ჭალის წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

200px-St.nikolozi.khashuri

შინაარსი
————-

I შესავალი
II ძირითადი საკითხები
1. არქიტექტურა(გეგმა, სტილი, თარიღი, არქიტექტონიკა, ინტერიერი, ექსტერიერი)
2. საეკლესიო ნივთები (მაცხოვრის ხატი-კარედი, პარხლის ოთხთავი, მაცხოვრის ხატი, წმ.გიორგის ხატი, ღვთისმშობლის ხატი, სახარება, წმ. სამების ხატი-კარედი, წმ. ნიკოლოზის ხატი, აღსავლის კარები, წმ. ნინოს ხატი, ემბაზი.)
III დასკვნა

შესავალი

  ქართველებმა უნდა ვიამაყოთ ჩვენი ისტორიული წარსულით, რომელიც იმდენად მდიდარია და მრავალფეროვანი, რომ შეუძლებელია მარადიული საფიქრალი არ გაუჩინოს ქართველ კაცს.
…ხაშური პატარა რაიონია, თუმცა მას საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს. თურმე ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ქვის ხანიდან უცხოვრია და მას დაუტოვია კიდეც თავისი სულიერი და მატერიალური მოღვაწეობის კვალი. ცნობილია, რომ ხაშურის ტერიტორიაზე ‘’გადიოდა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპისკენ მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა.ამგზის შესახებ ცნობებს გვაწვდის ბერძენო გეოგრაფი სტრაბონი”.1 ცხადია, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა ხაშურს არ ჩამორჩენოდა საქართველოში მიმდინარე კულტურულ ტენდენციებს.
ხაშურის რაიონი მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. ისტორიკოსები მიუთითებენ, რომ აქ აღნუსხულია სხვადასხვა დროის და დანიშნულების 150-ზე მეტი ძეგლი. ჩვენი ყურადღება ამჯერად მიიქცია ხაშურის ქვემოჭალის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიამ, რომელსაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო “თავგადასავალი ჰქონია”.
———————————————————-
1. თ.ლაცაბიძე, ხაშურის რაიონი, 2000წ. გრაფიქსი

1. ტაძრის არქიტექტურა

   ,,ქ. ხაშურის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი მდებარეობს ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჭალის უბანში, სტილისტური ნიშნებით იგი თარიღდება XIX საუკუნით.
კომუნისტური მმართველობის პერიოდში ეკლესია გადაკეთებული იყო პურის საცხობად. ეკლესიაზე დასავლეთიდან მიშენებული სამრეკლო მოანგრიეს და ეკლესიას ყოველი მხრიდან საცხობისთვის საჭირო სათავსოები მიაშენეს. მიუხედავად ამისა, ეკლესიას თავდაპირველი სახე შენარჩუნებული აქვს. ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ამ ეკლესიაში ინახებოდა ვახუშტი ბატონიშვილის საეკლესიო ნივთები(მზითვი), რომელიც ამჟამად დაკარგულია.
ეკლესია დარბაზულია(16.9X8.6მმ), ნაგებია აგურით, შესასვლელი დასავლეთიდანაა. სამხრეთიდან მიშენებული აქვს ემბაზი, ხოლო გალავანთან არის სატრაპეზო, აგრეთვე ეკლესიისთვის საჭირო საწყობ-სათავსოები. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მაღალი, თაღოვანი სარკმელია. ორი სარკმელი სამახრეთ კედელშია, ორიც ჩრდილოეთით, ხოლო ერთი აღმოსავლეთ კედელში. შესასვლელი კარი გაჭრილია დასავლეთიდან.”(1)

—————————————————
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი V (ჭალის ეკლესია გვერდი 42).

   დარბაზის გრძივ კედლებზე სამი წყვილი მარტივი პილასტრია, რომლებზეც ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები. საკურთხეველი დარბაზიდან გამოყოფილია, პილასტრების აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონზე გამოსახული, შეღრმავებული ჯვარი. ნაგებობას თაროთი და დახრილი სიბრტყით შედგენილი ლავგარდანი და თუნუქის ორფერდა სახურავი აქვს.
ტაძრის ფასადები სადაა, – კედლები არ არის დამშვენებული რელიეფური ორნამენტებით, ხოლო შიგნიდან კედლები შელესილია გაჯით.Image

მთავარი ფასადი

ეკლესიაში წირვა-ლოცვა განახლდა 1993  წელს, მთავარეპისკოპოს  ვახტანგის (ახვლედიანი)  მიერ.

2. საეკლესიო ნივთები
ა). მაცხოვრის ხატი ზემოჭალის ეკლესიიდან

   ,,ჯორჯ რ. ჰენრის კოლექციაში არის ქართული ვერცხლის სამნაწილიანი კარედი ხატი, რომელიც დასავლეთ სამყაროსათვის ცნობილი გახდა კარნეგის ინსტიტუტის მიერ, პიტსბურგში და ობერლინის კოლეჯის მიერ ორგანიზებული გამოფენების შემდეგ. ექვთიმე თაყაიშვილი იყო პირველი ვინც ეს ნამუშევრები გამოამზეურა.
ამ ნამუშევარს საინტერესო წარსული აქვს. ეს ხატი იყო ვახტანგ VI-ის ქალიშვილ- ანას მზითვის ნაწილი. 1871 წლიდან სხვა ნივთებთან ერთად ინახებოდა ზემოჭალის ეკლესიაში, შემდეგ გაუჩინარდა,ხოლო უეცრად, ჯორჯ ჰენიმ იგი თავის კოლექციას მიუმატა, სადაც დღემდე ინახება.
ტრიპტიხის ცენტრი უჭირავს ქრისტეს ფიგურას, როგორც სამყაროს მეუფისა, მარჯვენა ხელი დალოცვის პოზაში უპყრია, მარცხენაში წიგნი უჭირავს, ხოლო ტერფი სპენდანიუმს ეყრდნობა. ხატის მარჯვენა ფრთაზე არის გამოსახული ქალწული მჭიდროდ მიკრული ყრმით, საშუამავლო ვედრების პოზაში, შარავანდედზე კი არის წარწერა ქართული მრგვლოვანით  “წმიდათაწმიდა,” რაც შეეხება მარცხენა ფრთას, აქ გამოსახულია იოანე ნათლისმცემლის ფიგურა, რომლის შარავანდედის შუაში არის წარწერა “წმიდა იოანე ნათლისმცემელი”.(1)
————————————————-
1. ჯობაძე ვ. შენიშვნები პოსტბიზანტიური პერიოდის ქართული მინორული ხელოვნების ძეგლებზე (ინგლისურიდან თარგმნა მ.ლობჟანიძემ.)

    “ტრიპტიხის ფრთები წარმოადგენს ორ მჯდომარე გამოსახულებას: მარჯვენა ფრთაზეა წმ. დემეტრეა გამოსახული, ხოლო მეორეზე წმ. გიორგი. ორივე ფიგურა შეჭურვილია და მანტიები აცვიათ. ისინი ფრონტალურ პოზიციებში დგანან სახით ერთმანეთისკენ, სიმეტრიულად მობრუნებულნი, ისე რომ თითოეული სახის მესამედი ჩანს. წმინდანები ახალგაზრდები და ძლიერი აღნაგობის არიან. ორივეს მძიმე, ხვეული თმა აქვს, როგორც ეს ჩვეულებრივ ბიზანტიურ და ქართულ ხელოვნებაში გვხვდება.”(1)
ტრიპტიხის დახურვისას მხოლოდ მებრძოლი წმინდანები ჩანან და სიმბოლურად ღვთიური სამყაროს მცველებს წარმოადგენენ. ამ თემასაც ბიზანტიურ ხელოვნებათან აქვს კავშირი.
ცენტრალური პანელის ზურგზე არათანაბარი ჯვარია წარმოდგენილი, იგი პუნქტირითაა გრავირებული, ჯვრის თავზე სიმეტრიულად განლაგებულნი არიან ფოთლები, რომლებიც სიცოცხლის ხესთან სიმბოლურ თანაარსობაზე მიანიშნებს. ჯვრის ოთხივე დაბოლოებაზე წრეებია, (მარადიული სიცოცხლის სიმბოლო) რომლებიც ამობურცულია გრავირებულ მიწაზე. დარჩენილი სივრცე შევსებულია რვახაზოვანი წარწერით:


1) იესო ქრისტე, შეუნდე
2) ორივე
3) ცხოვრებაში დადიანს
4) გიორგის და დედოფალ თამარს და
5) მათ ვაჟს ლეონს, ვისი
6) ბრძანებითაც შეჭედილია ეს ხატი
7) მაცხოვრისა (უფროსწორად მესიისა)
8) ამინ!
წარწერა არ იძლევა ქორონიკონს, მაგრამ რადგან წარწერაში მინიშნებულია პიროვნებები, ტრიპტიხი მიახლოებით დათარიღების საშუალებას იძლევა. ექთიმე თაყაიშვილმა კონკრეტულად მიანიშნა, რომ მხოლოდ სამეგრელოს მთავარ გიორგის ყავდა შვილი სახელად ლეონი. წარწერა ცხადყოფს, რომ გიორგი III-ის ცოლი იყო თამარი, რომელიც ჩერქეზი უფლისწულის ქალიშვილი იყო. ჩვენ ვიცით, რომ გიორგი III-ის ვაჟი დაიბადა 1577 წელს და გარდაიცვალა 1582 წელს, ამიტომ ტრიპტიხის შექმნის ქრონოლოგიური ჩარჩოები უნდა იყოს 1577-1582 წლები.
ქვემოჭალის მაცხოვრის კარედის ხატი XVI საუკუნის ქართული ხელოვნების ერთერთი საინტერესო ძეგლთაგანია ზუგდიდის კარედთან ერთად. ჭალისა და ზუგდიდის ხატების საერთო მომენტები გვაფიქრებინებს, რომ ორივე ძეგლი ერთი ხელოსნის ნაწარმოებია. ამ პერიოდის საოქრომჭედლო კერად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცაიშის სახელოსნო ითვლება და ეს ორი ხატიც შესაძლოა აქ იყოს შეჭედილი. ხატის ფიგურები რასაკვირველია წარმოადგენს ერთერთ გვიანდელი გოთიკური სკულპტურის ნიმუშებს. ზურგის მხარე მდიდრული ორნამენტებითაა დაფარული, როგორც ქართული ვერცხლისაგან შესრულებული ხატებისთვისაა დამახასიათებელი, როცა ზურგი დაფარულია ნახევრადძვირფასი ქვებით, რომელსაც ერთის მხრივ სხვაგვარი ფუნქცია აქვს, და მეორეს მხრივ იძლევა ტრიპტიხის დეკორაციას, ასეთივე სტილისტური ნიშნები ბევრი ქართული ნამუშევრისთვის არის დამახასიათებელი. აგრეთვე აღსანიშნავია ძვირფასი თვლების ჯიშიც, რომლებიც სიბრტყეზეა განალაგებული. ეს ჯიშებია: იაგუნდი, ლალი, ფირუზი, მარგალიტი.

ბ) პარხლის ოთხთავი

   მაცხოვრის კარედის გარდა, ჭალის ეკლესიაში აგრეთვე ინახებოდა “პარხლის ოთხთავი”, რომელსაც აგრეთვე საკმაოდ საინტერესო ისტორის აქვს. როგორც ანდერძის მინაწერებიდან ირკვევა, ეს ოთხთავი იოანე ბერას 973 წელს შატბერდში გადაუწერია და იმ დროს ახლად აშენებული პარხლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისათვის შეუწირია, თანაც სასტიკად დაუწყევლია ყველა, ვინც რაიმე მიზეზით ამ წიგნის ეკლესიიდან გამოტანას ან გაყიდვას განიზრახავდა, როცა ტაოკლარჯეთი ოსმალებმა დაიპყრეს, მათ არაფრად ჩაუგდიათ ქართველი მწიგნობრის შეჩვენება და ხელნაწერიც მათი ნადავლი გამხდარა, დატყვევებული წიგნი ვახტანგ მეფის სიძეს, ვახუშტი აბაშიძეს გამოუხსნია ოსმალთა ხელიდან. აგრეთვე სახარების ბოლოს არის მთავარდიაკონ ნიკოლოზის მიერ მიწერილი ანდერძები, რომლებიც ასე იკითხება:

   “ქ. მას ჟამთა, ოდეს საათაბაგონი წმინდისა სარწმუნოებისაგან განსრულ იყვნენ და სარკინოზნი შექმნილიყვნენ,ესე წმინდა სახარება იქაური ყოფლიყო და უსჯულოთაგან დატყვევებულიყო, და დიდად სახელოვნებით გამოჩენილს მეფედ სიძობით მყოფს და თვით მეფის ვახტანგის სიძეს აბაშიძეს ვახუშტის ეს წმინდა სახარება თათრის ხელით დიდის სურვილით და სასოებიანის გულით დაეხსნა.” (1)
შემდეგ აბაშიძეებს ოთხთავი ბულბულისციხის პატარა საყდარში დაუდიათ, ხოლო უკეთ დაცვის მიზნით ხატი მცირე ხნის შემდეგ აბაშიძეების ოჯახში დაევანა. მოგვიანებით ივანე აბაშიძე და მისი მეუღლე გარდაიცვალნენ, მემკვიდრეებმა მათი დანატოვარი გაიყვეს, ხოლო ეს ხელნაწერი ჩააბარეს მღვდელ სუხიაშვილს, რომელმაც სოფელ ზემოჭალის ტაძარში დაასვენა იგი.

————————————————————-
1. ა. როდონაია-ქართული ენა და ლიტერატურა, VIII კლასის სახელმძღვანელო სამი შატბერდული ხელნაწერის თავგადასავალი. გვერდი 138.

   ქართულ სიძველეთა დაუცხრომელი მკვლევარი ექვთიმე თაყაიშვილი 1889 წელს სურამში იმყოფებოდა, საიდანაც ხშირად დადიოდა ახლომახლო ეკლესიების დასათვალიერებლად. ერთხელ იგი მოხვედრილა ზემოჭალაში, სადაც უნახია ეტრატზე ნაწერი ოთხთავი, ადვილი წარმოსადგენია თუ რა სიხარულს მიანიჭებდა მკვლევარს ასეთი ძვირფასი ხელნაწერის პოვნა, მან აღწერა ეს ხელნაწერი და მის შესახებ პირველი ცნობები გამოაქვეყნა 1890 წელს თავის ცნობილ გამოკვლევაში “სამი ისტორიული ქრონიკა:” ,,ასეთი ხელნაწერი, როგორიც არის პარხლის სახარება, იშვიათია. აქ თითქმის მთელი 917 წლის ისტორია არის ამ წიგნისა. ამაზე უძველესი თარიღიანი სახარება მხოლოდ ორი არის აქამომდე ცნობილი. ერთი ათონის მთაზე და მეორე ჩვენს მიერ მოხსენებული ჯრუჭის მონასტრის ოთხთავი 935 წ. მაშასადამე მესამე ადგილი სიძველით თარიღიან სახარებებში უჭირავს ჩვენს სახარებას.” (1)
აი ასეთია პარხლის ოთხთავის ისტორია, რომელიც როგორც ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ იოანე ბერას დაუწერია:
“მე, ივანე, ბერამან მწერალმან შატბერდელმან, შატბერდს დავწერე და პარხალს შევწირე სალოცველად ძმათა შატბერდელთა. ყოველნი აკურთხენინ ღმერთმან!” (2)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––

1. ე. თაყაიშვილი- სამი ისტორიული ქრონიკა, გვ. LLXXV
2. ზ. ჭუმბურიძე- ძველი ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ გვ. 93

894 წელს თაყაიშვილი კვლავ ეწვია ზემოჭალას, ამ დროს იქნა გადაღებული ხელნაწერის ფოტოები. ამჯერად ე. თაყაიშვილმა უფრო დაწვრილებით აღწერა ხელნაწერი.
მღვდელი სუხიაშვილი რომ გარდაიცვალა, ვიღაცამ, ვისაც ხელი მიუწვდებოდა საეკლესიო ნივთებზე, ისარგებლა შემთხვე-ვით და უძვირფასესი ხელნაწერი გადამალა,რომ შემდეგ გაეყიდა და უსინდისოდ ხელი მოეთბო. ერთხანს პარხლის ოთხთავს უშედეგოდ ეძებდნენ.
1922 წელს ეს ხელნაწერი მიუტანიათ გერმანიის კონსუ-ლისთვის შესაძენად, კონსულს კი მისი ღირებულების დასადგე-ნად უნივერსიტეტის მუზეუმში მიუტანია. იმ დროს იქ შემთხვე-ვით იმყოფებოდნენ კ. კეკელიძე და აკ. შანიძე, რომლებმაც ადვილად იცნეს ოთხთავი და კონსულსაც აუხსნეს მისი მნიშვნელობა. პირი, რომელსაც ოთხთავი თავისად მიაჩნდა იძულებული გახდა ნაწერი უნივერსიტეტისთვის დაეთმო. ამჟამად ეს ოთხთავი ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული.

ამრიგად, პარხლის ოთხთავის მოგზაურობის რუკა ასე გამოიყურება:

შატბერდი

პარხალი

ოსმალეთი

ბულბულისციხე

აბაშიძეების ოჯახი

უცნობი პირი

ხელნაწერთა ინსტიტუტი

გ) წმინდა გიორგის ხატი

   ჩვენ უკვე შევეხეთ ტაძრის უძვირფასეს ნივთებს, რომლებიც დღეს ტაძარში არ ინახება. ამ ფონზე ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ჭალის ეკლესიაშია დავანებული და რომლის მუხლშიც ჩასვენებულია წმინდა გიორგის ნაწილი.

დ) ღვთისმშობლის ხატი

 ღვთისმშობლის ხატი “ზესთამბრძოლისა ჩემისათვის,” რომელიც ერთადერთია საქართველოში, დაწერილია მრევლის შეკვეთით 2000 წელს ტაძრის პირადი ხატმწერის- გიორგი დონდუას მიერ. ხატი ცენტრალურ მაღალ ნაწილში გამოსახულია ტახტრევანზე დაბრძანებული მაცხოვარი, მის გვერდებზე კი ქერუბიმები და სერაფიმები გვერდებზე– წმინდანები: იოანე ნათლისმცემელი, წმინდა ნიოლოზი, ვანტანგ გორგასალი, თამარ მეფე, წმინდა ნინო, წმინდა გიორგი, დავით აღმაშენებელი, წმინდა ილია მართალი, ხოლო ქვედა ნაწილში ათორმეტი წმინდა მამა. როგორც ტაძრის მოძღვარი დეკანოზი არჩილი გვეუბნება, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის წინა დღეებში ამ ხატზეც და ყველა მის ფოტოასლზეც გამოისახა მირონის წვეთები, ომის დროს ხატი მთლიანად იყო დაფარული წმინდა სითხით, ახლა ხატებს რამდენიმე ადგილას კვლავ ეტყობა მირონის წვეთები.

Image

ე) სახარება

  სახარების ყდა ოქროს წყალშია ამოვლებული. მის ზედა მარჯვენა და მარცხენა კუთხეში გამოსახულნი არიან ანგელოზები, ხოლო ცენტრალური ნაწილი უჭირავს ჯვარცმულ მაცხოვარს, რომლის გვერდებზე გამოსახულია ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი.

Image

ვ) ხატი – კარედი

   კარედის მთავარი კომპოზიციის თავზე არის წმინდა სამების ხატი. მთავარ კომპოზიციაში ტახტზე დაბრძანებულია მაცხოვარი, ხელმარჯვნივ გამოსახულია ღვთისმშობელი, მარცხნივ კი იოანე ნათლისმცემელი. ხატის მარჯვენა ფრთაზე გამოსახულნი არიან წმინდა მოწამეები: გიორგი, თეოდორე, შალვა ახალციხელი, დავითი და კონსტანტინე, ხოლო მარცხნივ ათონელი მამები: ექვთიმე, გიორგი და იოანე. კარედი შესრულებულია 2000 წელს.

Image

ზ) წმინდა ნიკოლოზის ხატი

   კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია წმინდა ნიკოლოზი თავისი ცხოვრების ამსახველი მომენტებით. მარჯვნივ გამოსახულია სამი დიდი მღვდელთმთავარი – ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, ხატი დაწერილია 2000 წელს გიორგი დონდუას მიერ.

Image

თ)აღსავლის კარები

აღსავლის კარებზე გამოსახულია ხარება და 4 მოციქული.

Image

ი)წმინდა ნინოს ხატი

წმინდა ნინოს ხატი დაწერილია ნადირაშვილების საგვარეულოს მიერ 2002 წელს. ხატზე აღწერილია წმინდა ნინოს ცხოვრების ეპიზოდები.

Image

კ) ემბაზი

ემბაზი შექმნილია 2004 წელს, ტაძრის მოძღვარ დეკანოზ არჩილის მიერ, მისი სიღრმე 80 სანტიმეტრია.

Image

  ჩამოთვლილი ნივთების გარდა ტაძარში ინახება სხვა ძალზედ მნიშვნელოვანი ნივთები კერძოდ- ვერცხლის ფეშხუმი; ოქროთი დაფერილი მაცხოვრის ხატი ვერცხლის არშიით: ბზის ჯვარი, რომელზედაც ხელოვნურად გამოქანდაკებულია სხვადსხვა მშვენიერი სურათები სახარების შინაარსიდან და რომელიც მოჭედილია ოქროთი დაფერილი ვერცხლით. ჯვარი შემკობილია მრავალი წვრილი მარგალიტებით და სხვა ძვირფასი თვლებით, ტარი აქვს ვერცხლის, რომელზეც არის წარწერა, საიდანაც ვიგებთ, რომ ჯვარი ეკუთვნოდა იეროდიაკონ ნიკიფორეს. აგრეთვე, რუსული ხელოვნების ორი ხატი წმინდა სამების და წმინდა ნიკოლოზის, რომლებიც არიან არშიამოჭედილნი. აგრეთვე,
სურათებიანი სადღესასწაულო პარაკლიტონი და მარხვანის კვირაძლები ზატიკით ერთ წიგნად. “დაწერილია ძლიერ მშვენიერ, თეთრ, მტკიცე მოსქო ქაღალდზე. წვრილის, მაგრამ ძლიერ ლამაზის ნუსხა-ხუცურის ხელით. ტექსტი ნაწერია შავის მელნით, მხოლოთ სათაურები, მეთაური ასოებით და ხშირად ფრაზებიც წითელის მელნით. წერა ორსვეტიანია და თითოეულის სვეტზე დატეულია 50 სტრიქონი” (1)
—————————————————
1. ე. თაყაიშვილი-სამი ქრონიკა. გვ. XI. . .
როდესაც ჩვენ სამუშაო დავასრულეთ, მივედით გასასაუბრებლად ამ ტაძრის მოძღვარ- დეკანოზ არჩილ ლურსმანაშვილთან.
გ.ლ.- დაგვოცეთ მამაო, თქვენ უკვე გაეცანით ჩვენს თემას, რა შეგიძლიათ გვითხრათ მის შესახებ?
დეკანოზი არჩილი– მე გავეცანი და ძალიანაც მომეწონა, ყველა ასეთი შრომა დასაფასებელია და იმედი მაქვს, რომ წარმატებებსაც მიაღწევთ.
გ.ლ.- მამაო, თუ შეგიძლიათ გვითხრათ იმ ფაქტების შესახებ, რომელიც ჩვენს თემაში ვერ მოხვდა?
დეკანოზი არჩილი- დიდი სიამოვნებით, პირველ რიგში მოგახსენებთ იმას, რომ ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით ხაშურის წმ. ნიკოლოზის ტაძარი, (იგივე ჭალის ეკლესია) იყო ხაშურის ბატონების- აბაშიძეების კარის ეკლესია. სამწუხაროდ, კომუნისტებმა  გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი დახვრიტეს და დღესდღეობით გვარის ამ შტოზე ინფორმაცია აღარ მოგვეპოვება.
გ.ლ.– მამაო, იმ დროს, როდესაც ეს ტაძარი ეკუთვნოდა კომუნისტებს, ხომ არ მოხდა ისეთი რამ, რომელმაც შეიძლება ჩვენი ყურადღება მიიპყროს?
დეკანოზი არჩილი- დიახ, მოგახსენებთ. ჯერ კიდევ 20-იან წლებში კომუნისტებმა მოინდომეს ტაძრის დანგრევა და სამრეკლო მოანგრიეს. ერთ კომუნისტს, რომელმაც ზარი ჩამოაგდო ტრასასთან მისვლისთანავე დაარტყა მანაქანამ და მოკლა. თან ეს იმ დროში, როდესაც მთელ ქვეყანაში რამდენიმე მანქანა დადიოდა, ხოლო მეორე კომუნისტი, რომელიც ასევე მონაწილეობდა ტაძრის დანგრევაში ხარაჩოდან ჩამოვარდა და მაშინვე გარდაიცვალა. მძიმე იყო მისი შთამომავლობის ხვედრიც.
გ.ლ.- ბევრ დროს აღარ წაგართმევთ, გვითხარით თუ რა სამუშაოებს საჭიროებს დღეისათვის ტაძარი?
დეკანოზი არჩილი- ამ დროისათვის მიმდინარეობს მუშაობა ტაძრის მოხატვასა და ძველი სახის დაბრუნებაზე, ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივთა მონდომებით და ღმერთის შეწევნით ტაძარი მალე დაიბრუნებს პირვანდელ სახეს.
გ.ლ.- დაგვლოცეთ მამაო.
დეკანოზი არჩილი- ღმერთმა დაგლოცოთ და ხელი მოგიმართოთ მსგავსი ნაშრომების შექმნაში.
დასკვნა

ხაშურის ქვემო ჭალის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას, როგორც აღმოჩნდა მრავალი საინტერესო ამბავი უკავშირდება. საინტრესოა როგორც ტაძრის თავგადასავალი, ასევე იმ ნივთების, რომელიც ამ ტაძარში ოდესღაც ყოფილა დავანებული.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ჭუმბურიძე ზ. ძველი ქართული ხელნაწერების თავგადასავალი. 1975. თბილისი, ნაკადული.
2. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი V, მთავარი რედაქტორი ს. კინწურაშვილი.
3. ჯობაძე ვ. შენიშვნები პოსტბიზანტიური პერიოდის ქართული მინორული ხელოვნების ძეგლებზე (ინგლისურიდან თარგმნა მ.ლობჟანიძემ.)
4. როდონაია ა. ქართული ენა და ლიტერატურა, VIII კლასის სახელმძღვანელო, თბილისი 2006.
5. ლაცაბიძე თ. ხაშურის რაიონი, 2000 წ.

2009 წელი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ,,კვლევები'' ( ძირითადად - სკოლის პერიოდის )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s