სატიველ ბაგრატიონთა ისტორია

1

  ხაშურის რაიონი გეოგრაფიულად არც თუ ისე დიდი ფართობის გახლავთ,თუმცა დაკვირვებული თვალი აქ იმდენ საინტერესო ისტორიულ ძეგლს შეამჩნევს, რომ ტერიტორიული სიმცირე სულ გადაავიწყდება. ვაგრძელებთ თემათა ციკლს ,,რა განძი გვქონია’’, რომლის მთავარი მიზანი არც თუ ისე ცნობილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ისტორიის მქონე კულტურული ძეგლების საზოგადოების ფართო მასებისთვის გაცნობაა.
ახლა ჩვენ შემოგთავაზებთ თემის მეორე ნაწილს, რომელიც სოფელ სატივეზე და ამ დასახლებაში მდებარე წმინდა სამების ტაძარზეა. მიუხედავად ცნობების სიმწირისა ვიმედოვნებთ, რომ ამ მცირე მასალის გაცნობის შემდეგაც მკითხველი უკმაყოფილო არ დარჩება. თემაში მოთხრობილია იმ ცნობილი ფაქტების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია სოფელ სატივესთან და იმ საიდუმლოსთან, რომელსაც წმინდა სამების ტაძრის ნეკროპოლი ინახავს.

შ ი ნ ა ა რ ს ი

I.შესავალი
II.ძირითადი საკითხები
1.სოფელ სატივის ისტორია
2.არქიტექტურა (გეგმა,სტილი,არქიტექტონიკა,ინტერიერი,ექსტერიერი)
საეკლესიო ნივთები: ბარძიმ-ფეშხუმი; სახარება; ტრაპეზი; კანკელი
3.სატიველ ბაგრატიონთა ისტორია
4.მოძღვრის ინტერვიუ

III.დასკვნა

შ ე ს ა ვ ა ლ ი
ქართველებმა უნდა ვიამაყოთ ჩვენი ისტორიული წარსულით,რომელიც იმდენად მდიდარია და მრავალფეროვანი,რომ შეუძლებელია მარადიული საფიქრალი არ გაუჩინოს ქართველ კაცს.
ხაშური პატარა რაიონია, თუმცა მას საკმად საინტერესო წარსული აქვს. თურმე ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ქვის ხანიდან უცხოვრია და მას დაუტოვია კიდეც თავისი სულიერი და მატერიალური მოღვაწეობის კვალი. ცნობილია, რომ ხაშურის ტერიტორიაზე ,,გადიოდა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპისკენ მნიშვნელოვანი სავაჭრო სატრანზიტო გზა.ამ გზის შესახებ ცნობებს გვაწვდის ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი’’.(1) ცხადია, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა ხაშურს არ ჩამორჩენოდა საქართველოში მიმდინარე კულტურულ ტენდენციებს.
ხაშურის რაიონი მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით.ისტორიკოსები მიუთითებენ, რომ აქ აღნუსხულია სხვადასხვა დროის და დანიშნულების 150-ზე მეტი ძეგლი.ჩვენი ყურადღება ამჯერად სოფელმა სატივემ მიიქცია,რომელსაც საკმაოდ საინტერესო და უცნობი წარსული აღმოაჩნდა

—————

1-თ.ლაცაბიძე, ხაშურის რაიონი, 2000 წ. გრაფიქსი

 

1.სოფელ სატივის ისტორია

   სოფელი სატივე მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდ. სურამულას აუზში ზ.დ.750 მ. ხაშურიდან დაშორებულია 16 კმ-ით, გომიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური)5-კმ-ით. სატივე შედის გომის სასოფლო საკრებოლოში, არის დიდი და პატარა სატივე. დიდი სატივე მდებარეობს მდ.სურამულას მარცხენა მხარეს, ხოლო პატარა სატივე მარჯვენა მხარეს.
სახელწოდება მომდინარეობს ტივისგან. გადმოცემით, აქ ტივების სადგური ყოფილა, რომელიც შემდგომ სოფლის სახელწოდებადაც ქცეულა. არის ვარაუდი იმის შესახებაც, რომ მდინარე მტკვრის ერთი ტოტი სწორედ სატივესთან გადიოდა,მ დინარე მტკვარი კი, როგორც ცნობილია გამოიყენებოდა ტივების გადასაადგილებლად. ამდენად,გამორიცხული არ არის, რომ სოფლის სახელწოდება ტივიდან მომდინარეობდეს.
სატივეს იცნობს ვახუშტი ბატონიშვილი. იოანე ბატონიშვილი სურამის წყლის აღწერისას აფიქსირებს მას.  ისტორიულ და ეკონომიკურ ხასიათის ძეგლებში ხშირად გვხვდება იგი.
თავდაპირველად სატივე,როგორც ჩანს, ამირეჯიბების კუთვნილი მამულია, რომელიც შემდგომ დავითიშვილების ხელში გადავიდა. ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია: ,,..სოფელი სატივე, ამირეჯიბებისგან ნანსისხლი’’.
როდის გადავიდა სატივე დავითაშვილების ხელში უცნობია, მაგრამ XVII საუკუნის 30-იანი წლებისთვის, რომ დავითიშვილების კუთვნილებაა არაერთ დოკუმენტში დასტურდება. როსტომ მეფის 1634 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების წიგნში დავით და რამაზ დავითიშვილების მამულის საქმეზე აღნიშნულია, ,,რომ გამოიფიცა დავით და გამოიტანა ფიცითა… სოფელი სატივე..’’ როგორც ამ დოკუმენტით ირკვევა, სატივეზე დავა ჰქონდათ დავით და რამაზ დავითიშვილებს. ეს უკანასკნელი დავითის ძმისწულია, მათ შთამომავლობას შემდგომშიც აქვთ დავა სატივეზე.
ზემო ქართლის XVII-XVII საუკუნეების მოსახლეობის აღწერის არაერთ დავთარშია დაფიქსირებული სატივე:
XVII საუკუნის დამდეგით დათარიღებული დავთრის მიხედვით, აქ 25 კომლი ცხოვრობს;
XVII საუკუნის მეორე საუკუნის ნახევრის დავთარში შეტანილია 14 კომლი;
1715 წლის რუისის სამწყოს დავთარში სატივიდან დაფიქსირებულია 12 კომლი;
XVII საუკუნის 50-იან წლებში ლეკთა ხშირი შემოსევების შედეგად სატივე როგორც სოფელი მოიშალა, 1761 წლის 19 თებერვალს ზაალ დავითაშვილი სატივის შესახებ ერეკლე II-ეს წერდა ,,..ჩვენს მამულში ცეცხლი აღარ ანთია, აღარც ყმა დაგვრჩომია, რაც ლეკს მოურჩა, დაიფანტნენ.’’
როგორც ირკვევა სამეფო კარისაგან გარკვეული ღონისძიებები გატარებულა სატივის ასაღორძინებლად, მაგრამ აქ ხელმეორედ დასახლებული გლეხებიც ხშირად გამხდარან ლეკთა შემოსევების მსხვერპლნი. 1764 წლის 24 ნოემბრის დიმიტრი ნაზირის არზაში ერეკლე II-სადმი, ნათქვამია: ,,ახლაც აჯიაშვილი და 8 გლეხი კაცი ლეკისაგან დაკარგულან.’’ იმდენად გართულდა საქმე,რომ მას სატივეში თავისი მსახურები დაუყენებია,რათა სოფელში დარჩენილი გლეხებიც არ დაფანტულიყვნენ…მიდით, სატივეს დადექით, მანამდე ხელმწიფეს მოვახსენო, ვინც დარჩომილან,ისინიც და ქვრივ-ობლები არ დაიფანტონ მეთქი.’’(1)
————————————-

1-თ.ლაცაბიძე, ხაშურის რაიონის ტოპონიმიკა, გვ-128

 

 

დიმიტრი სთხოვს სამეფო კარს, რომ სატივის მიმართ გარკვეულიშეღავათები განხორციელდეს, კერძოდ, ვინც აქ დადგებოდა განთავისუფლებულიყო სურსათის გადასახადისა და მორიგე ჯარში სამსახურისგან. ,,თუ თქვენი წყალობა არ დაემართათ რა, და ერთი იმედიანი ოქმი არ უბოძეთ, იმათ გაძლება არ იქნება’’ ნათქვამია არზაში.დიმიტრი იქვე მიუთითებს,რომ სატივეში ,,..მემკვიდრე ბინიანი კაცი არავინ არის.სულ მოგროვილ-მოგროვილი კაცნი შემიპყრია და ისინი დგანან.’’(1)
სამეფო კარმა შესაბამისი ღონისძიებები გაატარა სატივის მიმართ. ეს კარგად ჩანს დოკუმენტზე ერეკლეს მიერ გაკეთებული წარწერიდან, რომელშიც ნათქვამია: ,,ჩვენი ბრძანება არის, ვინც სატივეს დგახართ, მერმე თქვენი მორიგე და სურსათი გვიპატივებია. თქვენ მანდაურობაზე გულს ნუ გამოიცვლით. მანდავ მართებულათ უნდა იდგეთ… ნაზირისთვისაც გვითქვამს, თქვენს ყოვლისფრის ხელს მოგიმართავსთ. ჩვენც ყურს მოგიგდებთ. თქვენს ძალასა და უსამართლოს ვერავინ გიზამთ. ღმეთმა ნუ ჰქნას, თუ დაგჭირდებათ ჯარს მოგახმარებთ’’.
სამეფო ხელისუფკების მხრიდან სატივის მიმართ გატარებულმა ასეთმა სერიოზულმა ღონისძიებებმა თავისი შედეგი გამოიღო. უკვე 1766 წლის 8 სექტემბერს ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია: ,,..რა სატივე აშენდა’’..
გერმანელი მეცნიერი ი.ა. გულდანშტედტი, რომელიც 1771-1772 წლებში მოგზაურობდა საქართველოში, რამდენჯერმე მოიხსენიებს სოფელ სატივეს. ორჯერ აღნიშნავს, რომ სატივე ციხეა. ,,მოხისი და სატივე, ორივე ცერებრა.’’ მდინარე სურამულას ხეობის აღწერის დროს კვლავ ასახელებს სატივეს, როგორც ციხეს- ,,ციხე სატივე.’’
რას ემყარება ი.გულდანშტედტი, როდესაც სატივეს ციხედ მოიხსენიებს, სხვა დოკუმენტებში ვერ მივაკვლიეთ, არც სატივეშია რაიმე კვალი.

————

1.თ.ლაცაბიძე.ხაშურის რაიონის ტოპონიმიკა,გვ-128

2. თ.ლაცაბიძე.ხაშურის რაიონის ტოპონიმიკა.გვ126-127

 

წმინდა სამების ეკლესია

   ,,არქტ. ძეგლი. სოფლის ჩრდ. აღმოსავლეთით 500 მ-ზე. აშენებულია XIXს-ის შუა წლებში ბაგრატიონ დავითიშვილის (დავიდოვის) მიერ. ეკლესია დარბაზულია (10.4X6.16) ნაგებია აგურითა და ქვიშაქვით. შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით,ნახევარწლიულ აფსიდში, დარბაზის სამხრეთით და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია, აფსიდის სარკმლის ორივე მხარე ნიშებია. საკურთხევლის წინ დგას კანკელი, ინტერიერი შელესილია და შეთეთრებულია, ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღი გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა, ინტერიერში ჩრდ.კედლის დასავლეთ ნაწილში ჩასმულ მარმარილოს ფირფიტაზე ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა, დასავლეთ ფასადის კარის გასწვრივ კედელში ჩატანებულია ქვაზე-ჯვარი. დასავლეთით ეკლესიაზე მიშენებულია მაღალი პროპორციულობის აგურით ნაგები სამრეკლო (3.2X3.2). I სართული ოთხივე მხარეს გახსნილია თაღებით და დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავანგარდით. II სართული ფანჩატურია, იგი I სართულთან შედარებით ვიწროა, ორივე სართულს გუმბათოვანი გადახურვა აქვს”(1)

———————

1.საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი-V, გვ 429

 

საეკლესიო ნივთები

ა)ბარძიმ-ფეშხუმი

ტაძრის უძველესი ბარძიმ-ფეშხუმი დაკარგულია, ხოლო სურათზე ნაჩვენები კი შეიძინა ბატონმა დავით ტყეშელაშვილმა.

Image

 

ბ)სახარება

ტაძრის სახარება, ისევე როგორც ბარძიმ-ფეშხუმი, კომუნისტური მმართველობის პერიოდში დაიკარგა, ხოლო მოცემული სახარება წმინდა სამების ტაძრის მრევლმა შეიძინა 2008 წელს.

Image

გ) ტრაპეზი

სურათზე გამოსახულია წმინდა სამების ტაძრის ტრაპეზი, რომლის ქვაც ძველი ეკლესიისაა.

Image

დ)კანკელი

Image

 

სატიველ ბაგრატიონთა ისტორია

   გასული საუკუნის საქართველოს სულიერ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა ბაგრატიონ-დავითაშვილთა ოჯახმა, ეს იყო ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული განსაკუთრებული ოჯახი, რომლის ყველა წევრიც გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენდა იმ დროის საქართველოში.
განგებამ ტრაგიკული ხვედრი არგუანა ამ ოჯახს, რომლის შვილები თავისი დროის საუკეთესო მოღვაწენი იყვნენ, პირქუშმა დრომ არც ისინი დაინდო და ხშირად არგუნა ჟამის სიმწარე, მაგრამ აგრეთვე იყო ბედნიერი დღეებიც, რომლებმაც მცირეოდენი სიხარული მაინც მიჰგვარეს ბაგრატიონთა ამ შტოს.

Image
ზემოთ მოგახსენეთ, რომ სოფელ სატივეში მდებარეობს წმინდა სამების ტაძარი. ეკლესიის ნეკროპოლი ხუთი საფლავით შედგება, რომლებიც დიდ ისტორიას ინახავენ.
,,ამა ლოდსა ქვეშე განისვენებს პოდპორუჩიკის ალექსანდრე ბაგრატიონ დავიდოვის მშობლის, კნეინა მელანიას გუამი, რომელიც ითხოვს აღმომკითხველთაგან სულისათვისა განსვენებისა თქმასა. გარდაცვლილ არს ჩყნზ/1857/წელსა იანვრის 4 დღესა.”
რაც შეეხება ალექსანდრე ბაგრატიონს, მას ყველა იცნობდა, როგორც უძლიერეს მებატონეს, დიდი მამულების პატრონს და შეუპოვარ ადამიანს. ,,ალექსანრე ბაგრატიონ დავითაშვილი ერთ-ერთ დიდ ფეოდლად ითვლებოდა მთელს ქართლში,მ ისი გავლენის სფერო ისედაც ვრცელი იყო, ხოლო დიდი გავლენიანი გვარის ქალის შერთვამ სიმდიდრეც შემატა და სახელიც.’’ (1)
კარგი განათლება ჰქონია მიღებული ალექსანდრეს მეუღლეს დარია, რომელიც მეფე ერეკლეს შვილთაშვილი ყოფილა( ერეკლე-ანასტასია-ბიძინა-დარია), როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ვიგებთ, იგი ქართული მწერლობის ჩინებული მცოდნე ყოფილა და გარდა ამისა უცხოურსაც კარგად ყოფილა დაუფლებული, ამის გამო იყო რომ შვილებმა ბრწყინვალედ იცოდნენ ფრანგული ენა.
ალექსანდრე და დარია ბაგრატიონებს ჰყავდათ ხუთი შვილი: ნიცა,ბაბო,ტასო,გიორგი და თამარი.

———————-

1.ვ.ჭელიძე,ცხოვრება ივანე მაჩაბლისა,თბ 1957.გვ283

Image

   ,,1884 წელს ბაგრატიონ-დავითიშვილებმა გაათხოვეს უფროსი ქალიშვილი ნიცა, მისი მეუღლე ბეჟან წერეთელი საჩხერეში ცნობილი პიროვნება ყოფილა, აკაკი წერეთლის ახლო ნათესავი, შემდგომში კი სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი. სწორედ ამ ქორწინებით დაედო საფუძველი საჩხერეში ერთი მშვენიერი ოჯახის შექმნას, ხოლო ამ ოჯახის უპირველესი მეგობარი აკაკი წერეთელი იყო. ნიცას და ბეჟან წერეთელს სამი შვილი ჰყავდათ: ივლიტა, ალექსანდრე, თამარი.” (1)
აკაკი მოხიბლული იყო ბეჯან და ნიცა წერეთლების ოჯახით, ძალიან უყვარდა მათი პირველი ქალიშვილი-ივლიტა, რომელიც უეცრად გარდაიცვალა. მშობლებმა პატარა წერეთელი სატივის ტაძარში დაასაფლავეს, შეძრძწუნებულმა პოეტმა მშობლების სანუგეშოდ ივლიტას ლექსი მიუძღვნა:

,,იხარე ანგელოსთ გუნდში,
ვარსკვლავო მოსხივცისკარე,
ლიტანიობდე ამიერ
ეთერზე ფრთებმოელვარე.
წახველ უდროოდ ამ სოფლით
ედემის ნორჩი ყვავილი,
რომ შენი ხსოვნა შენს მშობლებს
ეკლად დაესოს მწარ ტკბილი.
თანამავალო ვარსკვლავთა,
ელვარებითა დიდებით.
ლიტანიობდე ცის გუნდში
იმხიარულე მშვიდობით“

—————

1.მ.მთვარელიძე-მათი ბედნიერი და უბედური დღეები.200წ.გამომცემლობა ცისნამი,გვ8.

(ლექსი აკროსტიხია და ყოველი სტრიქონის პირველი ასოებით იკითხება ივლე წერეთელი)

Image

   1903 წელს ნიცა დაფეხმძიმდა, თუმცა უიმედოდ უყურებდა მომავალს, ამის გამგონე აკაკი ლექსს უძღვნის ,,შვილის დამკარგავ ორსულ დედას’’

,,იგლოვდი სისხლხორც დაკარგულს
შესტრფოდი თანვე მომავალს,
და სავსე სარწმუნოებით
იხდიდი სოფლის სესხს და ვალს.
ამბობდი ,,ყოვლად ძლიერო’’
წმინდა არს ნება შენიო,
სიკვდილით ჰბადებ სიცოცლეს
თვით ბნელზე ნათლის მფენიო.”

Image

ნიცას გოგონა შეეძინა, რომელსაც თამარი დააარქვეს, აკაკიმ კი გოგონას თამუნია შეარქვა. ოჯახში ხშირი იყო სტუმრიანობა, წარჩინებულ სტუმართა რიცხვს მიეკუთვნებიან ცნობილი მოღვაწეები-მარჯორი და ოლივერ უოდტროპები, რომლებსაც ერთი ღამე საჩხერეში, ბეჟან წერეთელთან გაუთენებიათ და ძლიერ მოხიბლულნი დარჩენილან მასპინძლობით. შემდეგში კი ინგლისელი სტუმრები საგურამოში,ილია ჭავჭავაძესთან წასულან. ნიცას გარდა ბაგრატიონებს ორი ასული ჰყავდათ-ტასო და ბაბო. ამათგან ბაბო ყველაზე უმცროსი და სრულქმნილი მშვენიერებით დაჯილდოებული ყოფილა, აკაკი მას ,,ტუჩმარჯანას” ეძახდა, როგორც ამბობენ, პოეტს იგი სარძლოთაც მოსწონდა:

Image

,,სილამაზე, სიჭაბუკე
მომხიბლავი კაცის გულის,
ედემს ქმნილი, ცაში თლილი
აკვანია სიყვარულის.’’
მალე ბაბო პარიზისკენ აიღებს გეზს, ხოლო იქიდან ლონდონში გაემგზავრება. უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ კი გადაწყვეტს, რომ გახსნას საქველმოქმედო სამკერვალო ხელმოკლე ქალებისთვის. ამ განზრახვას კი მარჯორი უოდტროპის დახმარების შემდეგ მართლაც შეესხმევა ხორცი. 1902 წლიდან იგი გადადის საცხოვრებლად პეტერბურგში, თუმცა რამდენიმე წელიწადში უკურნებელი სენით დაავადდება და 1915 წლის 17 ივლისს

Image

გარდაიცვლება, ,,XIX საუკუნის მიმწუხრისა და XX საუკუნის გარიჟრაჟის საქართველოს ნამდვილმა მშვენებამ,სამშობლოში ძლივს ჩამოიტანა სული და ძმამ იგი ეკლესიაში მშობელთა ფერხთით დაკრძალა.” (1)
რაც შეეხება ტასო ბაგრატიონს, დავითიშვილების ოჯახიდან აკაკი ყველაზე მეტად ტასოს დაახლოებია და ლექსიც უძღვნია მისთვის- ,,ტასო ბაგრატიონის ალბომში:”
,,სკვითის ენა, სკვითის ქცევა,
მეგობრადაც ვინმე სკვითი,
ვისურვებ,რომ აგცდენოდეს.
შენ ეგ სხვისი მაგალითი.”
ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გამტკიცდა, როდესაც ტასო ცოლად გაჰყვა ქართული კულტურის ჭეშმარიტ კორიფეს, ვანო მაჩაბელს და გახდა აკაკის პოეტური ხატი, მისი შთაგონებით პოეტმა ბევრი ლექსი დაწერა, მათგან ერთ-ერთია ,,ტ..ს”
,,უცხოეთს მყოფსა შენს გამო,
გულში რომ ცეცხლი მეკიდა
დრო გარდასული კურცხალად
წამწამზე გადამეკიდა.”
თუმცა არც მისი ბედნიერება გაგრძელებულა დიხანს და 1917 წელს გარდაიცვალა იგი. შეწუხებულმა უოდტროპმა ნორვეგიიდან მოაწვდინა ხმა ჭირისუფლებს.

—————————-

1.მ.მთვარელიძე-მათი ბედნიერი და უბედური დღეები.გვ.74

 

Image

უოდტროპს არც ნინო ორბელიანი ჩამორჩა და ლექსით გამოხატა გულისტკივილი:
,,შენ კი ტურფავ სახით,საქმით
სულით,გულით მშვენიერსა,
სამშობლო არ დაგივიწყებს
ეწამები ჩვენსა ერსა. ‘’

   1899 წელს აკაკი წერს ლექსს: ,,ცოცხალი სურათები,” რომელიც დათა ბაგრატიონს ეძღვნება, დათა დარდიმანდი, კეთილშობილი ჭაბუკი ყოფილა და აკაკის კარგი მეგობარიც გამხდარა.
,,მზე ჩაგვესვენა…დაბნელდა,
ძლივს ბჟუტავს ჩვენი ლამპარი,
ჩვენი წარსული ჩვენთვისვე
გამხდარა სიზმარ-ზღაპარი.’’
დათამ განათლება უცხოეთში მიიღო, ცხოვრობდა-ჟენევაში, ნიცაში, პარიზში. ალბათ, სწორედ ამ სიბრძნეზე საუბრობდა აკაკი წერეთელი, როცა ხმალზე წარწერა გაუკეთა ბაგრატიონს.
,,სახარება გვირგვინად და
ტახტად ვეფხისტყაოსანი
საზრუნველად ქართველობა
და მეგობრად ბრძენმგოსანი.
ყველა ერთად შეადგენდა
ბაგრატიონთ ძლიერებას.
და ღირსეულ იმათ ნაშთსა
დღესაც კიდევ ვუძღვნი ქებას.’’
XX-საუკუნის გარიჟრაჟზე დათამ ცოლად მოიყვანა ბარათაშვილის ქალი და შექმნეს კიდევ ერთი შესანიშნავი ქართული ოჯახი, თუმცა ახლობლების დაღუპვის მომსწრე დათამ ვეღარ შეძლო დიდხანს სიცოცხლე და გარდაიცვალა 1921 წელს.
იმდროინდელ საქართველოში, როგორც ყველა მისი ოჯახის წევრი, საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო გიორგი ბაგრატიონი, რომელიც ყოფილა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშალი და რამდენადაც მას თავისი ოფიციალური მდგომარეობა აძლევდა საშუალებას, მნიშვნელოვანი წვლილიც შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. თუმცა განგების ხვედრი არც მას ასცდა და 1929 წელს განეშორა წუთისოფელს.
ჩვენ ზემოთ ვახსენეთ პატარა თამუნია წერეთელი, თუმცა ვრცლად არ გვისაუბრია მის შესახებ. ნიცა წერეთელი იხსენებს: ჩემმა შვილმა წაიკითხა ,,ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო” აკაკი რომ ყურს უგდებდა საშინლად აღელდა,ქვითინი დაიწყო. მე ვკითხე, რამ აგაღელვათ აგრე, რომ ატირდით მეთქი,- იმისთანა გრძნობით წაიკითხა, რომ ბედნიერება განვიცადე, რომ ამ პატარამ ასე იგრძნო ჩემი გულისნადები, დიდები ასე ვერ წაიკითხავენო.
თამუნია ღვთაებრივი სილამაზის მატარებელი იყო. წერეთლების ოჯახი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, შესანიშნავი განათლების მქონე თამუნიამაც დაიწყო მუშაობა ლაღიძის წყლებში მოლარედ. თბილისში მალე გავრცელდა ხმა უმშვენიერესი ქალის შესახებ. ერთ დღეს ტიციან ტაბიძე შევა მაღაზიაში და დარჩება გაოგნებული ამ სილამაზის ხილვის გამო და უძღვნის კიდევაც ლექსს:
,,ბედნიერი ვარ- როგორც არასდროს,
თვითონ არ ვიცი რა მიხარია.
არ მინდა გული ცეცხლმა დაღადროს
თუ ცეცხლი ლექსად მე მაფარია.
ტაშისკარიდან მოჰქრის გრიგალი
დიდ მოურავის მუზარადებით.
სჩანს მოგრეხია თავის ნამგალი,
მთვარე სავსეა გულის ნადებით…
თამარ ვინ იტყვის- რა იყო მართლა,
თამარს ვინ იტყვის- რა იყო მართლა,
თამარს ვინ იტყვის- მართლა რა არის…
თავზე დამნათის მე ძველი ქართლი,
და ,,მოდი-ნახის”ვარ პატიმარი?.” (1)
გიორგი ლეონიძე, ექსპრომტად უძღვნის ლექსს ,,ღამე ივერიისა”-თამუნიას
,,დახანძრებული წევს ივერია,
მტკვარზედ წნორები უკრავენ თარებს,
მეტივეები სადღაც მღერიან,
სოფლის გუბეში გაჩრილა მთვარე.’’
1925 წელსავე კონსტანტინე გამსახურდია მიართმევს მას ,,დიონისოს ღიმილს,” 1926 წელს გრიგოლ რობაქიძე კი ,,გველის პერანგს.‘’ 1929 წელს თამუნია ცოლად გაჰყვა იმ დროისათვის გამოჩენილ იურისტსა და ექიმს ნიკოლოზ კახაძეს. თუმცა არც თამუნიას ასცდა მწარე სასმისი და შვილის შეძენიდან 15 დღის შემდეგ ფეხი მოკვეთეს. ამის გამგონე ტიციანს კი სულითხორცამდე შეძრავს ეს ტრაგედია:
,,ხარ დანგრეული შენ მოდი-ნახე
ფეხმოტეხილი შენ ხარ ღრუბელი

Image
მას შემდეგ რაც მოვრჩით საჭირო მასალების მოკვლევას, გადავწყვიტეთ, რომ მივსულიყავით წმინდა სამების ტაძრის მოძღვარ დეკანოზ არჩილ ლურსმანაშვილთან.

გ.ლ.- დაგვლოცეთ მამაო.
დეკანოზი არჩილი- ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ თქვენ და
სრულიად საქართველო.
გ.ლ.- ჩვენ ყურადღებით გავეცანით ტაძართან დაკავშირებულ ცნობებს და გაოცებულებიც დავრჩით, გვაინტერესებს თუ იყო კომუნისტური მმართველობის პოერიოდში ამ სიწმინდეების ხელყოფის მცდელობა?
დეკანოზი არჩილი- მოგახსენებთ, რომ იმ ავადსახსენებელი კომუნიზმის დროს იყო სიწმინდეების დაზიანების მცდელობა საფლავები დამსხვრეულია, რადგან ჩვენი ,,თანამემამულეები” ფიქრობდნენ რომ მათში სიმდიდრე იყო ჩატანებული, თუმცა მადლობა ღმერთს საფლავებმა ჩვენამდე მოაღწია.
გ.ლ.- რაც შეეხება უშუალოდ ტაძარს როგორი სახით მოაღწია ჩვენამდე?
დეკანოზი არჩილი– ტაძარი საკმაოდ დაზიანებული მდგომარეობაში დაგვხვდა, დაზიანებული იყო უძველესი ხის კანკელი, აგრეთვე დაიკარგა უძველესი ნივთები, თუმცა ბატონმა დავით ტყეშელაშვილმა ძალ-ღონე არ დაიშურა, რომ ტაძარს ძველი იერსახე დაბრუნებოდა და მადლობა ღმერთს, 2008 წელს აღდგა კიდევაც წირვა-ლოცვა.
გ.ლ.- დიდ დროს აღარ წაგართმევთ, თუ შეიძლება გვითხარით, რა სამუშაოებს საჭიროებს ამ დროისთვის ტაძარი?
დეკანოზი არჩილი- ამ დროისათვის მიმდინარეობს სამუშაოები ტაძრის მოხატვასთან დაკავშირებულით, ამაში კვლავ გვეხმარება ბატონი დავითი და ღმერთმა შეაძლებინოს მას მრავალი ამგვარი საქმის გაკეთება

(სატიველ ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი)

Image

 

დასკვნა
როგორც აღმოჩნდა სატივეს და სატიველ ბაგრატიონებს ძალიან ტრაგიკული, თუმცა საინტერესო ისტორია აღმოაჩნდათ. ვეცადეთ, რომ გაგვეგო ბაგრატიონთა ამ შტოს წარმომადგენლების უახლესი ისტორია, თუმცა მხოლოდ იმას მივაკვლიეთ, რომ დათას ქალიშვილი- როდამი საფრანგეთში გამგზავრებულა. იქვე დარჩენილა, რადგან არ სურდა კომუნისტურ საქართველოში ცხოვრება და გარდაცვლილა ნიუ-იორკში რამდენიმე წლის წინათ. ზოგადად კი გავიგეთ, თუ როგორი საინტერესო ისტორია ჰქონია ბაგრატიონთა ერთ-ერთ შტოს, რომელის შესახებაც საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

I-საქართველოს ისრორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი V. თბილისი 1990 წ;
II-თ.ლაცაბიძე, ხაშურის რაიონი 2000 წ;
III-თ.ლაცაბიძე, ხაშურის რაიონის ისტორია, ტოპონიმიკები. ხელნაწერი, ინახება ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში;
IV-მურად მთვარელიძე- მათი ბედნიერი და უბედური დღეები. 2000 წ;
V-ვ.ჭელიძე, ცხოვრება ივანე მაჩაბლისა, თბ. 1957;
VI-ტიციან ტაბიძე, ლექსები, პოემები, პროზა, წერილები, თბილისი 1985;

შენიშვნა:
ნაშრომში გამოყენებულ ფოტოთა ერთი ნაწილი გადაღებულია ავტორის მიერ, ხოლო მეორე ამოღებულია წიგნიდან- მ.მთვარელიძე ,,მათი ბედნიერი და უბედური დღეები,’’ 2000 წ. ცისნამი.

2010 წელი

 

Advertisements

2 Comments

Filed under ,,კვლევები'' ( ძირითადად - სკოლის პერიოდის )

2 responses to “სატიველ ბაგრატიონთა ისტორია

  1. უოდტროპები მარჯორი და ოლივერ უორდროპები იქნებიან 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s