საიდუმლო სერობა

 imgres

შინაარსი

I – შინაარსი
II – ახალი აღთქმის პასექის პარალელები ძველ აღთქმასთან
III – სერობისათვის სამზადისი
IV – საიდუმლო სერობა
V – აპოკრიფული გამოძახილი
VI – დასკვნა
VII – გამოყენებული ლიტერატურა
შესავალი
,, ვგონებ რომელ განმავლობასა შინა მთელი წელიწადისა არ იპოვება არც ერთი დღე იმ ზომად საღმრთო , წმინდა , მადლ აღსავსე სულიერთა აღშენებათა , სხვადასხვა მაგალითითა ვითარცა დღე ესე დიდისა ხუთშაბათისა . ‘’ წერს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი . მართლაც საოცარი დღეა დიდი ხუთშაბათი , თავისი მნიშვნელობით , სიდიადით და მისტერიით . აღნიშნულ ნაშრომში შევეცდებით შეძლებისდაგვარად ვისაუბროთ იმ უდიდესი ფაქტის შესახებ , რომელიც აღსრულდა ვნების კვირაში , ხუთშაბათ დღეს . ნამუშევარში განვიხილავთ საიდუმლო სერობის ისტორიულ პარალელებს , მომზადების პერიოდს , უშუალოდ პროცესის დროსა და ვითარებას , ამასთანავე, ამ უდიდესი ფაქტის აპოკრიფული გამოძახილს .
ახალი აღთქმის პასექის პარალელები ძველ
აღთქმასთან
სანამ სხვა პარალელების განხილვას დავიწყებდეთ , მოდით , ჯერ თარიღის შესახებ ვისაუბროთ . ,, მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი , ოდეს ღირდა პასქა იგი დაკვლად . ‘’(ლკ.22 . 7) ნეტარი თეოფილაქტე ,,უცომოების დღეს’’ უწოდებს ოთხშაბთს . ე.ი. იმ დღეს , როდესაც საპასექო კრავი უნდა დაეკლათ . აქედან გამომდინარე კი მიიჩნევს, რომ შესაძლოა , სწორედ ოთხშაბთს დილით გააგზავნა პეტრე და იოანე პასექის მოსამზადებლად . ვნახოთ თუ რა მოხდა ძველ აღთქმაში ამ დღეს . აი, რას ვკითხულობთ ,,გამოსვლათას’’ წიგნში : ,, ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ; მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს.’’(გამ.12.6) ,, ამ თვეში მეთოთხმეტე დღის საღამოდან ოცდამეერთე დღის საღამომდე ხმიადი ჭამეთ.’’
საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს იოსებ ფლავიოსიც : ,, ხოლო მეშვიდესა თუესა , რომელსა მაკედონნი ვიპერვერეტოდ უწოდენ ზედდამძენელნი პირველთქმულთანი ზუარაკსა და ვერძსა და კრავსა შვიდთანი მსხუერპლვენ თიკანსა ცოდვათათვის.’’ (1)
მოცემული ციტატებიდანაც ვრწმუნდებით , რომ ამ დროს უფალმა ახალი ,,წელიწადი’’ დაარსა , რომელსაც – ,,საპასექო წელიწადი’’ ეწოდა. , რომლის მიღებამდეც , ებრაელები სარგებლობდნენ სხვა კალენდრით, რომლის მიხედვით ახალი წელი დგებოდა სექტემბერ-ოქტომბრის თვეთა შუა რიცხვებში , რომელსაც ინდიქტიონი ეწოდებოდა . ვნახოთ, თუ საიდან ვიგებთ მის შესახებ ინფორმაციას.(არსებობს გადმოცემა , რომ ღმერთმა სწორედ ამ დროს დაასრულა ქვეყნიერების შექმნა) როგორც ,,დაბადების’’ მერვე თავში ვკითხულობთ , წარღვნა დაიწყო პირველი თვის მეჩვიდმეტე რიცხვში და : ,, მეშვიდე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი . ‘’ (დაბ.8.4) ე.ი. საპასექო კალენდრის მიხედვით , პირველი თვის ჩვიდმეტ რიცხვში გაჩერებულა კიდობანი , ისევე როგორც პირველი თვის ჩვიდმეტ რიცხვში მოხდა უფლის აღდგომა . რომლის დროსაც გაჩერდა , დასრულდა რაღაც ეპოქა და დაიწყო ახალი , იდუმალებით სავსე .
წმ. იოანე ოქროპირი სვამს ასეთ კითხვას – თუ რისთვის აღასრულა ქრისტემ ეს სადუმლო პასექის დროს და თავადვე პასუხობს მას : ,,რათა შენ ამ ყველაფრიდან შეიცნო , რომ იგი არის ძვ. აღთქმის კანონმდებელი … თუ წინასახე ეგოდენ დიდი მონობისგან ათავისუფლებს , მაშინ ჭეშმარიტება ხომ უფრო მეტად განათავისუფლებს ქვეყნიერებას და გასცემს საკუთარ თავს ჩვენი ბუნების სახსნელად . აი, რატომ არ დააწესა ქრისტემ საიდუმლო მანამდის , არამედ მაშინ , როდესაც უკვე უნდა გაუქმებულიყო დაწესებული სჯული . იგი აუქმებს იუდეველთა უმთავრეს დღესასწაულს . ‘’ წმ. მამა აგრძელებს მსჯელობას და ამბობს , რომ უფალმა უკუაგდო იუდეველთა წეს-ჩვეულებები და თუკი ძვ . აღთქმის პასექი სრულდებოდა ეგვიპტის სასწაულთა და პირველშობილთა საცხოვნებელად , ახალი აღთქმის პასექი სრულდება მის მოსახსენიებლად და მთელი ქვეყნიერების ცოდვების მოსატევებლად .
გავიხსენოთ ძველი აღთქმის პასექი . აი რას ეუბნევა უფალი მოსეს და არონს : ,,ამგვარად ჭამეთ , წელზე სარტყელი გერტყათ , ფეხზე გეცვათ , ჯოხი გეჭიროთ ხელში , აჩქარებით ჭამეთ , საუფლო პასექია ეს . ‘’ (გამ.12.21)
ახლა ახალ აღთქმას დავუბრუნდეთ : ,,და ვითარცა შემქუხრდა , ინახით – ჯდა იესო ათორმეტთა მათ თანა . ‘’(მთ.26.20)
განმმარტებელთა ერთი ნაწილი , მათ შორის ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი წერს : ,,ჩვენ ვამტიცებთ , რომ მან ჯერ ძვ . აღთქმის პასექი ჭამა , შემდეგ კი ინახით ჯდა და თავისი საიდუმლოება მისცა : პირველად მან წინასახის მქონე პასექი აღასრულა , შემდეგ კი ნამდვილი პასექი . ‘’ (1)
ძვ.აღთქმაში სიჩქარე ,,შეინიშნება’’ და მძაფრად მოქმედებს მისი ფაქტორი . სწორედ ამიტომაა , რომ ხალხს , სამგზავროდ და დაჩქარებული წესით უნდა ეჭამათ იგი . მისგან განსხვავებით კი ახალი აღთქმის კაცს არსად ეჩქარება , იგი ,,ინახით ჯდება’’ და მშვიდად ელოდება მარადისობის მოახლოებას , რადგან უფალმა , სხვა ფაქტორებთან ერთად , დროზე გამარჯვებაც მოგვაპოვებინა .
გავიხსენოთ კიდევ ერთი ფაქტი . როდესაც ეგვიპტეში პასექი დასრულდა , ისრაელი წამოვიდა ,,მონობის სახლიდან’’ : ,,მაშინ უმღერეს მოსემ და ისრაელიანებმა ეს სიმღერა უფალს და ასე თქვეს : ვუმღერი უფალს , რადგან განდიდდა დიდად , ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედრები . ‘’(გამ.15.1)
ახლა ვნახოთ თუ რას გადმოგვცემს ოთხთავი , საიდუმლო სერობის დასრულების შემდეგ : ,,და გალობაი წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა . ‘’( მთ.30.26) წმ.წერილში ზოგადად , გალობა მიებული იყო მაშინ , როდესაც ხალხი ეგებებოდა გამარჯვებულ გმირს . მაგალითად : გოლიათის დამმარცხებელ დავითს ქალები სიმღერით შეხვდნენ , ისევე როგორც დებორა უმეროდა გამარჯვებულ ბარაკს. მომღერალი ქალწულები შემოეგებნენ შინ დაბრუნებულ იფთახ გალაადელსაც და.ა.შ.
ზიარების დაწესებით უფალმა კიდევ ერთხელ მოიპოვა სიკვდილზე გამარჯვება , შეცვალა ძვ.აღთქმისეული კანონები და მოგვცა საშუალება , რომ საკუთარ გულში მივიღოთ ქრისტე .
ჩვენი მსჯელობის ერთგვარ შეჯერებას თუ მოვახდენთ , მივალთ იმ დასკვნამდე, რომ უწინდელი პასექი აღესრულებოდა ეგვპტის მონობისგან განთავისუფლების აღსანიშნავად , ხოლო სისხლის დაღვრა კი პირმშოთა სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით . ახალი პასექი კი აღესრულება ვნებათა დატევებისა და ცოდვილი აზრებისგან დასაცავად . უფალი ჯერ გვაძლევს პურს , ხოლო შემდეგ სასმისს . ამასთან დაკავშირებით ნეტარი თეოფილქტე საინტერესოდ აღნიშნავს , რომ სათნოებას წინ უსწრებს ოფლის დაღვრა , ისევე როგორც პური მხოლოდ ოფლის ღვრით არ იქმნება და გამოყენების დროსაც შრომას მოითხოვს . რის შემდეგაც მოდის სიხარულის ჟამი , რაც სასმისით აღინიშნება .
სერობისათვის სამზადისი
როდესაც ახლოვდება საიდუმლო სერობის მისტერია , უფალი იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას : ,,და წარავლინნა პეტრე და იოანე და ჰრქუა მათ : წარვედით და მომიმზადეთ ჩვენ პასქაი რაითა ვჭამოთ . (ლკ.22.8)
დავუბრუნდეთ კვლავ და კვლავ ნეტარ თეოფილაქტეს და ვნახოთ თუ რას წერს იგი : ,,უფალი აგზავნის მოწაფეებს . ერთს როგორც მოყვარულს და მეორეს როგოც საყვარელს აგზავნის ,,უცხო’’ სახლში ; ვინაიდან არც მას და არც მოწაფეებს არ ჰქონდათ საკუთარი . .. ზოგიერთნი ამბობენ , რომ უფალმა არ თვა ამ ადამიანის სახელი და არ გამოაცხადა იგი , არამედ მოწაფეები მის სახლამდე გარკვეული ნიშნით მიიყვანა , რათა გამცემს , არ მიენიშნებინა ფარისეველთათვის ეს სახლი და არ მისულიყვნენ მის წასაყვანად მანამ , სანამ არ დააწესებდა სერობას . ‘’ იგივე მკვლევარი უცომეობის დღეში მოიაზრებს სულიერ ნათელში გატარებულ ცხოვრებას , პეტრესა და იოანეს სახეში – ქმედებასა და ჭვრეტას , მხურვალე მოშურნეობას და მშვიდ სიმდაბლეს .
გავაგრძელოთ სახარების კითხვა : ,,ხოლო თავადმან ჰრქუა მათ : აჰა ეგერა შესვლასა ოდენ თქუეს ქალაქად შეგემთხვიოს თქუენ კაცი , რომელსა ლაგვინი წყლითა ზე ედგას : შეუდეგით მას სახიდ , ვიდრეცა შევიდეს . ‘’(ლკ.22.10)
ნეტარი თეოფილაქტე აღნიშნავს , რომ თუ ჩვენ გვექნება კეთილი ცხოვრება , რომელსაც პეტრე გამოხატავს და ჭეშმარიტი სწავლება , რომლის სახეცაა ამ შემთხვევაში იოანე მახარებელი , ვპოვებთ ჭეშმარიტად ადამიანურ არსებას , რომელსაც დოქით წყალი მოაქვს . წყალი – სულიწმინდის მადლის სიმბოლოა – ,,და რომელსა რწმენეს ჩემი , ვითარცა თქუა წიგნმან , მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოვრებისანი . ‘’(ინ.7.38) დოქი კი კეთილშემუსვრილებისა და სალბოს გულისას . ეპიზოდი შემდეგნაირად გრძელდება : ,, და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი : მუნ მზა – მიყავთ ჩუენ . ‘’(ლკ.22.12)
ეს დარბაზი ( ქორი ) , იმავე ეგზეგეტის განმარტებით არის მაღალი შენობა გონებისა , ანუ ღვთაებრივი და სულიერი საგნები , რომელთა შორისაც იგი ცხოვრობს და მოიქცევა სიყვარულით .
საიდუმლო სერობა
მას შემდეგ რაც , საიდუმლო სერობის პერიპეტიების შესახებ ვიხილეთ ეგზეგეტთა აზრი , ვფიქრობთ, უპრიანი იქნება თუ ცალკეულ , თუმცა მნიშვნელოვან დეტალებზე გავამახვილებთ ყურადღებას . ამას მოკლედ გადმოგვცემს არქიმანდრიტი მარკ პეტროვცი : ,, და ვითარცა ჭამდეს იგინი , – ამბობს მათე მახარებელი, – მოიღო იესო პური ( ბერძნულად არტოს , რაც ნიშნავს წმინდა პურს , საფუარით გაფუებულს , საპირისპიროდ ,,აქსიმონ’’-ისა ! უცომო პურისა , რომელსაც ებრაელები პასექზე ხმარობდნენ . გაფუებული პური შესაძლებელია უფლის ბრძანებით იქნა მომზადებული , ვინაიდან სჯულის თანახმად , პასექის სერობაზე , მხოლოდ უფუარი პური უნდა ჰქონოდათ . ‘’ მკვლევარი იმასაც ურთავს საუბრის ბოლოს , რომ მაცხოვარმა ღვინო წყლით გააშავა .
გავაგრძელოთ ფაქტის განხილვა : ,,… და თქუა : ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე‘’ (ინ.13.21) ადვილი წარმოსადგენია თუ როგორი შეშინებულები და გაოგნებულები იქნებოდნენ მოწაფეები . აქედან გამომდინარე , როგორც წმ.იოანე ოქროპირი გადმოგვცემს , იესომ სხვათა შიში გაანელა , როდესაც ერთს მიაწერა ყველაფერი .
ამის შემდეგ იუდამ მიიღო ლუკმა . დიმიტრი როსტოველი გადმოგვცემს რომ , ეს იყო საპასექო კერძში დამბალი პური . კერძი იყო წვნიანი ცხვრის ხორცი , ხოლო მასში პურის ჩაწობა და თანამეინახისთვის მიწოდება  ებრაული ერთ-ერთი ტრადიცია .
როგორც სახარებაში ვკითხულობთ : ,, და შემდგომად მიღებისა იუდაჲსა პურისა მის შევიდა მისა ეშმაკი ‘’(ინ.13.27) ამ მუხლის უკეთ გასაგებად მოვიხმობთ კვლავ და კვლავ წმ.იოანე ოქროპირს და შევაჯერებთ მათესა და იოანეს სახარებაში აღწერილ ეპიზოდს . ,,სანამ იგი (იუდა გ.ლ.) იყო კრებულში (მოციქულებისა) სატანა ვერ ბედავდა მასში შესვლას , არამედ გარედან ესხმოდა თავს ; ხოლო როცა (ქრისტემ) გამოაშკარავა იგი და განაყენა , მაშინ უშიშრად შევიდა მასში . ‘’ ახლა ვნახოთ მათეს სახარების განმარტება და შევუთანხმოთ ერთმანეთს ,,სატანა უცებ არ შედის , და არა მეყსეულად , არამედ თავიდან მრავალგზის ესხმის თავს , რაც მოხდა აქაც . თავდაპირველად ის სცდიდა იუდას და თანდათანობით უახლოვდებოდა მას ; ხოლო , როცა დაინახა რომ იგი მის მისაღებად მზად იყო , მაშინ მთლიანად ჩასახლდა მასში და სრულიად დაეუფლა მას . ‘’
თხრობის მომენტში იოანე მიყრდნობილია იესოს . საინტრესოა ასეთი სითამამის მიზეზი : ,,ეს სიყვარულს გამო მოხდა ‘’ გადმოგვცემს იოანე ოქროპირი , და აგრძელებს საუბარს : ,, მეკი ვფიქრობ , ეს მან (იოანემ გ.ლ.)სხვა მიზეზითაც ქმნა , სახელდობრ სურდა ეჩვენებინა , რომ მას არ ეხებოდა გამცემის ბრალდება . ‘’ (1)
გავაგრძელოთ საკითხის განხილვა და ვნახოთ თუ ვის ასახელებს იესო თავის გამცემად : ,,რომელსა მე დავაწო პური და მივსცე , იგი არს . ‘’( ინ.13.26) ლოგიკურია , რომ ჩნდება კითხვა , მიუხედავად ამისა რატომ ვერ მიხვდნენ იუდას გამცემლობას
მაშინაც კი , როდესაც აღნიშნული მოქმედება აღასრულა ქრისტემ . ამაზეც გვპასუხობს კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი :,,სარწმუნოა , რომ ქრისტემ ჩუმად თქვა , ისე , რომ ვერავინ გაიგონა . რა თქმა უნდა , იოანეც , რომელიც მის მკერდს მიყრდნობოდა , ამიტომაც ეკითხებოდა თითქმის ყურში , რათა გამცემი არ გამოეაშკარავებინა და ქრისტეც ამგვარად პასუხობდა . ‘’ ,მაგრამ მოგვიანებით ვრწუმნდებით , რომ მიუხედავად ამ უწყებისა თვით იოანემაც დაიჯერა , რომ მათ (მოციქულებს ) შორის , ვინმე გამცემი აღმოჩნდებოდა , სწორედ ამიტომ იყო , რომ როდესაც მაცხოვარი იუდას აჩქარებს , ყველა ფიქრობს , რომ მაცხოვარი იუდასადმი მიბარებულ ქისას გულისხმობდა , ხოლო ის , რომ ისკარიოტელი გამცემი იყო : ,,არავინ სცნა ინახით მჯდომარეთაგანმან . ‘’
ვნახოთ თუ როგორ სრულდება ეპიზოდი : ,,ხოლო მან მიიღო პური იგი და მეყსეულად განვიდა . და იყო ღამე . ‘’ (ინ.13.36 ) აღიშნულ მუხლს შინაარსობრივად განმარტავს წმ.კირილე ალქსანდრიელი : (სამწუხაროდ ამ მამის შესრულებული იოანეს სახარების სრული ეგზეგეზა არ მოგვეპოვება ქართულ ენაზე და აღნიშნული განმარტების ინგლისურიდან თარგმნა მოგვიხდა.) ,, და ასე მგონია , სულით აღძრული ევანგელისტს არ უთქვამს ეს უმიზნოდ . მიიღო რა ღვინოში ჩაწობილი ნაჭერი მყისვე გავიდა გარეთ , რადგან სატანას საშინლად სურს , რომ აიძულოს ისინი რომლებიც ერთხელ შეიპყრო და რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ ჩავარდნენ მის ხელებში , რათა პირდაპირ აღასრულოს მათი ბოროტი საქმენი და ყოველგვარი შეყოვნების გვერდით გადადებით აიძულოს მათ , რომ მათი ნების საწინააღმდეგოდაც კი განახორციელონ მისი სიამოვნება . ‘’
დავიწყოთ სიტუაციის განხილვა : ,,და ვითარცა ჭამდეს იგინი , მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა . და ჰრქუა მათ : მიიღეთ და ჭამეთ ესე არს ხორცი ჩემი . ‘’ (მთ . 26.26 ) როგორც ნეტარი თეოფილაქტე გადმოგვცემს , მახარებელმა იმისთვის დაამატა ტერმინი –,,როცა ჭამდნენ ’’ , რომ იუდას არაადამიანურობა დაგვანახოს . იგი აგრეთვე გამოთქვამს ვარაუდს , რომ ქრისტემ თავისი საიდუმლოებები მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც იუდა გარეთ გავიდა და დასძენს , რომ მორწმუნეებიც ვალდებულნი ვართ , რომ უკეთურნიც ამგვარად განვაყენოთ საიდუმლოებებიდან .
ახლა ვნახოთ გრიგოლ პალამას აზრი : ,, ხორცი ქრისტესი – პური , ამ შემთხვევაში კრეტსაბმელია , რომელიც ფარავს ღვთის სიღრმეში არსებულ საიდუმლოს . ღვთაებრივმა მოციქულმა პავლემ ეს იცოდა , როდესაც ამბობდა : ,, განგვიახლა ჩვენ გზა ახალი და ცხოველი კრეტსაბმელითა მით , ესე იგი არს , ხორცთა მისთათა . ‘’(ებრ . 10.20)
ვითარება შემდეგნაირად გრძელდება : ,და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა : ,, სუთ ამისგან ყოველთა , ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა , მრავალთათვის დათხული მისატევებელად ცოდვათა . ‘’ (მთ.26.27-28)
განხილვას ნეტარი თეოფილაქტეთი დავიწყებთ , იგი ეყრდნობა ერთ გავრცელებულ მოსაზრებას , რომლის მიხედვითაც იუდამ პური კი არ შეჭამა , არამედ დამალა რათა იუდეველთათვის ეჩვენებინა , რომ იესო პურს თავის ხორცს უწოდებს , სასმისის დამალვა კი უკვე ვეღარ შეძლო .
ახლა მიტროპოლიტ ფილარეტსაც მოვუსმინოთ : << ,, ყოველთა’’ , რადგან ღვთის სიტყვის ყოველ გამოხატულებაში იმალება ნათელი , ყოველ ბგერაში – სიბრძნე . უფალმა არ თქვა საიდუმლო პურზე : ,,მიიღეთ და წამეთ ყოველთა’’ და სწორადაც , რადგან ზოგიერთებს არ შეეძლოთ ჭამა , მაგალითად ჩვილ ბავშვებს , ხოლო საიდუმლო სასმისზე თქვა : ,,სუთ ამისგან ყოველთა ‘’ და ამრიგად , გამორიცხა ყოველგვარი გამონაკლისი , იგულისხება რწმენაში მყოფნი და ეკლესიურად ერთნი . >>
ბოლო ეგზეგეტად , აქაც გრიგოლ პალამას გამოვიყენებთ : ,, ადამიანისთვის წინადაგებული ხორცი და სისხლი ქრისტესი უფრო მრავალმეტყველია , ვიდრე აბელის სისხლი . რამეთუ ძმის სისხლი დაიღვარა კაენის ხელთ , ქრისტეს სისხლი კი – ადამიანთა მოდგმის გამოსასყიდად . უფალმა იესო ქრისტეს უმანკო სისხლი შეიწირა , იესო ქრისტემ ძმასავით სეიყვარა თითოეული ჩვენგანი . ‘’
საინტერესოა შემდგომი ფრაზაც და უნდა აღვნიშნოთ , რომ სამივე სინოპტიკურ სახარებაში , სიტყვების იდენტური დამთხვევა არ გვხვდება და ყველა მათგანში სხვადასხვაა . დავიწყოთ მათეს სახარებით : ,,არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენახისა , ვიდრე მუნ დღემდე , რაჟამს იგი ვსუა თქუენ თანა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა . ‘’ (მთ. 26.29) აქაც ნეტარ თეოფილაქტეთი დავიწყებთ : ,,აღდგომის შემდეგ ის მართლაც ჭამდა და სვამდა , მაგრამ უვე ერთგვარი ახალი მიზნისთვის , რადგან იმიტომ კი არ ჭამდა და სვამდა , რომ საკვების საჭიროებას განიცდიდა , არამედ მისი სხეულის ჭეშმარიტ ბუნებაში დასარწმუნებლად . ‘’
ახლა მარკოზთან გადავიდეთ : ,,რამეთუ არღარა ვსუა ნაყოფისა ამისგან ამის ვენახისა ვიდრე მუნ დღედმდე , რაჟამს იგი ვსუა ახალი სსუფეველსა ღმრთისასა . ‘’ (მკ.14.25) იგივე შინაარსის მატარებელია ამავე ეგზეგეტის აზრი : ,,არღარა ვსუა, ამბობს ის შემდეგ , ნაყოფისა ამისგან ამის ვენახისა ‘’ აღდგომამდე ( სასუფეველს აქ უწოდებს აღდგომას , რადგანაც მკვდრეთით აღმდგარი , იგი გამეფდა სიკვდილზე‘’
ვიხილოთ ლუკას სახარებაც : ,,ამირითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან ვენახისა , ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისაი მოვიდეს . ‘’ (ლკ . 12.18) აღნიშნული ეპიზოდის განხილვისას ზემოთნახსენები მკვლევარი საინტერესო ფაქტს აღნიშნავს : ,,ვგონებ , ლუკა მოიხსენიებს ორ სასმისს . ერთის შესახებ ამბობს : ,,მიიღეთ და განიყავთ თავისა თქუენისა ‘’ , რომელსაც ვინმემ შესაძლოა უწოდოს ხატი ძველი აღთქმისა , ხოლო მეორის შესახებ საუბრისას პურის განტეხისა და დარიგების შემდეგ , უფალი თავად ანუყოს მას მოწაფეებს , უწოდებს მას ახალი სჯულისას და ამბობს , რომ იგი , მისი სისხლით განელდება . ვინაიდან , როდესაც ძველი აღთქმა იქნა დადებული , ბეჭდად გამოყენებულ იქნა უგუნურ ცხოველთა სისხლი (გამ.24.5-8) ახლა კი , როდესაც ღმერთი სიტყვა განკაცდა , ახალი აღთქმა ჩვენთვის მისი სისხლითაა დაბეჭდილი . ‘’
საუბრის ბოლოს არ შეიძლება რამდენიმე სიტყვით იუდას საკითხს არ შევეხოთ . არაერთი მწვალებლური სწავლება გავრცელდა მის შესახებ . ზოგი იმასაც კი ფიქრობს რომ იუდას გარეშე ვერ აღესრულებოდა ის გამომხსნელობითი მისია , რაც უფალმა შეასრულა ქვეყნად . ამ აზრის მქონეთ ძალიან კარგად პასუხობს წმ . იოანე ოქროპირი : ,, არა იუდას გამყიდველობამ გადაგვარჩინა ჩვენ , არამედ ქრისტეს სიბრძნემ , რომელმაც საკვირველად შემოაბრუნა სხვების ბოროტება ჩვენს სასარგებლოდ . ‘’
აპოკრიფული გამოძახილი
თემაზე საუბრისას , რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი წმ.წერილია . თუმცა , საჭიროდ მიგვაჩნია ნაშრომის ერთ თავში , შევეხოთ ისეთ საკითხს , როგორიცაა აღნიშნული ფაქტის აპოკრიფული გამოძახილი .
სანამ უშუალოდ საიდუმლო სერობის ეპიზოდს შევეხებით , ვნახოთ თუ რას გადმოგვცემენ აპოკრიფები ისეთს , რაც წმ,წერილში აღნიშნული არაა .
როგორც პილატეს ცოლი – კლავდია გადმოგვცემს , მისმა ქმარმა, დიდ ხუთშაბათ დღეს , უკვე იცოდა სიტუაციის მომავალი განვითარების შესახებ : ,,პილატემ მითხრა დაღონებით : – ,, იესო ნაზარეველის მომავალი ძლიერ უნუგეშოა . მისი თავი დაფასებულია და დღესვე საღამოს შეიძლება მისცენ ის მღვდელთმთავრების ხელში.‘’
ე.წ. ,,ტიბეტური სახარების’’ მიხედვით , პილატე არაა ისეთი უმანკო , როგორც ამას მისი ცოლი გადმოგვცემს . მეტიც , იუდა უშუალოდ მისი მოსამსახურეა , შეიძლება ითქვას აგენტიც : ,, მმართველმა მაშინ დაასახელა მოწმე , რომელმაც თავისი ბატონის – პილატეს დაკვეთით გაჰყიდა ისსა . ეს კაცი მოვიდა და ისსას მიმართა : ,,განა შენ ისრაელის მეფეს არ გმობდი , როცა ამბობდი , რომ ზეცათა მეუფეს გამოუგზავნიხარ მისი ხალხის შესამზადებლად . ‘’
ახლა კი ორიოდე სიტყვით უშუალოდ ვისაუბროთ იმაზე , თუ როგორაა აღწერილი აპოკრიფულ ნაწარმოებებში საიდუმლო სერობა .
წმ.ნილოს მირონმდინარე გადმოგვცემს , რომ იმ მინიშნებებზე , რომელიც მაცხოვარმა გააკეთა თავის გამცემელზე და რომელი მინიშნებებიც სახარებაში არ ფიქსირდება : ,,უფალმა ამოიოხრა და თქვა , რომ თქვენ თორმეტთაგანში არის ერთი , რომელიც მე ცოდვილ, ადამიანთა დასასჯელად გადამცემსო . ის ვინც ჩემ წინ ხელს გაიწვდის – და იმავე წამს იუდამ მაცხოვრის წინაშე , სუფრაზე ხელი გაიწოდა . (სამარილეს მისწვდა) ‘’
ალბათ , ცალკე თემა აქვს დასათმობი ლეონარდო დავინჩის ნამუშევრის – ,,საიდუმლო სერობის’’ შესახებ საუბარს , თუმცა ამჯერად მისი ერთ-ერთი ფრაგმენტის ანალიზით შემოვიფარლებით : ,,წმ.პეტრე იოანესკენ იხრება , რომელიც ქრისტეს მარჯვნივ ზის . იგი თითქოს ბედსაა შეგუებული . იუდა კი განზე იწევს . პეტრეს ხელი იუდასა და იოანეს შორისაა და თითქოს ერთმანეთისგან გამოყოფს ერთგულებასა და ღალატს . ‘’ რადგან აღნიშნული ფერმწერი და მისი ნამუშევარი ვახსენეთ , უპრიანი იქნება ვნახოთ თუ რა გაკუღმართებული შეხედულებები წარმოიშვა მისი შესრულებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ . საუბარს დავიწყებთ ლი თიბინგის ე.წ. ბესთსელერზე’’ – ,,დავინჩის კოდი , ’’
,, რომელშიც ავტორი ამბობს რომ საიდუმლო სერობის დროს , იქ არავითარი ბარძიმი არ ყოფილა და ყოველივე ეს მარიამ მაგდალინელს მიემართება . (არგუმენტებს კი ე.წ. პილატეს სახარებიდან იშველიებს): ,,იქ ცამეტი ჭიქა იყო . უფრო მეტიც , პატარა უფეხო შუშის ჭიქები იყო . ნახატზე არ იყო ბარძიმი . არავითარი წმინდა ბარძიმი არ იყო . სინამდვილეში ბარძიმი იყო ადამიანი და არა საგანი . და ეს ადამიანი გახლდათ მარიამ მაგდალინელი . ‘’
რადგან და ვინჩი და მისი ნამუშევარი ვახსენეთ , საჭიროდ მიგვაჩნია რენესანსის ეპოქის სხვა ფერმწერებიც ვახსენოთ . ისეთები როგორებიც არიან – გირლანდაიო და ტინტორენტო . ,,გირლანდაიოსთან თვალში პირველივე რაც გეცემათ იუდა ისკარიოტელის განცალკევებულობაა . ის სუფრას წინიდან მისჯდომია და ზურგიდანაა გამოსახული . მიუხედავად იმისა , რომ იუდა არასასურველი პერსონაჟია , ის მაინც ქრისტეს მოწაფეა , ამიტომ მხატვრების მატივი გადაწყვეტილებაა – განზე გამოესახათ იგი . ‘’
ახლა , აღორძინების ხანის მეორე ხელოვანს შევეხოთ : ,,ტინტორენტოს ნახატში , უფრო მეტად შეიგრძნობა ღვთაებრიობა , რაც საიდუმლო სერობას ახლავს თან . კომპოზიცია მთლიანადაა გახვეული მისტიერ , არაამქვეყნიურ , იდუმალ საბურველში . მხატვარისასწაულებრივ ატმოსფეროს ყოფთ სცენას უპირისპირებს და ერთგვარ ცონტრასტს ქმნის : უკანა პლანზე ანგელოზების მიმოფრენაა გამოსახული , წინა პლანზე კი მეპატრონე მოსამსახურეებთან ერთად , რომელიც ძირს დადგმულ კალათიდან ნივთებს ალაგებს … რა სურდა ამით მხატვარს ეთქვა ? ის ხომ არა , რომ ჯერ ჩვეულებრივ მოკვდავთათვის გაუგებარი იყო ის დიდი საიდუმლოება , რაც ამ მომენტში სრულდებოდა . ‘’
თავში ვახსენეთ ის მისტიურობა , რაც საიდუმლო სერობის ბარძიმთანაა დაკავშირებული . მოდით , შეძლებისდაგვარად განვავრცოთ ეს საკითხი . დავიწყოთ რობერ დებრანით : ,,მისი (ავტორის გ.ლ.) თქმით , გრაალის თასი ის სასმისია , რომლიდანაც მაცხოვარმა საიდუმლო სერობისას მოციქულები აზიარა . ჯვარცმისას, მაცხოვრის ჭრილობიდან გადმოდენილი სისხლი იოსებ არიმათიელმა ამავე თასში შეაგროვა . ‘’
სხვა ვერსია აქვს ვოლფრამ ფონ ეშენბახს . იგი : ,,გრაალს უკვე სასწაულებრივი ქვის სახით წარმოადგენს . ეს ქვა ზეციური წარმომავლობისაა . ყოველ ვნების ხუთშაბათს , მასზე ციდან მტრედი ეშვება . ‘’
ახლა კრუტიენ დე ტრუას მოვუსმინოთ . მისი აზრით : ,,გრაალი ეს არის ის ბარძიმი , ის სასმისი, რომელიც ანგელოზთა გამგებლობაშია . როდესაც ცუცურელი დაინიშნა მის მცველად და დაიწყო ტაძრის აგება , ბარძიმი ტაძრამდე ჯერ არ იყო დაშვებული . ის , მშენებარე ტაძრის ზემო , უხილავ სივრცეში ლივლივებდა და ანგელოზები იყვნენ მისი მცველები . მშენებლობა 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა . გრაალის თასი მხოლოდ შემდეგ დაეშვა ტაძარში . ‘’
ტაძრის გრაალის შესახებ ლეგენდას საფუძვლად უდევს ქრისტიანული ეპოკრიფი იოსებ არიმათიელის ბრიტანეთში ჩასვლის შესახებ . სხვა ვერსიით , თქმულებები გრაალის შესახებ , სადუმლო , ოკულტურ საზოგადოებასთან უნდა იყოს დაკავშირებული , რომელიც პირველ საუკუნეებში დაუარსებიათ . ამ ყოველივემ კი მასონურ კავშირებთან მიგვიყვანა საბოლოოდ : ,,გრაალი – იესოს შთამომავლთა სისხლი SANG REAL ; SANG REAL ; SANG ROYAL მეფური სისხლი , რომლის სამდვილი მცველები სიონის პრიორატის პირდაპირი შთამომავლები იყვნენ . ‘’
დასკვნა
აღნიშნულ თემაზე საუბრის წარმართვა დაუსრულებლად და არაერთი მიმართულებით შეიძლება  . თუმცა , მხოლოდ  დავძენთ , რომ ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნის ვალია შეეცადოს ღრმად ჩაწვდეს ამ საიდუმლს . სხვა საკითხია თუ როგორი და რამდენგვარი არასწორი ინტერპრეტაციები გაუკეთეს ,განსხვავებულმა კონფენსიებმა ამ უდიდეს საიდუმლოს . ფაქტი კი ერთია , ჩვენ , ზიარების დროს ვიღებთ ქრისტეს უხრწნელ ხორცსა და წმიდა სისხლს . ჭეშმარიტად ვიღებთ და არ ვახდენთ მის გახსენებას . ამ ყოველივეს კი ვმოქმედებთ ქრისტეს მოსახსენებლად
გამოყენებული ლიტერატურა
I -,, ამბავი ჯვარცმული ორი ავაზაკისა და იუდა ისკარიოტელის მძიმე ცოდვები ‘’ ; წმ . ნილოს მირონმდინარე ; თბილისი – 2006 წელი ;
II -,, განძთა ქვაბი ‘’ წმ. ეფრემ ასური ; გამომცემელი – ოთარ ნიკოლეიშვილი . თბილისი 2006 წელი .
III -გრიგოლ პალამა ; შვიდი ქადაგება ; 2007 წელი
IV – ,, დიდი მხატვრები ‘’ ; გამომცემლობა sol 90 ; ესპანეთი – 2007 წელი ; ქართული ვერსიის რედაქტორი – ლია შარვაშიძე .
V – ,,თქმულება იესო ქრისტეზე ანუ ტიბეტური სახარება ; ‘’ ქუთაისი – 1991 წელი ; რედაქტორი – კარლო მგალობლიშვილი .
VI – იოსებ ფლავიოსი ; ,,მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობისანი. ‘’ თბილისი 1987 წელი .
VII – ,, იესო ქრისტეს სახე მსოფლიო ლიტერატურაში ( სახარებისეული ინტერპრეტაციები ) ; მამა თეიმურაზი ; თბილისი – 2005 წელი .
VIII – მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი: წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
NIX – ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ; მათეს სახარების განმარტება ; თბილისი – 2012 წელი .
NX – ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ; მარკოზის სახარების განმარტება ; თბილისი – 2007 წელი .
NXI – ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ; უკას სახარების განმარტება ; თბილისი 2012 წელი .
XII – ოთარ ქვრივიშვილი – ,, გრაალის მოტივები საქართველოში ‘’ ; თბილისი – 2006 წელი .
XIII – ,,სიკვდილი მართლისა ‘’ პილატეს ცოლის კლავდია პროკლა რომელიას სალამი .
XIV – ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა ; ტომი II ; თბილისი – 1989 წელი .
XV – წმ.იოანე ოქროპირი , კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი ; განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი ; ტომი I ; თბილისი – 2009 წ . რედაქორი – თინათინ გოგიჩაშვილი .
XVI – წმ.იოანე ოქროპირი , კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი ; განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა ; ტომი II ; თბილისი – 2011 წ . რედაქორი – თინათინ გოგიჩაშვილი .
XVII – Cyril of Alexandria ; commentary on john ; LFC 43 , 48 (1874 / 1885 ) (Translated by P.E. Pusey ) ; Text was transcribed by Roger Pearse ; Ipswich ; UK ; 2005 .
ინტერნეტ რესურსები
I – http://www.church.ge
II – www . http://orthodoxy.ge/
III – www . popularpopcorn . blogpost . com
IV – seminarieli.wordpress.com
V –www . Wikipedia . org

2013 წელი

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under წმიდა წერილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s