ავთანდილისა და ფატმანის ურთიერთობის ანალიზი (მართლმადიდებლურ ჭრილში)

შინაარსი

I – შესავალი

II – ავთანდილისა და ფატმანის ურთიერთობა

III – რამდენიმე პარალელი ბიბლიიდან

IV – დასკვნა

V – გამოყენებული ლიტერატურა

I . შესავალი

  ,, ჩემს სულს ასარკებს მოგონება ცხელის ასულის ,

ფატმან ხათუნი ელანდება ძილშიც ხარბ თვალებს  .

მიყვარს ეს ლანდი , მაშინაც კი , როცა მაწვალებს .

შეიძლებოდეს დაბრუნება ნეტავ წარსულის . ‘’

ტიციან ტაბიძე – ფატმან ხათუნი

 

 

ვეფხისტყაოსანში გამორჩეული ეპიზოდია ავთანდილისა და ფატმანის ურთიერთობა, რომელზეც სხვადასხვა კუთხით შეიძლება მსჯელობა. ამ შემთხვევაში მის განხილვას მართლმადიდებლური სარწმუნოების გადმოსახედიდან ვაპირებთ. რამდენად მიზანშეწონილია საუბრის ამგვარად წარმართვა სხვა საკითხია, მაგრამ რადგან დავიწყეთ გვმართებს ბოლომდეც მივიყვანოთ. სამწუხაროდ  საკითხს ვრცლად ვერ განვიხილავთ, მაგრამ  აქ დასმული საკითხები შეიძლება მომავალში გამოვიყენოთ უფრო ვრცელი თემის საძირკვლად .

აქვე მოგახსენებთ , რომ ძირითად ყურადღებას გავამახვილებთ ავთანდილისა და ფატმანის გრძნობებზე,მათგან გამოწვეულ ქმედებებზე და არა სხვა ასპექტებზე, რომლებსაც შესაძლებელია მრავალი საერთო ჰქონდეს აღნიშნულ საკითხთან. შევეცდებით, მაქსიმალურად ლაკონიურად გადმოვცეთ შოთა რუსთაველის, ფილოლოგების, წმიდა წერილის, თეოლოგთა და ჩვენი აზრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

II . ავთანდილისა და ფატმანის ურთიერთობა

სანამ ცალკეული ეტალების განხილვას დავიწყებდეთ, ჯერ ჩამოვაყალიბოთ თუ რის შესახებ ვმსჯელობთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნულ ეპიზოდში რუსთაველი მცირე ხნით წყვეტს ქალ-ვაჟური იდეალური სიყვარულის შესახებ მსჯელობას და მოგვითხრობს ,,არაიდეალური’’ და ,,არასრულყოფილი’’ სიყვარულის შესახებ .

ცალსახაა და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მართლმადიდებლური სწავლებით , ნებისმიერი სახის უკანონო ურთიერთობა ცოდვაა . ეს აქსიომაა და არ საჭიროებს  განხილვას  , მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენს ვსაუბრობთ ხელოვნების , მხატვრული ლიტერატურის ნიმუშის შესახებ , რის გამოც გვიწევს , რომ ოდნავ სხვა მიმართულებით მივმართოთ აზროვნების ვექტორი .

ზემოთ ვახსენეთ რომ , ფატმანსა და ავთანდილს შორის სიყვარული , არაიდეალური და არასრულყოფილია. ეს  არც  უნდა გაგვიკვირდეს . თუნდაც იმიტომ , რომ სიტუაცია ვითარდება გულანშაროში  . ქალაქში , რომელშიც პირველ ადგილზე დგას მიწიერი და მატერიალური კეთილდღეობა , ხოლო სულიერი და ზემატერიალური კი მეორე პლანზეც არაა . ამ ფონზე არ უნდა გაგვიკვირდეს ფატმანის სახე , რადგან იგი მისდა უნებურადაა იმ საზოგადოების წევრი , რომელსაც იდეალური  სიყვარული არ შეუძლია , იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ არ იცის , თუ რა ცნებაა ეს .

ამ ყოველივეს , ძალიან კარგად შენიშნავს მკვლევარი – გია მურღულია , რომელიც საყურადღებო დასკვნას გვთავაზობს :  ,, ის (ფატმანი ) უფრო შესაბრალისია ვიდრე გასაკიცხი . შეიძლება გარკვეული აზრით ითქვას , რომ ფატმანი ორი სამყაროს მიჯნაზე დგას – რეალურად ვაჭართა საზოგადოებაში ცხოვრობს , მაგრამ შინაგანად უფრო ამაღლებული საზოგადოებისკენ მიისწრაფის . ‘’ (1)

ფატმანთან დაკავშირებით უკვე ვახსენეთ , რომ მას არ შეეძლო იდეალური სიყვარული , მაგრამ რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე , როდესაც ავთანდილის საქციელს განვიხილავთ  ? პოემის სიუჟეტიდანაც ვრწმუნდებით , რომ იგი ნამდვილად იყო  ,, სრულყოფილი მიჯნური ‘’ . ამ კითხვაზე პასუხს , თავად პოემაში ვკითხულობთ :

,, ისი დიაცი აქა ზის , მნახავი კაცთა მრავალთა ,                              ( 1101 )

მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა , ყოველგნით მავალთა ;

მივჰყვე  , მიამბობს ყველასა , რაზომცა ცეცხლი მწვავ ალთა ,

ნუთუ რა მარგოს , გარდახდა მე მისგან ჩემთა ვცნა ვალთა !

თქვა : ‘’ დიაცსა ვინცა უყვარს , გაექსვის და მისცემს გულსა ,            ( 1102 )

——————————————–

1 – ალიბეგაშვილი , მურღულია , მაღლაფერიძე – 185 გვ. (დასახ.ნაშრომი )

აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა ;

რაცა იცის , გაუცხადებს , ხვიშიადსა უთხრობს სრულსა ;

მიჯობს , მივჰყვე , გინღა სამე ვსცნობ საქმესა დაფარულსა . ‘’

რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია აქედან ? ცალსახად იმის , რომ ავთანდილს არ სჭირს სიყვარულში გაორება . რომ რაინდს , წამითაც არ მოშორებია თინათინის ხსოვნა .

,, თქვა : ‘’ არ იცის გული ჩემი  , ვინ მაშიკობს , ვისსა ვისი !          ( 1098 )

რომე მიმიჩს სამიჯნურო , რათ ვამსგავსო მე მას ისი ! ‘’

ან თუნდაც აქედან :

,, თქვა : ‘’ ყვავი ვარდსა  რას აქმნევს ანუ რა მისი ფერია ! ‘’            ( 1099 )

( შეგვიძლია ანალოგიური შინაარსის სხვა , არაერთი სტრიქონის მოტანა . ) უბრალოდ , ავთანდილი იმდენად გულანთებულია მეგობრისთვის , იმდენად თავდადებული და შემართული , რომ მზადაა ნებისმიერ ფასად  დაეხმაროს მას ,  თუნდაც ეს საფასე , მისთვის ერთ-ერთი უძვირფასესი კუთვნილება – პირადი გრძნობები და მათი გამოხატვა იყოს .

რადგან ნაშრომში , მართლმადიდებლობასთან ვავლებთ პარალელებს გავიხსენოთ თუ სად ვხვდებით ბიბლიაში მსგავს მსხვერპლს . მაგალითისთვის მოვიყვანთ მართალი ლოტის ეპიზოდს , რომელმაც სახლსმომდგარ მოქალაქეებს შესთავაზა საკუთარ ქალიშვილებთან ინტიმური ურთიერთობა , ოღონდ სტუმრები არ შეებილწათ მათ :

,, გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი . უთხრა : ნუ იზამთ ბოროტებას ძმებო ! აჰა ,   ორი ქალიშვილი მყავს , რომელთაც მამაკაცი არ იციან ; მათ გამოგიყვანთ და უყავით , რაც გენებოთ . ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ …’’ (დაბ.9.8 )

მის მსგავსად იქცევა გიბყის მოსახლე ბერიკაციც , რომელიც საკუთარ ქალისშვილს და სტუმარ ხარჭას შესთავაზებს , მის სახლთან მოსულ ბენიამინელებს , იმ პირობით , რომ სტუმარ კაცს არ მიაყენებდნენ შეურაცხყოფას : ,, აჰა , გასათხოვარი ქალი მყავს შინ , ამ კაცსაც ხარჭა ახლავს . გამოგიყვანთ , დაიმორჩილეთდა უყავით რაც გენებოთ . ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ უზნეობას . ‘’ (მსჯ.19. 24.)

ავთანდილის  სიყვარული ტარიელის მიმართ კი იმდენად დიდია , რომ მზადაა არათუ საკუთარი თავი დაუთმოს სხვას (ამ შემთხვევაში ფატმანს ) , არამედ მისთვის აბსოლიტურად უცხო პიროვნებებიც დახოცოს და იქცევა კიდეც ამგვარად .

კვლავ ვიმეორებთ, რომ მცდარი და საფუძველსმოკლებულია აზრი ავთანდილისგან ფატმანის შეყვარების შესახებ . აი რას წერს , მკვლევარი ელგუჯა ხინთიბიძე : ,, არავითარი მინიშნება იმაზე , რომ თითქოს ავთანდილს შეუყვარდა ფატმანი , პოემაში არ არის . ავთანდილს ფატმანთან სამიჯნურო თავგადასავალის არცერთ ეპიზოდში არ ავიწყდება თინათინი . მას თავისი სასიყვარულო ინტრიგის ერთგვარად დამამცირებელი ხასიათიც კი აქვს გააზრებული :

,, ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს , სდის ზღვათა შესართავისად ,  ( 1253 )

შიგან მელნისა მორევსა , ცურავს გშრისა ნავი სად ;

იტყვის , თუ : ‘’ მნახეთ , მიჯნურნო , იგი ვინ , ვარდია ვისად,

უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად ! ‘’  (1)

დავუბრუნდეთ ფატმანს და ერთგვარ რეზიუმეს სახით ვთქვათ , რომ იგი მიუხედავად არაერთი ნაკლულევანებისა , ძალიან კარგი მეგობარია . ამ ურთიერთობაში იგი უანგაროა და თავდადებული . გარდა ამისა , როდესაც რაინდი სიმართლეს გაუმხელს  , ყველა ვხედავთ მისი მხრიდან მტკიცე ნებისყოფის გამოხატულებას, რასაც სამართლიანად აღნიშნავს მკვლევარი – გია მურღულია : ,, – სწორედ აქ გამოჩნდა ფატმანის დიდი ნებისყოფაც  . მან  თავს სძლია და რასაც მეგობრობისა და კეთილშობილების გრძნობა ავალებდა  ნესტანისა და ავთანდილის წინაშე , სრულად აღასრულა . ავთანდილი მის შინაგან ღირსებას გრძნობს და ამიტომაც ეადვილება თხოვნა : ,, მოდი და ფატმან მეწიე , ვეცადნეთ მათსა რგებასა . ‘’   (1275 ) (2)

———————————–

1-ხინთიბიძე ე. ;  (დასახ.ნაშრომი )გვ. 134

2 – ალიბეგაშვილი , მურღულია , მაღლაფერიძე – (დასახ.ნაშრომი ) გვ.186

III . რამდენიმე პარალელი ბიბლიიდან

მართლმადიდებლური სწავლებით ცალსახად იკვეთება , რომ ნებისმიერი სახის უკანონო თანაცხოვრება არის ცოდვა . მიუხედავად ამისა  თუ წმიდა წერილს გადავავლებთ თვალს , შავით თეთრზე დავინახავთ , რომ გარკვეულ შემთხვევებში , არაკანონიერი სქესობრივი კონტაქტი ქალსა და მამაკაცს შორის არ ჩაითვალა ცოდვად  . თუ რა იყო ამის მიზეზი , ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებთ , უბრალოდ შეგახსენებთ ბიბლიურ ფაქტებს , რომლებშიც აღნიშნული მოსაზრება დასტურდება . დავიწყებთ იუდასა და თამარის ეპიზოდის განხილვით :

,, უთხრა იუდამ : რა მოგცე წინდად ? უთხრა ქალმა : ეგ ბეჭედი , ეგ თასმა და ეგ არგანი , ხელში რომ გიჭირავს . მისცა იუდამ და შევიდა მასთან  . დაორსულდა მისგან ქალი . ‘’ (დაბ.38.18) გავიხსენოთ თუ რომელი ეპიზოდის შესახებაა საუბარი და ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის ეს ორი პიროვნება . არც  მეტი – არც ნაკლები რძალ-მამამთილი , ერთი შეხედვით მათ ჩაიდინეს უმძიმესი ცოდვა –   ინცესტი და მეძავთან ურთიერთობა . ებრაული კანონმდებლობით , ამ ცოდვების ჩამდენი , აუცილებლად მკაცრად უნდა დასჯილიყო , მაგრამ ფაქტი სხვას გვეუბნევა . მათე მახარებელმა , მაცხოვრის გენეალოგიაში შეიტანა ეს შემთხვევა და სამარადისოდ განუკუთვნა  მას საპატიო ადგილი . : ,, ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან  , ფარეზმა შვა ესრომი ; ესრომმა შვა არამი . ‘’ (მთ.1.3)

შემდეგი ბიბლიური ეპიზოდი  , რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ , გახლავთ ლოტისა და მისი ქალიშვილების ეპიზოდი . აი, რას ვგულისხმობთ : ,, შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით ; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას .’’ ( დაბ.19.33) ,, შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას ; ადგა  უმცროსი და მიუწვა  . ‘’ (დაბ.19.25 ) ,, შვა ძე უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი … უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი . ‘’ (დაბ.19.37-38)  ვხედავთ,  თუ რაოდენ საშინელ დანაშაულთან გვაქვს საქმე  . სქესობრივი ურთიერთობა ჯერ ერთ , შემდეგ მეორე ქალიშვილთან . ახლა კი  მოვუსმინოთ  პეტრე მოციქულს : ,,ხოლო მართალი ლოტი , უკეთურთა უგვანი ქცევით გაწამებული , იხსნა ; (ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს მართალი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით , როცა ხედავდა და ისმენდა მათ ბილწ საქმეებს ) , – (2პეტრე.2.8) ‘’  ნათლად ვხედავთ , რომ პეტრე მოციქულის აზრით, ლოტი მართალთა რიგებშია .

გავაგრძელოთ განხილვა და ვისაუბროთ რააბის შესახებ . იუდაური ეგზეგეტკა , ამბობს რომ იგი იყო არა მეძავი , არამედ სამეძაო სახლის მფლობელი . მართლმადიდებლური  კი პირდაპირ გვეუბნევა , რომ იგი მეძავი იყო . ნებისმიერ შემთხვევაში  სერიოზულ დანაშაულთან გვაქვს საქმე  . მაგრამ ვნახოთ, თუ რის ალეგორიულ სახედ მოიაზრება რააბი.  აი, რას ამბობს ორიგენე : ,, რააბ ითარგმანების ,, განვრცომად’’ და სახე მოაქვს წარმართთაგანისა ეკლესიისა მეტყუელისა : იწრო არს ჩემდა ადგილი , ყავ ჩემდა ადგილი , რათა დავისახლო , არა შემწყნარებლობისაგან მხოლოდ ცხოვნდების , არამედ პირველად სარწმუნოებისა და ღმრთისა მიმართისა მოწლეობისაგან . ‘’

დასკვნითი ეპიზოდი ამ ნაწილში კი არის ოსიას ეპიზოდი , რომელიც  უნიკალურია ყველა სხვა მომენტთან მიმართებაში – ,, როცა იწყო უფალმა ქადაგება ოსიას პირით , უთხრა  ოსიას : წადი , მოიყვანე გარყვნილი ქალი და გააჩინე გარყვნილების შვილები , რადგან გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს . წავიდა და მოიყვანა გომერი , დიბლაიმის ასული , დაორსულდა ქალი და უშვა ვაჟი . ‘’ (ოსია. 1.2-3)  ვფიქრობ, ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია, თან იმ ფონზე , როდესაც კანონმდებლობით , სიკვდილით უნდა მომკვდარიყო მეძავიც და მასთან მყოფი კაციც . მსჯელობა რომ  მშრალი არ გამოგვივიდეს , შემოგთავაზებთ ნეტარი იერონიმეს განმარტებას აღნიშნულ საკითხზე : ,, ებრაულ ტექსტში ოსიას ცოლოს მდგომარეობის სესახებ გვხვდება ტერმინი zanunim, რაც ნიშნავს არა გარყვნილებასა და გარყვნილს, როგორც ზოგიერთი ფიქრობს ამას, არამედ მრავალგზის გარყვნილებას. აქედან ვასკვნით, რომ ქალი, რომელიც ოსიას მოჰყავს ცოლად, ბევრჯერ იყო მხილებული მძიმე ცოდვაში. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სიმბოლურ ქმედებასთან, რომელშიც წინასწარნეტყველი უზენაესს განასახიერებს, მისი მეუღლე კი იუდეველ ერს. ‘’

ცოტა ხნით დავფიქრდეთ და მივხვდებით, თუ როგორ შეუსაბამობასთან და მკრეხელობასთან გვექნება  საქმე , თუ ბიბლიის ამ მუხლებს გავიგებთ ბუკვალურად. მაშინ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ  გამართლებულია ინცესტი  , ეკლესიის სახედ იქცა მეძავი ქალი და უფალმა მოუწოდა თავის წინასწარმეტყველს , რომ დაერღვია თავისასავე დადებული წესი და უფრო გაერყვნა , ისედაც გარყვნილი ქვეყანა .

ნუ იყოფინ !

IV . დასკვნა

აღნიშნულ ნაშრომში შევეცადეთ შედარებით უცნობი კუთხით წარმოგვეინა ფატმანისა და ავთანდილის ურთიერთობა . კვლავ ვიტყვით , რომ  უკანონო ურთიერთობა მართლმადიდებლური ეკლესიის ურყევი და  ჭეშმარიტი სწავლებით , არის ცოდვა . თუმცა , როდესაც მხატვრულ ნაშრომს განვიხილავთ , ვალდებულნი ვართ ოდნავ სხვა კუთხიდან  შევხედოთ მოვლენებს . მით უმეტეს მაშინ , როდესაც თვით წმიდა წერილშიც გვხვდება ავთანდილის მსგავსი ,, მსხვერპლშეწირვის’’ ნიმუშები  და ერთი შეხედვით , სიძვისა და მრუშობის ცოდვის , გამამართლებელი მომენტები .

რაც შეეხება ხშირად დასმულ კითხვას – ფატმანთან ურთიერთობა , ავთანდილის პიროვნების დაღმასვლა იყო ( როგორც ამას ფიქრობდნენ კ.ბენინი და სხვები ) თუ პირიქით . ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოვიხმობთ ამაგდარი მკვლევრის – ელგუჯა ხინთიბიძის აზრზს :  ,, ჩემი აზრით , ავთანდილის გულანშაროსი ქცევა მისი პიროვნების კიდე უფრო ამაღლებაა . ავთანდილი ამაღლდა საკუთარ პიროვნულ ნება-სურვილზეც .  გააკეთა ის , რაც მას არ სწადდა , მაგრამ რასაც მაღალი ადამიანური მოვალეობა სთხოვდა . ‘’ (1)

————————————-

1 – ხინთიბიძე ე .  (დასახ. ნაშრომი )გვ. 599

V – გამოყენებული ლიტერატურა

1 – ალიბეგაშვილი , მურღულია  . ; მაღლაფერიძე  – საუბრები ქართულ ლიტერატურაზე . თბილისი 1987 წელი .

2 – ბიბლია ; თბილისი 1989 წელი .

3 – მიგინეიშვილი ბაქარ , გიორგი თოდუა –  კატენებიანი ბიბლია . თბილისი 2011 წელი .

4 – ვეფხისტყაოსანი ; სასკოლო გამოცემა ; ტექსტი გამოსაცემად მოამზადა – ნოდარ ნათაძემ; თბილისი 2008 წელი .

5 – ხინთიბიძე ელგუჯა ; ვეფხისტყაოსნის იდეურ – მსოფლმხედველობითი სამყარო ; თბილისი 2009 წელი .

 

 

2013 წელი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under კრიტიკა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s