც  რა უნდა ის  იფიქროს , მაგრამ შევარცხვინე ის ქმარი , ვისაც ცოლისთვის ფეხების დაბანვა ეთაკილება და ის ცოლი , ვისაც ქმრისადმი იგივე ქმედების განხორციელება ესირცხვილება . ჩვენი რელიგია , ჩვენი ეკლესია ასწავლის რომ ცოლქმარი , უკვე ერთი მთლიანობა და ერთი სხეულია : ,, ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის ცოლს , და ორივენი ერთ ხორცად იქმნებიან . ‘’(ეფ.5.31) ე.ი. გამოდის , რომ იმ ცოლს , რომელსაც ქმრისთვის ეთაკილება ფეხების დაბანვა , საკუთარი ფეხების დაბანვისა რცხვენია და პირიქით .

დასკვნა

მართლმადიდებლური ეკლესიისა და ქალების დამოკიდებულების შესახებ , შევეცადეთ წარმოგვედგინა შედარებით  ვრცელი ინფორმაცია , რომელშიც იქნებოდა საუბარი , ევას საკითხიდან დაწყებული , დღევანდელი ვითარებით დამთავრებული . მსჯელობიდან გვსურდა დაგენახათ , რომ არავის აქვს არგუმენტირებული საფუძველი იმის საფიქრად , რომ ეკლესია ჩაგრავდა ან აკნინებს ქალებს . მეტიც , ეკლესია იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია , რომელმაც ღიად დაიწყო ქადაგება მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობაზე , ამ უკანასკნელის ღირსებაზე , დამსახურებებზე , მისდამი პატივისცემაზე და .ა.შ. ხოლო თუკი ვინმს სურს , რომ  ეკლესიისადმი ცილისწამებისთვის ( რომლისგანაც ხელისმოთბობას მოელის) , გამოიყენოს სხვადასხვა კონკრეტულ სასულიერო თუ საერო პირთა განცხადებები და მოქმედებები , კიდევ ერთხელ ვეტყვით , რომ არ გამოუვათ , რადგან ეკლესია , თავისი დაარსების დღიდან , სიყვარულის , თანასწორუფლებიანობის და ღირსების დამცველი თუ მქადაგებელი იყო . დანარჩენი , თავად ამ პიროვნებების ნაკითხობის , ერუდიციისა და სინდისისთვის მიგვინდია .

გამოყენებული ლიტერატურა

1-გვასალია გ.  შესაქმეს განმატება ; თბილისი 2014 წელი

2-წმ.იოანე დამასკელი ; მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა ; თარგმნა ედიშერ ჭელიძემ , თბილისი 2000 წელი

3-მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით ; ტომი – I ; თარგმნა – ვლადიმერ ჩხიკვაძემ ;  თბილისი 2007 წელი

ინერნეტ რესურსები

1-http://library.church.ge

2-http://www.orthodoxtheology.ge

3-http://tserilebi.blogspot.com

დანართი :

1 23

pat

[1] -გვასალია გ. შესაქმეს განმატება ; გვ.74

[2] -გვასალია გ. შესაქმეს განმატება ; გვ.100

[3] -წმ.იოანე დამასკელი ; მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა ; გვ.395

[4]http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=280%3A2011-01-29-11-58-29&catid=34%3A2009-12-29-11-31-18&Itemid=59&lang=ka

[5]http://library.church.ge/index.php?option=…emid=59〈=en

[6]http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%94%E1%83%99/

[7]http://tserilebi.blogspot.com/2014/10/1859-1937.html?spref=fb

გურამ ლუსმანაშვილი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s