იესო ქრისტესა და სამარიტელი ქალის საუბარი

potine

შინაარსი

I – შესავალი

II – სახარების სიუჟეტს განხილვა

-წინაღობების დარღვევა   (1 – 9 )

– ცხოველი წყალი ( 10 – 15 )

– შეგნებული   ჭეშმარიტება  ( 16- 21 )

– უფლის  ჭეშმარიტი თაყვანისცემა  ( 22-26)

– კეთილი ნაყოფის გამოღება           (27 – 42 )

III – სამარიელი ქალის ცხოვრება , იესო ქრისტესთან საუბრის შემდეგ

IV – დასკვნა

V – გამოყენებული ლიტერატურა

შესავალი

უამრავი კუთხითაა გამორჩეული და ყურადსაღები , მაცხოვრის საუბარი სამარიელ ქალთან. მოცემულ ნაშრომში შევეცდებით , მაქსმალურად სრულყოფილი მსჯელობა წარვმართოთ  ამ საკითხის შესახებ . გამოვიყნებთ წმიდა მამათა , მეცნიერთა და მკვლევართა იმ ნააზრევს , რომელიც , ჩვენი აზრით , საჭიროა საკითხში უკეთ გასარკვევად . მთავარი ტექსტი , რომელსაც დავეყრდნობით , რა თქმა უნდა,  იქნება , ოთხთავის წმიდა გიორგი მთაწმინდელისეული თარგმანი . მას  კი შევაჯერებთ ისეთ წერილობით ძეგლებთან  , როგორებიც არიან :  ჯრუჭის ოთხთავი ; ადიშის ოთხთავი ; წინარეათონური რედაქცია ; ურბნისის ოთხთავი და პალესტინური ოთხთავი.

გარდა ქართული ტექსტებისა , აგრეთვე გამოვიყენებთ : ბერძნულ , რუსულ და ინგლისურ სახარებებსაც . ბერძნული სახარების ტექსტი , ამოღებულია  Nestle – Aland – ის 26-ე გამოცემიდან , რომელიც შესრულდა 1979 წელს . რუსულენოვან ტექსტად გამოვიყენებთ სინოდალურ ტექსტს, ხოლო ინგლისურად კი 1874 / 1885 წელს , P.E. Pusey-ს მიერ გამოცემულს , იოანეს სახარების განმარტება , წმ.კირილე ალექსანდრიელის მიხედვით .

მოცემული ტექსტები ნაშრომში აღნიშნული იქნება შემდეგი ასოებით :

C – წინარეათონური რედაქცია ;

D   ჯრუჭის ოთხთავი (F-1660,936 წ.) ;

F   ურბნისის ოთხთავი (XI ს.) ;

G   პალესტინური ოთხთავი (1048 წ.) ;

H- ადიშის ოთხთავი ;

Y-Новый Завеm  ;

w- New Tastment ;

Z – Greek New Tastment  ;

II – სახარების სიუჟეტის განხილვა

ა  – წინაღობების დარღვევა   (1 – 9 )

„5. (მას ჟამსა შინა) და მივიდა (იესუ) ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქვიან სუქარ,[1]მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თვისსა.  ‘’  სამარიელთა გეოგრაფიულ მდებარეობაზე და მათ ტოპონიმიკაზე , უკვე ვისაუბრეთ წინა ქვეთავში . ამიტომ , აღარ  გავიმეორებთ იმავეს და შევუდგებით შემდეგი მუხლის განხილვას :

,,6. და იყო მუნ წყაროი იაკობისი. ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან[2] ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსე.’’[3]იაკობის წყაროს შესახებ ჩინებულ განმარტებას გვაძლევს მღვდელი გრიგოლი დიაჩენკო , რასაც შემოგთავაზებთ თემაში :

,, ეს ჭა, გადმოცემით, თავად მამამთავარმა იაკობმა ამოთხარა და ამიტომ წმიდად ითვლებოდა. იაკობის ჭა არ იყო ჩვეულებრივი, წვიმის წყლით ავსებული, – აქ ბუნებრივი წყაროსთვალი იყო, რაზეც მიანიშნებს ჭის დიდი სიღრმე. იგი დღესაც არსებობს და მდებარეობს გარიზინის მთის ძირას, აღმოსავლეთით. აქ ძველი ეკლესიის ნანგრევებია, რომელიც მეხუთე საუკუნეში აუშენებიათ წმიდა ჭასთან, მაგრამ დიდი ხნის წინ დანგრეულა საუკუნეთა ქარტეხილთაგან. ეჭვი არ არის, რომ ეს ჭა სწორედ იაკობის სახელს უკავშირდება. მის მახლობლად კიდევ ორმოცამდე წყაროა, რომლებიც მამამთავრის დროს, ალბათ, სხვების საკუთრება იყო და ამიტომ მან ცალკე გათხარა თავისთვის. ჭის სიღრმე დღეს 25 მეტრამდეა, თუმცა უწინ იგი ათი მეტრით უფრო ღრმა იყო. მასთან მოსულთ ჩვეულებად აქვთ ქვის ჩაგდება ჭაში, რის გამოც იგი თანდათან ამოივსო. ჭის დიამეტრი ორ მეტრზე მეტია, იგი მთლიანად გამოუთლელი ქვებითაა ამიშენებული და მის მოწყობას, ალბათ რამდენიმე წელიწადი დასჭირდა. ამჟამად ჭა მხოლოდ წვიმის წყლით ივსება და ამიტომ ხშირად შრება… ‘’[4] მახარებელი აკონკრეტებს საათსაც . დღევანდელი დროით , მეექვსე ჟამი არის შუადღის 12 საათი . ადვილი წარმოსადგენია , თუ როგორი სიცხე იქნებოდა ამ დროს სამარიაში , რის გამოც არ უნდა გაგვიკვირდეს იესოს დაღლილობა .

მომდევნო მუხლები შემდეგნაირად ჟღერს : ,,  7. მოვიდა დედაკაცი სამარიაით ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი. 8. რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაითა საზრდელი იყიდონ. ‘’  აღნიშნული მუხლების განმარტებისთვისაც ზემოთხსენებულ მკვლევარს მოვიხმობთ : ,,(7-8 )-სამარია, საიდანაც ეს დედაკაცი მოვიდა, ამ ადგილიდან ორი საათის სავალზე მდებარე ქალაქს კი არ ნიშნავს, რომელსაც სამარია კი არა, სებასტია ერქვა, არამედ – სამარიის მხარეს. ამიტომ სიტყვა „სამარიაით“ „მოვიდა“-ს კი არ უკავშირდება, არამედ „დედაკაცს“ – და გამოთქმა „მოვიდა დედაკაცი სამარიაით“ ნიშნავს – „მოვიდა სამარიტელი დედაკაცი“. „ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი“. ამ სიტყვებით უფალმა ყველაზე უბრალოდ და ბუნებრივად გამოიწვია სასაუბროდ სამარიტელი დედაკაცი. მახარებლის შენიშვნა მომდევნო მუხლში – „რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაითა საზრდელი იყიდონ“ – გვიხსნის, თუ რატომ მიმართა უფალმა ასეთი თხოვნით დედაკაცს: მოწაფეები საქმეზე იყვნენ წასულნი და გზაში საჭირო სხვა ნივთებთან ერთად, ალბათ, „სავსებელიც“ – წყლის ამოსახაპიც წაღებული ჰქონდათ (მუხლი 11).   ‘’ [5]

გავაგრძელოთ საუბრის განხილვა : ,,  9. ჰრქუა მას დედაკაცმან მან სამარიტელმან: ვითარ, შენ ჰურიაი ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ, სამარიტელისა დედაკაცისაგან? რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა. ‘’   აღნიშნულ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ ნაშრომის პირველ თავში და დასკვნის სახით კვლავ შემოგთავაზებთ , რომ იმდენად დაძაბული ურთიერთდამოკიდებულება ჰქონდათ   ერთმანეთთან იუდეველებსა და სამარიელებს , რომ მათ შორის ნებისმიერი სახის კონტაქტი  წარმოუდგენელი იყო . ამიტომაა ასე გაოცებული ეს დედაკაცი .

აღნიშნული ქვეპუნქტი , სახარების X მუხლით იწყება : ,, 10. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაი და ვინ არს, რომელი გეტყვის შენ: „მეც მე წყალი, რაითა ვსუა“, შენმცა სთხოვე[6] მას, და გცამცა [7] წყალი ცხოველი. ‘’ ციტატის განსამარტავად , წმ. იოანე ოქროპირს მოვიხმობთ :  ,, პირველყოვლისა ამით გვიჩვენებს , რომ დედაკაცი ღირსია  , მას უსმენდეს და არ უნდა იყოს განგდებული და მხოლოდ ამის შემდეგ ამჟღავნებს თავს . ხოლო დედაკაცი , როგორც კი შეიტყობს , თუ ვინ არის იგი , მაშინვე მზადაა , ყურად იღოს მისი და დაემორჩილოს , რასაც ვერ ვიტყვით იუდეველებზე . მათ , თუმცა კი იცნეს იგი , მაინც არაფერი არ უკითხავთ და სურვილიც არ ჰქონდათ , მისგან რაიმე სასარგებლო ესწავლათ , პირიქით , შეურაცხყოფდნენ და ახლოსაც არ იკარებდნენ . ‘’[8]

გავაგრძელოთ განხილვა :  ,, 11. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული(6) ესე ღრმა არს. ვინაი გაქუს შენ წყალი ცხოველი?12 . ნუუკუე შენ უფროის ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული[9] მომცა ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი . საინტერესოა, გრიგოლ დიაჩენკოს განმარტება :  „სავსებელი“ იყო წყლის ამოსაღები ჭურჭელი მასზე გამობმული გრძელი თასმით. იგი მოგზაურთა აუცილებელ ნივთს შეადგენდა. სამარიტელები თავს იოსების შთამომავლებად თვლიდნენ, იაკობის ძისა. ამიტომაც ამბობს დედაკაცი: „ნუუკუე შენ უფროის ხარა მამისა ჩვენისა?“[10] ,, 13. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა, ‘’  წმიდა მამა – კირილე ალექსანდრიელი ამ მუხლის განმარტებისას გვასწავლის , რომ მაცხოვარი , სულიწმინდის მადლს ეძახის წყალს , რომლის მიმღებსაც ექნება მარადიულად ,  ღვთაებრივი სწავლების ნიჭი .[11]

,, 14. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ. ‘’   იოანე ოქროპირი ამბობს აღნიშნულ მუხლზე საუბრისას  : ,, ,,ცხოველი’’ წყლის შესახებ ქალს ადრეც სმენოდა , მაგრამ ვერ ჩასწვდომოდა , რადგანაც ცხოველად , ჩვეულებრივ , იწოდებოდა დაუშრეტელი წყაროებიდან  მჩქეფარე და უწყვეტ ნაკადად მდინარე წყალი . ამიტომ , საკუთარი სიტყვების უფრო ნათლად წარმოსადგენად და იმისთვისაც  , რომ შედარების გზით ეჩვენებინა ერთი წყლის უპირატესობა მეორის წინაშე , იესო დასძენს :  ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე . სწორედ ამ და ამის მომდევნო სიტყვებითაც ის სულიერი წყლის უპირატესობას ამტკიცებს , რადგანაც გრძნობად არანაირი ამის მსგავსი თვისება არ გააჩნია … წყლის მქონებელი , ისე , როგორც საკუთარი შინაგანი ფარული წყაროს  მფლობელი , წყურვილით არასდროს არ დაიტანჯება . ქალმაც მაშინვე ირწმუნა და ამით წარმოაჩინა , რომ ის ნიკოდიმოსზე უფრო გონიერია და არა მარტო გონიერი  , არამედ უფრო მამაციც . ‘’[12]

გავაგრძელოთ კითხვა : ,, 15. ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაითა არა მწყუროდის, არცაღა მოვიდე აქა ვსებად. ‘’  ნამდვილად საოცარი პიროვნებაა სამარიელი ქალი . ძალიან მოკლე პერიოდის მანძილზე მან მოისმინა უფლის სიტყვები ,  დაიტია და საქმითაც სრულ-ჰყო . მხოლოდ ერთეულები თუ შეგვიძლია დავასახელოთ , ვინც შეძლო და აღნიშნულ ქმედებათა ჯაჭვი , ასეთ მოკლე პერიოდში გაიმეორა .

გ – შეგნებული   ჭეშმარიტება  ( 16- 21 )

,,16. ჰრქუა მას იესუ: წარვედ და მოხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა.’’  ამ მუხლის განმარტებისას , ექვთიმე ზიგაბენი ამბობს , რომ იესოს სურდა , თვითონ ეღიარებინა ამ ქალს საკუთარი ცოდვები , რომ გამოსწორებისთვის ეზრუნა . ეს ყველაფერი კი ბუნებრივად უნდა გამოსულიყო .  ყველაფერი რომ თავიდანვე ეთქვა , განაგრძობს მჯელობას მკვლევარი , ზედმეტი და არადროული იქნებოდა , ამიტომ , მაცხოვარი ქალს საკუთარ ნაკლულევანებებზე საუბრის მიზეზს აძლევს , რაც უფრო დროული და ეფექტურია . [13]

მეჩვიდმეტე მუხლი შემდეგნაირად ჟღერს : ,, 17. მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, ვითარმედ: არა მივის ქმარი . ‘’   მოვიხმობთ წმ.კირილე ალექსანდრიელს , რომელიც არნიშნული ნაწილის განმარტებისას ამბობს , რომ   : ,,თუმცა ბევრი ქმარი ჰყავდა ქალს , მაგრამ მათი შეუღლება არ იყო სიამოვნების მიღებაზე მეტი დატვირთვის . ქორწინებას კი უზადოს ხდის , სუფთა სიყვარულის ჯაჭვი . ‘’ [14]

გავაგრძელოთ განხილვა : ,, 18. რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ. ‘’  აქ იესო პირდაპირ ამხელს ქალს , საკუთარი წარსულის გამო და დაუფარავად ეუბნევა მისი მანკიერებების შესახებ . ხუთი ქმარს აქვს რამდენიმე  სახის ალეგორიული განმარტება , რომელსაც შემოგთავაზებთ  :

,, 19. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შენ.’’   თითქმის ყველა განმმარტებელი  , აღნიშნულ მუხლზე საუბრისას , ხაზს უსმევს სამარიტელი ქალის სულიერად ამაღლებას  , რომელიც განიცადა უმოკლესი დროის მანძილზე .

ვნახოთ, თუ რას გადმოგვცემს შემდეგი მუხლი : ,, 20. მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყვით, ვითარმედ: იერუსალემს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანის-ცემაი. ‘’  ეპისკოპოსი მიხაილ ლუზინი , ამ მუხლის დეტალურ განმარტებას გვაძლევს , რომელსაც შემოგთავაზებთ  :,,  ,,მამანი ჩუენნი’’ , ამას ეწინააღმდეგება შემდეგი ფრაზა – ,,თქვენ’’ , რომლის ქვეშაც იგულისხმევა  სამარიელი მოხუცები , ერისკაცები და პირველი დროის სახალხო მასწავლებლები , რომლებიც სამარიელთა წარმოშობის დროიდან არიან და რომლებმაც აირჩიეს გარიზინის მთა , თავიანთი სახალხო ღვთისმსახურებისთვის და ააშენეს ტაძარი . ეს ტაძარი , ქრისტეს შობამდე 100 წ-ით ადრე განადგურდა იოანე ჰირკანის მიერ , მაგრამ მთა მაინც წმიდად რჩებოდა .ასრულებდნენ საერთო ღვთისმსახურებას ამ მთაზე . გარიზინსა და გებალს შორის მდებარეობდა ვაკე ადგილი , სადაც იყო იაკობის ჭა . ქალი ალბათ სახის მოძრაობით ანიშნებდა ამ მთისკენ . სავარაუდოდ , იმ დროს , ტაძრის ადგილზე იყო სინაგოგა . ამ მთის არჩევა თაყვანისცემისთვის სამარიელთა მიერ , შესაძლებელია უკავშირდებოდეს ძველ მაგალითებს , როდესაც მოსემ მოგვიწოდა და კანონები მოგვცა ამ მთიდან , რომლიდანაც დაილოცა ხალხი, რაც აღწერილია მოსეს ხუთწიგნეულში .  ანაც შესაძლებელია მოსეს სურვილს , რომელმაც მოინდომა  სამსხვერპლოს აშენება იერარქებისთვის .’’[15]

ქვეთავის უკანასკნელი მუხლი შემდეგნაირად ჟღერს : ,, 21. ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალემს[16] თაყუანის-სცემდეთ მამასა.[17] ’’ ვნახოთ, თუ რას წერს წ. იოანე ოქროპირი : ,,  აქ ის  (იესო გ.ლ. ) ქალს მნიშვნელოვან დოგმატს უმხელს , რომელიც არც ნიკოდიმოსისთვის , არც ნათანაელისთვის არ უთქვამს .  დედაკაცი ცდილობდა , დაემტკიცებნა თავის წეს-ჩვეულებათა უპირატესობა იუდეურთან შედარებით და თავისი წინაპრების (მამების) მაგალითს იმოწმებდა . მაგრამ ქრისტემ არ უპასუხა ამ კითხვაზე , რადგანაც იმ მომენტში ზედმეტი იქნებოდა საუბარი იმის შესახებ და იმის ახსნა , თუ რატომ სცემდნენ თაყვანს ქალის წინაპრები მთაზე , იუდეველნი კი იერუსალიმში . .. მაგრამ , ამასთან , უაღრესად იუდეველებს რაცხს . ერთ ადგილს კი არ ამჯობინებს მეორეს , არამედ სულიერების მიხედვით ანიჭებს იუდეველებს უპირატესობას . ‘’[18]

დ-უფლის  ჭეშმარიტი თაყვანისცემა  ( 22-26)

იესოს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს ქალი ჭეშმარიტებისაკენ და ყოფითი საგნებიდან  უკვე , უფლის ჭეშმარიტი თაყვანისცემის შესახებ ასწავლის . აი, რას გადმოსცემს იგი 22-ე მუხლით : ,,22. თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორება[19] ჰურიათაგან არს.[20]’’  წმ.იოანე ოქროპირი სვამს კითხვას და თავადვე პასუხს სცემს მას : ,,განა სამარიტელებმა არ უწყოდნენ , თუ რას ეთაყვანებოდნენ ? მაგრამ მათ ეგონათ , რომ უფლის ძალმოსილება რაღაც ადგილით შემოიფარგლება და მხოლოდ ერთ რომელიმე ქვეყანაში ვრცელდება . მაგალითად , როდესაც მათ სპარსელებთან ელჩები გააგზავნეს  , აუწყეს , რომ ადგილის ღმერთი მათზე გამწყრალი იყო და ამრიგად ღმერთი კერპს გაუთანაბრეს … იუდეველნი კი თავისუფალნი იყვნენ ამგვარი ცდომილებისაგან ( თუმცა არა ყველანი ) და ღმერთს მთელი სამყაროს უფლად აღიარებდნენ . ‘’[21] გამორჩეულია ამ მუხლის მეორე ნაწილი , რომელზე საუბრის დროსაც , ნეტარ თეოფილაქტეს მოვიშველიებთ : ,, უფლის გამოთქმა – ,,ხსნა იუდეველთაგან არის ‘’ , ჩვენში ორნაირ აზრზს იწვევს : ან ის , რომ სიკეთე (წყალობა ) მთელი ქვეყნიერებისთვის აღმოცენდა და მოგვეცა იუდეველებისგან , ან ღმერთის შემეცნება  , კერპების უარყოფა და სხვა ყველა სწავლება ( დოგმატები ) და ასევე თქვენი , სამარიტელების არასწორი თაყვანისცემა , საწყისს იღებს ასევე იუდეველებისაგან  ; ან ,, ხსნას ‘’ უწოდებს თავის მოსვლას , რომელიც იუდეველთაგანაა ; ასევე ,, ხსნის’’ მნიშვნელობა შეიძლება გავიგოთ ისეც , რომ ,, ხსნა ‘’ – თვითონ უფალია , რომელიც ხორციელად იუდეველთაგან არის შობილი . ‘’[22]

ვნახოთ , თუ რის შესახებ გრძელდება მსჯელობა შემდეგში : ,, 23. არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაიცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა. ‘’  როგორც ალექსანდრ ლოპუხინი ამბობს , ამ შემთხვევაში , ტერმინი –  ,, სული ‘’ აღნიშნავს ხორცის და ყოვლგვარი ხორციელების საპირისპირო მნიშვნელობას .  ამ მნიშვნელოვანი განმარტების შემდეგ , მკვლევარი აგრძელებს საინტერესო მსჯელობას . იგი  აღნიშნავს იუდეველთა და სამარიტელთა მცდარ აზზს , რომლის მიხედვითაც  წარმატებული ლოცვა დამოკიდებული იყო სხვადასხვა ფაქტორებზე . მნიშვნელოვანი იყო ადგილი , სადაც აღესრულებოდა ღვთისმსახურება . იესო კი ამბობს რომ ხალხი მთელ დედამიწაზე თაყვანისცემენ უფალს და  სხვა ადგილებზეც იქნება ჭეშმარიტი თაყვანისცემა . ე.ი. დამთავრდება ყველანაირი ფარსი , რაც აღესრულებოდა იუდეველებისაგან და სხვათა ღვთისმსახურებებში . ჭეშმარიტი თაყვანისცემა კი იქნება პირდაპირ წრფელი გულიდან გამომავალი და წმიდა სულის განმგებლობაში .[23]

კიდევ უფრო ყურადსაღებია მომდევნო მუხლი :  ,, 24. სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაი. ‘’   აღნიშნული ციტატის განმარტებისას კი ვის დავეყრდნობით , თუ არა მართლმადიდებლობის ბურჯს – იოანე ოქროპირს :   ,,  ,, სულ არს ღმერთი ‘’ , ამით გამოხატავს , რომ ის უხორცოა . ხოლო უხორცოს მსახურებაც ამგვარივე შეჰფერის და ჩვენც იმის საშუალებით ( მასში ) უნდა  აღვავლინოთ , რაც უსხეულოდ გვაქვს მოცემული  , ანუ სულით და განწმენდილი გონებით …ქრისტეც გვეუბნევა , რომ სხეულის სისუფთავით კი არ უნდა ვემსახუროთ უფალს  , არამედ იმით , რაც ჩვენც უხორცოდ  გვაქვს მონიჭებული , ან ჩვენი გონებით .’’  [24]

ამ ყოველივეს შემდეგ კი საოცარი ფაქტის მოწმე ვხდებით , ეს კი გამოწვეულია ქალის მსჯელობით და ამ მსჯელობის შევსებით იესოს მიერ : ,, 25. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქვიან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი. 26. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყვი შენ.‘’   ამ ყოველივეზე ძალიან სიღრმისეულ და დასაფიქრებელ განმარტებას გვაძლევს გრიგოლ დიაჩენკო :  ,, ისმინეთო. მესიას სამარიტელები უწოდებდნენ „ჰა-შშაგებ“-ს, ანდა „ჰა-ტ-ტაგებ“-ს,რაც ზოგიერთი მკვლევარის აზრით ნიშნავს „მომქცევს“, „მქადაგებელს“, სხვათა აზრით კი – „დაბრუნებულს“ („მომქცეველს“, „უკან მომბრუნებელს“); კერძოდ კი, მათი შეხედულებით, ეს მოსე უნდა ყოფილიყო, გამომდინარე მისივე სიტყვებიდან „ვითარცა-ესე მე მისი“. ხოლო სახელწოდება „მესია“, რომელსაც აქ იყენებს სამარიტელი დედაკაცი, ან იუდეველთაგან არის გადასული სამარიტელებთან, ანდა, უბრალოდ მახარებელი ათქმევინებს მას ამ სიტყვას. აქამდე მაცხოვარი თანდათან შეამზადებდა მის სულიერ მდგომარეობას და ახლა პირდაპირ ეუბნება -სწორედ მე ვარ მოსეს მიერ დაპირებული მესიაო: „მე ვარ, რომელი გეტყვი შენ“. გაბოროტებულ იუდეველთა წინაშე იესოს არასდროს არ უსაუბრია საკუთარი თავის შესახებ ასე განცხადებულად, როგორც ახლა ეუბნება ამ უბოროტო უბრალო ქალს. ‘’[25]

ე-კეთილი ნაყოფის გამოღება       (27 – 42 )

რა ხდება ამ ყოველივეს შემდეგ ? რა და ის , რომ სიტუაციის  ლოგიკური დასასრულისკენ მივდივართ  . ,,  27. და ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკვირდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყვი მის თანა? ’’

მოწაფეები გაოცებულნი არიან , რადგან ხედავენ მათ მოძღვარს ქალთან ( მით უმეტეს სამარიტელთან ) მოსაუბრეს , მაგრამ ერთიც კი არ გაბედავს და შეკითხვას არ დაუსმევს მას . ჩვენ საზოგადოების საოცარი ნაწილის შესახებ ვმსჯელობთ . ისინი ვერ ხვდებიან რიგ ფაქტებს , მაგრამ ეს არ უშლით ხელს იმაში , რომ მოძღვარს დაემორჩილონ .

სამარიელმა ქალმა , უმოკლეს დროში მიიღო ადამიანური აზროვნებისათვის , სრულყოფილი სწავლება . ჩვენ ვიცით რომ სწავლების მხოლოდ მოსმენა არაა საკმარისი , საჭიროა მისი დატევნა და სხვისთვის გადაცემა . ვნახოთ, თუ რა მოიმოქმედა ქალმა : ,, 28. დაუტევა უკუე სარწყული იგი მისი დედაკაცმან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ: 29. მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაიცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე? 30.’’  წმ. იოანე ოქროპირი ამბობს , რომ ქალი : ,, აღარაფერს ამქვეყნიურს აღარ დაეძებს – არც მოარულ ხმებს , არც სირცხვილს , მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს – ცეცხლი , რომელმაც მოიცვა იგი . ,, ნუუკუე იგი არს ქრისტე . ‘’ დაუკვირდი აქაც , როგორი სიბრძნეა ამ ქალში : პირდაპირ არ ამოწმებს ქრისტეს შესახებ , მაგრამ არც გაჩუმებას აპირებს , რადგანაც მას არ უნდოდა , რომ ხალხი მხოლოდ თავისი შეხედულობების გამო წაეყოლიებინა , არამედ სურდა , რომ თავად მოესმინათ ქრისტესათვის და მისი შეხედულება ასე გაეზიარებინათ . ‘’[26] ქალის ამ ,,ტაქტიკამ ‘’ რომ გაამართლა , ამას მალევე ვიგებთ :  ,,  40. და ვითარცა მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი, ევედრებოდეს მას, რაითა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე. 41. და უფროისსა სიმრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაი. 42. და ეტყოდეს დედაკაცსა მას, ვითარმედ: არღარა სიტყვითა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თვით გუესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაი, ქრისტე.“ ‘’

            ამ მუხლების შეჯამება რომ გავაკეთოთ , კვლავ მოვიხმობთ წმ.იოანე ოქროპირს . მისი სწავლება რომ უფრო მეტად მეტყველი იყოს  , ამისთვის კი შემოგთავაზებთ ეგზეგეზის წმ. ექვთიმე მთაწმინდელისეულ თარგმანს : ,, ესე დედაკაცი იყო გლახაკი და უსწავლო და ამისთვის წყლისა მის ცხოველისა ხსენებითა მოიზიდა იგი და ესრეთ მცირედ – მცირედ მოეხსენა მას , ვითარ ასმიოდა სამე წერილი და მერმეღა გამოუცხადა თავი თვისი , ხოლო პირველითგან ვერ იტვირთავდა იგი , რათამცა წერილისა სიტყუათა ჰრწმენა .’’[27]

III – სამარიელი ქალის ცხოვრება , იესო ქრისტესთან საუბრის შემდეგ

იესოსა და სამარიელი ქალის საუბარი , დეტალურადაა აღწერილი სახარებაში , მაგრამ წმიდა წერილში ,  ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია , მისი შემდგომი ცხოვრების შესახებ . სამაგიეროდ გვაქვს სხვა წყაროები , რომელთა მიხედვითაც ვიგებთ , რომ ამ ქალს , სახელად ფოტინე რქმევია. დანარჩენ ინფორმაციას ქვემოთ გაიგებთ :

,, წმიდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე (დაახლ. 66). წმიდა მოწამე ფოტინე იყო ის სამარიტელი დედაკაცი, რომელთანაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე საუბრობდა იაკობის წყაროსთან (სახარება იოანესი, თავი 4, 5-42). იმპერატორ ნერონის დროს (54-68) წმიდა ფოტინე ცხოვრობდა კართაგენში უმცროს ვაჟთან, იოსიასთან ერთად და უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას. უფროსი ვაჟი ბიქტორი რომაელთა ლაშქარში იბრძოდა ბარბაროსთა წინააღმდეგ. განსაკუთრებული სიმამაცისათვის ბიქტორი მხედარმთავრად დანიშნეს ქალაქ ატალიაში (მცირე აზია), როცა ქალაქის მმართველმა სებასტიანემ შეიტყო, რომ წმიდა ბიქტორი ქრისტიანი იყო, ურჩია მას, იმპერატორის ნებას დამორჩილებოდა, დედასა და ძმას კი საჯაროდ ქადაგება შეეწყვიტათ.

იტალიის მმართველმა სებასტიანემ სცადა გადაერწმუნებინა ბიქტორი, რათა შეესრულებინა იმპერატორის განკარგულება: – დიდო მხედართმთავარო ვიცი, რომ შენ, როგორც დედა შენი და ძმა შენი იოსია, ქრისტეანები ხარ. თქვენ ყველანი მისდევთ მოციქულ პეტრეს. მაგრამ, გირჩევ შეასრულო მეფის ბრძანება და დასაჯო ქრისტეანნი, რათა საფრთხეში არ ჩააგდო შენი სიცოცხლე.

– მე ზეციური და უკვდავი მეფისა და ჭეშმარიტი ღმერთის, ქრისტეს ნებას ვასრულებ, ხოლო ნერონის განკარგულება დავსაჯო ქრისტეანები, არა თუ არ შევასრულებ, არამედ გაგონებაც კი არ მსურს მისი, – მიუგო ბიქტორმა.

– როგორც ჭეშმარიტ მეგობარს, შენდა სასიკეთოდ გირჩევ გააკეთო ის, რასაც იმპერატორი გიბრძანებს, – ისევ მიმართა სებასტიანემ თავის მხედართმთავარს. თუ დაჯდები სამსჯავროზე და იპოვი ქრისტეანთ, და როცა იპოვი დასჯი, მეფის გულსაც მოიგებ და მემკვიდრეობად მის ქონებასაც მიიღებ. გარდა ამისა, გირჩევ გააფრთხილო შენი დედა და ძმა, რათა ასეთი კადნიერებით ნუ ჰქადაგებენ ქრისტეს და ნუ ასწავლიან ელინთ თავიანთი მამა-პაპური სარწმუნოების უარყოფას, რათა მათ გამო შენც საფრთხეში არ შთავარდე.

– ნუმც იყოფინ, ვაკეთებდე იმას, რასაც მირჩევ: დავსაჯო ქრისტეანნი, ან წავართვა მათ რამე, ან კიდევ ვურჩევდე საკუთარ დედას და ძმას არ იქადაგონ, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია. დედისა და ძმის
კვალობაზე მეც ვიქადაგებ ქრისტეს ჭშმარიტებას და მაშინ ვნახოთ როგორ იქნება, – შეეპასუხა ქრისტესმოყვარე მხედარი.

– ძმაო, მე გირჩევ იმას, რაც შენთვის სასიკეთოა, შენ კი თავად გადაწყტვიტე რა აკეთო. შეაგონა: „ამის გამო უბედურება მოგელისო“
მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მწვავე ტკივილმა დაუარა თვალებში, სახე შეეცვალა და დამუნჯდა. სამი დღე იწვა ქალაქის თავი დაბრმავებული და დამუნჯებული. მეოთხე დღეს ხმამაღლა დაიყვირა და წარმოთქვა: „ერთია ღმერთი, – ღმერთი ქრისტეანეთა, მხოლოდ ქრისტეს რწმენაა ჭეშმარიტი“.

– ასე უეცრად რატომ შეიცვალე შეხედულება, სებასტიან? – ჰკითხა მას სანახავად მისულმა ვიქტორმა.

– იმიტომ, რომ ქრისტემ მომიწოდა, ქრისტე მიხმობს ჩემო უტკბილესო ბიქტორ, – მიუგო იტალიაში იმპერატორის ადგილნაცვალმა, რის შემდეგაც, ბიქტორის მიერ დამოძღვრილი, მოინათლა. როდესაც ემბაზიდან ამოვიდა, კვლავ აეხილა თვალნი და ღმერთი ადიდა. ამ სასწაულმა იმდენად შეაძრწუნა სებასტიანეს წარმართი მსახურები, რომ იმის შიშით, ჩვენი ურწმუნოებისთვის ჩვენც არ დავისაჯოთო, ბიქტორთან მიირბინეს, ქრისტეანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა სთხოვეს და მოინათლნენ.

გავიდა მცირე დრო და ნერონამდეც მივიდა ხმა, რომ მხედართმთავარი და მმართველი იტალიაში პეტრეს, პავლეს და სხვა მოციქულთა სწავლებას ავრცელებენ; რომ მათ მრავალი ელინი მოაქციეს ქრისტეანული სარწმუნოებისკენ და, რომ მხედართმთავრის დედა, ფოტინე, თავის მეორე შვილ იოსიასთან ერთად, ჯვარცმულს კართაგენში ჰქადაგებდა.

ამის გამგონი ნერონი ძლიერ განრისხდა და იტალიაში გააგზავნა მეომარნი, რათა რომში ჩამოეყვანათა ყველა, ვინც კი ქრისტეანულ სწავლებას ავრცელებდა. მაშინ თვით მაცხოვარი გამოეცხადა აღმსარებლებს და უთხრა: „მე ვიქნები თქვენთან და ნერონიც და მისი მსახურნიც ძლეულნი იქმნებიან, შემდეგ წმიდა ბიქტორს მიმართა: „დღეიდან შენი სახელია ფოტინი – ნათელსხივოსანი (ფოტინი – სახელის მამრობითი ფორმაა) , შენს მიერ განათლდებიან მრავალნი და მირწმუნებენ “, წმიდა სებასტიანეც გაამხნევა მაცხოვრის სიტყვებმა: „ნეტარ არს, რომელმან დაითმინოს სრულიად“.

მოსალოდნელი საფრთხე ფოტინესაც ეუწყა და, რათა აღმსარებლებს შეერთებოდა, ქრისტიანებთან ერთად კართაგენიდან რომში გაემგზავრა, სადაც არაჩვეულებრივი გამბედაობით დაიწყო ქრისტეს ქადაგება. დიდი იმპერიის ყველა მცხოვრები შეშფოთებული ამბობდა: “ვინ არის ეს დედაკაცი, ქრისტეანთა ესოდენი სიმრავლით რომ გამოცხადდა?” ამავე დროს იტალიის მმართველ სებასტიანესთან ერთად რომში ფოტინას შვილი, ფოტინიც (ბიქტორი) ჩამოიყვანეს და ყველანი ერთად წარუდგინეს იმპერატორს, რომელიც მასთან მიყვანილ ქრისტეანთა დაკითხვას პირადად აწარმოებდა. იმპერატორმა თავისთან მოიხმო წმიდანები და დაკითხა. თავიდან იმპერატორი დაშინებისა და წამების გარეშე, დაყვავებით ცდილობდა ეიძულებინა აღმსარებელნი უარეყოთ თავიანთი სარწმუნოება:

– უარჰყავით ქრისტე ან საშინელი სიკვდილით მოჰკვდებით, – დაემუქრა ქრისტეანთა სიმტკიცით განრისხებული იმპერატორი შეპყრობილთ.

– ნუმც იყოფინ, ქრისტე ღმერთო, შენ უარგყოფდეთ და განვშორდებოდეთ შენს რწმენასა და სიყვარულს, – ლოცულობდნენ აღმსარებელნი, რომელთა შორის იყვნენ ფოტინეს დები: ანატოლია, ფოტო, ფოტისა, პარასკევა, კვირიაკე და ვაჟიშვილები: ფოტინი და იოსია. ყველანი სიხარულით ელოდნენ სიკვდილს ქრისტესათვის და სულის ცხოვნებას ევედრებოდნენ ჯვარცმულს. ყველა აღმსარებელმა უარი განაცხადა ქრისტეს უარყოფაზე.

მაშინ, ტირანმა გასცა განკარგულება რკინის ბურთულებით სახსრები დაემტვრიათ მათთვის. ნერონის მსახურებმა შეიპყრეს წმინდანები, სასჯელის ადგილზე მიიყვანეს და ხელები გრდემლზე დაადებინეს. დაიწყო წმნდანთა წამება. სამი საათიდან ექვს საათამდე სამჯერ შეიცვალნენ ჯალათნი, მოწამენი კი ტკივილს საერთოდ არ გრძნობდნენ, ფოტინეს და მათი ხელები არც კი შეიმუსრა. ამ უცნაურმა სასწაულმა შეაშფოთა ნერონი და გასცა განკარგულება ხელები მოეკვეთათ მოწამეთათვის. ფოტინე იმწამსვე შეიპყრეს, ხელები შეუკრეს და მახვილიც მრავალგზის დასცეს ხელზე, თუმცა

ვერაფერი გააწყვეს. მეტიც, უეცრად თვით ჯალათები მოწყდნენ და მიწაზე უსულოდ დაენარცხნენ, მოწამე კი უვნებელი დარჩა და ღმერთს მადლობდა: “უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს” (ფსალმ. 117:7).

შემდეგ ნერონის ბრძანებით სებასტიანეს, ფოტინეს და იოსიას თვალები დათხარეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა ფოტინე დებთან: ანატოლიასთან, ფოტოსთან, ფოტიდასთან, პარასკევასთან და კირიაკიასთან ერთად იმპერატორის სასახლეში გაგზავნეს ნერონის ასულის, დომნინას მეთვალყურეობის ქვეშ. წმიდა ფოტინემ ქრისტეს სჯულზე მოაქცია დომნინა და მისი მხევლები, მოაქცია აგრეთვე მოგვი, რომელმაც მოწამლული ღვინო მოუტანა აღმსარებლებს.

გავიდა სამი წელი. ნერონმა მსახური გაგზავნა სატუსაღოში და შეიტყო, რომ მის მიერ დაბრმავებული წმიდანები, აწ უკვე სასაწაულებრივად თვალახელილნი, ისევ უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს, ხალხიც ბლომად მიდიოდა მათთან და საპყრობილე ლამის მონასტრად ქცეულიყო.

იმპერატორმა დაიწყო ფიქრი, როგორ დაემარცხებინა ეს ქრისტიანები და დაერწმუნებინა ისინი უარეყოთ თავიანთი სარწმუნოება. გასცა განკარგულება მამაკაცები საპყრობილეში დაემწყვდიათ, წმიდა დედა ფოტინა კი მის ხუთ დასთან ერთად მისთვის ოქროს დარბაზში მიეგვარათ იმის იმედით, რომ ფუფუნებითა და სატყუარებით შესძლებდა წმიდა დედათა სარწმუნოების შეცვლას. შემდეგ, თავის ქალიშვილს, დომნინას უბრძანა შემოსულიყო ამ დარბაზში ყველა მის მოახლესთან ერთად და დარჩენილიყო წმინდანებთან. ქრისტეს უარყოფის შემთხვევაში ნერონი მოწამეებს ჰპირდებოდა, რომ არა მარტო აჩუქებდა ყოველივეს, რაც კი ამ მდიდრულად მორთულ ოთახში ჰქონდა, არამედ არნახულ პატივსა და დიდებასაც უბოძებდა. მაგრამ არ უწყოდა უგუნურმა, რომ ზეციურზე მეოცნებე დედები არად მიიჩნევდნენ ამსოფლიურ სიკეთესა და ამაოებასა და მათ დანახვაც კი არ უნდოდათ.
წარმართული ცნობიერებისთვის გაუგებარმა ქრისტეანულმა მსოფლმხედველობამ დიდად გააკვირვა იმპერატორის ქალიშვილი. ეს რომ შენიშნა, ფოტინამ მას ასეთი სიტყვებით მიმართა:

– გიხაროდენ, ჩემი უფლის პატარძალო!

– შენც გიხაროდენ, ჩემო დედოფალო, ლამპარო ქრისტესო, – მიუგო დომნინამ. იმპერატორის ქალიშვილმა ქრისტე რომ ახსენა, ფოტინამ ფრიად გაიხარა, ადიდა უფალი და დომნინას ეამბორა. შემდეგ კი ქრისტეანობაში დამოძღვრა და იმპერატორის ქალიშვილი მის მოახლეებთან ერთად მონათლა. ამ უდიდესი საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომლის დროსაც დომნინას სახელად ანთისა ეწოდა, მეფის ქალიშვილმა თავის უფროს მოახლეს, სტეფანიდას უბრძანა, ოქროს სამკაულები და ფული, რომელიც ამ ოქროს დარბაზში იყო, უპოვართათვის დაერიგებინათ.

ეს რომ შეიტყო, ნერონმა განკარგულება გასცა დაენთოთ ღუმელი და ჩაეგდოთ ფოტინა თავის მეგობრებთან ერთად. სამი დღე დაჰყვეს ცეცხლის ამ სახმილში მოწამეებმა და უვნებლად გამოვიდნენ მისგან. როდესაც ამ სასწაულის შესახებ ესმათ რომის მოქალაქეებს და ცეცხლიდან უვნებლად გამოსული მოწამენი იხილეს, ჯერ გაიკვირვეს, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომდარიყო, შემდეგ, კი ქრისტეანთა კვალად ღმერთი ადიდეს.

მაშინ ტირანმა გასცა ბრძანება ყველა აღმსარებლისთვის მიეცათ მომაკვდინებელი საწამლავი, რომელიც ამ საქმეში დახელოვნებულ მოგვ ლამპადიუსს მოამზადებინეს და პირველად წმიდა ფოტინას შეასვეს; ფოტინამ შხამით სავსე კათხახელში აიღო და თქვა: “არ უნდა აგვეღო ეს საწამლავი და შეგვესვა იგი, რადგან შენ თვითონ უწმინდური ხარ. მაგრამ იმისთვის, რათა შენ, მეფეო, და ამ მოგვმა იხილოთ ძალი ქრისტესი, ყველაზე უწინარეს, ჩემი უფლისა და ღმერთის, იესუ ქრისტეს სახელით, მე შევსვამ ამ კათხას, შემდეგ კი მას დალევს ყველა, ვინც კი ჩემთანაა”. ასეც მოხდა და ყველამ იხილა, რომ ვერც საწამლავმა ავნო წმიდა მოწამეებს.

ეს რომ იხილა, მოგვი განცვიფრდა და წმინდანებს შეჰღაღადა: “მე მაქვს სხვა, ამაზე უფრო ძლიერი საწამლავი. და თუ თქვენ მასაც დალევთ და არაფერი შეგემთხვევათ, იმწამსვე ვირწმუნებ თქვენს ღმერთს და მოვინათლები”. როდესაც ახალი საწამლავი მოიტანეს, მოწამეებმა შესვეს ის და კვლავ არაფერი ევნო მათ. მოგვი კი უფრო მეტად განცვიფრდა, შეჰკრიბა ყველა თავისი ჯადოქრული წიგნი და ცეცხლს მისცა. აღთქმისაებრ, მან ირწმუნა ქრისტე და თეოკლიტეს სახელით მოინათლა. მეფემ რომ

ეს შეიტყო, უბრძანა თავის ჯარისკაცებს შეეპყროთ ყოფილი მოგვი და ქალაქის კედელს მიღმა თავი მოეკვეთათ. აი ასე, ყვლაზე უწინარეს მიიღო ნეტარმა თეოკლიტემ მოწამეობრივი გვირგვინი.
ამის შემდეგ, უსჯულო ნერონმა ბრძანა დაუმორჩილებელი ქრისტეანებისთვის ძარღვები გადაეჭრათ. ჯარისკაცებმა აღასრულეს ეს ბრძანება, მოწამეები კი დასცინოდნენ მეფისა და მისი “ღმერთების” უძლურებას და მათ მიერ მოფიქრებულ სატანჯველებს არად აგდებდნენ. მაშინ, იმპერატორმა გასცა ბრძანება გაედნოთ ტყვია და პირში ჩაესხათ წმიდა ფოტინესთვის, სხვებისთვის კი ზურგზე გადაესხათ. მიუხედავად ამისა, წმიდა მოწამეები აგრძელებდნენ თავიანთი ღმრთისა და შემოქმედის დიდებას: “გმადლობთ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ჩვენი გულმხურვალებით აღძრული შენდამი წყურვილი, ადუღებული ტყვიით განაგრილე”.

თუმცა, ნერონი ვერც ამან შეაჩერა და სხვა სატანჯველი მოიფიქრა. წმინდანები დაჰკიდეს და უმოწყალოდ აწამეს, რკინის იარაღებით ფხეკდნენ სხეულს, წვავდნენ ცეცხლით, მაგრამ რაც უფრო მეტ ტკივილს აყენებდნენ მეფის მსახურნი ქრისტეანებს, მით უფრო ძლიერდებოდნენ ისინი ღმრთის მადლით და ღმერთს ადიდებდნენ. მაშინ, საცოდავმა და ამაოებით შეპყრობილმა ნერონმა მათი სიმტკიცის გატეხვა სხვაგვარი ტანჯვით გადაწყვიტა: წმინდანებს ნესტოებში მწარე ძმართან შეზავებული ფერფლი ჩაასხეს. თუმცა, რაიმე შედეგი ვერც ამ ღონისძიებამ მოიტანა. წმინდანები კვლავ ადიდებდნენ უფალს და ამბობდნენ, რომ ეს ჯოჯოხეთური ნარევი “ოქროსა და ბაჯაღლოზე მეტად სასურველია და თაფლსა და გოლეულზე უტკბილესია” (ფსალმ. 18:11).

ასეთმა საქციელმა ტირანი მთლად გადარია. მან გასცა განკარგულება დაებრმავებინათ აღმსარებელნი, შემდეგ კი სამი წლით შხამიანი გველებით სავსე და აყროლებულ საპყრობილეში ჩაემწყვდიათ. თავისი მყოფობითა და გამუდმებული ლოცვებით, წმინდანებმა აკურთხეს ეს საშინელი ადგილი: მოკვდა ყველა შხამიანი ქვეწარმავალი, რომელიც საპყრობილეში ბუდობდა, სიმყრალე საოცარ კეთილსურნელებად შეიცვალა, ბნელი საპყრობილე კი ღმრთის ნათლით განათდა. დადგა მათ შორის ჩვენი უფალი იესუ ქრისტე და მიესალმა: “მშვიდობა თქვენდა” (იოანე 20:19). შემდეგ, მოჰკიდა ხელი ფოტინეს, ასწია იგი და უთხრა: “მარადის იხარებდით”, რადგან, აჰა, “მე სოფლის აღსასრულაბმდე თქვენთან ვარ” (მათე 28:20). ამ დროს, მოწამეებს დაუბრუნდათ მხედველობა და ღმერთი რომ იხილეს, თაყვანი სცეს მას. აკურთხა რა მოსაგრენი, ქრისტემ ისინი გაამხნევა და ზეცად ამაღლდა. წმინდანთა სხეულებს ქერცლივით მოსცილდა ნაფხეკი ხორცი, განახლდნენ, სრულიად გამოჯანმრთელდნენ და ისეთნი გახდნენ, როგორებიც ადრე იყვნენ.

ერთი წლის შემდეგ, მეფემ ბრძანა მოეყვანათ ერთ ერთი მის მსახურგათან, რომელიც წმინდანებთან ერთად იყო დამწყვდეული. როდესაც საპყრობილეს მიუახლოვდნენ, მეფის მალემსრბოლებმა იხილეს, რომ მოწამეები ჯანმრთელად არიან და ხარობენ: ბრმა გალილეველნი თვალხილულნი არიან, საპყრობილე ნათლითაა სავსე, ირგვლივ კი საოცარი კეთილსურნელება იფრქვევა. საპყრობილეს ხალხი მიაწყდა, აღიარებდნენ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს და ინათლებოდნენ.

ამგვარი ცნობის შემდეგ ნერონი მთლად გამოვიდა მწყობრიდან და კვლავ მოუწოდა მოწამეებს დასაკითხად. უსაყვედურა რა, რომ არ ისიმენენ მის ბრძანებებს და აგრძელებენ ქრისტეს სახელის აღიარებას, მან გადაწყვიტა ახალი სატანჯველებისთვის დაექვემდებარებინა ქრისტეანები მისი მითითების დარღვევისთვის. ჯერ თავდაყირა გააკრევინა ჯვარზე ყველა მათგანი, შემდეგ კი სამი დღის განმავლობაში მათ ტყავს ფხეკდა, სანამ მყესები მთლიანად მთლიანად არ გააცალა. ამის შემდეგ, გამხეცებულმა მსახურებმა ოთხი დღე ასე, თავქვედაკიდებულად მიატოვეს წმინდანები და ოთხი დღის შემდეგ რომ მიაკითხეს რათა გაეგოთ, ცოცხალნი იყვნენ თუ არა, მყის დაბრმავდნენ. ზუსტად ამ დროს გარდამოვიდა ანგელოზი უფლისა ციდან, გაათავისუფლა წმინდანნი, ეამბორა მათ და წყლულებანი განუკურნა. წმინდა ფოტინე სიბრალულით აღივსო დაბრმავებული მსახურებისადმი, მათი თავი შეავედრა უფალს და სიბრმავისგან განჰკურნა, რომლის შემდეგ, მათაც ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ.

ნერონს მორიგი სასწაულის შესახებ რომ მოახსენეს, გააფთრებულმა ფოტინე შეპყრობა და მისთვის ტყავის გაძრობა ბრძანა. ამ წამების დროს, წმინდანი დავითის ფსალმუნს გალობდა: “გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი” (ფსალმ. 25:2). ფოტინას ტყავი მდინარეში გადააგდეს, წმინდანი კი ამომშრალ ჭაში ჩააგდეს. შემდეგ, სევასტიანეს, ფოტინის და იოსიას ჯერ სასქესო ასონი მოაჭრეს და ძაღლებს მიუყარეს საჭმელად, შემდეგ კი ტყავი გააძრეს,

მდინარეში ჩაყარეს და ძველ აბანოში ჩაამწყვდიეს. ფოტინეს ხუთივე დას მკერდი მოაჭრეს და ტყავი გააძრეს. როდესაც წმიდა ფოტისას ჯერი დადგა, მან არ ისურვა შეპყრობილ ყოფილიყო წამების დროს და თავისი ტყავი თვითონ ისე გაიძრო, რომ მისი მოთმინება ტირანსაც კი გაუკვირდა. მიუხედავად ამისა მტარვალი არც ამას დასჯერდა და ახალი, საშინელი სატანჯველი მოიფიქრა: ნერონის ბაღში მოხარეს ორი ხე, მიაბეს მათ ნეტარი ფოტისა და აუშვეს. წმინდანი ორად გაიხლიჩა და სული თვისი უფალს მიაბარა. მაშინ ინება ბილწმა ნერონმა თავი მოეკვეთათ დანარჩენი მოწამეებისთვის, ნეტარი ფოტინე კი, ჭიდან ამოეყვანათ და საპყრობილეში ჩაემწყვდიათ.

რადგან ფოტინე მარტო დარჩა და ჯერ კიდევ არ მიეღო მოწამეობის გვირგვინი სხვებთან ერთად, დამწუხრდა და ღმერთს შეევედრა, რომელიც გამოეცხადა წმინდანს, პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრით სამჯერ ჯვარი გადაწერა და ყოველი სნეულებისა და ჭრილობისაგან განჰკურნა. რამოდენიმე დღის შემდეგ, ღმრთის მადიდებელი ფოტინა, მშვიდობით მიებარა უფალს. მის ხსენებას ეკლესია აღასრულებს 20 მარტს / 2 აპრილს.

აი ასე მიეახლნენ სანატრელ და სანუკვარ ღმერთს და მიიღეს მისი ზეციური სასუფეველი, ნეტარმა ფოტინემ და მასთან ერთად წამებულებმა, რასაც დე, ვეღირსოთ ჩვენც მათი ლოცვებით. ‘’ [28]

IV – დასკვნა

წინამდებარე ნამუშევარში შევეცადეთ მაქსიმალურად სრულყოფილი მსჯელობა წარგვემართა , იესოსა და სამარიელი ქალის საუბრის შესახებ . ვფიქრობთ , მკაფიოდ გამოჩნდა თუ რაოდენ დიდ სულიერ სიმაღლეს მიაღწია სამარიელმა ქალმა უმოკლესი დროის მანძილზე. მან დაგვანახა, რომ არ აქვს მნიშვნელობა წარმომავლობას , სქესს , წარსულს თუ სხვა ფაქტორებს , რომ მთავარია  რწმენა და მონდომება , რომლის დახმარებითაც , მცირე პერიოდის მანძილზე შესაძლებელია საოცარი მეტამორფოზა , ისეთივე , როგორიც განიცადა სამარიელმა ქალმა , როდესაც ერთი , მრავალგზის ცოდვილი ადამიანიდან , გახდა ქრისტეს სარწმუნოების გონივრულად , უშიშრად მქადაგებელი და ხალხთა მომაქცეველი .

ტროპარი

მოწამემან შენმან უფალო ფოტინე ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.ამინ.

კონდაკი 

ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო ფოტინე სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. ამინ

V – გამოყენებული ლიტერატურა

1-ბიბლიის ენციკლოპედია ; ერთტომეული ; თბილისი 2003 წელი ; მთ.რედაქტორი – პატ.ალექსანდრიელი

2-დიაჩენკო  გრიგოლ ; საკვირაო სახარებათა განმარტება ;; თბილისი 2011 წელი .

3-ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ; იოანეს სახარების განმარტება ; თბილისი – 2011 წელი .

4-წმიდაი ოთხთავი ; წმ. გიორგი მთაწმიდელის რედ. ; თბილისი 2008 წელი .

5-წმ . იოანე ოქროპირი – განმარტება იოანეს სახარების ; თარგმანი ექვთიმე ათონელისა ; ნაწილიI ; თბილისი 1993 წელი .

6-წმ.იოანე ოქროპირი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი ; განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა ; ტომი II ; თბილისი 2011 წელი .

7-S.CYRIL , ARCHBISHOP OF ALEXANDRIA INTERPRETATION OR COMENT ON THE GOSPEL ACCORDING TO JOHN . [ Translated by P.E. Pusey ] ; (1874 / 1885 ) ; Text was transcribed by Roger Pearse ; Ipswich ; UK ; 2005 .

8-Епископ Михаил (Лузин) ; Толковое Евангелие ; Кн. 3 ; Евангелие от Иоанна ; СанктПетербург

2013 Г .

ინტერნეტ რესურსები :

1-http://azbyka.ru

2-http://church.ge

3-http://www.newlife4you.gr

4-http://titus.uni-frankfurt.de


[1] სჳქარ CH ; συχὰρ Z ; Сихарь Y ; Sychar W .

2-სლვისა C  ;

[3] -მეექუსე DFG ;    მეექუსჱ C  ;  ὥρα ἦν ὡς ἕκτη  Z  ; Было около шестого часа  Y ;  it was about the sixthhour.W.

[4] დიაჩენკო – 54 გვ .

[5] -დიაჩენკო – 54 – 55

[6] – ჰსთხოვე D;

[7] -გცა FG. ;  εδωκεν αν σοι  Z ; дал бы Y ; would have given W ;

[8] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.170 .

[9] -ჯურღმული C ; колодезь Y ; well W ;

[10] -დიაჩენკო ; გვ.56 .

[11] -,, We must know again, that the Saviour here calls the grace of the Holy Ghost water, whereof if any be partaker, he shall have the gift of the Divine teaching evermore flowing up within him, ‘’ (გვ.209 )

[12] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.173-174

[13] – Он знал, что она не имеет законного мужа, а желал, чтобы она сама сказала, что не имеет, чтобы, воспользовавшись этим случаем, открыть обстоятельства ее жизни и подействовать на ее исправление. Повод к пророчествам и чудесам Иисус Христос благоволил всегда заимствовать от самих же приходящих, чтобы и избежать подозрения в тщеславии, и еще более приблизить их к Себе. Сказать раньше: ты имела много мужей и теперь имеешь незаконного мужа — показалось бы излишним и неблаговременным, но сказать это, когда она сама подала повод, было весьма последовательно и благовременно. http://azbyka.ru/otechnik/?Evfimij_Zigaben/tolkovanie-evangelija-ot-ioanna=4

[14] -,, although she had had so many; for not the coming together out of pleasure, but the approval of the law and bond of pure love make marriage blameless.’’ (pg.211 )

[15]Епископ Михаил (Лузин) – cm.134

[16] -იერუსალჱმსა EFG ;

[17] -მამასა თქუენსა E

[18] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.178

[19] -ჴსნა{ჲ} H .

[20] – τῶν ἰουδαίων ἐστίν Z ;  от Иудеев. Y ; is of the Jews W .

[21] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.179

[22] – ნეტარი თეოფილაქტე ; იოანეს სახარების განმარტება  ; გვ . 89

[24] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.180

[25] -დიაჩენკო –  გვ. 60 .

[26] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.184

[27] -წმ.იოანე ოქროპირი ; 1993 წ . ; გვ.219

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under წმიდა წერილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s