ანათემის შესახებ

Anathema_Alternative_4 

თემა , რომელზეც ახლა ვაპირებ საუბარს , საკმაოდ აქტუალურია და ისეთი წინათგრძნობა მაქვს , რომ სულ მალე ,(შეიძლება რამდენიმე საათშიც კი ) უფრო მეტად გამძაფრდეს. აღნიშნულ საკითხზე , რა თქმა უნდა შესაძლებელია ვრცელი თემის დამუშავება , თუმცა უარს ვამბობ , იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე , რომ ჩემი მიზანი არაა სამეცნიერო  ნაშრომის შექმნა , არამედ მნიშვნელოვანი ინფორმაციის , უფრო მეტი ადამიანისთვის მიწოდება . აქედან გამომდინარე , თემაში მოყვანილი იქნება ის ძირითადი შტრიხები  , რომელსაც უნდა დაეყრდნოს მორწმუნე ადამიანი , აღნიშნული საკითხის განხილვისას .

უპირველესად განვიხილოთ თუ რა არის ანათემა , ამისათვის გადავშალოთ საეკლესიო სამართლის წიგნი და წავიკითხოთ : ,, წარმოადგენს უმძიმეს საეკლესიო სასჯელს. ანათემა, ანუ ყოვლითურთ განკვეთა ნიშნავს პირის მოკვეთას მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღიდან. ანათემის შემთხვევაში პირი საერთოდ აღარ იწოდება მართლმადიდებლად. როგორც წესი, ანათემის შესახებ განაჩენის გამოტანის უფლება აქვს მხოლოდ კრებას.მისი აღსრულების შემდეგ ადამიანი საერთოდ აღარ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას. იგი ითვლება სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლად და მის, როგორც არამართლმადიდებლის მიმართ საეკლესიო კანონები ვეღარ გავრცელდება.განკვეთილი (ანუ ანათემიზირებული) პირი, სინანულის შემთხვევაში შეიძლება დაუბრუნდეს ეკლესიის წიაღში. ამ შემთხვევაში, მართალია, მასზე ნათლისღება ხელმეორედ აღარ აღესრულება, მაგრამ უნდა შესრულდეს მირონცხების საიდუმლო[1]

ტერმინის აზრსა და დანიშნულებაში , ვფიქრობ გავერკვიეთ , ახლა ალბათ დროა , უშუალოდ საკითხის შესახებ დავიწყოთ საუბარი . ეკლესიის ბურჯი – წმ.იოანე ოქროპირი , ზემოთმოყვანილი საკითხის განხილვას , ამგვარად იწყებდა :  ,, საიდან დავიწყო ამ უკეთურების შესახებ საუბარი? უფლის მცნებებიდან, თუ თქვენი უგუნური გაუნათლებლობიდან და უგრძნობელობიდან? განა არ დამცინებენ ზოგიერთები ამაზე საუბრისას და გონდაკარგულად არ ჩამთვლიან? განა არ მისაყვედურებენ, რომ გაურკვეველ და ცრემლების ღირს საგანზე ვაპირებ საუბარს? მაგრამ რა ვიღონო? მტკივა, გონებით შეძრწუნებული ვარ და შიგნეულობა მეწვის, რადგან ისეთ უგრძნობელობას ვხედავ, რომ ჩვენი საქმეები იუდეველთა ურჯულოებასა და წარმართთა უღმრთოებას აღემატა. ვხედავ, რომ ადამიანებს, რომელთაც ვხვდები, არც საღვთო წერილით ნასაზრდოები გონება აქვთ და არც რაიმე იციან საერთოდ წმინდა წერილიდან. ამიტომ, დიდი სირცხვილი მიპყრობს და ვდუმვარ, რადგან შლეგობენ და ყბედობენ, ”არც ის ესმით, რას ამბობენ, და არც ის, რასაც ამტკიცებენ ” (1 ტიმ. 1,7). ისინი უმეცრებით ბედავენ, რომ ხმოლოდ ეს სწავლება აღიარონ დოგმატად და ანათემა გამოუცხადონ იმას, რაც არ იციან. ამიტომ, სარწმუნოებისთვის უცხონი დაგვცინიან, თითქოს არ ვზრუნავდეთ კეთილ მოქალაქობაზე და არც კეთილ საქმეებში ვიყოთ განსწავლულნი. ‘’ [2]

მეეჭვება , რომ ამ მართლა  ,, ოქროპირ პიროვნებაზე ‘’ უკეთ გადმოვცე სათქმელი , მხოლოდ იმას ვიტყვი , რომ მეც მტკივა ეს საკითხი და არც მე მეშინია , თუ მისაყვედურებენ  და გონდაკარგულად ჩამთვლიან .

არ ვიცი თქვენი შეხედულებები , მაგრამ პირადად მე , არაერთხელ დავფიქრებულვარ , იმ თანამედროვე პიროვნებების შესახებ , რომლებიც ამა თუ იმ ადამიანს , ანათემას გადასცემენ ხოლმე , მაგრამ ვფიქრობ , ჩემს მოსაზრებებზე მეტად მკითხველს აინტერესებს ზემოთხსენებული პატრიარქის აზრი და მას შემოგთავაზებთ :  ,, როგორ მოიპოვე ასეთი პატივი, რომლის ღირსნიც გახდნენ მხოლოდ მოციქულთა კრებული და სრული სიზუსტით ჭეშმარიტ მემკვიდრეებად ქმნილნი, სავსენი მადლითა და ძალით? მცნების ზედმიწევნით დამცველებმა ერეტიკოსები ისე განაშორეს ეკლესიას, თითქოს მარჯვენა თვალს ითხრიდნენ. ამას ისეთი თანაგრძნობა და ტკივილი ახლდა თან, თითქოს მთავარ ნაწილს იკვეთდნენ. ამიტომ, მას ქრისტემ მარჯვენა თვალიც უწოდა, რადგან (ამით) წარმოაჩენდა განგდებულის მიმართ თანაგრძნობას. აქედან გამომდინარე, რადგან ამაში, ისევე, როგორც ყველაფერში, ზედმიწევნითობას იცადვნენ, ერესები ამხილეს და განაგდეს, ხოლო ერეტიკოსებიდან არავის განუჩინეს ეს სასჯელი.’’[3]

ვფიქრობ ბევრი რამე ნათელია . მოდით , თქვენის ნებართვის წმიდა წერილი გადავფურცლოთ , ვნახოთ თუ სად ვხვდებით ანათემის ნიმუშებს , ახალა აღთქმაში : ,,ვისაც არ უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ანათემა იქმნეს! ‘’(1 კორ: 16.22) ესეც მეორე : ”თუ ვინმე გახარებთ სხვა რამეს, გარდა იმისა, რაც მიგიღიათ, შეჩვენებული იყოს!” (გალ: 1.9).

თქვენი არ ვიცი და პირადად მე , მხოლოდ იმას ვხედავ რომ თვით წმიდა მოციქულებს და უფრო მეტიც – ,, მოციქულთა თავებსაც’’ კი  , არ გადაუციათ კონკრეტული პიროვნებები  ანათემაზე . ამას ბრძანებს , თვით ბურჯი ეკლესიისა – წმიდა იოანე : ,, ქრისტესადმი ასეთი დამოკიდებულების მქონეს ( პავლეს გ.ლ. ) არავინ შეურაცხყვია, შეუჭირვებია, გადაუცია ანათემაზე, რადგან ის, ვისაც ამცირებდნენ, გვემდნენ, ყვრიმალში სცემდნენ, დასცინოდნენ, ალბათ ვერ მიუძღვნიდა ამდენ ხალხსა და ქალაქს მთლიანად უფალს, თუკი ამას უშუალობით, მოწოდებით, თხოვნით არ აღასრულებდა.’’[4]

მოდით დავფიქრდეთ თუ რა საბაბით გადასცემენ ხომე ანათემას , დღევანდელ რეალობაში , ამა თუ იმ პიროვნებას . რა საბაბით და უმეტესწილად ეკუმენიზმის ბრალდებით .  მეთანხმებით ხომ ? ხოდა თუკი მეთანხმებით , მოდით მე კი ნუ მომისმენთ , არამედ ოქროპირს დაუჯერეთ : ,, როცა (პავლე) ათენელებთან მივიდა, აღმოაჩინა, რომ ყველა კერპთმსახურებაზე იყო გადაგებული. მან არ გაკიცხა ისინი და არ განაცხადა, ყოვლად უღმერთოები და ბილწები ხართო. არ თქვა: ყველაფერს ღმერთად რაცხთ, მხოლოდ ყოველივეს მეუფე და შემოქმედ ღმერთს უარყოფთ. მაშ, რა თქვა? ”როცა დავდიოდი და თქვენს ტაძრებს ვათვალიერებდი, ვპოვე სამსხვერპლო, რომელზედაც ეწერა: შეუცნობელ ღმერთს! სწორედ მას, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით, მე გახარებთ თქვენ” (საქ: 17.23). ჰოი, საოცრებავ! ჰოი, მამობრივო გულო! კერპთმსახურ და უღვთო ელინებს ღვთისმოსავები უწოდა. რატომ? ისინი თავიანთ წეს-ჩვეულებებს ასრულებდნენ, როგორც ღვთისმოსავები. ისინი თვლიდნენ, რომ ღმერთს ეთაყვანებოდნენ, რადგან ასე ირწმუნეს.’’[5]

ძვირფასო მკითხველო ! შეიძლება ერთი კითხვა დაგისვა ? მაინტერესებს , შენი აზრით , პავლე მოციქულს რომ დღეს ეცხოვრა და იგივე ქმედება განეხორციელებინა , რაც საუკუნეების წინ მოიმოქმედა ათენის არეოპაგში , დარწმუნებული ხარ , რომ ეკუმენისტად არ შერაცხავდნენ და ანათემას არ გადასცემდნენ  , მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს ან სხვა დროს ? მე არ ვარ დარწმუნებული .

შეიძლება კითხვა გაუჩნდეს ადამიანს – კი მაგრამ  , როდესაც საქმე მართლა ეხება მწვალებლობას ( და არა ვიღაცის ილუზიით თუ წარმოსახვით ) , როგორ უნდა მოვიქცეთ ? როგორ ჩემო კარგო და როგორც ეკლესიის მამები და მათ შორის წმ.იოანე ოქროპირი გვარიგებს : ,, ერეტიკული დოგმები და ის, რაც მათგან გადმოგვეცა, ანათემას უნდა გადაეცეს, არა-წმინდა დოგმები უნდა დაიგმოს, ხოლო ყოველი ადამიანი დაიზოგოს და მათი ხსნისთვის ლოცვა აღევლინოს. დაე, აღდგომის დღეს თავად ზეციურ სიძეს ჩვენ ყველანი, ღვთისა და მოყვასის მოყვარულნი და საუფლო მცნებების აღმსრულებელნი, ზეთითა და ანთებული ლამპრებით შევეგებოთ და დიდებით წარვუდგინოთ მას მრავალი ადამიანი, რომლებსაც ჩვენი თანაგრძნობა შეეწია ღვთის მხოლოდშობილი ძის მადლითა და კაცთმოყვარებით.რომლის დიდებას აღვავლენთ მამასთან ერთად სულიწმიდითურთ,აწდა მარადის და უკუნისამდე.ამინ.’’[6]

მე ნამდვილად ვენდობი და ვუჯერებ ამ კაცს , ვინც არ ენდობა , ღმერთმა უშველოს !

სხვა კითხვაც შეიძლება გაუჩნდეს მკითხველს  . ვთქვათ და ამა თუ იმ პირის მიერ წარმოთქმულ ,,ანათემიზირებულთა სიაში მოხვდა . ‘’ როგორ უნდა მოიქცეს ? როგორ და ხშირად უნდა იკითხოს ეკლესიის ისტორია , რომელშიც ისეთ ფაქტებს იპოვის , რომ დამშვიდდება . აი მაგალითად : ,,  ნესტორის ერთ-ერთმა მომხრემ – დოროთე მარკიანოპოლელმა ანათემაც კი გამოუცხადა ყველას , ვინც ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს ღმრთისმშობლად უწოდებდა . ‘’[7] არ დააკმაყოფილებს ეს ? კი ბატონო , უფრო მეტი წაიკითხოს და დაკმაყოფილდება : ,, 754 წლის იერიის კრებამ ანათემას გადასცა ხატთაყვანისცემის დამცველები : წმიდა გერმანე კვიპრელი და ღირსი იოანე დამასკელი . ‘’ [8] ხედავთ  ? არათუ ერთ პიროვნებას , არამედ მთელს კრებას ,  თვით ის ადამიანიც კი გადაუცია ანათემას ერთ დროს , რომელმაც დოგმატიკის სახელმძღვანელო მოგვცა და ჩვენ რით ვართ მასზე მეტი , რომ არ გავიკიცხოთ ? თვით მაცხოვარი გვასწავლის , რომ თუ ის დევნეს , ჩვენც გვდევნიან და შეურაცხყოფას მოგვაყენებენ . ასე რომ ნუ შეგეშნდებათ , თუკი ,,მორწმუნე საზოგადოება’’ ერთ მშვენიერ დღეს  , შეგაჩვენებთ !

კიდევ ერთი კითხვა შეიძლება გაუჩნდეს მკითხველს – გასაგებია რომ პიროვნებების ,,სიებით და ზარ-ზეიმით ანათემები’’ არასწორია , მაგრამ რა მოელის იმ ხალხს , რომლებიც გადასცემენ სხვებს ანათემას ? თუნდაც იმ სასულიერო პირებს , რომლებმაც ამბიონიდან წარმოთქვეს ეს სიტყვები ?   მე ნამდვილად ვერ გავკადნიერდები იმ  დონეზე , რომ ამა თუ იმ სასულიერო პირის შესახებ ვიმსჯელო ,( მით უმეტეს მათი დანაშაულის)  . ამიტომ კვლავ შემოგთავაზებთ ეკლესიის მამის და დიდი პატრიარქის – იოანე ოქროპირის სიტყვებს და თქვენვე გაეცით , მაგ კითხვას პასუხი : ,, ისინი, რომლებმაც სამეუფო განჩინებით ისარგებლეს და ადამიანი ეკლესიის ანათემას გადასცეს, სრული დაღუპვისკენ მიემართებიან, რადგან ძის პატივს იტაცებენ. ნუთუ დასაშვებად მიგაჩნიათ ვინმესთვის წინასწარ და განუკითხავად ასეთი განაჩენის გამოტანა? ანათემა ხომ სრულიად მოჰკვეთს ქრისტესგან. მაშინ რატომ ამბობენ ყოვლად უბადრუკნი ბოროტს? ლაპარაკობენ, რომ ერეტიკოსად ის იქცა, ვინც ეშმაკის სამკვიდრებელი გამხდარა, ღვთის წინააღმდეგ უსამართლობას მეტყველებს, მარწმუნებელი სიტყვით და ამაო ცბიერებით მრავალს დაღუპვის უფსკრულში მიაქანებს და ამის გამო მამების მიერაა განკვეთილი, განსაკუთრებით, კი მისი მასწავლებელი, რომელიც ეკლესიას ნაწილს წარკვეთს.[9]

ამ მცირე ზომის სტატიაში შემოგთავაზეთ წმიდა იოანე ოქროპირის ის  მოსაზრებები  , რომლებიც ზემოთხსენებულ საკითხს მიემართებოდა  , ასევე ციტირებები ეკლესიის ისტორიიდან და საეკლესიო სამართლის ლიტერატურიდან . გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია . პირადად მე კი ვისურვებდი , რომ უფრო ხშირად ვიკითხოთ წმიდა მამების ნაწერები , მეტი ინტენსივობით  გავეცნოთ ავტორიტეტთა შრომებს (მათ შორის წმ.იოანე ოქროპირის)  და არა მხოლოდ მაშინ , როდესაც ,, ცეკვის ეშმაკეულობის’’ დასასაბუთებლად გვჭირდება .

წყაროები :

1-ჩიკვაიძე დავით – საეკლესიო სამართალი ; თბილისი – 2008 წელი .

2-ხაჩიძე არჩილ – მსოფლიო საეკლესიო კრებები ; თბილისი .

3- http://www.orthodoxtheology.ge


1-საეკლესიო სამართალი ; გვ.139

[4]-იქვე

[5] -იქვე

[7] -მსოფლიო საეკლესიო კრებები – გვ.131

[8] -მსოფლიო საეკლესიო კრებები – გვ.413

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s